ზვიად გამსახურდია - XX საუკუნის ამერიკული პოეზია

როდესაც საუბარია ამერიკულ პოეზიაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი თვითმყოფადი განვითარება იწყება XX საუკუნიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის თავისებურებანი, რომლითაც გამოირჩევიან ახალი ამერიკელი პოეტები, უკვე საცნაურნი არიან XIX საუკუნის ამერიკულ პოეზიაში. ინგლისური პოეზიის მდიდარი ტრადიციები თავისებურად აღორძინდნენ ამ ახალ მიწაზე. მაშინ, როდესაც ევროპა დეკადანსის მწუხრით იბურებოდა, ამერიკაში აღმოცენდა ახალი, უიტმენისებური ტიპი პოეტისა, ცხოვრებასთან წილნაყარი, მიწიერი განცდებით დატვირთული.

მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სიმბოლიზმი ამერიკიდან მოეფინა ევროპის კონტინენტს. ედგარ პოს უშუალო გავლენას განიცდიდნენ ფრანგი და საერთოდ, ევროპელი დეკადენტები (უნდა აღინიშნოს, რომ ედგარ პოს თავისი ქვეყნის ლიტერატურაზე არ მოუხდენია ისეთი დიდი ზეგავლენა, როგორც ევროპის ლიტერატურაზე).

რაც შეეხება უიტმენის ტრადიციებს, მისი ზეგავლენა უფრო საგრძნობია დღევანდელ ამერიკულ პოეზიაში. მისი ჟურნალიზმი, მისი ჯანსაღი, დემოკრატიულ კონცეფციებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობა, მისი თავისუფალი ლექსი მრავალი სახით აღორძინდა ამერიკელ პოეტთა შემოქმედებაში.

უიტმენამდელი ამერიკული პოეზია გვიანდელი რომანტიზმის ერთგვარი გამოძახილია. იგი ინგლისური „ტბის სკოლისა“ და ვიქტორიანელი პოეტების ტრადიციებს აგრძელებს. ედგარ პოს, ლონგფელოს, ჯეიმზ ლოუელის ესთეტიკა ნაკლები თვითმყოფადობით გამოირჩევა, სამაგიეროდ ინგლისური ბოლორითმოვანი ლექსი მათ შემოქმედებაში არნახულ სიმაღლეებს აღწევს. მუსიკალურ პრინციპს ინგლისური ლექსის ისტორიაში არასოდეს ჰქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც ედგარ პოს შემოქმედებაში. ამიტომაც გამოიწვია მისმა პოეზიამ ის საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ჰპოვა გამოძახილი.

მაგრამ ამერიკული ლიტერატურის ორგანიზმს ვერ შეესისხლხორცა სიმბოლიზმის მამამთავრის შემოქმედება. ვეება ახალშენების, მძიმე ინდუსტრიის და ფენომენალური ტექნიკის ქვეყანაში, გრანდიოზული სოციალური ძვრებისა და შეჯახების ეპოქაში, უკმარი აღმოჩნდა კამერული ლირიკა ზემოხსენებული პოეტებისა. ახალ თემებს, ახალ კილოებს მოითხოვდა განახლებული ცხოვრება, ამიტომაც შეცვალა „წმინდა ხელოვნების“ იდეალები უხეშმა ჟურნალიზმმა, ხოლო ედგარ პოს რაფინირებული სალექსო სტრიქონი უიტმენის თავისუფალმა ლექსმა, რომლის ინტონაციები ხშირად „ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნს“ აგონებდა მკითხველებს.

უიტმენის სიკვდილის შემდეგ ერთგვარი კრიზისი შეიმჩნეოდა ამერიკულ პოეზიაში. საზოგადოებამ ვერ შეამჩნია ემილი დიკინსონის დიდი ტალანტი, რომლის შემოქმედებაც შემდგომში საფუძვლად დაედო მთელ მიმდინარეობას ამერიკულ პოეზიაში.

მეოცე საუკუნის ათიან წლებში იწყება ის გარდატეხა, რომელსაც ამერიკულ კრიტიკაში „რენესანსის“ დასაწყისს უწოდებენ. და მართლაც, ფაქტიურად ამ დროიდან იწყება ამერიკული პოეზიის ნამდვილი, თვითმყოფადი განვითარება. ამ დროისათვის გამოდიან ასპარეზზე დიდი ამერიკელი პოეტი რეალისტები: ედვინ არლინგტონ რობინსონი, ედგარ ლი მასტერსი, კარლ სენდბერგი, ვეიჩელ ლინდზი და რობერტ ფროსი, რომელნიც მთელის სიმწვავით აყენებენ დიდმნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს, უბრუნდებიან უიტმენისეულ, საერთო-სახალხო გაგებას პოეზიისას. მათი ესთეტიკა რომანტიზმის საპირისპირო პრინციპზეა აგებული. მათთვის არ არსებობს „რჩეული“ თემები, პოეზია უნდა ემსახურებოდეს ადამიანური ყოფის ყოველ უბანს, არ უნდა იუცხოოს არ ერთი დეტალი ადამიანის განცდათა სამყაროსი. რეალიზმი მათთვის საზოგადოებრივ მანკიერებათა მხილებასაც ნიშნავს.

1915 წელს გამოდის მასტერსის „სპუნ რივერის ანთოლოგია“, ყველაზე პოპულარული წიგნი ამერიკულ პოეზიაში, სადაც საოცარი მხატვრული ძალითაა აღბეჭდილი შემზარავი დეტალები შუა დასავლეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ცხოვრებისა. მსგავსი დაახლოება ყოფასთან შეიმჩნევა სხვა ამერიკელ პოეტებთანაც. მასტერსის თავისუფალი ლექსი, ისევე როგორც სენდბერგისა, უიტმენისას უახლოვდება. შედარებით მეტ კონსერვატიზმს იჩენენ ლექსთწყობის საკითხში რობინსონი, ფროსტი და ლინდზი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი სტრიქონისთვისაც დამახასიათებელია სასაუბრო ინტონაცია.

მეორე პლეადა პოეტებისა: ეზრა პაუნდი, ემი ლოუელი, ჰილდა დულიტლი, ტომას სტერნზ ელიოტი და სხვანი უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ევროპული პოეზიის ტრადიციებთან. პაუნდი იმაჟიზმის დროშით გამოდის, თუმცა მისთვისაც არ არის უცხო თანამედროვე ფსიქოლოგიის გაშუქება და ჩაგრულთადმი სიმპათია („კუნძული ტბაზე“, „დავალება“).

ტომას სტერნზ ელიოტი ემოციით გამსჭვალული აზრის დომინირებას პოეზიაში ათავსებს ფორმის მტკიცე ნაჭედობასთან, იგი იბრძვის სალექსო სტრიქონის ზედმეტად მოდუნების წინააღმდეგ თავისუფალ ლექსში, რითაც მასტერსს და „მასტერიზმს“ უპირისპირდება.

განცალკევებით დგანან უოლეს სტივენსი და რობინსონ ჯეფერსი. სტივენსისთვის სრულიად უცხოა ის ჟურნალიზმი, რომელსაც ესოდენ ფართოდ გაუღეს კარი ზემოხსენებულმა პოეტებმა. იგი უპირველეს ყოვლისა ენის სტიქიიდან გამოდის. მისი ლექსი გვიზიდავს თავისი მუსიკალობით. პოეტურ სახეთა ეგზოტიურობა მას სიმბოლიზმის კორიფეებთან ანათესავებს. რობინსონ ჯეფერსი, კალიფორნიის კლდოვან სანაპიროზე განმარტოებით მცხოვრები პოეტი, ასე ახასიათებს შეერთებულ შტატებს: „ბრწყინავს დაღუპვის გზაზე დამდგარი რესპუბლიკა“. წყნარი ოკეანის სანაპიროს უჩვეულო პანორამები უჩვეულო პოეტურ სახეებად იქცნენ მის შემოქმედებაში. იგი ქმნის სათაურებს: „კოშკი ტრაგედიის მიღმა“, „გაუწყრეთ მზეს“, „მიეცით თქვენი გული ქორებს“ და სხვა. თავად სათაურები გვაგრძნობინებენ ჯეფერსის შემოქმედების ხასიათს, ამ დიდი, მეამბოხე სულის წვასა და მარტვილობას.

როგორც აღინიშნა, XX საუკუნის ამერიკელი პოეტების დიდი ნაწილი უიტმენის მიერ გაკვალულ გზას მიჰყვება. უიტმენის მიერ შემოღებული სალექსო ინსტრუმენტი ფართოდაა გავრცელებული ამერიკულ პოეზიაში. ამერიკელი პოეტებისათვის თავისუფალი ლექსი გულისხმობს მეტრიკისადმი ნებისმიერ დამოკიდებულებას, სალექსო სტრიქონში მახვილების ნებისმიერ განაწილებას, რაც ნაკლებად ბორკავს პოეტს და მიმართავს მკითხველის ყურადღებას ლექსის შინაარსობრივი მხარისადმი. თავისუფალი ლექსი უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად მონოტონური, ვიდრე ბოლორითმოვანი ლექსი. თუ ბოლორითმოვანი ლექსის სტრიქონში ტერფები მეტრული კანონის საფუძველზე ერთიანდებიან, თავისუფალი ლექსის სტრიქონი აერთიანებს სხვადასხვა ხასიათის ტერფებს, რომელთა შერჩევა და ურთიერთდაკავშირება პოეტის ინტონაციის საქმეა. ასე რომ, ამ შემთხვევაში პოეტი თავისუფალია ყოველგვარი მეტრულ-რიტმული დოგმებისაგან მაგრამ აქაც უნდა იგრძნობოდეს მკვეთრი შინაგანი რიტმი. აი რას ამბობს ტომას სტერნზ ელიოტი თავისუფალი ლექსის შესახებ:

„თვით ყველაზე თავისუფალ ლექსშიც კი, უკანა პლანზე უნდა მოსჩანდეს ლანდი რომელიმე უბრალო მეტრისა, რომელიც წინ წამოიწევს, როდესაც ჩავთვლემთ და გაუჩინარდება, როდესაც განვიფრთხობთ ძილს. ლექსში თავისუფლება მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი თავისუფლება, როდესაც იგი წარმოგვიდგება ხელოვნური შეზღუდვების ფონზე“.

„ამერიკული პოეზია, ისტორიული გაგებით, მთლიანად „ახალია“ - წერდა კრიტიკოსი ჯეფრი მური 1953 წელს ახალი ამერიკული პოეზიის ანთოლოგიის წინასიტყვაში. და მართლაც, ეს ანთოლოგია იწყება XIX საუკუნის მიწურულში გარდაცვლილი ქალის, ემილი დიკინსონის ლექსებით და მთავრდება უახლესი, 1927 წელს დაბადებული პოეტით უ.ს. მერვინით. დროს ამ მცირე მონაკვეთში ამერიკულმა პოეზიამ მართლაც რომ დიდი გზა განვლო განვითარებისა. ერთი მხრივ ხდებოდა მისი დიფერენციაცია ევროპული პოეზიისაგან. მეორე მხრივ კი, ამერიკული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლები ტ.ს. ელიოტი, რ. ჯეფერსი, რ. ფროსტი, უ.ჰ. ოდენი და სხვანი უფრო და უფრო ამჟღავნებდნენ ლტოლვას, რათა მათი პოეზია არ ყოფილიყო ჩაკეტილი ვიწრო ამერიკულ სპეციფიკაში.

მაგალითად, ტ.ს. ელიოტის შესახებ თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი აღარ არის ტიპური ამერიკელი პოეტი. არა მარტო იმიტო, რომ იგი ინგლისს გადასახლდა და მიიღო ინგლისის მოქალაქეობა, არამედ იმიტომ, რომ მისი შემოქმედება სცილდება, საერთოდ, ნაციონალური ლიტერატურის ფარგლებს. ელიოტი ამ თვალსაზრისით შეიძლება განსაზღვრულ იქნას, როგორც დასავლეთის პოეტი და არა როგორც მხოლოდ ინგლისელი ან ამერიკელი პოეტი, ვინაიდან მისი შემოქმედება ორგანულად არის დაკავშირებული, საერთოდ, დასავლეთის კულტურის ტრადიციებთან. აქ არის ამერიკული პოეზიის სპეციფიკაც (მაგ. ლექსი „ბოსტონ ივნინგ ტრანსკრიპტი“ და სხვ.), ფრანგული სიმბოლიზმის გავლენებიც („ალფრედ პრუფრიკის სამიჯნურო სიმღერა“, „ქარიანი ღამის რაფსოდია“), ინგლისური მეტაფიზიკური პოეზიის ახლებური აღორძინება, პროვანსალური და საერთოდ რაინდული ლიტერატურის მოტივები და სხვ.

იგივე ითქმის რობერტ ფროსტის შესახებ. მისი ლექსი უფრო დაკავშირებულია ინგლისური კლასიკური ლექსის ტრადიციებთან, ვიდრე უიტმენის, სენდბერგისა და მასტერსის თავისუფალი ლექსის გაგებასთან. ასევე ედვინ არლინგტონ რობინსონი, რომელიც ეკუთვნის პოეტი რეალისტების დიდ ხუთეულს. მისი ლექსი გამოირჩევა ფორმის კლასიკური დახვეწილობით, თემატიკაში იგი ხშირად უბრუნდება ევროპული ლიტერატურის ტრადიციებს: არტურის ციკლის ლეგენდებს, კელტურ საგებს და სხვა. ამერიკელი კრიტიკოსი ჩარლზ ტ. დევისი მიიჩნევს, რომ რობინსონით იწყება ახალი ამერიკული პოეზია, თუმც ჯეფრი მურმა თავის ანთოლოგიაში ემილი დიკინსონით დაიწყო ახალი ერა ამერიკულ პოეზიაში.

საერთოდ, მკვლევართა უმრავლესობა იმ აზრისაა, რომ ემილი დიკინსონმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ამერიკული პოეზიის განვითარებაზე. იგი ერთგვარ პოლარობას ჰქმნის უიტმენთან დაპირისპირებისას. ეს არის უნატიფესი კამერული ლირიკა, რომელიც გამოირჩევა ჰაეროვანი, ჭვრეტითი ხასიათით. განგებ გაუბრალოებული მხატვრული ხერხები დიდ ინტიმურ სითბოს და ბუნებრიობას ანიჭებენ მის ლექსებს, რომელნიც მსუბუქი ირონიითა და დიდი ლირიული გრძნებით არიან გამსჭვალულნი. ჯეფრი მური „მეტაფიზიკურს“ უწოდებს ემილი დიკინსონის პოეზიას და, მართლაც, მისი მხატვრული სახეები ძლიერ დაშორებულნი არიან სინამდვილეს, რომელიც აძლევდა პოეტურ შთაგონებას უიტმენს, მასტერსს და სენდბერგს. ამ ტერმინთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი ემილი დიკინსონის დამოკიდებულება ინგლისელი მეტაფიზიკოსი პოეტების: ჯონ დონის, ბიშოპ კინგის, აბრაჰამ კაულის, ჯონ უებსტერის და სხვათა შემოქმედებასთან. აზრის გამსჭვალვა ემოციით, აზროვნების ემოციურ პროცესად ქცევა, რასაც ტ.ს. ელიოტი მეტაფიზიკური პოეზიის ერთ-ერთ უმთავრეს თავისებურებად თვლიდა, ემილი დიკინსონის პოეზიაში სრულიად ახლებურ ელფერს ღებულობს. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ის შეუსაბამობა მხატვრულ სახეებს შორის, რომელიც ახასიათებდათ მეტაფიზიკოს პოეტებს. შეუფერებელი, ერთი შეხედვით გაუგებარი კონტრასტები, უჩვეულო შედარებები, შედარების შეუსაბამობა შესადარებელ საგანთან, ყოველივე ეს საცნაურია მის ლექსებში.

ემილი დიკინსონი მშვიდი, გარეგნულად შეუმჩნეველი ცხოვრებით ცხოვრობდა. მისთვის უცხო იყო სოციალური პრობლემატიკა და ის შემართება პოეტი-ტრიბუნისა, რომელიც ახასიათებს უიტმენისებური ტიპის პოეტს. მაგრამ მისი შინაგანი, სულიერი ცხოვრება მაინც გამოირჩეოდა მძაფრი დრამატიზმით. მართალია, მისი პოეტური ხმა არსად არ გადადის პათეტიკურ ღაღადში, მაგრამ აშკარად ჩანს მის ზოგიერთ ლექსში, თუ რა დიდი სულიერი ძვრები გამოიარა მან. ზოგჯერ მის სტრიქონებში გამოსჭვივის ფარული ტრაგიზმიც, რომელიც არასოდეს ცდილობს მკითხველის ყურადღების მიპყრობას და არც არასოდეს აღიზიანებს მის ცნობისმოყვარეობას.

რობინსონის შემოქმედებაშიც ხშირია ფარული დრამატიზმის ერთგვარი „შენიღბვა“ გარეგანი უბრალოებით. ხშირად იგი ძლიერ მარტივ თემებს ირჩევს, რათა უფრო მკაფიოდ წამოსწიოს წინა პლანზე ემოცია. გარდა ამისა, მას სჩვევია ძლიერ ღრმა ფსიქოლოგიური დაკვირვებები. იგი რომანტიკოსი პოეტების მსგავსად მხოლოდ „ძლიერი“ და „რჩეული“ ადამიანებით როდი ინტერესდება, არამედ უფრო მეტად აინტერესებს უბრალო ადამიანების სულიერი სამყარო, „უმნიშვნელო“ ადამიანების მნიშვნელობა, მათი განცდები, მათი თავისებურებანი (ლექსები „Reuben Bright“, „Miniver Cheevy“ და სხვანი). რობინსონის შემოქმედების ეს მხარე ნაწილობრივ ენათესავება ედგარ ლი მასტერსსაც, რომელმაც არნახული ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით წარმოგვიჩინა შუა დასავლეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მკვიდრთა შინაგანი სამყარო. მასტერსის წიგნი „სპუნ რივერის ანთოლოგია“, როგორც უკვე ითქვა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია ამერიკულ პოეზიაში. მასტერსის თქმით, მისი მიზანი იყო მოეცა ერთგვარი დანტესეული „ღვთაებრივი კომედია“ შუა დასავლეთის პატარა ქალაქის ცხოვრებისა. იგი ამ წიგნში ალაპარაკებს მიცვალებულებს თავიანთ ცხოვრებაზე, თავიანთ განცდებზე, ზოგჯერ მათ ნაუბარში მოისმის მკაცრი მხილება საზოგადოებრივი წყობისა, ზოგჯერ მოთქმა ამსოფლიური ამაოებისა და სხვა. მასტერსი ეკუთვნის პოეტების იმ პლეადას, რომელთაც სცადეს დაპირისპირებოდნენ რომანტიზმის ტრადიციებს და „წმინდა ხელოვნების“ იდეალებს. მან ფართოდ გაუღო კარი ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო თემებს. მასტერსისეული თავისუფალი ლექსი, ძლიერ უახლოვდება პროზაულ მეტყველებას. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ზედმეტად „საყოფაცხოვრებო“ მოტივებისა, მასტერსის პოეზია ალაგ-ალაგ სუნთქავს მეტად ფაქიზი ლირიზმით (მაგ. ლექსი „გორაკი“).

მსგავსი ტენდენციებით ხასიათდება კარლ სენდბერგის შემოქმედება. სენდბერგი დაიბადა ილინოისში, 1878 წელს. იგი წარმოშობით შვედია. ახალგაზრდობაში მან რამდენიმე პროფესია გამოიცვალა. 1910 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. შემდგომში ხდება ჟურნალისტი, მოგზაური, მგოსანი-დეკლამატორი, ლინკოლნის ბიოგრაფი. მისი პოეტური ხმა და შემოქმედებითი მანერა უიტმენს გვაგონებს. მისთვისაც უცხო იყო სიმბოლიზმისათვის დამახასიათებელი ეთერული ლირიკა, ლექსის მღერადობა, ფრაზის მუსიკალობა. მისი ლექსის ინტონაცია ბუნებრივ თხრობას უფრო უახლოვდება. მისთვის უცხოა ყოველგვარი ყალბი რიტორიკა და გრძნობების აყოლა. სენდბერგმა თავისი შემოქმედების ხასიათი შესანიშნავად მოგცა ლექსში „არჩევანი“. აქ მან ბრწყინვალედ განსაზღვრა აგრეთვე ახალი პოეზიის იმ ფრთის თავისებურება, რომელსაც თავად ეკუთვნოდა:

ისინი ბევრს შემოგთავაზებენ,
მე - სულ მცირეოდენს.

მთვარის ლიცლიცი შუაღამის შადრევნის ფონზე,
და წყლის რაკრაკი თვლემის მომგვრელი,
გაშიშვლებული მხრები, ღიმილი,
ხან სიყვარული, ხან ღალატი, ურთერთს რომ სცვლიან,
სიკვდილის შიში, სინანულის კვლავ დაბრუნება -
ყოველივე ამას გთავაზობენ თქვენ -
მე კი მოვდივარ,

მომაქვს პური მარილმოყრილი,
მძიმე ჯაფის უღელი,
დაუცხრომელი ბრძოლა

და გეუბნებით:
აჰა, აიღეთ:

შიმშილი,
საფრთხე
და სიძულვილი.

აქ შესანიშნავად მოსჩანს, თუ როგორ უპირისპირდება რომანტიზმისა და სიმბოლიზმის განწყობილებებს ხალხიდან გამოსული პოეტის უხეში, მაგრამ დამაჯერებელი ხმა.

მაგრამ სენდბერგი სხვა ჟურნალისტი პოეტების მსგავსად, მოვლენათა ზედაპირით როდი კმაყოფილდება. ცხოვრების მისტერიები მასში აღძრავენ მძლავრ წყურვილს შემეცნებისას. იგი ხედავს, რომ შეუძლებელია ცხოვრების ყველა მოვლენის სრული რაციონალიზება, რომ არის ისეთი ამბები, „რაც ჩვენს ბრძენებს სიზმრადაც არ მოელანდებათ”. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მჟღავნდება ლექსში „უდაბნო“, სადაც პოეტი ცდილობს ჩასწვდეს ადამიანის საიდუმლოს, იგი ხედავს, რომ შეუძლებელია ადამიანის ახსნა, როგორც მხოლოდ ცხოველის უბრალო გაგრძელებისა. ვინაიდან ადამიანში, ცხოველური ინსტინქტებისა და ლტოლვების გარდა, არის მაღალი, სულიერი იდეალები.

სენდბერგის ესთეტიკისათვის დამახასიათებელია ირაციონალიზმი. მისი თვალსაზრისით, ხელოვნება არ არის ისეთი ფენომენი, რომლის ახსნაც შესაძლებელია გრძნობადი, ემპირიული სამყაროს მონაცემებით.

განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ეს ტენდენცია სებასტიან ბახისადმი მიძღვნილ ლექსში „რიცხვების კაცი“, სადაც აშკარაა სენდბერგის მიდრეკილება ოკულტიზმისაკენ. სენდბერგის ძირითადი წიგნებია „ჩიკაგოს ლექსები“, „პურის მლეწავნი“, „კვამლი და ფოლადი“, „დილა მშვიდობისა, ამერიკავ!“, „ხალხი, დიახ“.

სენდბერგი იყო აგრეთვე ხალხური ბალადების შემგროვებელი, იგი სწერდა პროზაულ ნაწარმოებსაც (მაგ.რომანი „მოგონების კლდე“, საბავშვო მოთხრობები, ლინკოლნის ბიოგრაფია და სხვ.).

პოეტ რეალისტებს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ რობერტ ფროსტსა და ვეიჩელ ლინდზის. რობერტ ფროსტისთვის უცხოა ის ექსტრავაგანტური სიახლენი თემატიკაში, ვერსიფიკაციაში და პოეტურ სახეთა წყობაში, რაც ახასიათებს სხვა თანამედროვე ამერიკელ და ევროპელ პოეტებს იმავე თაობისას. ჭეშმარიტი ნოვატორის დიდსულოვნებით აღჭურვილი, ფროსტი განსაკუთრებული სიფრთხილით ნერგავს პოეზიაში ყოველივე ახალს, უჩვეულოს და, ამავე დროს, მისაღებსა და ადექვატურს თანამედროვე მკითხველისათვის. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება მის მიერ ბოლორითმოვანი ლექსის კულტივაცია, რომელსაც გაემიჯნა სხვა დანარჩენი თანამედროვე პოეტების უმრავლესობა. ფროსტის სტილი სადაა და გამჭვირვალე. ეს სისადავე შერწყმულია სახეთა პოეტური დალაგების ჰარმონიულობასა და კომპლექსურობასთან. ფროსტის თემატიკაც, ერთი შეხედვით, ახალს არაფერს გვაწვდის. იგი უმეტეს შემთხვევაში შემოფარგლულია პასტორალურ-იდილიური მოტივებით, მაგრამ მაინც იგრძნობა, რომ ეს ყოველივე დანახულია თანამედროვე პოეტის თვალით. მისი ლექსების უმრავლესობას ახასიათებს მშვიდი, მედიტაციური განწყობილება, თუმც ფარული ემოციური დაძაბულობაც ხშირად საცნაური ხდება მის სტრიქონებში. ამერიკელმა პოეტმა და კრიტიკოსმა მარკ ვან დორენმა მოხდენილად სთქვა ფროსტის შესახებ: „იგი ფილოსოფიური პოეტი იყო, რაც მისი გაგებით ნიშნავდა ღრმა და ფაქიზი გულის შერწყმას ინტელექტთან, რომელიც მუდამ დაეძებდა ღრმა აზრს ცხოვრებაში“. რობერტ ფროსტის ცნობილი წიგნებია „ბიჭის სურვილი“, „ბოსტონის ჩრდილოეთი“, „დასავლეთისაკენ მიმდინარე ნაკადული“ და სხვანი.

ვეიჩელ ლინდზი (1879-1931) უაღრესად თავისებური ფიგურაა ამერიკულ ლიტერატურაში. იგი პროფესიით მხატვარი იყო, მაგრამ პარალელურად წერდა ლექსებსაც. მან შემოიტანა პოეზიაში უაღრესად მონოლითური, მკვეთრი სურათოვნება, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს მისი ლექსების იშვიათი მუსიკალობა, რომელთა უმეტესობაც სასიმღეროდ იყო განკუთვნილი. ლინდზის თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ პოეტი-ფერმწერი, ვინაიდან მის ლექსებში მხატვრის, ფერმწერის თვალი ხშირად ჩრდილავს პოეტის თვალს. განსაკუთრებით ეს ითქმის მის ცნობილ ლექსზე: „ზანგური ქადაგება: სიმონ ლეგრი“. თუმც უნდა ითქვას, რომ ეს ტენდენცია განსხვავდება იმაჟისტი პოეტების ტენდენციებისაგან, რომელნიც ასევე ცდილობენ ლექსში სურათის, ხატის შემოტანას. განსხვავება, ჩვენი აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ ლინდზისთან ჩვენ ვხედავთ თითქოსდა დასრულებულ, ხორცშესხმულ ფერწერულ ტილოებს. ხოლო იმაჟისტებთან ხატი უფრო ჰაეროვანია, ხშირად გაბუნდოვანებული, ზოგჯერ მხოლოდ ემოციური განწყობილებაა დატოვებული, რომელსაც იწვევს რაიმე წარმოსახვითი ზმანება. გარდა ამისა, ლინდზი უმთავრესად იძლევა რეალისტურ სურათებს თავის ლექსებში, ხოლო იმაჟისტები უფრო ირეალურ პლანში იძლევიან ხატს, მათი პოეზია უფრო იმპრესიონისტულ განწყობილებებს უახლოვდება. ვეიჩელ ლინდზი იყო სვედენბორგიანული ფილოსოფიის მიმდევარი, მას აქვს რამდენიმე ნაშრომი ამ დარგში, რომელთაგან გამოირჩევა „სპრინგფილდის ოქროვანი წიგნი“. მისი ცნობილი წიგნებია: „კონგო და სხვა ლექსები“, „კალიფორნიის ოქროს ვეშაპები“, „მზისკენ სვლა“ და სხვანი. ეს წიგნები გამოვიდა 1914, 1920, 1923 წლებში.

ჩვენ ვცადეთ გვეპოვნა განსხვავება იმაჟიზმის პრინციპებსა და ლინდზის შემოქმედებას შორის. უნდა ითქვას, რომ იმაჟიზმი დიდად გავრცელებული მიმდინარეობა იყო ათიანი და ოციანი წლების ამერიკულ პოეზიაში. როგორც თვით სახელი მიგვითითებს ამ მიმდინარეობისა (image-ხატი), მისი მთავარი პრინციპი იყო პოეტური სახისათვის სტატიურობის, ხედვითი სიმკვეთრის მინიჭება. იმაჟისტებს ახასიათებდათ აგრეთვე ლექსიკურ-მეტაფორული მასალის ერთგვარი დისტილირება, ლირიული გზნების ერთგვარი შეფარვა. იმაჟისტი პოეტები არიან, როგორც უკვე ითქვა, ეზრა პაუნდი, ჰილდა დულიტლი, ემი ლოუელი და სხვანი.

ეზრა პაუნდი რომანული ენების სპეციალისტია, მთარგმნელი ფილოლოგი. მისი შემოქმედება ვერ ჩაეტევა ვერც ერთი ნაციონალური ლიტერატურის ფარგლებში. იგი ისევე ორგანულად არის დაკავშირებული ჩინური პოეზიის ტრადიციებთან, როგორც ანგლო-საქსურ ან პროვანსულ პოეზიასთან. ჩინელი, რომაელი, შუა საუკუნეთა ევროპელი პოეტების თარგმნასთან ერთად იგი ეწევა ერთგვარ მოდერნისტულ სტილიზაციას, რითაც თანამედროვე სულს უახლოვებს ძველი პოეზიის განწყობილებებს. ტ.ს. ელიოტის თქმით, იგი არის „გამომგონებელი ჩინური პოეზიისა ჩვენ დროში“. მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ამისა, პაუნდი მაინც ამერიკულ პოეზიას მიიჩნევს თავის მშობლიურ ნიადაგად. საუკეთესოდ არის ეს გამოხატული უოლტ უიტმენისადმი მიძღვნილ ლექსში „პაქტი“. გარდა ამისა პაუნდი ცნობილია როგორც ესეისტი, კრიტიკოსი. მისი ესეების წიგნია Polite Esseys (1937), აგრეთვე ABC of Reading (1934). მისი ყველაზე პოპულარული წიგნია Cantos, რომელიც ჩვენს ენაზე გადმოითარგმნება სიტყვით „ქებანი“. ეს არის ქებათა სერია, რომელიც ჯერ არც უნდა იყოს დასრულებული.

იმაჟისტებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა პოეტი ქალი ჰილდა დულიტლი, რომელიც ახდენს ძველბერძნული ლირიკის ტრადიციების ერთგვარ მოდერნიზაციას. იგი ამავე დროს ცნობილია, როგორც საუკეთესო მთარგმნელი ძველბერძენი პოეტებისა. იგი იყო მეუღლე იმაჟისტი პოეტის რიჩარდ ოლდინგტონისა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც რომანისტი. ჰილდა დულიტლი უფრო ტიპური იმაჟისტია, ვიდრე პაუნდი. მისი წიგნებიდან აღსანიშნავია „ჰელიოდორა“ (1924), „კედლები არ იქცევია“ (1944) და „ხარკი ანგელოზებისადმი“ (1946).

ჩვენი საუკუნის დასაწყისში ასპარეზზე გამოსული პოეტებიდან განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ უოლეს სტივენსი (1879-1955), უილიამ კარლოს უილიამსი (1883), მერიენ მური (1887), რობინსონ ჯეფერსი (1887), ტ.ს. ელიოტი (1888-1965), კონრად ეიკენი (1889) და სხვანი.

უოლეს სტივენსი პროფესიით ადვოკატი იყო. იგი სრულიად განცალკევებით დგას ამერიკულ პოეზიაში, მეტად რთულია მისი მიკუთვნება რომელიმე მიმდინარეობისადმი. ჩვენი აზრით, ჯეფრი მური ამაოდ ცდილობს რომ იგი დაუკავშიროს ედგარ პოს ხაზს ამერიკულ პოეზიაში. სტივენსისათვის დამახასიათებელია სრულიად ახლებური შერწყმა მუსიკისა და ფერწერისა პოეზიაში, მაგრამ მუსიკასთან მისი დამოკიდებულება იმგვარი როდია, როგორც სიმბოლისტებისა, იგი ლექსის ბგერითი სტრუქტურით როდი ცდილობს დაუახლოვდეს მუსიკას. მის ლექსებში უფრო მხატვრულ სახეთა წყობა და შინაარსი იწვევენ მუსიკალურ ასოციაციებს (წიგნი Harmonium, 1923). მართალია სტივენსისათვის უცხოა თვითმიზნური გატაცება ასონანსებითა და ალიტერაციებით, მაგრამ მისი ლექსი ამით როდი ჰკარგავს კეთილხმოვანებას. აღსანიშნავია, რომ იგი, ფროსტის მსგავსად კლასიკური ლექსის პოზიციებზე რჩება.

მერიენ მურის პოეზია ემილი დიკინსონის და H.D. -ის მსგავსად დაწმენდილობითა და დიაპაზონის მოჩვენებითი სივიწროვით ხასიათდება. მისი ლექსები უფრო მედიტაციური ხასიათისაა. მის მიერ ტოპოგრაფიული ეფექტების ხმარება არასოდეს გადადის სასტამბო ნიშნებით ჟონგლიორობაში, რაც ხშირია ზოგიერთ სხვა ამერიკელ პოსტ-მოდერნისტთა შემოქმედებაში. მისი წიგნებია „პანგლონი და სხვა ლექსები“, „რანი არიან წლები“ და სხვ.

უილიამ კარლოს უილიამსი (1883) თავდაპირველად იმაჟისტების ფრთას ეკუთვნოდა, იგი განიცდიდა განსაკუთრებით პაუნდის გავლენას. შემდეგ კი ჩამოშორდა იმაჟისტებს. მის პოეზიას ახასიათებს „წმინდა“ ამერიკული სპეციფიურობა, რამდენადაც იგი ცდილობს დაუპირისპირდეს ევროპულ და მსოფლიო ტრადიციებს. მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, იგი ცდილობდა „ადგილობრივ პირობებში ხელახალ აღმოჩენას პირველადი იმპულსისას, ხელოვნების ელემენტარული პრინციპებისას“.

მისი წიგნებია „გაზაფხული და ყველაფერი“, „სიყვარული და მოგზაურობა“.

რობინსონ ჯეფერსის პოეტური სამყარო გვიტაცებს თავისი უჩვეულობით. იგი დაიბადა პიტსბურგში 1887 წელს. ბურჟუაზიული ფილისტერული საზოგადოების გულარძნილობამ და ბანალურმა მატერიალიზმმა, გაშიშვლებულმა უტილიტარიზმმა ჯეფერსში აღძრა მძლავრი პროტესტის გრძნობა და ამიტომ ხშირად მისი სტრიქონებიდან მოგვესმის ხმა ადამიანის ბუნებრივ სიქველეში დაეჭვებული კაცისა. ჯეფერსი დაიბადა კლასიკური ფილოლოგიის პროფესორის ოჯახში იგი თავად უდიდესი მცოდნეა ანტიური პოეზიისა, თემატიკაში იგი ხშირად მიმართავს ანტიურობის თემებს, მისი თავისუფალი ლექსიც კლასიკურ მეტრებს ეფუძნება. იგი გამოირჩევა საოცარი დინამიურობით, განწყობილებათა და სახეთა ქაოტიური აღრევის ნიღაბქვეშ იმალება დიდი შინაგანი მოწესრიგებულობა ლექსის კომპოზიციური მიმდინარეობისა. ჯეფერსი ახლებურად დაამუშავა ორესტესისა და ელექტრას ლეგენდა. აგრეთვე მედეას თემა. მისი სხვა წიგნებია „მკვდრებთან ჩასვლა“ (1931), „მიეცით თქვენი გული ქორებს“ (1933), „გაუწყერით მზეს“ (1941), და სხვა.

ტომას სტერნზ ელიოტი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პოეტადაა აღიარებული. წარმოშობით იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის, თუმცა 1914 წლიდან ინგლისში ცხოვრობდა უმეტესად და 1927 წელს მიიღო ინგლისის მოქალაქეობა; ელიოტი იმავე მიზეზით გამოექცა ამერიკას, რა მიზეზებითაც განარჩია დღევანდელი ამერიკის ლიტერატურულ ბიზნესში ჩაბმას. თუმც უნდა ითქვას, რომ უიტმენიდან დაწყებული, დიდი ამერიკელი პოეტები მუდამ ასხვავებდნენ ორ ამერიკას: ერთს - დიდი ჰუმანისტი მწერლებისა და მოღვაწეობის ამერიკას და მეორეს - ლინკოლნის მკვლელსა და ლინჩის კანონის შემომღებს.

მართალია, ზოგი კრიტიკოსი ცდილობს გამოაცხადოს ელიოტი მხოლოდ ინგლისური პოეზიის კუთვნილებად, მაგრამ ჯეფრი მური ძლიერ დამაჯერებელად ამტკიცებს, რომ თვით ინგლისში ყოფნისას და მუშაობისას ელიოტი ინარჩუნებს და პირწმინდა ამერიკულ სპეციფიურობას. მურის აზრით, „ალფრედ პრუფროკის ფსიქოლოგიით, თავისი ასოციაციებით. იგივე ითქმის არა მარტო მის სხვა ადრეულ ლექსებზე („პრელუდიები“, „ქარიანი ღამის რაფსოდია“, „სუინი მებრძოლი“ და სხვ.), არამედ „ოთხ კვარტეტზეც“, რომელიც უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის (30-იან წლებს). „ოთხ კვარტეტში“ ნახსენები დიდი მდინარე, რომელსაც პოეტი „ყავისფერ, პირქუშ ღმერთს უწოდებს“, ჯეფრი მურის თქმით, მისისიპია, სადღაც ელიოტი ხშირად ნაოსნობდა მასაჩუსეტსის კლდოვან ნაპირთან.

მური აგრეთვე ცდილობს ელიოტის პოეზია დაუნათესავოს იმაჟიზმს და ეზრა პაუნდს, მისი აზრით, ელიოტის პოეზიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი ვიზუალობა. ჩვენი აზრით, ეს ერთგვარი ტენდენციურობაა მისი მხრით, რათა გაამართლოს თავის მიერ წინასწარ შემუშავებული დებულება. ამის თქმა შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ ადრეულ ლექსებზე და არა მთელ შემოქმედებაზე. მურს მოჰყავს ელიოტის ციტატა, სადაც ელიოტი ამჯობინებს „დანტეს გარკვეულობას შექსპირის ბუნდოვანებას“. რატომ უნდა დავასკვნათ, რომ აქ საქმე ეხება ვიზუალურ გაურკვევლობას? ჩვენი აზრით, აქ უფრო აზრისა და განწყობილების გარკვეულობას გულისხმობს პოეტი.

მომდევნო თაობის პოეტებს შორის უნდა აღინიშნოს არჩიბოლდ მაკლიში (1892), ჯონ პილ ბიშოპი (1892-1944), ე.ე. კამინგსი (1894), ოლენ ტეიტი (1899), რიჩარდ ებერჰარტი (1904), სტენლი კუნიცი, ელიზაბეტ ბიშოპი (1911), მიურიელ რეკისერი (1913), კარლ შაპირო (1913), რენდოლ ჯერელი (1914), ტეოდორ როეტკე (1908), რობერტ ლოუელი (1917) და სხვანი.

ე.ე. კამინგსი ქმნის სავსებით ახლებურ სტილს, რაც გამოიხატება პოეტური ფაქტურის უცნაურ დანაწევრებას: იგი არღვევს სინტაქსს, სიტყვების ნაცვლად ხშირად ხმარობს მარცვლებს, იშველიებს სასტამბო ნიშნების უჩვეულო ხმარებით მიღებულ ეფექტებს. იგი ქმნის საკუთარ პერსონაჟებს, ირეალურ არაადამიანურ არსებებს, ქმნის ასეთსავე ფანტასმაგორიულ სიტუაციებს. ევროპულ პოეზიაში ამ მხრივ მას შეიძლება დავუნათესავოთ გერმანელი თანამედროვე პოეტი ქრისტიან მორგენშტერნი. თუმც უნდა ითქვას, რომ კამინგსისთვის უცხოა მორგენშტერნის დიდი ფილოსოფიური სიღრმე. კამინგსის ფანტაზია უცნაურობის საწყისი, ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ ედგარ პოსთან უნდა ვეძიოთ (იგულისხმება ლექსი „ულალუმ“ და სხვანი).

ოლენ ტეიტი გამოჩენილი პოეტი და დიდად საყურადღებო კრიტიკოსია. მისი პოეტური პოზიცია განსაზღვრა მისი ესეების წიგნმა, სადაც იგი უპირისპირდება რომანტიზმის მანერულობას (ელიოტის მსგავსად) - კლასიციზმის პოზიციებიდან. ჯეფრი მური ედგარ პოს უკავშირებს მის პოეზიას. ელიზაბეტ ბიშოპს მეტად თავისებური მანერა ახასიათებს, რაც გამოიხატება მისი ლექსების, ასე ვთქვათ, ურბანისტულ ფანტასტიკაში. ჯეფრი მურს კარგად აქვს შენიშნული კაფკასეული პესიმიზმი ბიშოპის შემოქმედებაში, რომელიც თავს იჩენს დიდი ქალაქისა და პიროვნების დაპირისპირებისას (ლექსი „ადამიანი-ხოჭო“). კარლ შაპირო და რენდოლ ჯერელი უიტმენ-სენდბერგისეულ ხაზს აგრძელებენ, ისინი არ განიხილავენ მოვლენებს და საგნებს „შერჩევის“ თვალსაზრისით. ჟურნალისტური პოეზია მათ ახლებურად გრძელდება.

ახალ ამერიკულ პოეზიაში შეიმჩნევა, როგორც უკვე აღინიშნა, ძირითადად, ორი მიმართულება. ერთი მათგანი დაკავშირებულია უიტმენთან და მისი ტრადიციების გამგრძელებელ პოეტებთან. ხოლო მეორე - ემილი დიკინსონთან. პოეტი-რეალისტები უფრო უიტმენისეულ ხაზს ეკუთვნიან. მნიშვნელოვანი პრობლემაა, ჩვენი აზრით, აგრეთვე იმის გაშუქება, თუ რა მიმართებაა ინგლისურ და ამერიკულ ლიტერატურებს შორის, ამ თვალსაზრისით განხილულ უნდა იქნენ ამერიკელ-ინგლისელი პოეტები, რომელნიც ორივე ქვეყნის ლიტერატურის ისტორიას ეკუთვნიან (მაგ. ტ.ს. ელიოტი). ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული პოეზიის სპეციფიკა. დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინი „რენესანსი“ არ უნდა იქნეს გაგებული ლიტერატურული მიმდინარეობის ან დაჯგუფებების გაგებით. ეს არის უფრო პერიოდის სახელწოდება, როდესაც დაიწყო აღმავლობა ახალი ამერიკული პოეზიისა, არ არსებობს რაიმე საერთო დეკლარაცია. ან მანიფესტი, ან თუნდაც ესთეტიური კრედო, რომელიც აერთიანებს ამ ხანის პოეტებს, მათი კონცეფციები, მსოფლმხედველობა, პოეტური სტილი დიდად განირჩევა ურთიერთობისაგან. შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ გარკვეულ დაჯგუფებებზე, როგორც მაგ. „იმაჟისტები“ და „პოეტი რეალისტები“. მაგრამ ამავე დროს არიან პოეტები, რომელნიც განცალკევებით დგანან, არ ეკუთვნიან არც ერთ დაჯგუფებას. ამიტომ ტერმინი „რენესანსი“ ლიტერატურის ისტორიკოსებისა და კრიტიკოსებისათვის უფრო ხელსაყრელია, რათა განსაზღვრულ იქნეს გარკვეული პერიოდის თავისებურება. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი (მაგ. ფ. მატიესენი) ტერმინს „ამერიკული რენესანსი“ უფრო ფართო გაგებით იყენებს, კერძოდ, XIX საუკუნის ამერიკის აზროვნებასთან და მწერლობასთან დაკავშირებით (ემერსონი, ჰოთორნი, ჯეიმზი და სხვ.), მაგრამ ამ შემთხვევაში, ტერმინი „რენესანსი“ ჩვენს მიერ ნახმარია სრულიად სხვა გაგებით.

ჩვენი წინასიტყვაობა მიზნად ისახავდა იმ ამერიკელ პოეტთა მიმოხილვას, რომელნიც ჩვენი საუკუნის დასაწყისში გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე. მიმოხილვას, ცხადია, ინფორმაციული ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე კვლევითი. ჩვენ ვცადეთ მიგვენიშნებინა ძირითადი მაგისტრალური გზები, რომლებითაც მიემართება თანამედროვე ამერიკული პოეზია, ზოგადი შტრიხებით დაგვეხასიათებინა მათი მრწამსი, მათი შემოქმედებითი სტილი და მეთოდი. მათი ლექსების ქართული თარგმანები კი ალბათ უფრო მეტს გვეტყვიან ყოველივე ამის შესახებ.