ჩვენს ქუჩაზე სახლი დაინგრა | მიხეილ თუმანიშვილი

ჩვენ ქუჩაზე სახლი დაინგრა. თავიდან ბზარები გაუჩნდა და მისი გამაგრება დაიწყეს. მერე ძველი ჭიშკარი ჩამოინგრა და მას ბოძები – ყავარჯნები შეუყენეს. სახლი დაბერდა და დაანგრიეს. ძალიან შემეცოდა – იყო სახლი და აღარ არის. 

მის ნაცვლად ბეტონის ბლოკებით ახალი ააშენეს. ქუჩაც თითქოს დასუფთავდა, გალამაზდა, გამხიარულდა, მე კი, როგორღაც სევდა შემომაწვა.

ჩემი ქუჩა, ჩემი ბავშვობის ქუჩა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი. ჩემი ქუჩა ის სახლებია, ის ხეებია, ის კიბეებია და არა უბრალოდ სახლები, ხეები, კიბეები და სახურავები. ყოველი მათგანი ჩემს წარსულზე, ჩემს ბავშვობაზე გარკვეულ ინფორმაციას ატარებს. ყველა ისინი რაღაცას მაგონებს წარსული ცხოვრებიდან.

ახალი სახლი იმიტომ მახარებს, რომ ადამიანები უფრო კარგად, უკეთეს პირობებში იცხოვრებენ, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ის ჩემი ბზარებიანი, ძველ ქართული, ბრტყელი აგურით ნაგები სახლი აღარ არის, გული მეწურება.

ეს უკვე აღარ არის ჩემი ქუჩა.

ასეთი ახალი სხვა ქალაქშიც შეიძლება იყოს.

არა, ეს აღარ არის ჩემი ქუჩა.

როდესაც ამ ბოლო სახლს ანგრევდნენ, ასევე მეგონა, ჩემს ბავშვობასაც ანგრევდნენ. თითქოს ყველაფერი, რაც იყო, არც კი ყოფილა.

მიხეილ თუმანიშვილი, „ფიქრი თეატრსა და ცხოვრებაზე“
ნაწყვეტი დათო ქარდავას წიგნიდან „მტაცებლები ურბანულ გარემოში“