Header Ads

test

ჯონ მაქსველ კუტზეე - იესოს ბავშვობა

ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯონ მაქსველ კუტზეემ კრიტიკოსებსა და ლიტერატურის მოყვარულებს თავისი ახალი რომანით (2013) რთული თავსატეხი გაუჩინა: არის თუ არა ეს წიგნი ერთი დიდი ფანტაზია კაცობრიობის მომავლის შესახებ? იქნებ ამ მონათხრობში არამიწიერი ცხოვრების პოსტმოდერნული ალეგორია იმალება? ანდა ავტორს სურს, გვიამბოს იმ ადგილსა და დროზე, სადაც და როცა ადამიანები საკუთარი ეგოიზმისა და ვნებებისაგან გათავისუფლდებიან? 

ასეა თუ ისე, ნაწარმოების მთავარი გმირები ახალ მიწაზე ახალი ცხოვრების დასაწყებად მიდიან. მათ არც თავიანთი წარსული ახსოვთ და აღარც საკუთარი სახელები, მაგრამ ეს არის ერთადერთი სამყარო „ყველა შესაძლებელ სამყაროთა შორის“. ამიტომ ისინი მის კანონებს უნდა დაემორჩილონ. თუმცა, ერთ-ერთ პერსონაჟს წარსული აჩრდილებად თან სდევს და მოსვენებას არ აძლევს. „რატომ არ უნდა იქცე ისევ ბავშვად, იმის მაგივრად, რომ ეცადო, გარდაიქმნა?“ – აი, წიგნში არსებული კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც სავარაუდო პასუხის გაცემა მკითხველს თავად მოუწევს; და ამ პასუხით მან შესაძლოა რომანის სათაურში დამალული სიმბოლოც ამოხსნას.

***

გწამდეს, ნიშნავს, რომ გჯეროდეს იმისა, რასაც აკეთებ, მაშინაც კი, თუ ამას ხელშესახები, თვალსაჩინო შედეგი არ მოჰყვება.

***

თითოეულს გვსურს, განსაკუთრებულები ვიყოთ. ყოველ ჩვენგანს გააჩნია ამის სურვილი. მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ეს შეუძლებელია. ყველანი რომ განსაკუთრებულები ვიყოთ, განსაკუთრებულობა აღარ იარსებებდა. და მაინც, ჩვენ კვლავაც გვჯერა საკუთარი თავისა.

***

ოდესმე თუ გიკითხავთ საკუთარი თავისათვის იმის შესახებ, რომ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ახალი ცხოვრებისათვის - დავიწყების ფასი - არ შეიძლება მეტისმეტად მაღალი იყოს?

***

მოძველებული აზროვნების მიხედვით, მნიშვნელობა არა აქვს რამდენი გაქვს, იმიტომ, რომ რამდენიც უნდა გქონდეს, ყოველთვის რაღაც გაკლია, რაღაც მეტი გინდა.

***

შეიძლება მართლაც ბრძნულია ბუნების კანონი, რომელიც ამბობს, რომ სანამ სამყაროს ცოცხალ სულად მოევლინება, ჩანასახი, ის, რაც მერე ცოცხალ არსებად იქცევა, განსაზღვრული დროის განმავლობაში დედის წიაღში უნდა იყოს. შეიძლება ისევე, როგორც დედა ჩიტს სჭირდება კვერცხებზე კვირების განმავლობაში ჯდომა, განმარტოებისა და თვითჩანთქმულობის პერიოდი აუცილებელია არა მხოლოდ ადამიანის ჩანასახისთვის, ადამიანად რომ იქცეს, არამედ ქალისთვისაც, რათა ქალწულიდან დედად გარდაიქმნას.

***

ბავშვს დედის წიაღი სჭირდება, რომ სამყაროს მოევლინოს. მას მერე, რაც წიაღს დატოვებს, დედა, როგორც სიცოცხლის მიმნიჭებელი, ისევე გამოუსადეგარი ხდება, როგორც მამა. ამის შემდეგ ბავშვს სიყვარული და მზრუნველობა სჭირდება, რაც კაცსაც ისევე ხელეწიფება, როგორც ქალს.

***

საკმარისი არ არის, რაღაც იდეა გქონდეს და გულხელდაკრეფილი უცდიდე როდის მოხდება მისი მატერიალიზება. იდეა ვიღაცამ უნდა განახორციელოს. ვიღაცამ ბედისწერის აღსრულებას ხელი უნდა შეუწყოს.

***

რაღაც ამაღლებული ჩანაფიქრი არც არის საჭირო, რომ გამართლებული იყოს შენი, როგორც სიცოცხლის ნაწილის არსებობა. სიცოცხლე თავისთავად კარგი რამ არის.

***

ჭამა, იმისთვის, რომ იცხოვრო და ცხოვრება, იმისთვის, რომ ჭამო... ასე შეიძლება ბაქტერია არსებობდეს და არა... ადამიანი, ყველა ქმნილებათა მწვერვალი.



ინგლისურიდან თარგმნა - გია ბერაძემ