ალან გინზბერგი - სამყაროს ქცევის შესახებ, რომელიც ეძებს მშვენიერს მთავრობის წინააღმდეგ

არის კი ეს ერთადერთი გზა, დავემსგავსოთ ინდიელებს, მარტორქებს, 
კვარცის კრისტალებს, მიწაზე მომუშავე გლეხებს, ადამს და ევას, ჩვენს წარმოსახვაში,
როცა ერთმანეთს ეფერებოდნენ მოცახცახე კიდურებით,
სანამ რევოლუციური სექსის გველი ცნობადის ხეს შემოეხვია?

ნეტა ბოლოს რა უნდა ეხუმრა როკე დალტონს,
მასობრივი სამხედრო ტაქტიკის საკითხებზე რომ კამათობდა
საკუთარ ამხანაგებთან და ავტომატის ჯერივით აკაწკაწებდა?
აუცილებელია, ამოჟლიტო იანკები უზარმაზარი ბომბით.

ჰო, მაგრამ მთლად შენს ჭკუაზე ნუ იმოქმედებ,
აჯობებს, რჩევა დედაშენს ჰკითხო, სწორ გზაზე რომ დაგაყენოს,
ან, ვთქვათ, რემბოსთან გაიარე კონსულტაცია, რომელმაც ერთხელ ფეხი დაკარგა,
ან ლენინთან, რომელმაც მეორე დამბლის მერე კრუპსკაიას პირით სიტყვა შეუთვალა უხეშ ქართველს, ამ დროს კი, ზუსტად მის გარდაცვალებამდე, ჩეკისტები მის კართან იდგნენ
და მკაცრი და მშვიდი გამომეტყველებით არწმუნებდნენ, რომ საქმე სანდო კაცის ხელშია
და მისი განძრევის საჭიროება არ არსებობს -
ნეტა ასეთი რა დაავადება მიცოცავდა მისი მუცლის ღრუდან ტვინისკენ?

რას ფიქრობდა ხლებნიკოვი, როცა იდგა მშიერ მატარებელზე და მზეს უშვერდა შიშველ მუცელს?

ან მაიაკოვსკი, სანამ ტყვია ტვინს გაასხმევინებდა,
როგორი ბასრი პროპაგანდით იმოქმედებდა ბიუროკრატიული ბრძოლის ველზე
უკრაინის სოფლის კოლექტიური მეურნეობის სამინისტროში?

რა სლოგანს ამზადებდა ფუტურისტი არქიტექტორებისთვის
ან რა ეპიკურ ჰიმნს
მომავალში პარტბილეთის მფლობელი კომუნისტური მასებისთვის
სამყაროს ქცევის შესახებ, რომელიც ეძებს მშვენიერს მთავრობის წინააღმდეგ?

გამომცემლობა „დიოგენე“, 2011 წ.