მარიო ვარგას ლიოსა - ხუთი კუთხე

„ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.

რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.

„ხუთი კუთხე“ ლიოსას აზრით, პერუს ისტორიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 
კოლონიზაციის პერიოდში ეს უბანი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა და ცხოვრება ჩქეფდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად, ბოროტმოქმედების, მეძავებისა და ნარკოდილერების ბუდედ იქცა.

***

ის, ვინც თავისთვის იცინის, ჩადენილი ცოდვები ახსენდება.

***


ყველასთვის საძულველი იყო, ნიშნავს, რომ შენი ეშინიათ და გაღიარებენ. ეს პერუელებს კარგად ეხერხებათ. ისინი იმ ფეხსაცმელებს ლოკავენ, რომელიც მათ თელავს. ამის ნათელი მაგალითები კი ფუხიმორი და დოქტორი არიან.

***

სკანდალი პირველ ხანს გვეჩვენება საშინელებად, თორემ მერე სწრაფად ეძლევა ხოლმე დავიწყებას.

***

ამბობენ, კოლუმბიაში დაქირავებული მკვლელები ჩალის ფასად იშოვებაო. ისინი პერუში სწორედ იმიტომ ჩამოდიან, საკუთარ ქვეყანაში სამუშაოს ვერ შოულობენო.

***

როცა ორი ადამიანი ერთ საქმეს აკეთებს, მათ ერთად დაწოლის უფლება არა აქვთ. რადგან სამუშაო და სიყვარული შეუთავსებელია. ამ დროს საერთო ლოგინს ადამიანები განხეთქილებამდე მიჰყავს.

***

პოლიციის საქმიანობა არავითარ ლოგიკას არ ემორჩილება! მთავარია, ყველაფერი ოსტატურად მოაგვარონ.

ესპანურიდან თარგმნა - მაკა გოგოლაშვილმა