ყორანი... |

ნაწყვეტი დათო ქარდავას წიგნიდან „მტაცებლები ურბანულ გარემოში“ 

სკანდინავიელები ყორნებს ღვთიურ და ბრძენ ფრინველებად მიიჩნევენ. სკანდინავიელთა უმაღლესი ღვთაება ოდინი ამბის მოსატანად ან თავის წყვილ ყორანს – ხუგინსა და მუნინს გზავნის, ანდა თავად გადაიქცევა ყორნად.

თუშეთში ალილოზე მოსიარულენი წინა დღეებში მოკლულ ყვავს მიაბამდნენ ჯოხზე და ჩამოვლისას ყველა ოჯახის სარკმელში შეახედებდნენ. იმღერდნენ:

„ალილო და ქრისტე ღმერთო, ქრისტე მოსრულაო, ყვავს ფეხი დაზრობია, კარგად მოსრულაო, ვინც კი პურს გამოგვიცხობს, კაი ყმისა აკვანი, ვინც მონა პურს გამოგვიცხობს, ფსია ქალის აკვანი“.

სპარსულ ზღაპრებსა და ხალხურ პოეზიაში ყვავის გამოჩენა უკავშირდება დიდ სიხარულს. სწორედ ყორანი ამცნობს ადამიანს სატრფოსთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც პროფესორი ზურაბ კიკნაძე ამბობს, ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიაში, ისევე როგორც ბევრი სხვა ხალხისაში, ყვავ-ყორანი სიკვდილის, ვერაგობისა და ავი ბედისწერის სიმბოლოა.

ზურაბ კიკნაძეს მაგალითად მოაქვს თედო რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი ერთი ხალხური ლექსი:

ერთი ვაჟკაცი ფხოველი შავწყალს საომრად დადგაო,
ადგა და შინ წამოვიდა, გზად შავანელი შახვდაო.
ჩაჭრეს, ჩაკაფეს ერთურთი, მაშველი აღარ შარჩაო.
ცითა მოვიდა ყორანი, მაგათ ნაომარს დახყვაო,
ჯერა დაითვრა სისხლითა, მერე ლეშ ჭამა, გაძღაო.
ადგა და ისევ წავიდა, მაგათ ვაგლახი დასცაო:
ორნივ ყოფილან უჭკონი, ერთმ მაინც რად არ დათმაო.

ასევე ცნობილია, რომ ყორანი თვალებს უჩიჩქნის გარდაცვლილს, მოკლულს და არწივი გადაეფარება ხოლმე, არ ანებებს კაი ყმის თვალების ამოკორტნას.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორსა და მითოლოგიაში ყვავი და ყორანი გვერდიგვერდ მოდიან, მათ შორის დიდი განსხვავებაა, ასე ფიქრობს პროფესორი ზურაბ კიკნაძე:

„ყვავი ყოველთვის დაკავშირებულია სიკვდილთან და ლეშის ჭამასთან. რაც შეეხება ყორანს, ხალხური ტექსტები მას ახსენებს ყოველთვის ბედისწერასთან დაკავშირებით. ყორანი კი არ არის ცუდი და მავნებელი, არამედ მისი გამოჩენაა სიკვდილის წინასწარმეტყველური.

მაგალითად, არის ასეთი ხალხური ლექსი, რომელშიც ყორნის გამოჩენას მოჰყვება სიკვდილი:

ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა კუთხე მარჯვენა სკდებისა.
ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა...

კახეთში ცალკე ამოსულ ხეს ყვავის დათესილს ეძახიან; რეზო ინანიშვილს მსგავსი სათაურით - „ყვავის დათესილი კაკალი” - მოთხრობაც კი აქვს დაწერილი...