ალან გინზბერგი - სუპერმარკეტი კალიფორნიაში

 რამ გამახსენა შენი თავი ნეტა, უოლტ უიტმენ?!

შუა ქუჩაში, ხეების ჩრდილქვეშ მიმავალი, თავის ტკივილით
და ჩვეული თავდაჯერებით მთვარის სიმრგვალეს ვაკვირდებოდი.
შიმშილით დაღლილს, ნეონის შუქით განათებულ სუპერმარკეტში,
მაგონდებოდა შენი ლექსები.

ნახე, რამდენი ატამია, რამდენი ჩრდილი?!
ამ შუაღამეს საყიდლებზე მოსული ხალხი!
შესასვლელები სავსეა ქმრებით! 
ავოკადოს მთებთან - ცოლები!
ბავშვები დგანან პომიდვრებთან!

შენ, ფედერიკო გარსია ლორკა,
რა დაგკარგვია საზამთროებთან?

თვალი მოგკარი მაშინ, უოლტ უიტმენ,
ბავშვის გარეშე, მარტოსული ბებერი გლეხი
საყინულეში ხელის ცეცებით ეძებდი უმ ხორცს
და დახლთან მდგომებს უთვალთვალებდი.

მესმოდა, როგორ სვამდი კითხვებს:
„ვინ დაკლა ღორი კატლეტებისთვის?“
„რა ღირს ბანანი?“
„ნუთუ თქვენ ჩემი ანგელოზი ხართ?“

მე გზა ამებნა კონსერვების მბზინავ გროვაში, 
როდესაც უკან მოგყვებოდი,
სუპერმარკეტის დარაჯი კი ფეხდაფეხ გვდევდა.

და ორივენი, მიტოვებულ წარმოსახვაში
არტიშოკის ნაყოფის ღეჭვით,
ღია დერეფნებს მივუყვებოდით,
ხოლო გაყინულ დელიკატესს ისე ვსინჯავდით,
არაფერი გადაგვიხდია.

საით მივდივართ ნეტა, უოლტ უიტმენ?
ერთ საათში კარს ჩარაზავენ!
რომელ გზას ირჩევს დღეს შენი წვერი?

(შენს წიგნს ვეხები და ვოცნებობ ოდისეაზე სუპერმარკეტში და ვგრძნობ, რომ ესეც უაზრობაა!)

იქნებ ცარიელ ქუჩებში გვევლო, გვეხეტიალა?

ხეები ხეებს ესვრიან ჩრდილებს, სინათლე ქრება ღამის სახლებში.

იქნებ ორივე მარტოსული ვართ? 
იქნებ წავიდეთ მყუდრო ადგილას 
და მაგისტრალზე, მანქანების რიგების გავლით,
გვეოცნება ამერიკაზე, სიყვარულისგან რომ დაცლილა ბოლო წვეთამდე.

ეჰ, მარტოხელა, თეთრწვერიანო, ძვირფასო მამა!
შენგან ვისწავლე სიმამაცე!

როგორი იყო ნეტა მაშინ შენი სამშობლო,
როცა ქარონმა ალმოდებულ ნაპირთან დაგტოვა
და შენც მდუმარედ უყურებდი, 
როგორ ქრებოდა მისი ნავი ლეთეს შავ წყლებში.

გამომცემლობა „დიოგენე“, 2011 წ.