მიხეილ ჯავახიშვილი - წიწამურა [მოგონება]

1907 წელს ევროპიდან დროებით დავბრუნდი საქართველოში და „ისრის“ რედაქციაში დავიწყე მუშაობა. 30 აგვისტოს საღამოს 8-9 საათზე ილიას მოკვლის ამბავი გავიგეთ. ბოროტმოქმედებმა იმდენად საზარელი იყო, რომ ჯერ არ დავიჯერეთ. მაგრამ ზედიზედ დაწვრილებითი ამბები მოდიოდა და შუაღამისას ყოველგვარი ეჭვი უკვე გაიფანტა.

მეორე დღესვე ავედი საგურამოში. ეტლიდან რომ გადმოვდიოდი, დიმიტრი ჯაში შემეფეთა. „შენ აქ რა გინდა?“ - ვკითხე მას გაოცებულმა. - „ილიას მოურავი ვარ“ - მიპასუხა მან.

ეს ამბავი ელდასავით მეცა. მაშინვე მივხვდი. ალღომ მიმახვედრა, რომ ჩემს წინ ილიას მკვლელობის მონაწილე იდგა. ჯაშისათვის მეტი აღარაფერი მითქვამს. მოვშორდი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვიკითხე. მაზრის უფროსი ფაღავა უკვე იქ ყოფილიყო. განზე გავიწვიე და ჯაშზე ვუთხარი, მან ყველაფერი უნდა იცოდეს, უეჭველია მონაწილეა ამ საშინელებისა და ახლავე დააპატიმრეთ-მეთქი. ფაღავამ ჯაშის ვინაობა გამომკითხა და მითხრა: ყველამ მაგას დაადგა თვალი და მე უკვე მივუჩინე მეთვალყურენი. ნაადრევი დაპატიმრება არ ივარგებს. სჯობია ჯერ თავისუფლად იაროს, ვინაიდან შესაძლებელია კვალს მიგვაგნებინოსო.

ილიასთან უწინაც მივლია საგურამოში, ქალაქშიაც, და ამიტომ მისი მოსამსახურენი მიცნობდნენ. დავუარე და ყველას ცალცალკე გამოვკითხე. მეტისმეტად ფრთხილობდნენ. იმ რაიონში ბევრი გავარდნილი იმალებოდა, მოსახლეობა ორივე მხრივ იყო დაშინებული და ამიტომ პასუხად მხოლოდ „არ ვიცი“ მესმოდა. ჯაშს მაინც მოურიდებლად ასახელებდნენ: მაგან ყველაფერი უნდა იცოდესო.

მერმე სოფელში ჩავედი და ოთხიოდე საათს დავდიოდი კარიკარს და ყველას ვესაუბრებოდი. როცა გლეხები ერთად იყვნენ, ბუზღუნებდნენ, ცალცალკე კი სულ სხვას ამბობდნენ. რამდენიმე თვის წინათ მოკლულს ილიას მოურავს ქებით იხსენიებდნენ, ხოლო ჯაშზე კბილებს ილესავდნენ. ერთმა გლეხმა მითხრა: „კაცო, ილიამ ყაზახ-სალდათების ზეკუცია აგვაშორა და სამაგიეროდ ისეთი მოურავი დაგვიყენა, რომ ეგ კაცი ყველაფერს შეგვისრულებს, რაც ილიამ აგვაცდინაო“.

გლეხებისგანაც ისეთივე შთაბეჭდილება დამრჩა, რაც ილიას მოსამსახურეებისაგან: ჯაშმა ყველაფერი უნდა იცოდესო. ამ საერთო ეჭვს ერთი რამეც დაემატა: ილიას მოსვლის მოლოდინში ჯაში თურმე მეტად მოუსვენრად იყო და კაკლის ხეზედაც კი ასულიყო და ქვეით გაშლილ გზას იქიდან ათვალიერებდა. ილიას და მის მეუღლეს ჯაში თურმე საშინლად ეზიზღებოდათ. ილია მის დათხოვნას აპირებდა, მაგრამ ჯაშმა დაასწრო და თვითონ ილია დაითხოვა სააქაოდან.

არასოდეს არ დამავიწყდება ის ღამე. სხვებმა დამასწრეს და ლოგინები დაირიგეს. დარჩა მხოლოდ ერთი ბალიში, ილიას სისხლით მოსვრილი ბალიში, რომელიც მოკვლის დროს ზურგის უკან ედო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს გავბედე: ის ბალიშის კაკლის ქვეშ წყაროსთან დავდე, სადაც მრავალი დაუვიწყარი საათი მქონდა გატარებული, ზედ ცხვირსახოცი დავაფარე და, ფსიქიურად დატანჯულმა და ფიზიკურადაც დაქანცულმა, მამლის ყივილისას ძლივს ჩავიძინე.

საგურამოში ერთი საგულისხმო სურათი მიამბეს. მძიმედ დაჭრილი და ნაცემი უგონო მეუღლე ილიასი წიწამურიდან ეტლითვე წაიყვანეს საგურამოს. გზაში თურმე გონს მოვიდა და თავის გვერდით ჯაში რომ დაინახა, კივილი მორთო: „მომაშორეთ! დაკარგეთ! ნუღარ დამანახებთ!“

ჯაში იძულებული იყო ეტლიდგან ჩამოსულიყო და საგურამოში ცხენით ასულიყო.

ჯაში მალე დააპატიმრეს და მალევე გამოუშვეს. ამან საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ საქმე ამით გათავდა. უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საზოგადოებამ უდიდესი აღშფოთება და მგრძნობიარობა გამოიჩინა, მაგრამ მას სათანადო აქტიური შეუპოვრობა, მუდმივობა და დაჟინება არ აღმოაჩნდა, თორემ ეს საშინელი საიდუმლოება, რომელიც 30 წელიწადს აწვალებს ყველა შეგნებულ მოქალაქეს, მაშინვე იქნებოდა გახსნილი.

ილიას მოკვლის გამოსარკვევად კომისია დაარსდა. კომისიის ხელმძღვანელი, ესტატე ავალიშვილი მეტად პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ ამავე დროს გულჩვილი და ლმობიერი. ერთხელ კომისიის სხდომას მე და ვაჟა-ფშაველა დავესწარით. მე წინადადება შევიტანე: ჯაში მოიტაცეთ, სადმე ჯურღმულში ჩააგდეთ და მტკიცე პირობა მიეცით, რომ სიმართლის თქმა მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, ხოლო კერპობა სიცოცხლეს გამოასალმებს. ვაჟამ ცხარედ დამიჭირა მხარი, ავალიშვილმა კი ეს ხერხი იუკადრისა და მთავარ კომიტეტის ხელმძღვანელებს დაეკითხა. მე წინათვე ვიცოდი, რომ ამ ზომას არც ისინი იკადრებდნენ. მიუხედავად ამისა, გ. ლასხიშვილს და გ. რცხილაძეს მოველაპარაკე და ვცადე დამეჯერებინა, რომ საიდუმლოების გახსნა მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი. ვერ დავაჯერე. მომავალმა მათი იმედი არ გაამართლა. საიდუმლოება თავისთავად არ გაიხსნა. ჯაშმა იგი სამარეში ჩაიტანა.

მალე ერთი უცნაური ხმა გავარდა: ჟანდარმერიამ პეტერბურგს ილიას მოკვლის ამბავი რამდენიმე საათით უფრო ადრე შეატყობინაო. ფედერალისტების პარტიის მიერ ილიას მოკვლის გამოსარკვევად გამოყოფილმა კომისიამ ეს ამბავიც კი ვერ შეამოწმა.

როცა გურიაში ალიხანოვის რაზმს ჰგზავნიდნენ, ილიამ საჯაროდ განაცხადა: თუ გურიის აკლებაზე ხელი არ აიღეს, მთელი საქართველო უნდა ავაჯანყოთ და აჯანყებულთა სათავეში სხვებთან ერთად მეც ჩავდგებიო. რაზმის გაგზავნა დროებით გადასდეს. შემდეგ მაინც გაჰგზავნეს და იქაურობა დაარბიეს, გადასწვეს. დაზარალებულ გურულთა დამხმარე კომიტეტს ილიამ 100 მან. გაუგზავნა. მაგრამ თავაშვებულმა აგიტაციამ ილიასადმი ისეთი მწვავე სიძულვილი გამოიწვია, რომ კომიტეტმა ეს თანხა უკანვე დაუბრუნა ილიას. ახლა ამ საქციელის შეფასებას მოვერიდები. იმას კი ვიტყვი, რომ ამ შხამიანმა ისარმა ილია მორალურად გაანადგურა.

ნ. ჟორდანიამ ილიას თბილი გვამი ერთხელ კიდევ ჩასწიხლა. ილიას რაობა და მისი მოკვლა ოთხი სიტყვით შეაფასა: „Лес рубят, шепки летят“, ე.ი. ილია უბრალო ნაფოტი იყო და ტყის გაჭრაში ეს ნაფოტიც მიაყოლესო. მე ვეღარ მოვითმინე და ამ წერილს ორი მკაცრი ფელეტონით გავეცი პასუხი. მალე ხელახლა გავემგზავრე ევროპისკენ და ილიას მოკვლაზე მას შემდეგ ახალი არაფერი გამიგია.

ვინ იყო ჯაში და რად ავიღე მასზე გეში?

1904 წელს „ივერიის“ რედაქტორმა მ. ყიფშიძემ რედაქციის გამგედ მიმიწვია. თვითონ ბანკის სამსახურში შესულიყო და რედაქტორობისთვის სულ აღარ ეცალა. პირველად ჯაშს იქ შევხვდი. ის ასოთამწყობი იყო. ყოველ დღე სტამბიდან რედაქციაში ამოდიოდა ხოლმე და ერთს ან რამდენიმე საგაზეთო შენიშვნას დამიდებდა წინ. ვინაობა გამოვკითხე. განათლება დაბალი ჰქონდა, სამაგიეროდ ფრიად ნიჭიერი აღმოჩნდა. მის ნაწერს თითქმის არ ესაჭიროებოდა გასწორება. მცირე ხნის შემდეგ ეს ახალგაზრდა ქრონიკის გამგედ დავნიშნე. ჯაში გაბედნიერდა: სამუდამოდ ამოვიდა სტამბიდან და უფრო სუფთა საქმეს მოჰკიდა ხელი. დიდი ოსტატი იყო „კარის გაღებისა“. თუ კარს არ გაუღებდნენ, ფანჯარაში შეძვრებოდა და საშოვარ ამბავს უეჭველად იშოვიდა და ორიოდე თვეში მრავალი ნაცნობი გაიჩინა, ყველგან თავისუფლად შედიოდა და ხელცარიელი იშვიათად გამოდიოდა.

ძლიერ მოხერხებული და ნიჭიერი კაცი იყო მეთქი, მაგრამ გარეგნობა მიუკარებელი და შემზარავი ჰქონდა. საშუალოზე დაბალი და მჩატე ტანისა იყო. თმა-წითური, პირისახე - ჭორფლიანი, ტუჩები - ოდნავ ღია და მუდამ დუჟიანი. უმთავრესი კი მისი თვალებია: წირპლიან-თევზისებური. ყინულივით ცივი, დაუნდობარი, თვალები მედუზისა, რომელნიც გბურღავენ და სულის ყოველ კუნჭულს გიჩხრეკავენ. თვალს თვალში ვერ გაუსწორებდი; როცა თავჩაღუნული ვიჯექი ხოლმე და ჯაში იქვე ახლოს იდგა, იმ თვალებს მაშინაც კი ვგრძნობდი და მეგონა, თითქოს ის ათასი სველი და ცივი საწერტილით მსინჯავდა და მჩხრეკდა. ასეთ კაცს ალღოთი ერიდები და ლამობ მალე მოიშინაურო, ან შენვე დაემალო მას.

„ივერია“ გოგიჩაიშვილის ხელში გადავიდა. ახლა ჯაში რამდენიმე გაზეთს აწვდიდა მასალას. მათ შორის პატრიოტების „Голос Кавказа“-საც. დაჟინებით ამბობდნენ, რომ ჯაში ორივე ბანაკში მუშაობსო.

1914 წელს, ომის დასაწყისს ის აქტიური წევრი აღმოჩნდა „მიქელ მთავარ-ანგელოზის კავშირისა“. აი რატომ გავოცდი მე, როცა ჯაშს ილიას მამულში შევხვდი.

1910 წელს მეტეხის ციხის პატიმარი ვიყავი. ერთხელ ციხეს ელვასავით მოედო ამბავი: ილიას მკვლელი დიმიტრი ჯაში მოიყვანეს და გარედან ესეც შემოგვითვალეს: დანარჩენი თქვენ იცითო, ე.ი. ჯაშს კისერი მოუგრიხეთო. ეს ადვილი საქმე იყო, მაგრამ ჯაშს ჩვენზე უკეთ ჟანდარმები იცნობდნენ და ამიტომ ის ცალკე საკანში ჩასვეს და გადაარჩინეს.

თურმე მას ვიღაცისთვის ფულის დაცინცვლა უნდოდა და პროვოკაცია მოეწყო. ოთახის ღუმელში ყუმბარები შეეწყო. სად იშოვა ყუმბარები? ვინ იცის. ის კი ვიცოდით, რომ ჯაშს ერთსა და იმავე დროს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ოხრანკასთან“, შანტაჟისტებთან, ცალკე გასულ ტერორისტებთან და ყველა ჯურის ნაძირალებთან. იმ ხანებში ეს ბნელი ადამიანი სატახტო ქალაქების მეტად გავლენის გაზეთების კორესპონდენტად ითვლებოდა.

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1936 წ.