გრიგოლ რობაქიძე - მოქანდაკე ნიკოლაძე |

1902 წელი. ზაფხულის პირი. „სეირნობა“ ახალ კლუბის ბაღში (მაშინ სათავად აზნაურო). მრავალი გასართობები. ყურადღებას იქცევს ერთი კიოსკი: მეფისტოს თავია ჩამოსხმული კიოსკად. გვერდით ჭაბუკი სდგას: დაბალი ტანის შავი თმა, ოდნავ ხუჭუჭი გიშერი, დიდრონი შავი თვალები, პროფილი ძველი ასირიელის, სილუეტი მიმზიდველი ფრიად. ჭაბუკი იაკობ ნიკოლაძეა და კიოსკი მისი ნამოქმედარი. ეს იყო ჩემი პირველი ნახვა ქართველი ქანდაკების.

გავიდა ხუთი წელი. პარიზში ვარ. ვხვდები ქართველებს. გავიცანი „ჟაკო“, წამსვე დავუახლოვდი. არის მის ბუნებაში რაღაც ძალზე უშუალო, თითქმის „სიბავშვე“, მხოლოდ, ისეთი, რომელიც ჩვეულთა ხვედრია მხოლოდ. არავითარი სიავე, არავითარი ბოროტი, არავითარი გესლი - მის ბუნებაში არ მიგრძვნია; პირიქით: მუდამ გულ ახდილი, ლაღი მეტად, აღფრთოვანებული, ბედნიერი სიცილით.

ხშირად დავიარებოდი მასთან. საკმაოდ დიდი ოთახი: გაყოფილია ფარდით: აქეთ - ატელიე, იქით - „საცხოვრებელი“ - თუმცა ცხოვრებით უფრო ატელიეში ცოცხლობს. არ დამავიწყდება ერთი სანახაობა:

შევდივარ: „ჟაკო“ ფინიას ეალერსება. ამ ალერსში რაღაც უცნაური დავინახე: ხელოვანისთვის ძაღლიც იყო გონიერი, თითქო ხუთი წლის ბავშვს უთხრობდა ზღაპარს ღიმილით.

იმთავითვე „ჟაკოს“ ბუნებაში ერთი რამ იპყრობდა ჩემს ყურადღებას: უშუალო ტალანტი. მას დიდი განათლება არ მიუღია მაგრამ ინტუიციით დიდ საკითხებს სწვდება. ხანდისხან თითონაც გამოსძებნის ხოლმე ასეთ საკითხებს. ყოველ საკითხში თავის აზრს თავისებურ არაბესკად გაიყვანს, თუმცა სიტყვით ხანდისხან ისეთ განცდას მოგაწვდის, როგორც „ბერი“ ხავსიანი ქვა ძველი საიდუმლო წარწერით.

ნიკოლაძე ნამდვილი ხელოვანია, პლასტიური გრძნობა უმძაფრესად განვითარებული აქვს. ქართველთა გენია უფროსად პლასტიურია: აქ ნიკოლაძე ამ გენიას ქვაში ჰკვეთს ცეცხლეული შთაგონებით. მის შემოქმედებაში მე პირადად მისი სამხატვრო ტემპერამენტი მიპყრობს; ტემპერამენტი წმინდა, შეურეველი, გაუგრილებელი, უშუალო. მთელს მის შემოქმედებას ქალური სირბილე ახლავს. იქნებ ეს ქართველთა ისტორიის შედეგი იყოს.

მიქელ-ანჯელოს „სივაჟე“ აულაგმავი, დემონიური, მამა-ცეცხლი ჩვენს ისტორიის ბოლოს და ბოლოს გაურბის, მაგრამ თვითონ „ქალურობა“ ნიკოლაძის შემოქმედებაში განუმეორებელ სინაზესა ჰქმნის.

ნიკოლაძე ისეც ხელოვანია: სიცოცხლეში. ბოჰემის ტემპერამენტი მისი ერთი საუკეთესო ნაკვეთია. მთელი მისი სიცოცხლე ხელოვანთა შორის ტრიალებს. ყველაზე უფრო გრძნობს სიტყვის სიახლეს, ლექსის მიერ, სახის უჩვეულობას. და რაც უფრო ყურადსაღებია: ძვირად მონახავთ ნიკოლაძის მზგავსს პიროვნებას, რომელსაც სხვის „კარგი“, სხვის „გამარჯვება“ (საკუთრივ ხელოვნებაში) ასე ძალზე ახარებდეს.

აუტანელია ის ატმოსფერო, საცა ნიკოლაძე მოქმედობს: არ არის შკოლა, არ არის ტრადიცია. მოქანდაკეს შეუძლია იმოქმედოს: პარიზში, მიუნხენში, რომში. იქ არის, „ჯიბრი“. თბილისი მხოლოდ უდაბნოა მოქანდაკისთვის. მით უფრო საკვირველია ნიკოლაძის შემოქმედებითი ჟინი, რომლითაც იგი ამ უდაბნოში ინთება.

კიდევ სხვა უბედობა: ნივთიერი შევიწროება. ადგილიც არ აქვს: მჭედელს სამჭედლო არ ჰქონდეს - უბედურობა არის. ქართველი ერი გულუხვია თუ კარგი რამ დაინახა? დროა, ახლა მაინც დაინახოს თავისი მოქანდაკე. აუშენოს მას ატელიე: ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი. იგი იქნება, „სამუშაოს“ გარდა ისეთი ადგილი, საცა ყოველი ქართველი ხელოვანი მონახავს კუთხეს ესთეტიური გართობისთვის. ხელოვნების საქმეა თავს იდვან ატელიეს გამართვა - მივართვათ „ჟაკოს“ ძმური ყვავილი.

გაზეთი „ბახტრიონი“, #22, 1922 წ.