როჯერ ზელაზნი - ამბერის ცხრა პრინცი

ამბერის ქრონიკები - წიგნი #1

როგორც ჩანს, ადამიანები ვერასოდეს დაძლევენ პრობლემებთან დაკავშირებულ ცნობისმოყვარეობას.

***

ამბერი! ამ სიტყვაში რაღაც ცოცხალი და ძლევამოსილი ენერგია ფეთქავდა.

***

ძალიან მიყვარს ბიბლიოთეკები. ლამაზი და ბრძნული სიტყვების გარემოცვაში ყოველთვის კარგად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ძალა, რომელსაც სამყაროს შავბნელი აჩრდილების შეკავება შეუძლია.

***

ძალიან ძნელია, საკუთარი თავი უცხო კაცივით გამოიკვლიო. რაც შენშია, იმის გამიჯვნა და ცალკე შესწავლა შეუძლებელია.

***

ყველა გზა ამბერში მიდის! - ისეთი კილოთი თქვა რენდომმა, თითქოს ეს აქსიომა ყოფილიყოს.

***

პირადი ემოციები ხელს უშლის კარგ პოლიტიკას, იურიდიულ გადაწყვეტილებებსა და საქმიან ურთიერთობებს.

***

კოცონით განათებულ მდელოზე სამი კაცი გამოვიდა და მიმოიხედა. ორმა მათგანმა ჩაიმუხლა და მიწა დაყნოსა. შემდეგ სამივე ჩვენს მხარეს შემოტრიალდა და ჩვენკენ დაიძრა.

- უეირები, - ჩამჩურჩულა რენდომმა.

მერე საოცრება მოხდა. ბუნდოვნად დავინახე, როგორ დადგნენ ოთხზე და მათ რუხ ბეწვზე მთვარის შუქი აციმციმდა.

პირველ მგელს ჩემი ვერცხლის ხმალი ვაძგერე და მანაც ადამიანის ხმით ამოიგმინა.

***

რებმა ქალაქი-აჩრდილია. ის ამბერის ანარეკლია ზღვაში. ყველაფერი, რაც ამბერშია, სარკესავით რემბაში ირეკლება.

***

ალისფერი სისხლი ღრუბელივით გაიშალა მწვანედ განათებულ წყალში. უეცრად გიჟურმა აზრმა გამიელვა: ნეტავ ფერთა ეს შეხამება ვან გოგს ენახა-მეთქი. [...] უეცრად გამახსენდა, რომ მართლა ვიცნობდი სევდიან, ჭკუიდან შეშლილ ვან გოგს და გული დამწყდა, რომ მას ასეთი ფერების ნახვა არასოდეს ღირსებია.

***

- საოცარია, რომ ამბერის პრინცს ამის უნარი შემორჩა.

- რისი უნარი?

- სიყვარულის.

***

აუშვიცში დახოცილთა გაძვალტყავებული გვამები დავინახე... გამახსენდა, რომ ნიურნბერგშიც ვიყავი... სტივენ სპენდერის მიერ წაკითხული „ვენა“ მოვისმინე და ბრეხტის „დედილო კურაჟის“ პრემიერას დავესწარი... ცხადად ვხედავდი როგორ ფრინდებოდა რაკეტები პენემუნდედან, ვანდენბერგიდან, კენედის კონცხიდან და ბაიკანურიდან... ხელით შევეხე ჩინეთის დიდ კედელს... შუა ქეიფში შექსპირმა გვითხრა, დავთვერიო და სარწყევად წაბანცალდა... ინდიელთა რეზერვაციის დაბურულ ტყეში ერთ დღეში სამი სკალპი მოვიპოვე... ერთ-ერთი ლაშრობისას „Aupres de ma blonde“ ჩავიღიღინე და მალე ეს სიმღრა მთელმა ქვეყანამ აიტაცა... იმ ანარეკლში განვლილი ცხოვრება გამახსენდა. იმ ანარეკლს „დედამიწა“ ერქვა. კიდევ სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გასისხლიანებული დაშნა, სამი გვამი და ცხენი დავინახე. სწორედ ამ ცხენით გამოვიქეცი რევოლუციის ცეცხლში გახვეული საფრანგეთიდან... და კიდევ უამრავი, უამრავი ხილვა...

***

ამბერი!

ამბერი უდიადესია ოდესმე არსებულ ქალაქთა შორის. ამბერი ყოველთვის არსებობდა და მუდამ იარსებებს. ნებისმიერი სხვა ქალაქი მხოლოდ მისი რომელიემ ფაზის ანარეკლია. ო, დიდო ქალაქო... კარგად მახსოვხარ და ამიერიდან აღარასოდეს დამავიწყდები. საუკუნეების მანძილზე, ანარეკლებში ხეტიალისას, მუდამ გულის სიღრმეში მყავდი, რადგან ხშირად მესიზმრებოდა შენი კოშკების ოქროსფერი გუმბათები და ფართოდ გაშლილი ტერასები. კარგად მახსოვს შენი უკიდეგანო ბაღები და ყვავილებით აჭრელებული აივნები. მახსოვს შენი ჰაერის სიტკბო და სურნელი; შენი ტაძრები და ციხე-დარბაზები.

ყველა ეს სასწაული მუდამ იყო და მარად იქნება. უკვდავო ქალაქო, ყველა ქალაქი შენს მარცვალზე აღმოცენდა. ვეღარასოდეს დაგივიწყებ და აღარასოდეს დამავიწყდება ეს ლაბირინთი; არც ისე მსუყე სადილი, რომელიც ასე მეგემრიელა მოირასთან გატარებული ტკბილი წუთების შემდეგ. მაგრამ რა შეედრება იმ სიყვარულს და იმ სიამეს, რომელიც შენი მოგონებებისას მომეძალა. ახლაც კი, ქაოსის კარზე მდგომს და ერთადერთ მსმენელთან მოუბარს - მასთან, ვინც ჩემს ამბავს სემოინახავს, თუ მოვკვდი, - დიდი სითბოთი მახსენდები, ჩემო ქალაქო, ჩემო მშობელო, ჩემო სამკვიდროვ...

***

ამბერიდან ანარეკლში გადასვლის ორი საშუალება არსებობდა...

ერთი ლაბირინთი იყო, მაგრამ ამ გზით იშვიათად სარგებლობდნენ.

მეორე საშუალებას კი კარტი წარმოადგენდა თუ, რა თქმა უნდა, საკუთარ ძმას ენდობოდი.

***

მთელი დასტა გადავქექე და მამაჩემის კარტი ავიღე.

ნახატზე ამბერის მბრძანებელ ობერონს მწვანე და ოქროსფერი სამოსი ეცვა. მაღალი და მხრებგანიერი იყო. შავ თმასა და წვერში ვერცხლის ძაფები ჰქონდა ჩაწნული. ოქროთი ინკრუსტირებული მწვანე ბეჭდები ეკეთა და წელზეც ოქროსფერი მახვილი ერტყა. ოდესღაც მეგონა, რომ ეს უკვდავი ხელმწიფე მუდამ სამეფო ტახტზე იჯდებოდა, მაგრამ რაღაც მოხდა. რა - კვლავაც არ ვიცოდი, მაგრამ ობერონი უკვალოდ გაქრა.

[...]

ის დიდი და ძლევამოსილი მბრძანებელი იყო და ამბერს მთელი ისტორიის მანძილზე მართავდა. ამბერის ისტორია კი აურაცხელ ათასწლეულს ითვლიდა.

***

არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, ანარეკლებში მოგზაურობა მხოლოდ ამბერის პრინცებს ძალუძთ.

***

ერთია ანარეკლი და მეორეა მატერია. სწორედ ესაა ცხოვრების დედააზრი. მატერიალური მხოლოდ ამბერია - რეალურ მიწაზე მდგომი რეალური ქალაქი, სადაც ყველაფერია. ანარეკლები კი უსასრულო რაოდენობით არსებობს. ამბერს ყველა მიმართულებით ურიცხვი ანარეკლი აქვს გამოსროლილი. ვინ იცის, რა არის მის მიღმა? ანარეკლები ამბერიდან ქაოსამდეა გადაჭიმული და მათ შორის ყველაფერი შესაძლებელია.

მათი გავლის მხოლოდ სამი გზა არსებობს და სამივე გზა ურთულესია.

თუ შენს ძარღვებში მეფური სისხლი ჩქეფს, ადვილად შეძლებ ანარეკლისთვის სახის შეცვლას და მისთვის სასურველი იერის მინიჭებას. ამგვარად, ანარეკლი შენი საკუთარი ქმნილება ხდება და ამ სამყაროში რასაც მოისურვებ იმას გააკეთებ, თუ ბუნებრივია, საქმეში შენი ნათესავები არ ჩაერევიან. ერთ ასეთ სამყაროში მრავალი საუკუნე გავატარე.

მეორე გზა კარტია. ისინი შტრიხის ოსტატმა, დვორკინმა შექმნა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ნებისმიერ დროს შეძლებოდათ ერთმანეთის ნახვა. დვორკინი ძალიან ბებერი იყო. მისთვის სივრცესა და პერსპექტივას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. დვორკინმა დახატა საგვარეულო კოზირები, რომლებიც ერთმანეთის ნებისმიერ დროსა და ადგილას ნახვის საშუალებას გვაძლევდა. ხშირად ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს კარტს უამრავი სხვა შესაძლებლობაც ჰქონდა, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით.

მესამე საშუალება ლაბირინთია. ისიც დვორკინის ქმნილებაა და მასში გავლაც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრს შეუძლია. ლაბირინთი გამვლელს კარტის სისტემაში სვამს, ხოლო გამოსასვლელი ანარეკლებში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. კარტიცა და ლაბირინთიც მატერიიდან ანარეკლებში გადასვლის მყისიერი საშუალებებია. გადაადგილების სხვა გზები ბევრად უფრო რთულია.

***

ამბერის უფლისწული თუ ხარ, მარტოობას ვერსად გაექცევი და ბოლომდე ვერავის ენდობი.

***

კარტი ავჩეხე და ჩავფიქრდი. მათი მეშვეობით კეინთან ან ერიკთან გონებრივი ორთაბრძოლის გამართვა შემეძლო. ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე ძალუძდა ბანქოს, რომელიც შეშლილმა მხატვარმა დვორკინ ბარიმენმა ობერონის ბრძანებით დაამზადა. დვორკინი შორეული ანარეკლიდან გადმოხვეწილი გიჟისთვალება, კუზიანი ბერიკაცი იყო. ზოგი ჯადოქრად მიიჩნევდა, ზოგი ქურუმად და ზოგიც გულთმისნად. ის მამაჩემმა დამსახურებული სასჯელისგან იხსნა და რეალურ სამყაროში გადმოასახლა. დეტალები ზუსტად არავის ახსოვდა, მაგრამ ამის შემდეგ ცოტა აურია. თუმცა ყველა აღიარებდა, რომ, სიგიჟის მიუხედავად, დვორკინი დიდი მხატვარი იყო. ის მრავალი საუკუნის წინ კარტისა და ამბერის ლაბირინთის შექმნის შემდეგ გაუჩინარდა.

***

როცა საქმე მეფობას ეხება, სიტყვას ნებისმიერი გატეხს.

***

ამბერისთვის ბრძოლის აზარტი ჭკუას ნებისმიერს აურევდა.

***

მისვლა უფრო ადვილია ამბერში, ვიდრე იქიდან წამოსვლა, რადგან ეს ქალაქი სამყაროს ცენტრია.

***

საბრძოლო სულისკვეთებას ცუდ ამინდში მზავრობაზე მეტად არაფერი ვნებს.

***

ამბერის გვირგვინი ვერცხლისა იყო და თითოეულ ქიმზე ძვირფასი ქვა უბრწყინავდა. სალტე ზურმუხტით ჰქონდა მორთული, გვერდებზე ორი ლალის თვალი მოუჩანდა.

***

ამბერის უფლისწულის მიერ მრისხანებით წარმოთქმული წყევლა უსათუოდ სრულდება.


მთარგმნელი: დავით ახალაძე