Header Ads

test

შექსპირი და კომპანია - ლეგენდარული წიგნის მაღაზია |

მომზადებულია თემურ კობახიძის ლექციის მიხედვით

„თუკი ბედმა გაგიღიმა და ახალგაზრდობისას პარიზში აღმოჩნდი, ის არასდროს დაგტოვებს - პარიზი განუყრელი დღესასწაულია“ - 1920-იანი წლების პარიზის შესახებ ერნესტ ჰემინგუეის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა მშვენივრად ასახავს იმ საოცარ ქალაქს, ასე რომ იზიდავდა უამრავ ნიჭიერ ადამიანს და საკმაოდ ხშირად, ერთ განსაკუთრებულ ადგილას - „შექსპირსა და კომპანიაში“ უყრიდა თავს.

***

ХХ საუკუნის ოციანი წლების პარიზი მსოფლიოში ცნობილი ინტერკულტურული ხატია, რომლის შესახებაც იცის ყველამ; „შექსპირი და კომპანია“ კი წიგნის მაღაზია, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა და Lit-Café-ა, სადაც იკრიბებოდა „ყველა“, ვინც მოგვიანებით გაიცნო მთელმა მსოფლიომ: ჯეიმს ჯოისი, ტომას ელიოტი, ეზრა პაუნდი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, შერვუდ ანდერსონი, ერნესტ ჰემინგუეი, ანდრე ჟიდი, გერტრუდ სტაინი, თორთონ უაილდერი, დეივიდ ჰერბერტ ლორენსი, სტივენ ბენეტი, ვალერი ლარბო, პიკასო, მოდილიანი და ა.შ.

„შექსპირი და კომპანია“ - დღეს უკვე ლეგენდარული წიგნის მაღაზია და ბიბლიოთკა, სილვია ბიჩმა 1921 წელს გახსნა, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ჯერ ხომ ერთი პრესბიტერიანელი მღვდელი უნდა ეწვიოს პარიზს...

***

1901 წელს, პრესბიტერიანელი მღველი ბალტიმორიდან, მერილენდის შტატიდან - სილვესტერ ბიჩი მეუღლესა და სამ ქალიშვილთან ერთად საეკლესიო დავალებით პარიზში ჩავიდა.

1906 წელს ოჯახი უკანვე დაბრუნდა, თუმცა, შუათანა ქალიშვილი, 19 წლის ნენსი, შემდგომში - სილვია ბიჩი ისე მოიხიბლა პარიზით, ისე დაეწაფა მას, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის შესასწავლად კვლავ დაუბრუნდა ამ ქალაქს. ეს აღფრთოვანება სავსებით ბუნებრივი იყო იმ ამერიკელებისგან, რომლებიც ევროპაში ჩამოდიოდნენ და ამაში მალევე დავრწმუნდებით.

***

პარიზში მარტო დაბრუნებულ სილვიას სამსახური სჭირდებოდა, პარიზსა და საფრანგეთში კი, დღესაც, ერთი დაუწერელი კანონი მეფობს - თუკი ფრანგული ელემენტარულ დონეზე არ იცი, კომუნიკაციაც კი გაგიჭირდება, ხოლო თუ ამ ენას კარგად არ ფლობ, სამსახურის შოვნაზე ფიქრიც ოცნების სფეროს განეკუთვნება.

სილვიამ იმდენი მოახერხა, რომ ფრანგულიც კარგად ისწავლა და ამ მიზანდასახულმა ახალგაზრდა გოგონამ ცნობარში იპოვნა ვინმე ადრიენ მონიე, პირველი ქალი პარიზში, რომელმაც საკუთარი წიგნის მაღაზია გახსნა.

ეს ორი ქალბატონი ბედმა დააკავშირა - ადრიენს ძალიან მოეწონა სილვია, სამსახურშიც აიყვანა და მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ბევრად უფრო ღრმა, სასიყვარულო გრძნობებში გადაიზარდა.

ადრიენი და სილვია დიდხანს იყვნენ ერთად - მათი ურთიერთობა 36 წელს, მონიეს თვითმკვლელობამდე, 1955 წლამდე გაგრძელდა.

თუმცა, ერთია გრძნობა და მეორე საქმე - მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო: სილვიამ ადრიენს აუხსნა, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურდა, ბიზნესის, რომელმაც მომავალში მკითხველებს, სულ ცოტა, ჯეიმს ჯოისის - „ულისე“ აჩუქა. აი, რა გააკეთა სილვიამ...

***

სილვიამ თავისი გამჭრიახი გონებისა და საოცარი ნიჭიერების წყალობით მოახერხა, რომ საკმაოდ რისკიანი ბიზნესი, წარმატებულ, საინტერესო, გამორჩეულ და სასიამოვნო საქმიანობად ექცია.

ამ ახალგაზრდა ქალმა შეძლო, რომ იმჟამად მკაცრად მონოლინგუალურ, ერთენოვან პარიზში, სადაც ამ ამბებიდან საუკუნის შემდეგაც კი ალმაცერად გიყურებენ, თუკი გამარჯობას მაინც არ იტყვი ფრანგულად და შემდეგ არ დაიწყებ სხვა ენაზე საუბარს, მოიფიქრა უნიკალური გაყიდვადი პროდუქტი და ქალაქის ცენტრში, არც მეტი, არც ნაკლები - ინგლისურენოვანი წიგნების ამერიკული მაღაზია „შექსპირი და კომპანია“ გახსნა.

ეს ამბავი 1921 წელს მოხდა.

***

განსაკუთრებულია ამ მაღაზიის სახელიც - ბუნებრივია, უილიამ შექსპირი ინგლისელი გენიოსია და შექსპირი შექსპირია, თუმცა „შექსპირი და კომპანია“ ეს ძალიან ამერიკული სახელია, რადგან ის ფრივოლურობა, კლასიკასთან მოპყრობის თავისუფლება, რაც ამ სახელწოდების შერჩევისას სილვიამ გამოიჩინა, ამერიკელებისთვის არის დამახასიათებელი. ეს რომ ბრიტანელს გაეკეთებინა, ისეთივე „წარმოუდგენელი“ იქნებოდა, როგორც ქართველს რომ დაერქმია წიგნის მაღაზიისთვის - „რუსთაველი და ძმაკაცები“.

„შექსპირი და კომპანია“ დღეს მსოფლიო ბრენდია. პარიზში გამოცემული ტურისტული რუკა რომ გადაშალოთ, ლუვრის, ორსეისა და ვერსალის შემდეგ, დიდი შანსია მეოთხე ღირსშესანიშნაობად „შექსპირი და კომპანია“ იყოს აღნიშნული.

***

აღსანიშნავია, რომ I მსოფლიო ომის შემდეგ, სილვია ბიჩის მაღაზიის გახსნის მომენტში, პარიზში უამრავმა ამერიკელმა მოიყარა თავი, მათ შორის ახალგაზრდა მწერლებმა, პოეტებმა, ჯარისკაცებმა და ა.შ.

ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ინტერკულტურული მედიუმი, ანუ მოკლებულნი იყვნენ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას, შესაბამისად, მათი უმრავლესობა მარტოსულად გრძნობდა თავს, მათ შორის, ენობრივი ბარიერის გამოც.

***

ბუნებრივია, რომ პარიზს წიგნებითა და წიგნის მაღაზიით ვერ გააკვირვებდა, მაგრამ სილვია ბიჩის ინგლისურენოვანი წიგნის ამერიკული მაღაზია უნიკალური გამოდგა - აქ  ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნები იყიდებოდა.

ამასთანავე, „შექსპირი და კომპანია“ არ ყოფილა უბრალო მაღაზია, სადაც, ვთქვათ, მიხვიდოდით, წიგნს იყიდდით და წახვიდოდით - ეს იყო ბიბლიოთეკაც; ასევე, აქ შესაძლებელი იყო აგეღოთ ნებისმიერი წიგნი, გეკითხათ საათობით და დაგებრუნებინათ თაროზე ისე, რომ მისი საფასური არ გადაგეხადათ, ან, სულაც, სახლში წაგეღოთ და შემდეგ დაგებრუნებინათ.

„შექსპირი და კომპანია“ ერთ-ერთი პიონერი იყო ამ ტენდენციისა, რომელიც შემდგომში მთელს ევროპას მოედო.  დღესაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ევროპულ წიგნის მაღაზიაში, სადაც ამის შესაძლებლობა არის - მაგიდასთან დასხდეთ, წიგნები იკითხოთ და თუნდაც დისერტაციაზე იმუშაოთ.

P.S. თუკი რომელიმე მკითხველი ნათხოვები წიგნის დაბრუნებას აგვიანებდა, სილვია მას სპეციალურ ბარათს უგზავნიდა, რომელზე გამოსახული შექსპირიც თმებს იგლეჯდა.

***

მაღაზიამ ნელ-ნელა მიიპყრო როგორც პარიზში მაცხოვრებ ამერიკელთა, ასევე გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანების დიდი ყურადღება, იმ ინტელექტუალებისა, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყვნენ, მათ შორის: ჯეიმს ჯოისი, ტომას ელიოტი, ეზრა პაუნდი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, შერვუდ ანდერსონი, ერნესტ ჰემინგუეი, ანდრე ჟიდი, გერტრუდ სტაინი, თორთონ უაილდერი, დეივიდ ჰერბერტ ლორენსი, სტივენ ბენეტი, ვალერი ლარბო და ა.შ.

ასე და ამგვარად, სილვიამ გარშემო სრულიად უნიკალური წრე შემოიკრიბა, წრე, რომლის მსგავსიც ლიტერატურის ისტორიას არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით პლატონის აკადემიას და ლორენცო მედიჩის ხელოვანთა წრეს ფლორენციაში.

P.S. საინტერესოა, რომ ამ პერიოდის პარიზი მთელი მსოფლიოდან იზიდავდა ხალხს, მათ შორის საქართველოდან: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ქიქოძე...

***

ეს კრეატიული, მომავალში საქვეყნოდ ცნობილი მწერლები და პოეტები ერთმანეთს დიდწილად სწორედ სილვია ბიჩის მაღაზიიდან იცნობდნენ.

ამ მაღაზიაშივე იმართებოდა შეხვედრები მწერლებთან, ჩაის სმა, აზრთა ცვლა და საუბარი წიგნებზე, წიგნებზე, წიგნებზე - მაშინაც და ახლაც, „შექსპირი და კომპანია“ წიგნებს მიაქვს.

„შექსპირი და კომპანია“ შუა პარიზში - ინლისურად მოსაუბრეთა ერთგვარი კუნძული იყო, ადგილი, სადაც ადამიანები თავისუფლად საუბრობდნენ მშობლიურ ენაზე, კითხულობდნენ ამავე ენაზე გამოცემულ წიგნებს და რაც მთავარია, ერთმანეთს ხვდებოდნენ. 

სილვიას ბიზნესი წარმატებულად დაიწყო და გარკვეული თანხაც იშოვნა - მილიონერი არ გამხდარა, თუმცა ახალი წიგნების გამოწერაც შეეძლო და თავადაც მეტ-ნაკლებად კარგად ცხოვრობდა.

***

ამავდროულად, როგორც აღმოჩნდა, ლიტერატურაში დიდი როლის შესასრულებლად სულაც არ არის აუცილებელი თავად იყო დიდი მწერალი, ან კრიტიკოსი. სილვიას შემთხვევაში საკმარისი აღმოჩნდა ის საოცარი ენთუზიაზმი და მწირი რესურსიც კი, რითაც ამ ქალმა მსოფლიო ლიტერატურას დიდი განძი აჩუქა.

როგორ მოხდა ეს ამბავი:

„შექსპირის და კომპანიის“ ხშირი სტუმარი ჯეიმს ჯოისი სილვია ბიჩის  ახლო მეგობარი იყო.

ჯოისი ვერ ახერხებდა XX საუკუნის უდიდესი ნაწარმოების - „ულისეს“ გამოცემას, რომანი „უწმაწურობების“ გამო არაერთხელ უარყვეს და დაიწუნეს.

აი, ასეთ დროს, სილვია ბიჩმა პირდაპირი მნიშვნელობით - ქუდით ჩამოიარა ნაცნობების წრე, ფული შეაგროვა და ჯოისის მთავარი წიგნი მოკრძალებულ სტამბაში, მოკრძალებული ტირაჟით - 50 ეგზემპლარად გამოსცა.

სილვია ბიჩისა და ჯეიმს ჯოისის მეგობრობა საკმაოდ ამაღელვებელი ამბავი იყო და მშვენიერი არგუმენტია იმის წინააღმდეგ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არ შეიძლება.

არაერთი ჭორი დადიოდა, თითქოს სილვია ჯოისის საყვარელი იყო და ამით ხსნიდნენ მათ ახლო ურთიერთობას, თუმცა გარდა იმისა, ჯოისს მშვენიერი ცოლი ჰყავდა და ძალიან უყვარდა, რაც მთავარია, თავად სილვიას არ აინტერესებდა საპირისპირო სქესი.

***

ჯეიმსს ჯოისს ძალიან უყვარდა „შექსპირი და კომპანია“ - ოდეონის ქუჩაზე მდებარე მაღაზიას მწერალი „Stratford on odeon”-ად იხსენიებდა, მოგეხსენებათ, თავად უილიამ შექსპირი ქალაქ სტრედფორდში დაიბადა და კარგა ხანს სწორედ იქ ცხოვრობდა.


***

საინტერესოა, რომ „შექსპირსა და კომპანიას“ სტუმრობდა გერტრუდ სტაინიც, ქალი, რომელსაც სირთულეები ჰქონდა ჯოისთან მიმართებაში და საკუთარ სალონში მასზე საუბარს კრძალავდა.

დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ, ფაქტია - გერტრუდ სტაინს თავი ჯოისზე უკეთეს მწერლად მიაჩნდა, ანუ, დღევანდელი გადმოსახედიდან - რომის პაპზე უფრო დიდ კათოლიკედ.

***

სილვია ბიჩის დამსახურება მსოფლიო ლიტერატურის წინაშე მხოლოდ ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ გამოცემით არ ამოწურულა. ფრანგ ლიტერატურათმცოდნე ვალერი ლარბოსთან ერთად მან ტომას ელიოტის „უნაყოფო მიწა“ თარგმნა ფრანგულ ენაზე.

ეს მოვლენა არანაკლებ აღსანიშნავია, რადგან ელიოტის ამ ეპოქალური პოემას, დაახლოებით იგივე ადგილი უჭირავს პოეზიაში, რაც ჯოისის „ულისეს“ პროზაში.

***

წარმოიდგინეთ, რა საოცარია ეპოქა და გამორჩეულია მაღაზია, მაღაზია სადაც მომავალში ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დიდ მწერალს საკუთარი მაგიდა ჰქონდა, სადაც კითხულობდნენ გაზეთებს, წერდნენ ნაწარმოებებს, რომელიც მაშინ უბრალო ნაჯღაბნები იყო, დღეს კი სწორედ: ჯოისის, ელიოტის, ეზრა პაუნდისა და სხვა გენიალური მწერლების ნაწარმოებებზე აიგო თანამედროვე ლიტერატურის უზარმაზარი კულტურული პირამიდა.

სად იყო „ულისე“, „ფინიგანის ქელეხი“, „მშვიდობით იარაღო“, „ვის უხმობს ზარი“, „ფიესტა“, „უნაყოფო მიწა“ - როდესაც „შექსპირი და კომპანიის“ მასპინძელი ამ გაჭირვებულ, უფულო სტუდენტებს მფარველობდა.

ფაქტია, ახალგაზრდა, სრულიად უცნობ გოგო-ბიჭებში სილვიას უზარმაზარი ტალანტის აღმოჩენის ნიჭი ჰქონდა.

***

„შექსპირსა და კომპანიაში“ გაიცნო სილვიამ ახალგაზრდა ერნესტ ჰემინგუეი - გაივლის კიდევ რამდენიმე წელიწადი და სწორედ ეს მაჩო „გაათავისუფლებს“ „შექსპირსა და კომპანიას“.

სილვია თავის მოგონებებში იხსენებდა, რომ ერთ დღეს, ვიღაც ახმახმა ფეხით შეაღო მაღაზიის კარი და გამოაცხადა - მე ვარ ჰემინგუეი. აშკარად ეტყობოდა ამერიკელობა, ასე უცერემონიოდ სხვა ვერ მოიქცეოდა. წიგნები სურდა, თუმცა ფული არ ჰქონდა.

სილვიამ ჰემინგუეის უფულოდ გაატანა წიგნები, შემდეგ მეორედ ესტუმრა, მესამედ და ასე დაიწყო მათი მეგობრობა.

***

აღსანიშნავია, რომ „შექსპირი და კომპანია“ ერთადერთი მაღაზია იყო პარიზში, სადაც დევიდ ლოურენსის წიგნი - "ლედი ჩატერლეის საყვარელი“ იყიდებოდა. მოგეხსენებათ, ეს ძალიან საინტერესო რომანი აბსოლუტურად სულელური ბრალდების - „პორნოგრაფიულობის“ გამო იკრძლებოდა.

***

„შექსპირი და კომპანიის“ პირველი სიცოცხლე, ისევე, როგორც არაერთი სხვა რამ, II მსოფლიო ომს, კერძოდ, ფაშისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციას ემსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის პირობებში მაღაზია ფუნქციონირებდა, მას მოაკლდა მკითხველი, რადგან ამერიკელთა დიდმა ნაწილმა პარიზი დატოვა.

ერთ დღესაც, ერთ-ერთი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსანი „შექსპირსა და კომპანიაში“ მივიდა, სადაც ჯეიმს ჯოისის „ფინიგანის ქელეხი“ მოითხოვა.

სილვიამ სამხედრო უარით გაისტურმა - ვერ მოგყიდით, წიგნის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი გვაქვს, ეს მაღაზია კი ბიბლიოთეკაცაა და მკითხველმა რომ მოითხოვოს, წიგნს ვერ მივცემთო.

სულ მალე, „გაოგნებული“ სამხედრო „შექსპირსა და კომპანიაში“ დაბრუნდა, თუმცა ამჯერად სადამსჯელო რაზმთან ერთად და სილვია ბიჩი საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს.

***

საფრანგეთის დეოკუპაციის შემდეგ, როდესაც სილვია გაათავისუფლეს, მისმა მეგობარმა, ერნესტ ჰემინგუეიმ, ამ მაჩომ, რომელიც ომშიც იბრძოდა, აფრიკაში ლომებზე ნადირობდა, ოკეანეში კი ხმალთევზებს ხელით იჭერდა, საკუთარი ჯიპით შეანგრია „შექსპირისა და კომპანიის“ დალუქული კარი.

მიუხედავად ამისა, სილვიას მაღაზია აღარ აღუდგენია და საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1962 წელს.

დაკრძალულია პრინსტონის სასაფლაოზე, ნიუ-ჯერსიში.

P.S. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, სილვიამ კიდევ ერთი კეთილშობილი ნაბიჯი გადადგა, რამაც „შექსპირსა და კომპანიას“ ახალი სიცოცხლე შთაბერა.

***

სილვიას გარდაცვალების მიუხედავად, პარიზში „შექსპირისა და კომპანიის“ ისტორია გაგრძელდა.

***


II მსოფლიო ომის შემდეგ, პარიზში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩა საცხოვრებლად. ამ ახალგაზრდა კაცმა ისარგებლა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განკარგულებით, რომლის მიხედვითაც, სამხედროებს, რომელთაც ომში მიიღეს მონაწილეობა, უფლება ჰქონდათ ესწავლათ ნებისმიერ ევროპულ უნივერსიტეტში - სრულიად უფასოდ.

ამ ყმაწვილმა, რომელსაც ჯორჯ უიტმენი ერქვა, აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და არც მეტი, არც ნაკლები - სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა.

ჯორჯმა სრულყოფილად შეისწავლა ფრანგული და საცხოვრებლადაც საფრანგეთში დარჩა.

***

1950-იანი  წლებში ჯორჯ უიტმენმა პარიზში წიგნის მაღაზია „მისტრალი“ გახსნა.

***

სილვია ბიჩის მსგავსად, ეს ახალგაზრდა კაციც ენთუზიაზმით აღმოჩნდა აღსავსე და ოდესღაც ყურმოკრულ, ლეგენდარულ „შექსპირისა და კომპანიის“ მფლობელს დაუწყო ძებნა.

ჯორჯმა სილვია იპოვნა, თუმცა მათი ურთიერთობა ზედაპირულ ნაცნობობას არ გასცდენია.

სილვიას გარდაცვალებამ ცოტა ხნით ადრე, ჯორჯმა სადილზე სთხოვა სილვიას დაეთმო მისთვის სახელი „შექსპირი და კომპანია“, რაზეც, მისდა საბედნიეროდ, დადებითი პასუხი მიიღო.

ასე აღმოჩნდა სავაჭრო ნიშანი - „შექსპირი და კომპანია“ ჯორჯ უიტმანის ხელში, თანაც, სრულიად უსასყიდლოდ.

***

„შექსპირისა და კომპანიის“ ძველ ადგილას აღდგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ჯორჯმა, რომელიც საკმაოდ მარიფათიანი ახალგაზრდა გამოდგა, პარიზის ცენტრში, იქ, სადაც ღვთისმშობლის ტაძარი დგას, იქ სადაც ლუვრია, ერთი სიტყვით, საოცარ ადგილას, შეიძინა მონასტრისა თუ ეკლესიის ძველი ამორტიზებული შენობა.

წარმოიდგინეთ, ეს არის ადგილი, სადაც მიწაზე დაგდებული მარგალიტი იმ მასშტაბის ფართობს იკავებს, რომელიც ამ მარგალიტის ღირებულებაზე მეტი ღირს.

რაც შეეხება შენობას - ეს იყო დაგრეხილი, მონგრეული, გასაცოდავებული, ერთი შეხედვით განადგურების პირას მდგომი შენობა, რომელიც გარედან ორ სართულიანი ჩანს, შიგნით შესვლისას კი რწმუნდებით, რომ სართულების რაოდენობა - სამია.

ამ ადგილას, ჯორჯ უიტმენმა ახალი სული შთაბერა „შექსპირსა და კომპანიას“.

***

თავად ჯორჯი საკმაოდ საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა და მას არაერთი ჭორი და კეთილი ტყუილი უკავშირდება.

„შექსპირის და კომპანიის“ გახსნიდან ძალიან მალე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდა ხმები, რომ მაღაზიის ახლანდელი მფლობელი ლეგენდარული ამერიკელი პოეტის - უოლტ უიტმენის შვილთაშვილია.

ეს ინფორმაცია სრული აბსურდი იყო, თუმცა ჯორჯი, ეს კეთილი მისტიფიკატორი, რომელიც უბოროტო სიცრუის დიდი მოყვარული იყო, სიამაყით ატარებდა ერთ-ერთი უდიდესი პოეტის შვილთაშვილის სტატუსს.

ამას გარდა, წარმოიდგინეთ 50-იანი წლების პარიზი, სადაც „შექსპირი და კომპანია“ ამერიკული ტურიზმის მექად არის ქცეული. ჩადის ამერიკელი ტურისტი და მაღაზიის მფლობელს ეკითხება:

 - „თქვენ ჯორჯ უიტმენი, უოლტ უიტმენის შთამომავალი ხართ?

- დიახ, - პასუხობს ჯორჯი.

 - ეს ის მაღაზიაა, სადაც ჯოისი „ულისეს“ წერდა? - ახლა სხვა ტურისტი უსვამს კითხვას.

- რა თქმა უნდა, აი იმ მაგიდასთან იჯდა, - ატყუებს ჯორჯი.

- ნუთუ ამ კიბეებზე დადიოდა ეზრა პაუნდი?

- თქვენ სწორად მიხვდით, ხედავთ სიძველისკენ როგორ ჭრიალებს საფეხურები? - კიდევ ერთ ტურისტს ატყუებდა ჯორჯი.

ჯორჯს ვერც დავძრახავთ, ამ ტიპის მისტიფიკაციაც ერთგვარი მარკეტინგული სვლა იყო.

***

წარმოიდგინეთ უამრავი წიგნი, რომელიც ამ პატარა მაღაზიის ორ სართულზე იყო განთავსებული, წიგნები ყველგან, თანაც ისე, რომ შეიძლება თაროც კი ჩამოგენგრას თავზე, რაც არაერთ ადამიანს დამართვია „შექსპირსა და კომპანიაში“.

მაღაზიის მესამე სართულზე ჯორჯს გაჭირვებული სტუდენტებისთვის ღამის გასათევი ჰქონდა მოწყობილი, სადაც მათ თვეობით შეეძლოთ ეცხოვრათ. მეორე სართული მწერლებისა და ლიტერატორებისთვის იყო განკუთვნილი.

შელახული ინტერიერი, 50-იანების ვინტაჟის სტილი, რაც ზოგიერთ ამერიკელს დღემდე 20-იანი წლების გავლენა ჰგონია, საოცარი სიძველე, გაცვეთილობა - კაცმა რომ თქვას, შენობის მოწესრიგებას და რემონტს დიდი არაფერი უნდა, თუმცა ამ ყველაფრის ხელუხლებად დატოვებით ჯორჯი მაღაზიას სულს უნარჩუნებდა.

***

სულ მალე, ჯორჯ უიტმენის „შექსპირი და კომპანია“ ამერიკელი რეპატრიატების მეორე ტალღის კულტურულ კერად იქცა.

1950-იან წლებში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში შეიკრიბა ძალიან სიმპატიურ ახალგაზრდათა ჯგუფები, რომლებიც საფრანგეთს მოაწყდნენ და მეორედ „დაიპყრეს“ პარიზი.

ეს ბიტნიკების თაობა იყო, ჯგუფები, რომლებიც „შექსპირთან და კომპანიასთან“ ახლოს მდებარე, ე.წ. ბიტ-ოტელში ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ამ მაღაზიის მუდმივ კლიენტებად იქცნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზის პირველი „დამპყრობელი“ ამერიკელები გაცილებით უფრო დიდი ლიტერატურული გაქანების ადამიანები იყვნენ, ბიტნიკები ბევრად უფრო საინტერესო კულტურულ მოვლენას წარმოადგენდნენ.

მათ შორის იყვნენ ფულიანებიც და უფულოებიც, ნარკომანებიც, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებიც, რომლებსაც იმ დროს ძალიან ალმაცერად უყურებდნენ. ერთი სიტყვით, თავისუფალი ადამიანები, რომელთაგანაც ძნელად თუ დაიტრაბახებდა რომელიმე „ანგელოზობით“, მათ შორის: უილიამ ბეროუზი, ალენ გინზბერგი, ლორენს ფერლინგეტი და ა.შ.

P.S. ფერლინგეტის მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით...

***

ამქვეყნად მარადიული არაფერია, კეთილი მისტიფიკატორი, საოცარი იუმორის მქონე კაცი - ჯორჯ უიტმენი 2011 წელს გარდაიცვალა.

***

ჯორჯის გარდაცვალებამდეც, ფაქტობრივად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში „შექსპირსა და კომპანიას“ მისი ქალიშვილი, 35 წლის (1981 წელს დაბადებული) - სილვია ბიჩ უიტმენი მართავდა.

ბუნებრივია, სახელი დიდი სილვია ბიჩის საპატივცემულოდ ჰქვია.

***

ბოლო წლებში „შექსპირმა და კომპანიამ“ საოცარი კომერციალიზაცია განიცადა და ეს საყოველთაოდ ცნობილი ბრენდი, რომელიც ერთ დროს ახალგაზრდა შემოქმედთა და ლიტერატორთა სულისჩამდგმელად გვევლინებოდა, ახლა მოგებაზე ორიენტირებული, ძალიან წელგამართული ბიზნესია.

ასეთი ცვლილებები ყოველთვის გულდასაწყვეტია, თუმცა ეს ახალი ექპოქის სულია.

ჯორჯ უიტმენის სიცოცხლეში ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, მისთვის ეს მაღაზია გაცილებით მეტს ნიშნავდა.

***

„შექსპირსა და კომპანიაში“ ძველი სული რომ აღარ ტრიალებს, ამას პირადად შევესწარი.

ერთ დღეს, ერთ-ერთმა კლიენტმა პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მაღაზიაში ერნესტ ჰემინგუეის „განუყრელი დღესასწაული“ არ ჰქონდათ. სილვია ბიჩ უიტმენმა სადღაც დარეკა, რამდენიმე წუთში კი „შექსპირსა და კომპანიას“  ჰემიგუეის „განუყრელი დღესასწაულით“ დატვირთული ორი უზარმაზარი სატვირთო მანქანა მოადგა, რომელთაც წიგნები მიწაზე ჩამოცალეს.

ასეთ დროს, როდესაც წიგნები მიწაზე ყრია და მაღაზიაში ტომრებით ეზიდებიან, ალბათ აღარც ჰემინგუეი გინდა და არც სადღესასწაულო განწყობა გაქვს.

***

„შექსპირისა და კომპანიის“ ამბავი ამით არ სრულდება.

ბიტნიკებს შორის, რომლებიც 50-იან წლებში ჩავიდნენ პარიზში, ერთი არცთუ გამორჩეული პოეტი - ლორენს ფერლინგეტიც იყო.

ფერლინგეტი საოცრად საინტერესო და დიდი გაქანების პიროვნება აღმოჩნდა - მას იმდენად მოეწონა „შექსპირი და კომპანია“, რომ სან-ფრანცისკოში დაბრუნებულმა ამ მაღაზიის გავლენით, 1953 წელს, საკუთარი წიგნის მაღაზია გახსნა - „City Lights“ - „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“.

სახელწოდებად ფერლინგეტიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმის სათაური გამოიყენა.

„City Lights“ - დღეისათვის საკმაოდ ცნობილი, წიგნის საკულტო მაღაზიაა, რომელსაც, როგორც ჩანს, „შექსპირი და კომპანიის“ პირველი მფლობელის სული გადმოჰყვა.

***

ლორენს ფერლინგეტის მაღაზია ის ადგილია, სადაც პირველად დაიწყეს ამერიკული პროზისა და პოეზიის რბილი ყდით დაბეჭდვა და გაყიდვა.

თუკი რომელიმე სოლიდურ მაღაზიაში მაგარი ყდით გამოცემული ესა თუ ის წიგნი - 50$ ღირდა, „დიდი ქალაქის ჩირაღდნებში“ რბილი ყდით დაბეჭდილ ამავე წიგნის შეძენა 5$-ად იყო შესაძლებელი.

რა გასაკვირია, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ მაღაზიას უამრავი კლიენტი მიაწყდა.

***

რაც მთავარია, ლორენს ფერლინგეტიც, დიდი სილვია ბიჩის მსგავსად, საკმაოდ გამბედავი ადამიანი აღმოჩნდა - თუკი სილვია არ შეშინდა და ჯოისის „ულისე“ გამოსცა, ფერლინგეტიმ ალენ გინზბერგის ცნობილი პოემის - „ყმუილის“ გამოცემა ითავა.

ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ფერლინგეტი, ისევე, როგორც მისი მოადგილე კინაღამ დააპატიმრეს.

ლორენს ფერლინგეტი გადარჩა, ის დღესაც ცოცხალია, გინზბერგის „ყმუილი“ კი ამერიკის შეერთებული შტატების კლასიკად ითვლება.