ჩარლზ დიკენსი - ორი ქალაქის ამბავი

ავტორის წინასიტყვაობა: ამ ამბის მონახაზი თავში სწორედ მაშინ დამებადა, როცა შვილებთან და მეგობრებთან ერთად მისტერ უილკი კოლინზის დრამაში, „გაყინულ უფსკრულში“ ვთამაშობდი. ძლიერი გრძნობით შეპყრობილმა, განსაკუთრებული სიფრთხილითა და გულისყურით ვცადე გონებაში იმ სულიერი მდგომარეობის სურათის დახატვა, რომელიც მოგვიანებით დაკვირვებული მაყურებლისათვის უნდა წარმედგინა. 

აზრი თანდათან გამოიკვეთა და საბოლოოდ ამ წიგნის ფორმა მიიღო. საკუთარ ჩანაფიქრზე მუშაობისას სრულებით მის ხელთ ვიყავი. ის ტანჯვა, რომელიც ამ ფურცლებზეა აღწერილი, პირადად გადავიტანე და განვიცადე. 

ამ წიგნში მოყვანილი ნებისმიერი ცნობა ფრანგი ხალხის მდგომარეობაზე – რევოლუციამდე თუ მის შემდეგ – ემყარება სანდო თვითმხილველთა მონათხრობს. მინდოდა, იმ საშინელ დროებაზე გავრცელებული პოპულარული და შესანიშნავი ნააზრევებისთვის ჩემი წიგნიც შემემატებინა. თუმცაღა ეჭვი მეპარება, მისტერ კარლაილის საოცარი წიგნის ფილოსოფიისთვის ვინმემ რამის დამატება შეძლოს. 

ტევისტოკ-ჰაუზი, ლონდონი, ნოემბერი, 1859 წ.

***

ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება - ხანა სიბრძნისა, ხანა უგუნურებისა, ეპოქა რწმენისა, ეპოქა ურწმუნოებისა, ჟამი სინათლისა, ჟამი წყვდიადისა, გაზაფხული იმედებისა, ზამთარი სასოწარკვეთილებისა, ყველაფერი წინ გვქონდა, ყველანი პირდაპირ ზეცისკენ მივისწრაფოდით, ყველა ქვესკნელისკენ მივექანებოდით - მოკლედ, ის დრო ჰგავდა ჩვენს დროებას.

***

ერთი საოცარი ფაქტი, რომელიც ჯეროვან ყურადღებას იმსახურებს, არის ის, რომ ადამიანი, თავისი შინაგანი ბუნებითა და არსით ისეა მოწყობილი, რომ სხვა ადამიანისათვის საიდუმლოდ, გამოცანად რჩება. ერთმანეთზე მიჯრილი, პირქუში სახლებიდან თითოეული თავის საიდუმლოს ინახავს, გამიელვა თავში ანაზდად, დიდ ქალაქში ღამით შესულს. ყოველი ოთახი რაღაცას ჩქმალავდა; და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენ ასი ათას გულსაც არ უნდა ეფეთქა ამ სახლებში, ყოველი მათგანი - რასაკვირველია, თავისებური გაგებით - მისგან შორიახლო მფეთქავ გულს უთუოდ უმალავდა რამეს, რაღაც განსაცვიფრებელს, სიკვდილივით საშინელს.

***

საფლავებს შორის დავდივარ და საკუთარ თავს ვეკითხები, ვინ უფრო იდუმალია ჩემთვის - ამ სასაფლაოს მკვდრები, თუ დიდი ქალაქის მოუცლელი, ცოცხალი ბინადარნი? იქნებ მეც ისეთივე იდუმალი ვარ მათთვის, როგორც ისინი - ჩემთვის?

ადამიანი ბუნებრივად ისეა მოწყობილი, რომ საიდუმლო აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამ თავისებურების წყალობით ყველანი თანაბარნი ვართ: ცხენზე ამხედრებული შიკრიკი და მეფე, ან სახელმწიფოს პირველი მინისტრი, ან თუნდაც, ლონდონის უმდიდრესი ვაჭარი.

***

ღვინით სავსე დიდი კასრი ქუჩაში გატყდა, როცა მას საზიდრიდან ტვირთავდნენ. კასრი ქვით მოკირწყლულ გზაზე მოწყვეტით დაგორდა და ღვინის დუქნის კართან გასკდა.

ქუჩაში, შორიახლო მყოფნი იმწამსვე გაჩერდნენ და ღვინის დასალევად კასრისკენ მოკურცხლეს. უხეშწახნაგოვან, გაუთლელ ქვებს, თითქოსდა ქვეითად მოსიარულეთა შეგნებულად სავნებლად, წვერები ყოველ მხარეს ამოეყოთ. ისინი უსწორმასწოროდ იყოფდნენ და უცნაური ფორმის, პაწაწინა გუბურებს ქმნიდნენ. უკლებლივ ყოველი მათგანი მოწყურებული და დამშეული ბრბოს ალყაში მოექცა. კაცების ნაწილი მუხლებზე დადგა და გუბურებიდან ორივე ხელით ღვინის ხაპვას შეუდგა. დროდადრო ცდილობდნენ, ღვინო მათ ზურგს უკან მდგომი ქალებისთვისაც ეწილადებინათ. სასმელი ჭუჭყიან თითებს შორის იღვრებოდა. ქალებისა და კაცების ნაწილი გუბურებიდან მიწიანი ღვინის ამოღებას თიხის პაწია კათხებით ცდილობდა. ვიღაცები ცხვირსახოცებსა და თავსაფრებს ასველებდნენ, შემდეგ კი ჩვილებს პირში აწურავდნენ.

იყვნენ ისეთებიც, ვისაც დაღვრილი ღვინის შესაჩერებლად ტალახისგან პატარა, სახელდახელო დაბრკოლებები შეექმნათ. ვიღაცები ფანჯრებიდან კარნახობდნენ, ღვინის რუების შესაკავებლად რა ხერხისათვის მიემართათ. სხვები წითელი ღვინით გაჟღენთილ კასრის ნაფოტებს ეცნენ, ლოკავდნენ და ღეჭავდნენ. ქუჩაში სადრენაჟო სისტემა არ იყო. ღვინო ვერსად წავიდოდა. ამის წყალობით ხალხმა ქუჩა ღვინისა და, მასთან ერთად, ტალახისგან ისე გაასუფთავა, იფიქრებდით, მეეზოვეს ჩინებულად უმუშავიაო, რასაკვირველია, თუ იმ სასწაულს დაიჯერებდით, რომ ასეთ ღარიბ უბნებს დასასუფთავებლად მეეზოვეები სტუმრობდნენ.

ღვინის სმას თან სდევდა გახარებული ქალების, კაცებისა და ბავშვების სიცილ-კისკისი. არავინ უხეშობდა. ხალხი სილაღეს მისცემოდა, რომელიც რაღაც განსაკუთრებული მეგობრობის ხასიათს ატარებდა; ცდილობდნენ, ღრეობაში მონაწილეობა ყველას მიეღო. იყო ერთი ხვევნა, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა, ჯანმრთელობის სადღეგრძელოები და ცეკვა-თამაში. ერთი სიტყვით, დიდი ლხინი გაიმართა, რომელშიც განსაკუთრებით ისინი მხიარულობდნენ, ვისაც ცხოვრებაში სხვებზე ცოტა მეტად უმართლებდათ.

დაღვრილი ღვინო გათავდა თუ არა, ღრეობაც უმალ შეწყდა. ქვებს შორის აღარაფერი დარჩენილიყო, ტალახის გარდა, რომელსაც გრძელი ნათითურები ჯერ კიდევ ეტყობოდა. კაცებმა ხელში ხერხები აიღეს და შეშის ხერხვა განაგრძეს. ქალები კვლავ კარის ზღურბლებთან დაბრუდნენ, ნაღვერდალით სავსე პატარა ქოთნებით, რომლებითაც თავიანთი გაძვალტყავებული კიდურებისა და შვილების გათოშილი ხელ-ფეხის თითების გათბობას ცდილობდნენ.

უმკლავოპერანგიანი, ჭუჭყიანპირისახიანი კაცები, რომლებიც ღვინის დასალევად სარდაფებიდან მზის შუქზე ამოსულიყვნენ, კვლავ უკან დაბრუნდნენ. ქუჩაში ცხოვრება, ვითომც არაფერიო, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

პარიზში, სენტ-ანტუანის (პარიზში მუშათა კლასის კვარტალი. მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში რევოლუციური მღელვარების ცენტრი.) ერთ-ერთი ვიწრო ქუჩა ღვინომ წითლად შეღება. იმ დღეს არაერთი ხელი, სახე, შიშველი ფეხი თუ ხის ფეხსაცმელი დაისვარა. მხერხავის ხელებმა ხის კუნძები წითლად დაალაქავა, ხოლო დაძონძილმა თავსაფარმა მეძუძური ქალის შუბლი გათხვარა. მათ, ვინც კასრის ნაფოტები ლოკეს და ღეჭეს, პირები ისე მოთხუპნოდათ, როგორც ვეფხვებს - ნანადირევის ძიძგნისას. ერთმა აწოწილმა მასხარამ, რომელსაც თავზე გრძელი და ჭუჭყიანი ჩაჩი ეხურა, თითები ღვინით გაჟღენთილ ტალახში ჩაყო და კედელზე „სისხლი“ დაწერა.

ახლოვდებოდა დრო, როცა ქვით მოკირწყლული ქუჩები და ხალხი არა წითელ ღვინოში, არამედ სისხლში გაისვრებოდა.

***

შიმშილი იყურებოდა სახლების სარკმლებიდან და სარეცხის თოკებზე გაფენილი ძონძებიდან; ფარღალალა სახლების ბზარებსა და ხვრელებში შეჩურთული ჩალა, ქაღალდები, ჭინჭები თუ ნაფოტებიც შიმშილზე მეტყველებდა. კაცების დახერხილი რამდენიმე ღერი შეშისაგან დანთებული ცეცხლი იმდენად სუსტი იყო, რომ საკვამურიდან ბოლი არ ამოდიოდა. ბინძურ ქუჩებში, რომლებიც ნაგავს მიჰქონდა, საჭმელი არ იშოვებოდა. შიმშილი იყურებოდა ხაბაზის თაროებზე ერთმანეთის გვერდიგვერდ დალაგებული ერთი ბეწო პურებიდან, რომელიც უხარისხო ფქვილისგან გამოეცხოთ. საბაყლოში მკვდარი ძაღლის ხორცისგან დამზადებულ სოსისებს ჰყიდდნენ. შიმშილის გამომხმარი ძვლები ჩხარუნებდა მაყალზე, რომელზეც წაბლს ბრაწავდნენ; შიმშილი იყურებოდა ყოველი ტაფიდან, რომელზეც გაუთლელი კარტოფილის მცირე ულუფას ზეთის რამდენიმე წვეთში წვავდნენ.

გარემოც შიმშილის შესაფერისი იყო. მიხვეულ-მოხვეული, ვიწრო ქუჩები იტოტებოდა და მეზობელ ქუჩებს ეჯაჭვებოდა. ჰაერი მყრალი სუნით გაჟღენთილიყო, ზუსტად ისევე, როგორც ბინადართა ადამის დროინდელი ძონძები და დაკონკილი ჩაჩები. ირგვლივ ყველაფერი ავბედითობასა და ფესვგადგმულ სნეულებას დაედაღა. სასოწარკვეთილ მოსახლეობაში ცხოველური ინსტინქტი ბობოქრობდა. სხვებზე დიდი მწუხარება და ჩაგვრა ეწერათ, მაგრამ თვალებიდან ნაპერწკლებს აკვესებდნენ. მრავალ მათგანს დუმილის შესანარჩუნებლად პირი ისე მაგრად მოეკუმა, რომ ტუჩები გასთეთრებოდა. ადამიანები კოპებშეკრულნი დაიარებოდნენ, მათი შუბლის ღარები ჯალათის თოკის მარყუჟებს ჰგავდა. ამ ადამიანთა წარმოდგენაში თოკებზე ან თავად ეკიდნენ ჩამოხრჩობილნი, ან იგივე ხვედრით სხვებს ემუქრებოდნენ. დუქნების აბრებზეც სიდუხჭირე და შიმშილი იკითხებოდა. ყასბებს მათზე საქონლისა თუ ღორის ხორცის ყველაზე თხელი ნაჭრები დაეხატათ, ხაბაზებს კი - მოცუცქნული ხმიადები. ღვინის დუქნებს უხეში ნახატები ამშვენებდა, მათზე მუშტრები ხელში თითქმის გამოცლილ სასმისებში ჩარჩენილ ღვინოსა და ლუდს დასცქეროდნენ და კუშტი სახეებით ერთმანეთს საიდუმლოებებს ანდობდნენ.

***

იყო რაღაც საშინელი იმაში, რომ კაცი ვერ ცნობდა ქალიშვილს, რომელიც მასთან ძალიან ახლოს, ხელის გაწვდენაზე იდგა.

***

გალეულმა სხეულმა ნელ-ნელა შეწყვიტა ცახცახი და დაეუფლა სიწყნარე, რომელიც ნებისმიერ ქარიშხალს უნდა მოჰყვეს - ჩვენი ცხოვრების სიმბოლო, სიმშვიდე, რომელიც ნელ-ნელა მიგვიყვანს იმ მარადიულ მოსვენებასა და შვებამდე, უცილობლად რომ მოსდევს შტორმს, სიცოცხლედ წოდებულს.

***

კაშკაშა ვარსკვლავებს - ამ უცვლელ და მარადიულ სინათლეთა თაღის ქვეშ დიდი და ბნელი ლანდები დაძრწოდნენ. სწავლულები გვარწმუნებენ, რომ ზოგი ვარსკვლავთაგანი ჩვენგან ისე შორსაა, მათ სხივებს დედამიწამდე ჯერ არ მოუღწევიათ და წარმოდგენაც კი არ აქვთ, აქ, ამ პატარა სამყაროში რა ხდება ან ვინ იტანჯება.

***

საკმარისი იყო, „ტელსონის ბანკის“ რომელიმე მეწილის ვაჟს შენობის გაუმჯობესებაზე სიტყვა ჩამოეგდო, რომ მამა მას უმალ მემკვიდრეობის გარეშე დატოვებდა. ამ მხრივ, „ტელსონის ბანკი“ ძალზე ჰგავდა თავად დიდ ბრიტანეთს, რომელსაც საკმაოდ ხშირად მოუკვეთია საკუთარი შვილები, რომელთაც კანონის შეცვლა და იმ ადათების დავიწყება შეუთავაზებიათ, რომელთაც დიდი ხანია, უსიამოვნების მეტი არაფერი მოჰქონდათ, მაგრამ მაინც უდიდესი პატივისცემით იცავდნენ.

***

იმ დროებაში სიკვდილით დასჯა სასჯელის უაღრესად გავრცელებული ზომა გახლდათ თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის - საბანკოშიც და ამ კუთხით, „ტელსონი“ გამოანაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. დედაბუნება ყოველივეს მოკვდინებით წამლობს და ვითომ კანონმდებლობა რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?!

***

მისტერ კრანჩერი „ენო დომინის“ (Anno Domini - ლათ. ჩვენი წელთაღრიცხვით) ნაცვლად „ანა დომინოს“ ამბობდა. როგორც ჩანდა, მის წარმოდგენაში ქრისტიანული ერის ათვლა იმ დღიდან იწყებოდა, როცა ქალბატონს სახელად ანას, პოპულარული თამაში, დომინო გამოეგონებინა და თავისი სახელი ეწოდებინა.

***

მიჩვევა იმდენად ძლიერი რამაა, რომ სასურველია თავიდანვე სწორ ღირებულებებს მივეჩვიოთ.

***

სიყვარულით გამსჭვალულ ქალს შეუძლია, სუფთა გულით, ნებაყოფლობით დაემონოს ახალგაზრდობას, რომელიც თავად დაკარგა. კუბოს კარამდე უერთგულოს სილამაზეს, რომელიც თავად არასოდეს ჰქონია; იმედებს, რომელთაც მისი ცხოვრება არასდროს გაუნათებია.

***

ჩვენი წელთაღრიცხვით ათას შვიდას ოთხმოც წელს, მონსინიორის გამართულ წვეულებაზე, აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ სახელმწიფო სისტემა, რომელიც თმადავარცხნილ, სახეგაპუდრულ, მოსირმულ ქურთუკში, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და თეთრი აბრეშუმის მაღალყელიან წინდებში გამოწყობილი ჯალათის ზურგზე იდგა, მათ მოინელებდა!

***

ბუნების წესისამებრ, დიდ ქალაქში მრავალნი სიცოცხლეს სიკვდილით ასრულებენ, რამეთუ დრო და მოქცევა ადამიანებს არც უცდის და არც ანგარიშს უწევს.

***

ჭერი, რომლისგანაც ტყვიებს გადაადნობდნენ, ვეღარასოდეს ვერავის დაიცავდა ზეცისა და ავდრისგან, და მისგან ჩამოსხმული, ასი ათასობით მუშკეტიდან ნაქუხი ტყვიები მრავალს სამარადისოდ დაუბნელებდა მზეს.

***

იმ დროიდან მოყოლებული, როცა ედემის ბაღში სამარადისო ზაფხული სუფევდა, დღემდე, როცა ამ წუთისოფელში ზამთარი უფრო ხანგრძლივია, კაცის ცხოვრების გზა არ შეცვლილა.

***

ხშირად, ძლიერი სიყვარული, ისევე, როგორც დიდი უთანხმოება, იწვევს საიდუმლოებათა საჭიროებას.

***

თუ გინდა კატას მოსწყურდეს, მას რძე უნდა დაანახო. თუ გინდა, ინადირო, ძაღლს მსხვერპლი უნდა დაანახო.

***

ციხე-დარბაზი და ქოხი, ქვის სახე და ჩამოხრჩობილი კაცი, წითელი ლაქა ქვის იატაკზე, კამკამა წყალი სოფლის ჭაში, ათასობით ჰექტარი მიწა, მთელი მხარე და თავად საფრანგეთი ღამის ცის ქვეშ თმის ღერივით ჩანდა. ასევეა მთელი მსოფლიოც - ეს სამყარო, თავისი სიდიდეებითა და სიმდაბლეებით ერთ პატარა, მოციმციმე ვარსკვლავზე ეტევა. როგორც ადამიანის გონებას ძალუძს, დაშალოს სინათლე, შემდგომ კი გააანალიზოს მისი შემადგენლობის თავისებურებანი, უმაღლეს გონსაც ასევე შეუძლია, ჩვენს სუსტად განათებულ დედამიწაზე განჭვრიტოს ყოველი გონიერი ქმნილების ფიქრი და საქმე, შეცოდება და ღირსება.

***

როდის იყო, რომ შურისძიებასა და დასჯას ცოტა დრო სჭირდებოდა? სხვა გზა არც არსებობს. ასეთი წესია!

***

მთვარის სინათლე მუდამ სევდიანია, ისევე, როგორც მზისა; წარმავალი, როგორც შუქი, ადამიანურ ყოფად წოდებული.

***

როცა კაცს ჭეშმარიტად უყვარდება ქალი და მას კარგავს, გულწრფელი გრძნობა გულიდან მაინც არ უქრება; საყვარელი ქალი ცოლად მიჰყვება სხვას, ხდება დედა. მაგრამ ამ ქალის შვილები ასეთი კაცისადმი თანდაყოლილი თანაგრძნობით იმსჭვალებიან. არავინ უწყის, რა ფარული მგრძნობელობა გააჩნიათ ყრმებს ამგვარ შემთხვევებში და ამას ვერც ექო იტყვის; მაგრამ ეს ჭეშმარიტად ასეა.

***

ამბობენ, სულები მეტწილად იმ ადგილებში ჩნდებიან, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე ხშირად სტუმრობდნენო.

***

გილიოტინა გახდა კაცთა მოდგმის გარდაქმნის სიმბოლო. მან შეცვალა ჯვარი. გულზე ჯვრების ნაცვლად ამ მექანიზმების პაწია ასლები ეკიდათ. ხალხი ჯვარს უარყოფდა და მის ნაცვლად გილიოტინას სცემდა თაყვანს.

***

თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ან სიკვდილი! ეს უკანასკნელი აღმოჩნდა ყველაზე იოლი აღსასრულებელი, ო, გილიოტინავ!

***

ცნობილია, რომ იმ დროებაში არსებობდა ერთგვარი მოარული სენი - ხალხი თავს იბეზღებდა, რომ გილიოტინაზე საკუთარი ნებით მომკვდარიყო. ამას საკვეხნად და თავის მოსაწონებლად არ სჩადიოდნენ, ეს იყო ნაყოფი დაავადებული, გვარიანად შერყეული გონებისა. ჟამიანობისას ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები დასნეულებას მიელტვიან, რათა სული განუტევონ. აქაც იგივე ხდებოდა, ოღონდ მცირე განსხვავებით. გულის სიღრმეში ყველას გვაქვს მსგავსი იდუმალი სწრაფვანი, რომლებიც მხოლოდ შესაბამის გარემოში მჟღავნდებიან.

***

ყოველი ხარბი და გაუმაძღარი ურჩხული, რომელიც ადამიანთა წარმოსახვის წიაღში შობილა, გილიოტინაში განსხეულდა და საფრანგეთში, მის მრავალფეროვან ნიადაგსა და კლიმატში, არ ყოფილა არცერთი ფოთოლი, ღერო, ფესვი, ჩქვიფი და მარცვალი, რომელიც ამ ურჩხულივით დიდხანს იზრდებოდა და მწიფდებოდა.


ინგლისურიდან თარგმნა - ნინო შეყილაძემ