ნიკო ფიროსმანი | მხატვრის დის, ფეფეს ნაამბობი...

წერილი ქიზიყიდან


ჩვენმა („ბახტრიონის“) რედაქციამ, პირველმა, თავს იდვა ინიციატივა ნიკო ფიროსმანის საბიოგრაფიო მასალების შეკრეფის.

რედაქციის დავალებით გაგზავნილ კორესპონდენტებიდან უკვე მოგვივიდა საკმაო მასალა რომლის ნაწილი უკვე გამოვაქვეყნეთ, ნაწილი რედაქციის პორთფელში ინახება.

ქ. ნინა თარიშვილის მიერ ქიზიყიდან მოწვდილი ცნობები, ფიროსმანის ცხოვრების პირველი პერიოდიდან, რომელსაც აქ ვბეჭდავთ, დიდ ინტერესს არ არი მოკლებული. სახელმწიფო გამომცემლობის დავალებით, ამ ჟამად ნიკო ფიროსმანზე დიდს მონოგრაფიას ამზადებს ბ-ნი ტიციან ტაბიძე და ყოველივე მასალები მას გადაეცემა. რედაქცია კიდევ სთხოვს თავის კორესპონდენტებს, გააგრძელონ თავისი მუშაობა ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიული ცნობების შეკრების გარშემო და გაზ. „ბახტრიონის“ სახელზე დაუყოვნებლივ გამოგზავნონ. 

***

დღეს სოფ. მირზაანში სცხოვრობს 50 კომლი ფიროსმანიშვილის გვარის. მათ შორის ნიკო ფიროსმანიშვილის დის ფეფეს ოჯახი.

ფეფეს ნაამბობი:

„შვიდი წლისა იქნებოდა ნიკო (მე იმაზედ უფროსი ვარ 4 წლით) როცა დედ-მამა დაგვეხოცა. მამა ჩვენი ასლანი შინაური მიწის მომუშავე გლეხი იყო, სხვა არაფერი ხელობა იცოდა.

დედას თეკლეს ეძახდნენ. მხნე და გამრჯე ადამიანი იყო. რვა წლის ნიკო ჩვენმა სიძემ, ალექსიმ წაიყვანა ქალაქში (თბილისში) და მიაბარა პურის ჭამაზედ ერთს სამხედრო პირს გვარად ქალანთაროვს.

ამასთან დარჩა თექვსმეტ წლამდე. 16 წლისა რომ გახდა, ქალანთაროვს ეკითხა, რომელი ხელობა უფრო მოგწონს, რომ ის შეგასწავლოო. ნიკოს ეთქვა: მხატვრობა მინდაო, მაგრამ ქალანთაროვს არ ერჩივნა და ბოლოს რკინის გზის კონდუქტორად შეუყვანია. 7-8 წელიწად მსახურობდა, მაგრამ ავად გახდა, სამსახურს თავი დაანება და ღვინის სარდაფი (პადვალი) გახსნა.

ჩვენი მეზობელი დიმიტრი ალუღიშვილი ჩავიდა თბილისში, ნიკო ნათლიად გაიხადა და პადვალშიც გაიამხანაგა. კარგა ხანი ერთად ვაჭრობდნენ. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ნიკომ მხატვრობა. დიდ ფულს იღებდა. ხშირად მეც მიგზავნიდა საჩუქრებს. მთელი თავისი ქონება ალუღიშვილთან ჰქონდა, რომელსაც ნიკომ თავისი საკუთარი ხარჯით გაუკეთა სახლი სოფ. მირზაანში. თითონაც ხშირად ჩამოდიოდა სოფლად, ეპატიჟებოდა მეზობლებს და აქეიფებდა. ზოგს ფულსაც აძლევდა.

ერთხელ ქალაქში გამხდარიყო ავად და ისე შეწუხებულიყო, რომ რაც ბანკში ფული ჰქონდა ჩემს სახელზე გადმოეცა, მეც დამიბარა. ჩავედი, მაგრამ ის უკვე კარგად გამხდარიყო. დაბრუნებისას ბლომად მომცა ფული. აი ეს სახლი, რომელშიაც ეხლა ვცხოვრობ, იმ ფულით გავაკეთებინე. ჩვენი სახლის კედლები ნიკოს კაცის ტოლა ტილოს ნახატებით სავსე იყო, მაგრამ ჩრჩილმა გაგვიფუჭა და გადავყარეთ.

ნიკოს ცოლი არა ჰყავდა, ურჩევდით ცოლის შერთვას, ის დიდ უარზედ იდგა:

„ჯერ ერთი აქაურ ქალს არ ვითხოვ და ან ცოლი რად მინდა ან შვილები. განა შენი შვილები ჩემები არ არიან?“ - მართლაც, ჩემი ოთხივე ქალი ნიკომ გაათხოვა თავის ხარჯით. 

ერთხელ ნიკომ მითხრა - „აქ ყოფნა აღარ მინდა, განა მარტო ჭამა-დალევა და ჩაცმა-დახურვაა ცხოვრება? - აი მე უნდა სხვა ქვეყნები ვნახო, ეს მეინტერესებაო.“

აეღო კიდეც სამუდამო ბილეთი (უვადო პასპორტი) და მე მომაბარა. როდესაც შევიტყვე, რომ ნიკო მართლა ემზადება წასასვლელად, გადავწყვიტე ბილეთი არ მიმეცა. სხვებმაც ესე მითხრეს, „ბილეთი არ გამოუჩინო. უთხარი, რომ დაგეკარგა, თორემ თუ წავიდა, სულ გადაიკარგებაო“. მეც ესე მოვიქეცი. მაგრამ ნიკომ რევოლვერი ამოიღო. მოკვლას მიპირებდა და მეც ბოლოს მივეცი ბილეთი. წავიდა. იმის შემდეგ რვა წელიწადი გავიდა, ნიკოზედ ვეღარაფერი გავიგეთ, თუმცა ჩემი ქმარი სამჯერაც ჩავიდა ქალაქში იმის სანახავად, მაგრამ ეთქვათ ეხლა აქ იყო და წავიდაო, ამა და ამ ალაგას ხატამსო, მაგრამ ვერსად ვერ მიეგნო მისთვის.

დიმიტრი ალუღიშვილმა ამ ერთის თვის წინად ჩემს შვილს ნიკო ბარამიშვილს (ნიკო ფიროსმანის დისწულია) გამოუცხადა:

„რა დროსია ნიკო, დიდი ხანია მოკვდა, მე თითონ დავმარხეო“. 

ზოგნი გვეუბნებიან, რომ ისევ ცოცხალია, ნამდვილად არაფერი ვიცით.

დასასრულ ნიკო ფიროსმანის და ფეფე და მისი შვილები სთხოვენ გაზეთ „ბახტრიონის“ რედაქციას მიაწოდოს მათ ნამდვილი ცნობა ფიროსმანზე, რომ შესაფერისი პატივი სცენ მათთვის დაუვიწყარ მოამაგეს.

გაზეთი „ბახტრიონი“, #23, 1922 წ.