გიორგი ლეონიძე - ცხოვრება ფიროსმანისა |

(წიგნიდან „ცხოვრება ფიროსმანისა“)

წინაპირველი სიტყვა 

ფიროსმანიშვილის ბიოგრაფიული ფაქტების ჩაწერა დავიწყე 1922 წელს. ჩაწერას ვაწარმოებდი დღიურის სახით. 1930 წელს მარტის-აგვისტოს თვეებში ჩემი დღიური ისევ განახლდა კიტა მეგრელიძის და დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით.

ფიროსმანის ცხოვრების დეტალებთან ერთად, როგორც პირველად, ისე ეხლა თან მისი ბიოგრაფიის ფონიც მაინტერესებდა. მასალების შესაკრებად მე ვინახულე ღვინის ვაჭრები, ქუჩის მხატვრები, მღებარები, საზანდრები, მეთევზეები, დალაქები, მემწვანილეები, ყასბები, მედროგეები, მეჩექმეები, რკინიგზის კონდუქტორები და სხვა - მხატვრის მეგობრები, მცნობები და პატივისმცემლები, მე იქვე ვიწერდი მათს ნაუბარს „საწყალ ნიკალაის“ უბრალო ცხოვრებაზედ და ფაქტებს მათი საკუთარი თავგადასავლიდანაც. მრავალი ახალი და საინტერესო აღმოჩნდა მათთან შეხვედრებში ფიროსმანის ბიოგრაფიის გასაკრვევად. 

ამ ნედლ მასალას, რაც სტენოგრაფიული სისწორითაა თითქმის ჩაწერილი და უმეტესად დაუმუშავებელიცაა, - ახლა ვაქვეყნებ მათივე პასუხისმგებლობით.

გიორგი ლეონიძე

***

ფიროსმანი და პოეტები [22 აგვისტო 1922 წ.]

ნიკო ფიროსმანის სახელი დიდხანს ჰხიბლავდა ქართველ პოეტებს. შეიძლება ისე არავინ ყოფილიყოს დაინტერესებული მისი ბედით, როგორც პოეტები. ამიტომ ხშირად ყოფილა, როდესაც ფიროსმანის ხსენებას გაუტაცნია ისინი და არ დარჩენილა არც ერთი ფიროსმანისეული სარდაფი, რომელიც არ იყოს აღმოჩენილი სხვადასხვა დროს.

ფიროსმანში ყველაზე მომხიბლავია ის, რომ მას ყველა იგონებს როგორც სიზმარს. შრომით დაღლილი ხალხი, ალკოჰოლით გაბრუებულები დადინჯდებიან, როცა ლაპარაკი ჩამოვარდება ნიკალაიზე. მართლაც „ვით ეჟვანნი“ ფიროსმანის ყველა მნახველი ერთდ ჟღერს, რომ ის უპატიოსნესი ადამიანი, დამოუკიდებელი, ამაყი და ნიჭის ჯადოქარი. ყველა მისი სურათები დახატულია მომენტალურად - არყის ჭიქების ცვლაში, (როგორც ერთმა მიკიტანმა სთქვა: „არაყზე თუ გინდ გაფრენილ ფრინველს დაგიხატავდაო!“)

გაზეთ „ბახტრიონის“ საგანგებო ნომრის სამზადისში, ფიროსმანზედ, გადავწყვიტე დამეარნა ვაგზლის რაიონი, რომელიც გამოჭედილი იყო ფიროსმანიშვილის სურათებით. ჩემთან ერთად წამოვიდნენ: ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე, სერგო კლდიაშვილი.

აქ მოყვანილია ოქმის სისწორით ის, რაც სთქვეს ფიროსმანის ნაცნობებმა და მეგობრებმა.

***

მედროგე ოზმანაშვილი

„ნიკალა ტანმაღალი და ხმელი კაცი იყო. ძალიან ლოთი. სადაც რასმე გააკეთებდა, საღებავის ფულს აიღებდა და იქვე „შესჭამდა“. დადიოდა ჩამოგლეჯილ ტანისამოსში, ჩამოფხატულ ქუდში და გატიალებულ ფეხსაცმელებში, ლაპარაკი უყვარდა. ხუთი წუთი რომ გავიდოდა, თითო არაყი უნდა დაელია, დუქნებში დათვრებოდა და ქუჩებში ეძინა. არეკილი კაცი იყო. მე თითონ მედროგე ვარ და ჩვენში ხშირად დადიოდა. ასე, 50 წლის იქნებოდა, რომ მოკვდა.

ოზმანაშვილის (ძმის) დუქანში ეკიდა სურათები:

1) ქალი კვერცხებით ხელში, 2) დაჭრილი სალდათი, 3) მოწყალების დაი, 4) მელა, 5) და 6) კურდღლები, 7) დათვი, 8) ყოჩი, 9) ბავშვი ჯორზე, 10) შოთა რუსთაველი, 11) დედოფალი, 12) ქართველი დედაკაცი ბავშვით, 13) ფური ტიგანით, 14) ძროხა სარძეულით, 15) ვერძი, 16) ლომი ირანისა, 17) ჟირაფი.

ვთხოვე სურათები მოეყიდა, მაგრამ დიდად იუარა: - მე ნიკალაის სახსოვრათა მაქვს. ფულში ვერ გავცვლიო. (ეს კოლექცია შემდეგ დაიღუპა)

***

გოგიტაშვილის სადალაქო

ფიროსმანის გახარებული მეგობრები შემომეხვივნენ და მესაუბრებიან. გადმომცემენ, რომ ნიკალაი უნდა ყოფილიყო კახეთიდან, მოკვდა სამი-ოთხი წლის წინედ, არ იციან სადა ჰმარხია, რისგან მოკვდა. ღიმილით მეუბნებიან, რომ ღვინო უყვარდა, ქალები ეჯავრებოდა. იყო ზედმიწევნით პატიოსანი და მთხოვენ მალე „ჩავაგდო წიგნში“ მისი ამბავი.

„არც იზარალებ, სულ ჩვენ დავიტაცებთო“.

სადალაქოში მოთავსებულია: 1) გიორგი სააკაძე, 2) ანაბაჯი, 3) ბავშვი თეფშით, 4) თამარ მეფე და რუსთაველი, 5) ბოლნისის დღეობა, 6) შოთა რუსთაველი, 7) გიორგი სააკაძე ებრძვის მტრებს.

სურათის გაყიდვაზე გოგიტაშვილმაც უარი მითხრა, თუმცა მოიფიქრებს, შეიძლება კიდეც გაყიდოს. იქვე ყასაბ მარტიაშვილს უკიდია სურათები: „დიდმარხვა საქართველოში“ (სურათის ზურგზე მქრალი ფანქრით სწერია: „გლეხთა განთავისუფლება 1864 წ.“ სურათი 1930 წ. გადავეცი ეროვნულ გალერეას), „კინტოს შვილი“, „ქალი ფერადი ბუშტით“. პირველ სურათს ვყიდულობ მე, მეორეებს ვუთმობ არჩილ მიქაძეს.

***

გოლა ჭიჭინაძე [სასტუმრო „არარატი“, საბჭოთა ქუჩა #60]

„მე მქონდა ფიროსმანიშვილის 15 სურათი. დამეკარგა. თავად ნიკოს კარგად ვიცნობდი. მოვიდოდა დუქანში, დაჰხატავდა და აქვითებდა ღვინოზე, არაყზედ. მის სურათებს ახლა უფრო გორში იპოვით. მრავალია აგრეთვე ღრმა ღელეში, საბურთალოზე.

ნიკალა იყო პატიოსანი კაცი. უბინაო, ავადმყოფი, ღარიბი. ბევრჯელ მიჭმევია საწყლისათვის პური. დაგლეჯილი დადიოდა. უყვარდა ლექსები. საიდან იყო, ვერ ვიტყვი. გუშინაც კი მომაგონდა: „ახ, ნეტავი ჩვენი ნიკალა ცოცხალი იყოს, ამ გამონგრეულ კედელს დამიხატავდა და იაფად გამომიყვანდა მეთქი“.

***

ხოხობაშვილი [სალხინო „ფშაველის“ პატრონი სადგურთან]

უკიდია სურათები:

1) მეწველი ძროხა, 2) ლომი ირანისა (ორივე სურათი შემდეგ დაიღუპა).

***

ვარდო შავრობაშვილის დუქანში: 1) „კამლაძეების უბანი სოფ. სვირში“ (მე შევიძინე), 2) დავით ზურაბიჩ მარკოზაშვილი თავის ამფსონებით“.

***

დაკარგული [31 აგვისტო. 1922 წ.]

დანამდვილებით არავინ იცის, სადაურია ფიროსმანიშვილი, ვინ ჰყავს ნათესავები და თვისტომები. მგონია არც ნათესავებმა უნდა იცოდნენ მისი არსებობა. ასეთი „დაკარგვა“ ადამიანისა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აუხსნელია!

***

ფიროსმანის ბოლო [4 სექტემბერი 1922 წ.]

მეტად მწუხარე ყოფილა ფიროსმანის უკანასკნელი დღეები. თითქმის ნახევრად შიშველი, ჩამოგლეჯილი და უბინაო, ერთი დუქნიდან მეორეში გადადიოდა. ახლა უკვე აშკარად ემდუროდა ბედს, დღემდის გაუტეხელი და ამაყი ნიკალა, მხოლოდ ბოლო დღეებში მიხვდა, რომ უსიხარულოდ თავდებოდა მისი ტანჯული სიცოცხლე. ამ ხანებში მას პატრონი აღარავინ ჰყვანდა. დიმიტრი შევარდნაძე და ლადო გუდიაშვილი აღარ, ანუ ვეღარ ჰხვდებოდნენ. მხატვართა საზოგადოებამ ვერ შესძლო მისი ამოყვანა ქუჩის უფსკრულიდან. ეს გარემოება დღესაც აკვირვებს მხატვრის მეგობრებს მდაბიო წრიდან. მათი სიტყვით სულ მცირე იყო საჭირო, რომ ნიკალას დასასრული მწარე არ ყოფილიყო.

მაგრამ აღარც ნიკალას ჰქონია თურმე ხალისი „საზოგადოებასთან“ კავშირის დაჭერისა. საბოლოო მიზეზი „კონფლიქტისა“ იყო კარიკატურა უპასუხისმგებლო მოხალისისა, რომელიც 1917 წ. მოთავსდა გაზეთ „სახალხო ფურცლის“ დამატებაში. კარიკატურაზე წარმოდგენილია ფიროსმანიშვილი - მოხუცი, ფეხშიშვილი, ხატვის პროცესში (ჟირაფს ხატავს) გვერდით უდგას მკაცრი პროფილით გრიგოლ რობაქიძე (პირველი ქართველი ავტორი ფიროსმანზედ), რომელიც ასე მიჰმართავს მას:

ფოტო დაბეჭდილია გაზეთ "სახალხო ფურცლის" (სურათებიან დამატებაში), N111-ის მე–2 გვერდზე
- „უნდა ისწავლო ძმობილო, შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ორფიულის... ერთი ათი-ოცი წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ. აი, მაშინ გაგგზავნით „ახალგაზრდათა გამოფენაზე“.

ამ კარიკატურამ თურმე საშინლად გაამწარა გულუბრყვილო, ეჭვიანი ფიროსმანი.

- მაშ მასხრად მიგდებენ? - ეკითხებოდა თურმე „მწიგნობარ“ მიკიტნებს. ისინიც ერთი ორად უღვივებდნენ სიმწარის ცეცხლს. ვერც მათ შეეძლოთ, სხვანაირი განმარტება მიეცათ და უკვირდათ, როგორ მოხდა, რომ იმავე გაზეთმა ამაზე წინათ სრულიად სერიოზულად დაბეჭდა მისი პორტრეტი?

უკანასკნელ ხანებში ნიკალას ვერავინ ხვდებოდა. მისი ნაცნობი მიკიტნები მიამბობენ, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში ნიკო გაჰქრა, რამდენჯერ მისი პოვნა დაგვჭირდა ვეღარ ვიპოვეთო!

სიკვდილის წინა კვირეებში - თავის კერას - ვაგზლის რაიონს დაუბრუნდა, მალაკნების ქუჩაზე, სადაც ვინმე აბაშიძისგან იშოვნა პატარა სამუშაო. აქ მოუსწრო სიკვდილმა (მის მოხატულ დუქანში, ეხლა კერძო ხალხი სცხოვრობს. კედლებზე კიდევ მოსჩანს ხომალდები თეთრი იალქნებით).

ფიროსმანის უკანასკნელი დღეების მოწმე - მეჩექმე არჩილ მაისურაძე, რომელიც 24 აგვისტოს გავიცანი, მომიყვა მის საშინელ ცხოვრებას.

- ერთად-ერთი პატრონი მე-ღა ვიყავი, მაგრამ თავად მე წვრილშვილს და უხეიროს რა შემეძლო? ამას დაუმატეთ ისიც, ნიკალასთანა კაცისთვის დახმარების აღმოჩენა მეტად ძნელი იყო. ამაყი, მოხათრებული, ის არ მიიღებდა არც ფულს, არც შეგზავნილ კერძს. მაგრამ ტკბილი სიტყვით ბოლოს დავიახლოვე და ისიც შემეთვისა, ბევრი რამ ვიცი მის ცხოვრებიდან, მისივე ნათქვამებით, გთხოვთ როდისმე თავისუფალი დღე მოიგდოთ ხელში და ჩემთან მობრძანდეთ, ყველაფერს გიამბობთ.

... - ოთხი წლის წინათ, (1919 წ.) როცა მე ამ სახლების მოურავი ვიყავი (მალაკნის ქ. #29) ნიკალა აქვე, აბაშიძის დუქანში ჰხატავდა სურათებს. უკანასკნელად, სმისგან ავად გამხდარიყო და თითქმის ნახევარ-გონებაზე მყოფი ბნელ საკუჭნაო-სარდაფში დაწოლილიყო ცივ მიწაზე. ორი-სამი დღის შემდეგ, შემთხვევით ჩაველი შიგ და თითქმის წყვდიადში წავაწყდი. ვიღაც მწარედ კვნესოდა. მე შევკრთი და შევძახე:

- ვინა ხარ?

- მე ვარ! გაისმა კვნესით და ხმაზედ მაშინვე ვიცანი ნიკალაი. მან კი ვეღარ მიცნო. მხოლოდ ძლივს მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქმა - „ცუდათ გავხდიო, სამი დღეა აქა ვწევარ და ვეღარ ავდექიო!“

„მე მაშინვე ეტლი მოვიყვანე და რაკი თითონ არ მეცალა, ეტლში ჩაუჯდა განსვენებული ილია ანდრიას-ძე მგალობლიშვილი და წაიყვანა მიხეილის თუ არამიანცის (არ ვიცი) საავადმყოფოში. ეს კია, საწყალი დღე-ნახევარში გათავებულიყო“.

შემდეგ არჩილ მაისურაძემ ჩაგვიყვანა პატარა სარდაფში, სადაც ჩვეულებრივი მდგმურები შეშას ან ნახშირს ინახავენ. სარდაფი ერთ-ნახევარ კვადრატის საჟენის მოცულობისა იყო. საფლავივით ბნელი და ნაგავით სავსე. როცა ასანთი გავკარით, საშინელი შმორის სუნი გვეცა. ირგვლივ ეყარა აგურის ნატეხები, მავთულის ნაწყვეტები და ღორღი. აქ, ამ ადგილას, სასიკვდილო აგონიას ებრძოდა დიდი ქართველი ოსტატი, თბილისის გენიალური მხატვარი.

რომელ წელს გარდაიცვალა ფიროსმანი?

არჩილ მაისურაძემ დაბეჯითებით გადმომცა, რომ ეს ამბავი მოხდა 1918 წელს, ზედ აღდგომა ღამეს.

მისი სიტყვით და მრავალთა დამოწმებით, ფიროსმანი დამარხულია უპატრონო მკვდართა შორის კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე (ვერც მიხეილის და ვერც არამიანცის საავადმყოფოთა არხივებში ვერ აღმოჩნდა ცნობები ფიროსმანის ავადმყოფობის და მისი საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. გ.ლ.)

***

ფიროსმანის დაბადების დათარიღებისათვის [7 ოქტომბერი, 1930 წ.]

როდის დაიბადა ფიროსმანიშვილი?

მისივე დის, ფეფე ბარათაშვილის ცნობით, ნიკა დაბადებულა 1866-1867 წლებში.

უმრავლესობა მისი ნაცნობებისა და მეგობრებისა თავის წლოვანობასთან „შედარებითი“ მეთოდით მიმტკიცებდნენ, რომ ფიროსმანი 1858-1859 წლებში უნდა დაბადებულიყო (დიმიტრი ალუღიშვილი, ოზმანაშვილი, ბეგო ეგიევი, გოლა ჭიჭინაძე, და სხვები). იმავე თარიღს გვიდასტურებს ფიროსმანის ხელში გაზრდილი მოქ. სოლომონ ხანკალამოვი (მისი ცნობით, 1882 წ. ნიკო 23-24 წლისა იყო).

დაბადების თარიღის საბოლოოდ დასადგენად მე მივმართე მირზაანის ეკლესიის „მეტრიკულ ამონაწერების დავთარს 1860-1872 წლების“-ას, მაგრამ ამ წლებში ნიკოს დაბადება არსად იხსენიება. აი ეს ამონაწერები, სადაც დასახელებულია რამდენიმე სხვა ნიკო ფიროსმანაშვილი (მირზაანში მთელი უბანია ფიროსმანაშვილებისა) და არა მხატვარი - შვილი ასლანისა და თეკლესი.

1. ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი:
დ. 1860 წ.
დედა: ირინე აბრამის ასული
მამა: დავით ძე ზაქარიასი.

2. ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი:
მამა: ზაქარია გრიგოლის ძე.
დედა: ბარბარე გიორგის ასული.
დაიბადა: 1869 წ. აგვისტოს 5-ს.

3. ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი:
მამა: დიმიტრი ივანეს ძე.
დედა: თამარ გიორგის ქალი.
დაიბადა: 1871 წ. 27 ივნისს.

4. ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი:
მამა: სვიმონ დიმიტრის ძე.
დედა: ატატო ბასილის ქალი.
დაიბადა: 1872 წ. 20 იანვარს.

ამნაირად, მხატვრის ნიკოლოზ ასლანის ძის ფიროსმანაშვილის დაბადება არა სჩანს 1860-1872 წლებში. მაშ რომელი წლით შეიძლება დავათარიღოთ დაბადების წელი?

რაკი ყოვლად შეუძლებელია თარიღი 1872 წლის აქეთ გადმოვწიოთ, ამიტომ სარწმუნო ხდება თარიღი ნავარაუდევი მისი მეგობრებისა და მით უმეტეს მოქ. ხანკალამოვისა, რადგან მან, როგორც ინტელიგენტმა დოკუმენტალურად იცის თავისი „სასწავლებლის პერიოდი“ და სამსახურის თარიღები. თავის მოგონებაში კი, ნიკოს წლოვანებას თავის თარიღებთან შეფარდებით ანგარიშობს (იხ. მისი მოგონება ვ.ბ-ლის ჩაწერილი. „დროშა“ 1925 წ. #1) და რადგან „დავთარში“ ფიროსმანის დაბადება 1860-1872 წლებში არა სჩანს, ხოლო შეუძლებელია, 1872 წლის შემდეგ, ან 1857 წ. ადრე, ამიტომ 1857-1859 წლებს უნდა მივაკუთვნოთ. დაახლოებით მართლდება თითონ ფიროსმანის ცნობა, რომელიც 1916 წელს მისცა დიმიტრი შევარდნაძეს: „მე ეხლა 60-ზე მეტისა ვიქნებიო“ (იხ. გაზ. „ბახტრიონი“ #9). ამნაირად, 1922 წელს ჩვენ შევცდით, როცა ფეფე ბარამაშვილის ცნობაზე დაყრდნობით, ფიროსმანის დაბადების თარიღად 1860-1868 წლები გამოვაცხადეთ. მაშასადამე, ფიროსმანი სამოც წელს გადაცილებული მომკვდარა.

***

ქართველ მხატვართა საზოგადოების ოქმებიდან [მაისის 15, 1916 წ.] 

თავმჯდომარეობდა გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული.

1. საკითხი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოძებნა-შეძენისა; მისი ბინადრობის აღმოჩენისა და ცნობების შეკრებისა.

გამგეობა საყურადღებოთ სცნობს ნ. ფიროსმანაშვილის ნახატებს და აუცილებელ საჭიროდ მიაჩნია მათი აღმოჩენა, შეძენა. რადგანაც საზოგადოებას ამჟამად ფული არ მოეპოვება, ამიტომ წინადადებით მიმართოს საქ. საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას, შეიძინოს ეს სურათები, როგორც სახალხო ნაწარმოები. მათ აღმოჩნა-შეკრეფაში გამგეობა დახმარებას აღმოუჩენს გაიმართოს ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების კოლექტიური გამოფენა.

შეიკრიბოს ცნობები, თუ სად იმყოფება ეხლა ფიროსმანაშვილი. თუ ცოცხალია, მატერიალურად დახმარება აღმოეჩინოს. მიღებულ იქნეს ზომები მისი ცხოვრებიდან ბიოგრაფიული ცნობების შესაკრებად. ამის შესრულება დაევალოს კომისიას შემდეგი შემადგენლობით: ლადო გუდიაშვილი, იოსებ გოგოლაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, მოსე თოიძე და გიორგი ზაზიაშვილი.

***

ოქმი მაისის 24-სა

თავმჯდომარეობდა გიორგი ჟურული.

ა) მოხსენება ფიროსმანიშვილის შესახებ: ხარჯები ფიროსმანაშვილის მოძებნისა და დახმარების აღმოჩენისათვის გაწეული, - იკისროს საზოგადოებამ.

გამგეობამ საყურადღებო პიროვნებად სცნო ფიროსმანაშვილი, როგორც მხატვარი. ამიტომ საჭიროდ სცნო დამატებითი ცნობების შეკრება, რაც მიენდო მოსე თოიძეს და გიორგი ზაზიაშვილს.

ბ) ფიროსმანაშვილის სურათების შეკრება: საჭიროა კოლექციისათვის რამდენიმე საუკეთესო სურათის შეძენა. სურათების დათვალიერება მიენდო დიმ. შევარდნაძეს, მოსე თოიძეს და ალ. მრევლიშვილს.

გ) ფიროსმანაშვილის სურათების გამოფენის საკითხი: გამოფენის გამართვა ჯერჯერობით საჭიროდ არ იქნა ცნობილი.

საზოგადოებას არ შეჰფერის ამითი დაიწყოს გამოფენის საქმე.

***

„გრაფი“ [23 ოქტომბერი. 1922 წ.]

დღეს ველაპარაკე ღვინის ვაჭარ სოზაშვილს. მან სხვათა შორის გადმომცა, რომ თავმოყვარე ფიროსმანს გამკილავი მედუქნეები ირონიით „გრაფს“ ეძახდნენ. სწყინდათ, რომ ღარიბი და მშიერი, სხვა ქუჩის მხატვრებივით ლუკმა-პურისათვის ფეხქვეშ არ ეგებოდათ და მათ კაპრიზებზედ არ იყო დამოკიდებული. პირიქით, ნიკალაის ყოველთვის ამაყად ეჭირა თავი პირადი ღირსების შეგნებით. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მისი დამკვეთელი მედუქნეები ჩაერეოდნენ მის სამხატვრო საქმეებში, ის მაშინვე სტოვებდა არა მარტო ჰონორარს, სამუშაოს, არამედ თავის სამხატვრო იარაღებსაც და მთელი წლობით აღარ გაეკარებოდა იქაურობას.

აი რას მიამბობს ნიკო სოზაშვილი:

„1915-1916 წლებში, ნიკოს შევუკვეთე დიდი სურათის, რთველის დახატვა. როგორც მუშაობის დაწყებაში გამოჩნდა, ნიკოს რთველი არასოდეს ენახა, რადგან სოფელს ბავშვობიდანვე დასცილებოდა. სხვა გზა არ იყო, სურათი ჩემი განმარტებით უდნა დაეხატნა. მე შევატყე, რომ ასეთ პირობებში მუშაობა მეტად ეძნელებოდა, მაგრამ ხათრით უარი ვეღარ მითხრა. მუშაობა დაიწყო.

მე ყოველ წვრილმანს ვუხსნიდი, ის ხატავდა. მაგრამ მე გადავაჭარბე. ყველაფრის დატევა მინდოდა ტილოზე, რაც კი რთველის სურათიანობას შეეხებოდა. ამიტომ ყველა წვრილმანში ვერეოდი, ვუხსნიდი, გულუბრყვილოდ ვუწუნებდი ზოგიერთ ნაწილებს და ჩემებურად დამყავდა მისი ფუნჯი. დიდხანს მითმინა, ბოლოს, როცა ურემში შებმული ხარების ტანადობაც დავუწუნე, აიმღვრა, მრისხანედ მომაძახა - „შენ რა გემოვნება გაქვს, ვაჭარი ხარ, დახლში დაჯექიო!“ და გაქანდა კარში. ორი კვირა აღარ შემოუხედია...“

მაგრამ მხატვარს უმეტესად კომპრომისებზე წასვლა და შემკვეთელების კონტროლის ქვეშ უხდებოდა მუშაობა. აი დამადასტურებელი ცნობები ილია ზდანევიჩის დღიურიდან, რომელსაც არ იცნობს ქართული საზოგადოება:

„... ლაპარაკში ჩაერია სანდრო (მიკიტანი) და დავა აუტეხა ნიკოს სახისა, ხისა და ირემის გამო. ამტკიცებდა, რომ სურათში საჭიროა მთვარის ჩამატება. ნიკომ განაცხადა, რომ მთვარე საჭირო არ არის“.

...

„სანდრო კოჭლაშვილი მუდამ ერევა ნიკოს საქმეებში და თხოულობს ხან ხის, ხან ფოთლების და სხ. ჩამატებას. ძლივს ვარიგებ. როგორც ეტყობა, ნიკო ვერ ახერხებს, რომელიმე სურათი თავისუფლად, სხვის ჩაურევლად დახატოს“.

...

„სანდრომ სხვათა შორის სთქვა: ნიკოს უნდოდა დაეხატნა ხე და ზედ, შტოებზე დაეწყო თვენი ხელები და წიგნები (ამ დროს ფიროსმანი ი. ზდანევიჩის პორტრეტს ხატავდა) მაგრამ მე მაგიდის დადგმა ვუბრძანე. რაც შეეხება ირემს, საჭიროა ხე, თითქოს ირემი ზედ მიყუდებულა. მე ვუპასუხე, - ნიკომ ისე უდნა ჰხატოს, როგორც თითონ უნდა და მისთვის ბრძანების მიცემა არ შემიძლიან!“

თვით ფიროსმანაშვილიც გულისტკივილით შესჩიოდა ილია ზდანევიჩს:

„ყველა ჩემს სურათებს მიფუჭებენ. მაგალითად, აი, ეს სურათი - კურდღელია. არა, რაღა უსათუოდ კურდღელი? რისთვის არის საჭირო? მაგრამ დაჟინებით მთხოვს: „ჩემი პატივისცემისათვის დახატეო“. რა ვქნა, ვხატავ, რომ არ დამემდურნენ, ამნაირად ყველა სურათებს მიმახინჯებენო“.

ნ. სოზაშვილი გადმომცემს: „თავმოყვარე ნიკალაი, საერთოდ ამაყი კაცი არ იყო. არასოდეს არ გაგრძნობინებდათ, რომ ის კარგი მხატვარი იყო. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. სხვა მხატვრებისაგან კი ყურები გვქონდა გამოჭედილი. ამას ვინ ჩივის, საწყალმა არც თავისი შრომის დაფასება იცოდა. მოგვიგდებდა სურათს და გვეტყოდა, - რაც გინდათ, მომეცითო!“ ფულს იქვე დახლში სტოვებდა“.

„მიჯდებოდა ჩემი სარდაფის კუთხეში, მოითხოვდა არაყს, მწვანილს და დიდხანს იჯდა ჩუმად. ხშირი ყოფილა, დუქანში მყოფ მოქეიფეებს შეუპატიჟნიათ, სუფრის „დალოცვა“ უთხოვნიათ, ჭიქის გაწოდებით. ნიკო ერთს კი ეტყოდა ზრდილობიანად უარს, მერე თუ ჭირვეულად ჩააცივდებოდნენ, უწყენდა. მთელი წლების განმავლობაში, მე ნიკო სხვასთან მჯდომი სუფრაზე არ მინახავს! ეს იცოდა ყველამ და მოკრძალებით ექცეოდნენ“...

როგორც პროფესიონალ ლოთს, ნიკოლას ყოველდღე უნდა ესვა, ამიტომ ყოველდღეც უნდა ეხატნა, ემუშავა, რომ ღვინის ფული ეშოვნა. სოზაშვილი ამბობს: „ჩამოვიდოდა, დუქნის კარებთან დადგებოდა და კიბიდანვე ღიმილით მეტყოდა: - რა გინდა დაგიხატოო!“

დუქანში ყოველთვის გამოჩნდებოდა ვინმე ერთეული, ან შეზარხოშებული კოლექტივი, მოსურნე თავის ანაკრეონტულ მომენტის აღბეჭდვისა საშვილიშვილოდ... ან თითონ მედუქნეს დასჭირდებოდა აბრის გამოცვლა, ან ჩანესტიანებული კედლის შელამაზება. ერთი სიტყვით ნიკო საჭირო კაცი იყო.

მაგრამ სხვა მხატვრებივით ფიროსმანი ფულზე არ მუშაობდა. თავის შრომას ის სცვლიდა მხოლოდ პურსა და ღვინოზე ნატურალური წესით. მოკლედ: ერთ ღარიბ სადილზე და ერთ ჩარექა ღვინოში.

„ისევ ჩვენ თუ ვუყიდიდით ხანდახან ჩვენი სვინდისით საცვალს, ხალათ-შარვალს!“ დასძენს მოქ. სოზაშვილი.

„ღვინო და სასმელი კი გამოულეველი ჰქონდა. არ დაუჭერდიო!“

მაშასადამე, „საწყალი ნიკალაი“ მუშაობის დროს უზრუნველი იყო მარტო სასმელით, რადგან მისი მომხმარებლები მტკიცედ ასრულებდნენ ძველ ქართულ ტრადიციას. ასე იყო ძველად ჩვენში. სამეფო კარის მხატვრებიც უმეტესად ნატურით იღებდნენ თავის ჯამაგირს.

***

ШТУЧНЫИ ПОДСТАКАНЧИК-ი [12 მარტი, 1930 წ.]

- ნიკალაი დღიური კაცი იყო, მუდმივი არ იყო... სმაშიც:

- Штучныи.

- Подстаканчик-ი.

მეუბნება ყოფ. მიკიტანი ალექსა ჭიჭინაძე.

- ხატვაც ხელდახელ უყვარდა, სმაც! დღეში ორ საათს მუშაობდა. მეტი არ შეეძლო. სიფხიზლით იშვიათად ჰხატავდა. თუ სასმელი ნაკლები ჰქონდა, ნამუშევარიც ნაკლები გამოსდიოდა.

- ფუნჯით სჭამდა პურს! დილიდანვე ჩამოივლიდა დუქნებს: თუ ვის ჰქონდა დასახატი. მეც თუ გუნებაზე ვიყავი, ვეტყოდი:

- აბა, დამიხატე - მცხეთა, ტყე, არაგვი, მინდორი, ვენახი... თუ კამპანიაში ვიყავით, კამპანიას დავახატვინებდით. - ეს ქათამი, ეს გოჭი, მწვანილი, ეს ფრთიანი ორაგული, ხილი, ღვინო, მეარღნე თავის „ხალთაბანდებით“.

- დარდი ნუ გაქვს, გენაცვალე, ყველაფერი შიგ იქნება! ოღონდ ერთი მანეთი მომეცი საღებავები ვიყიდო. მოიტანდა საღებავებს - კვარტიანით. სამზარეულოში გააწყობდა. წაგლესავდა ფუნჯზე. შემოგვხედავდა - დალევდა. ისევ ფუნჯს წაუსვამდა. კიდევ გადაჰკრავდა. კიდევ ფუნჯს შეატრიალებდა - სურათიც მზად იყო.

- მისი ნახატის მაზანდა 1-2 მანეთი იყო. შევაჭრება არ იცოდა. ან ფული რათ უნდოდა? ცოტა პური, ცოტა სასმელი - ეს იყო საზრდო. ღამით მიეგდებოდა ჩემს სამზარეულოში ცეცხლთან. წაიხურავდა ტომარის ნაგლეჯს, ან ფალასებში ეძინა. მუშაობითაც სამზარეულოში ან დუქნის რომელიმე კუთხეში, ან ჭურჭლის სამრეცხაოში მუშაობდა. თუ არ ციოდა, - აივანზედაც... მუდამ ზარხოში იყო. მხიარული, უნაწყენო. მოუბარი. ამაყი. სახით - შავგრემა. შავთვალწარბა. მომსხო ულვაშება, ეშხიანი... ბოლო ხანებში გარეტერებული დადიოდა. ნახევრად გიჟსა ჰგვანდა. კუთხეში ღვინოზე მჯდარი თავისთავს ელაპარაკებოდა. ამ ლექსს ხშირად იტყოდა:

„შენ ჩემო ძმაო ნიკალა,
რათ გინდა წუთისოფელი?
სახლად მოგცემ სამოთხესა,
იქ მოგივა ყველაფერი,
სახლიკაცად გეყოლება -
მიქელი და გაბრიელი!“

ალექსას უკვირს, თუ რა სუმბუქად დაჰქონდა ფიროსმანს თავისი შემოქმედების ტვირთი და შენიშნავს, რომ ნიკო „ტფილისის მხატვარია“, ტფილისია - მისი მხატვრობის ცენტრი და შემოქმედებითი ყურადღებაც აქეთ ჰქონდა მიქცეული.

***

ჭინკა [20 მარტი.]

საბჭოთა ქუჩაზე მოღვაწეობს მეჩექმე „ჭინკა“ - ჩემი ბავშვობის ნაცნობი. ეს კუთხე „ფიროსმანის რაიონია“. ბოლო წლებში (1912-1918 წ.) აქა ცხოვრობდა. ჭინკაც სულ აქა ხელოსნობს. შესაძლებელია ნიკალას იცნობდა!

„ჭინკას“ დუქანი გამოუცვლია. წინათ ჩვენს სახლებში სცხოვრობდა. ახლა კი პირდაპირ გადასულა. მივაგენი. პატარა დუქანია. თავჩაღუნული ჭინკა ყვითელ მუშტსა სცემს გამოჭრილ ტყავს. თუმცა 1917 წლიდან აღარ შევხვედრივარ, მაინც მიცნო. გულისტკივილით მომიკითხა. ნახევარ საათში ყველაფერი მიამბო, რაც კი გადაჰხედია, რაც შესამჩნევი რამ მომხდარა მის ცხოვრებაში.

ფიროსმანაშვილზე შევეკითხე. ჭინკას ეღიმება. ძველი ჩვეულება არ მოუშლია - თავს არ იღებს მაღლა.

- რა ვიცი, მაშინ ვინ აფასებდა? ჩემთან იყო. ჰხატავდა. სვამდა, „პიანიცი“ იყო.

- მაინც რას მეტყვი, რას მოიგონებ?

- მას მერე რამდენმა წელმა ჩაიარა? გუშინდელიც არ მახსოვს.

ჭინკას მართლაც უძნელდება მოგონება. მისთვის ძნელია დალაგებული ლაპარაკი და გავლილი ცხოვრების ანალიზი. თუ სიტყვამ მოიტანა, გეტყვის... ისე უხმო კაცია, ან რა უნდა მოაგონდეს? ხვდებოდნენ, სვამდნენ. ცხოვრებაში სხვადასხვა გზა ჰქონდათ. ერთმანეთი არ ეხარბებოდათ. განა ცოტა ჰყოლია ჭინკას ნიკალაის მსგავსი მეგობრები? სადღა ახსოვს?

ჭინკამ გაწყობილი ჩექმა გვერდზე გადასდო, თავი მაღლა აიღო და ელამი თვალი შემომაშტერა.

- რა ვქნა, ისე მკითხამ, თითქოს უცხო იყო. ვახ, ფრანცუცი ხომ არა ხარ, ჩვენსა არ გაიზარდე?

- მერე?

- მერე - შენ კი არ იცნობდი ნიკალას?

- მე?

- არ გახსოვს, თქვენ სახლში დუქანი რო მქონდა, იქ არ „ეგდო“? შენ მაშინ შკოლელი იყავი. აბა შენ თითონ დაგვიწყებია, მე საიდან უნდა მახსოვდეს?

მე გავშრი... უცბათ გამახსენდა დაფარული თვალი, სადღაც სახსოვარის ღრმა კუნჭულში განათდა.

- ის? ის? - უცბათ შევძახე.

- დიახ, ყმაწვილო, სწორედ ის...

მხოლოდ წრეულს, 20 მარტს გავიხსენე ცოცხალი ფიროსმანი.

1913-1918 წლებში, მოწაფეობისას, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი. სახლი, რომელიც ჩენი ოჯახის საკუთრებას შეადგენდა, გამოდიოდა ქუჩაზე წვრილი დუქნებით: სათუნუქო, სამკერვალო, სანავთე, თონე, საწვრიმალო, სახარაზო. უკანასკნელს ჭინკა განაგებდა.

ჭინკა დღეს შეჭაღარებულია. მაშინ ახალგაზდა, ყორანივით შვი იყო.

მაგონდება: დღე-ღამეები წაბმით თავწახრილი მუშაობს ჭინკა. ჩვეულებრივ მიდის მისი ცხოვრება. ამ შემოდგომას (1914 წ.) კი რაღაც ცვლილება დაეტყო. „სმა“ დაიწყო. ვინმე მხატვარი შემოეჩვია. ხშირად ვხედავ ამ მოხნიანებულ კაცს ჩვენს ალაყაფის კარებთან. უფრო კი ჭინკას ქარხანაშია. ბინაც შიგ დაიდო. კუთხეში ხატავს. საღამოთი კი ერთად სვამენ. დაზგასთან მუდამ ღვინის ბოთლი მოსჩანს გარედან, სინათლეზე. ეზოში თავის ქნევით ამბობენ:

- ჩვენი ჭინკა გზიდან გადავარდა!

1914 წ. უცნობი მხატვარი ჩვენსას ტრიალებდა. უკეთ, ჭინკას სახელოსნოში. ხშირად ჰნახავდით მას ავჭალის აუდიტორიასთან მდებარე დუქნებთან, ქვევით, დღ. ჯაფარიძის მოედანთან (რომელ მოწაფეს არ ახსოვს იქ „ანდრიასოვის“ რვეულების ფირმა?). ის იდგა დუქნის წინ საღებავებში ამოგანგლული და მხიარულად ელაპარაკებოდა იმ დუქნის მუდმივ მუშტრებს.

ხსოვნაში ჩამრჩა:

მხატვარი ჰხატავს ჭინკას სახელოსნოში. გარშემო ხალხი ახვევია - მეზობელი მეთონეები, მეწვრიმალე ბიჭები, პატარა მოწაფეები, და თავაყრილი ხეტერეები. გაუთავებელი კამათია ნახატზე. ყველა თავის აზრს გამოსთქვამს მომავალ ნახატზე. მხატვარს საძრაობა აღარა აქვს, მაგრამ ვერავის ჰხედავს, ისეა სურათზე დაგულისგულებული. უცბათ, თითქოს გამოფხიზლებული ხალხს მიუბრუნდება:

- განი, განი!

- ნუ მიშლით, უკან დაიწით!

ერთხანს წრე გაირღვა. მაგრამ ჟრიამული ისევ ახლდება. ზოგი პირდაპირ სურათზე მიიწევს. ერთმა ლაზღანდარამ თითიც კი დაადო ზედ, თავისი დებულების დასამტკიცებლად. მხატვარი გაცეცხლდა. ფუნჯი კუთხეში გადაისროლა, სურათი მიატოვა და ლანძღვით ქუჩაში გამოვარდა.

კიდევ მაგონდება:

ჩვენს ქუჩაზე სცხოვრობს ქოსა დალაქი („წვერცამეტა“) როსტევან გრიგორიჩი. ზედმეტი სიტყვების მოლაპარაკე, მამაშვილური დამრიგებელი, მუშტარგამშრალი ენთუზიასტი. კლიენტების გადმოსაბირებლად მან გადასწყვიტა სახელოსნოს გამშვენიერება. დეკორატიულ პლანში თავისი პორტრეტიც შეიტანა და მეთუნუქე სარქისას შუამავლობით ჩვენს უცნობ მხატვარს შეუკვეთა. წვერცამეტამ მალე სურათი ჩაიბარა, მაგრამ მხატვარს შარი მოუდო, არა მგავსო და მისი ჰონორარი „შეიტყაპუნა“, რაზედაც სარქისამ საბრალოდ გალახა. შეწუხებული მხატვარი კი ორივეს აშველებდა. ეს უცნობი მხატვარი ჩვენი ეზოდან მალე გადიკარგა. ჭინკას სიტყვით, თურმე ფიროსმანაშვილი ყოფილა!

აღელვებულმა დიდხანს ვეღარ მოვიცადე ჭინკასთან. მინდა მოგონებები მოვიკრიფო!..

ახლა მე თითონ ვარ დასაკითხი!..

***

ფიროსმანის სამშობლო [27 მარტი.]

სოფელი მირზაანი - ფიროსმანაშვილის სამშობლო, - მოზრდილი და მდიდარი სოფელია ქიზიყში - ათას კომლიანი მოსახლეობით. მდებარეობა საუცხოვო აქვს. გაშენებულია ცივ-გომბორის მთის მაღლობზე. მირზაანსა და ქიზიყის სულ ბოლო სოფელ ოზაან-ცლუკაანს ჰყოფს უზუნდარის ხევი, რომლის იქით ატყდება ნაყოფიერი, მოსავლიანი და საძოვრიანი - შირაქის ველი.

მირზაანი მთელს ქიზიყში განთქმულია ჯანმრთელი ჰავით და უხვი წყაროებით, რითაც ერთი ორად მრავლდება ბაღის და მტილეულის მოსავალი. შირაქი - მისი ბეღელია და მისი საქონლის იალაღი. მირზაანში ახლა იფეთქა ნავთის შადრევანმა და აქ ნავთს ჰბურღავენ. მალე მირზაანიც შევა ინდუსტრიულ ზონაში. ფიროსმანაშვილების გვარს 40-50 კომლი შეადგენს. ამ გვარს მთელი „ფიროსმანაანთ უბანი“ უჭირავს. ქართულ სიგელებში ფიროსმანაშვილის გვარი ჯერ კიდევ XVIII ს. პირველ ნახევარში იხსნება.

ნიკო ფიროსმანს სამშობლო სოფელი მეტად ჰყვარებია. როგორც სჩანს, პირველ ხანებში სოფელთან კავშირი მოუშლელი ჰქონდა. მისი ოჯახის წევრები გვიამბობენ, რომ ნიკო ხშირად დადიოდა სამშობლო სოფელში და ხან ორი კვირითაც რჩებოდა.

საინტერესოა ფაქტი, რომ სოფლად ყოფნის დროსაც, მას არ ასვენებდა შემოქმედება - „აქაც, სოფელში ჰხატავდა და დახატულს ნაცნობ-მეგობრებს უფეშქაშებდა. ყიდვით კი არ ჰყიდდა. ერთხელ, ქვემო მაჩხაანში ვიღაცას აბრა დაუხატა. მისი ნახატები მეც მქონდა, განაგრძობს ფიროსმანის და, - ვინახავდი, მაგრამ ერთ დროს წვიმა ჩამოგვივიდა სახლში და დამეღუპა მის წერილებთან ერთად, რომლებიც ჩემთან იყო მოწერილი. შემდეგ კიდევ მალური გადავაკეთეთ და სრულებით დამეკარგა“.

ნიკოს დისწული პართენა ბარამაშვილი გვიამბობს:

„მახსოვს, რომ ხატავდა მთვარეს, ვარსკვლავებს, ანგელოზებს, წყლის მზიდავ ვირებს, ქორწილს. ერთხელ საღებავები სიღნაღიდან ჩამომატანინა და აქ ჰხატავდა. არ ვიცი, სურათი ვის გადასცა, ვისთვის უნდოდა“.

თბილისში სარძევე დუქნის გახსნის შემდეგ ნიკო აღარ გაჰკარებია სოფელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამ წაიყვანა მირზაანში, ცოლის შესართავად.

ფიროსმანს დროს ტარებაც ჰყვარებია თავის სოფელში:

- „ძალიან უყვარდა ღვინის სმა. აქ (მირზაანში) რომ ჩამოვიდოდა, მომეტებული ხანი ქეიფობდა“-ო, - გვიამბობს ფიროსმანის და. საინტერესოა რომ „სმა“ დაუწყია ბევრად ადრე, ვიდრე მოხეტიალე ცხოვრებას დაიწყებდა. მისი მეგობრები შენიშნავენ, რომ „სმა უყვარდა“ ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკუთარი დუქანი ჰქონდაო. სიმონ პოპიაშვილი, ნიკოს ნოქარი გადმოგვცემს - „სმა უყვარდა. უფრო არაყს ეტანებოდა. ხამუშ-ხამუშ სვამდა, ყოველ დღე“. ამასვე ადასტურებს დიმიტრი ალუღიშვილი - ფიროსმანის კომპანიონი და მხატვარი გიორგი ზაზიაშვილი.

***

ფიროსმანის კომპანიონი და „ტვინდასეტყვილი ნიკალაი“ [28 მარტი.]

ფიროსმანის სავაჭრო კომპანიონი ცოცხალი ყოფილა! მაგრამ პოვნა გამიძნელდა. წინეთ თურმე ბაზარში მწვანილით ვაჭრობდა. სად არის ეხლა?

მისი სახელია დიმიტრა. გვარი - ალუღიშვილი. მის ნათესავს მსახ. ვასო ალუღიშვილს შევეკითხე: ვასომ თავი გაიქნია, - ცოცხალი აღარ უნდა იყოსო. ყოველ შემთხვევაში არაფერი იცის. ჩემთვის კი მეტად საჭიროა დიმიტრის ნახვა. ფიროსმანის ცხოვრების პირველ პერიოდის მენაწილეა, ფიროსმანის ახალგაზდობამ მის თვალშუა გაიარა.

დილიდანვე გამოვდივარ ყასბების რიგში. („მეხბორეების რიგს“ ეძახიან.) მთელი ბაზარიც მოვიარე. ტფილისი მაინც აზიური ქალაქია. კითხვა-კითხვით ვის არ იპოვი? დიმიტრიც მთლად უცნობელი არა ყოფილა.

- „არც ისე დაკარგული ვარ“...

მივაგენ. ჯერ მწვანილის ბაზარი მიმასწავლეს. იქიდამ კი ნამდვილ გზაზე დამაყენეს (ანჩხატის ზემოთ, ვიწრო შესახვევში), თხუთმეტ წუთში დიმიტრას მართლაც მივაგენ. კოლოფისტოლა დუქანია. წინგარდზე ჩარიგებულია წნური კალათებით: წითელი ბოლოკი, ქინძი, ტარხუნა, კარტოფილი, შიგნით - საწვრიმალო.

მინდა შევიდა, თითონაც ვერ ეტევა პატარა მუშტრებით. ბავშვები ყიდულობენ კაპეიკიან ირისებს და შემდეგ წკეპლის ცხენებზე გამორბიან. დიმიტრამ დამინახა, სახეამღვრეული გარეთ გამოდის და მეკითხება, თუ რა გადასახადისათვის ვარ მოსული. მისამართი შემშლია. ინვალიდის კვალობაზე მას ყველაფერი აქვს გადახდილი და უკანვე შედის მოწმობების გამოსატანად. ეს ჩემი პორთფელის ბრალია. მუდამ საფუძვლიან ეჭვს იწვევს ნიკალას მეგობრებში.

მე დროზე ვაცნობე, ჩემი მიზეზი: მოხუცი ერთწამს დამშვიდდა. ახლა სხვა მღელვარება შეეტყო და სახე აეტკრიცა.

- ეს ხომ ის კაცია, ფიროსმანის დაღუპვას რომ აბრალებენ და გზის შეშლას ცხოვრებაში? აი სწორედ ამან ჰკრა ხელი თურმე „საწყალ ნიკალას“ და სარდაფების კარი უჩვენა.

იქნებ მართალია ყველაფერი და მიტომ მიყურებს თვალდაფეთებული? საკვირველია, რაც არ უნდა შეეკითხო, დიმიტრა მაინც ამტკიცებს, რომ მისი კომპანიონი „ტვინდასეტყვილი“ კაცი იყო და ათას რამეს ჩაგიარაკებს:

- „მსმელი და მხატვარი! - ასეთი ბედოვლათი განა დუქანს გაუძღვება? დაღუპა თავისი სარჩო და მეც ზედ წამაკლა!“

ჩვენს ლაპარაკში ბავშვები შემოდიან. დიმიტრაც კაპეიკობით სოვდაგრობს. - „ერთი თვეა მანეთიანი არ მინახავს“ - მაგრამ დიმიტრამ იცის კაპეიკის ყადრი:

„რა გატირებს კაპეიკო, პატარა?
მოითმინე, გაიზრდები თანთანა!“

... „ნიკალაი ქალაქში გავიცანი პირველად, თუმცა ქიზიყიდან მეზობლები ვართ - დაიწყო დიმიტრიმ, შეზომილი საუბარი თავის ჭიჭინობელა სკამზედ.

- „მე, ერთს ოჯახში მზარეულათ ვეყენე. ისიც - ვინმე სომხის ოჯახში ლაქიაობდა და მზარეულობდა. გამართული „პოვერი“ ვერ იყო. ხშირად მოვიდოდა ჩემთან და მკითხამდა რჩევას საჭმელების გაკეთებასა თუ შენელებაზე. იმ ოჯახიდან გამოსვლის შემდეგ - მხატვარ ბაშინჯაღიანთან იდგა მოსამსახურეთ, მაგრამ ნიკომ ვერ აიტანა და გამოიქცა. ბატონი თურმე ხატვას უშლიდა და კიდეც გასჯავრებოდა. მერე რკინის გზაში შევიდა, მაგრამ გონებაზე ვერ იყო. სიტყვა და პირი ნიკოს არ სწამდა, მეორე დღეს გადააბრუნებდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.

- თვითრჯული იყო!

- ჭკვაშეფრქვეული!

... - ჯერ შიკრიკათ იყო რკინის გზათა სამმართველოში, მერე საქონლის მატარებლის კონდუქტორათ - განჯის მხარეში. მაგრამ აღარც იქ დადგა! ავათ გახდა და სამსახურს თავი დაანება. იქიდან გამოსვლის დროს დახმარება მიიღო, იშოვნა სათავნო ფული და სარძეო დუქანი გახსნა ვერის თავდაღმართზე (სადაც დღეს მელიქ-აზარიანცის სახლია). ორ წელიწადს ვაჭრობდა. საქმე კარგათ წაუვიდა.

- ერთ დღეს ჩემთან შემოვიდა და შემეკითხა: „იარმუკაში“ დუქანი მინდა გავხსნა, შენ რას იტყვიო? მე გადმოსვლა ვურჩიე. ლაპარაკი ლაპარაკს შეჰყვა. მეც თვალში მომივიდა და ორივემ შეამხანაგება გადავწყვიტეთ. თქმა იყო და გასრულება.

- დუქანი გავაღეთ. სარძეო საქონელი უხვათ გვქონდა, კარაქი, ერბო, მაწონი, თაფლი, ყველი (დიდკაცობის მზარეულები სულ ჩვენთან ვაჭრობდნენ - ჩვენი მცნობები და მეგობრები იყვნენ). შადინოვმა - კრედიტი გაგვიხსნა. საქმე კარგათ წავიდა. ერთმანეთს უფრო დაუახლოვდით. მე შვილი მოვანათლინე და ოჯახში დავიშინაურე.

მაგრამ მისი ხასიათი მალე გავიგე. ვაჭრობა ეზარებოდა და კიდეც თაკილობდა. ზაფხულში, გაჩაღებული ვაჭრობის დროს მიმატოვებდა, ორი ვირის საპანე მწვანე ბალახს იყიდდა, აიტანდა დუქნის თავზე საკუთარ „ბალახანაში“, გაიშლიდა და გამოეხვევოდა:

- სოფელში რომ ვერ მივდივარ, ეს მიამებაო!

დუქანსაც იამებოდა?

მე როგორც თავგზიანი, დახლში ვიდექი. თითონ ის, ან კარებთან იდგა აყუდებული, ან ბალახანაში ჰხატავდა. მოიყვანდა რომელიმე მეზობელს, დააყენებდა და ეტყოდა: - მოდი ისე დაგხატო, შენზე მაიმუნი არავინ იყოსო.

ერთხელ, მეც დამხატა. თურმე უჩუმრათ გადამიღო ვაჭრობის დროს. დიდხანს ვინახავდი სახლში ამ სურათს, რაღაც საზარელი შესახედი ვიყავი, შავფერი... ბავშვებს ეშინოდათ, დავწვით...

როგორც გულქართლი ვარ, ისეთი ძმობა დაუდე. ისიც ჩემზედ იყო დაგულისგულებული. ჩემი ოჯახის კარები მისთვის ღია იყო. მაშინ კუჭის ავათმყოფობა სჭირდა - კატარი. ექვსი თვე კუჭი ვუზილე (საბრს ვახვევდი პურის გუში ისე ვაყლაპებდი).

მაგრამ ეხლა ხომ გზას მართალს არის?

ერთ დღეს შეიპეპლა. ისეც მოსწრაფებული იყო, გასაღები გამომართვა, - აღარ მინდიხარო! დამითხოვა... მაგრამ უჩემობა მალე დაეტყო. თაგვებმა აიკლეს. ისევ მომძებნა. ისევ შევამხანაგდით, მალე ასი თუმანი ფული ბანკში შესანახათ შევიტანეთ.

ნიკალა ისევ ჰხატავდა, ისევ ბალახანაში ნებივრობდა. მე კი ვვაჭრობდი. ვინ იცის, იქნებ იმასაც ტკბილად ეცხოვრება ამ ქვეყანაზედ, რომ ჩვენ შორის ხვანჯიანი ენა არ ჩარეულიყო?

სოფლათ ხმა გავარდნილიყო, - ნიკალაი გამდიდრებულაო! დასაც გაეგო და ერთ დღეს ქმრიანათ გვეწვია. ჩვენში ასე იციან, თუ კაცმა ცალი ფეხი სიღარიბიდან ამოათრია, დახმარების მაგივრათ, მეორე ფეხიც ამოაღწიოს, ღარიბი ნათესავები იმ ერთ ამოწეულ ფეხსაც უკანვე ჩაადგმევინებენ. ნიკოსაც სუნი დაჰკრეს და მსუნაგებივით დაეხვივნენ. დაიც და სიძეც დაუოროლდნენ. თურმე ღამეობით ჩურჩნიდენ:

- დიმიტრა მპარავიაო!
- დიმიტრა მჭამელიაო!
- დიმიტრა მუხანათიაო!
- გააგდეო, გაეყარეო!

თურმე მრავალი უსამართლობა გაჩინეს ჩემზედ, ქარი ბორბალი ატეხეს - „შენი ქონების უფალი შენვე უნდა იყოო!“

უჩემოთ უფრო კარგად გასძარცვავდნენ. მოქსოვილი ენა დაატრიალეს. ქარიყლაპიამ ყველა დაიჯერა. სამივემ დაასკვნეს:

- დიმიტრა გავაგდოთო!

თურმე ჩემი ნაცვალგარდაც იშოვეს - დახლში მისი სიძე უნდა დამდგარიყო. ის კი იყო ნამდვილი დამაქცეველი!

ეს არ აკმარეს. მაშინ ქიზიყში დიდი შიმშილობა იყო. ახლა ურჩიეს, ბანკიდან ფული გამოიტანეო, თეთრი ფქვილი ივაჭრე, ქიზიყში კარგ ფასად გავყიდითო. თან სოფელში გაიპატიჟეს დასაქორწინებლათ. ნიკალა დაათათბირეს. ერთი ფურგონი თეთრი ფქვილი ქიზიყს გაისტუმრა (ვინ იყიდდა თეთრ ფქვილს ქიზიყში?), თან ჩოხა-ხანჯალი იყიდა და ჩაქარქაშებული, შეთოფიარაღებული ქიზიყს წავიდა ცოლის სათხოვად და ბედის გასასინჯათ.

ო-ო-ო-ო! როგორ უქროდა, მაშინ ნიკალაის. დამ და სიძემ საწადელი აისრულეს. ფქვილი ჩალის ფასათ გაუყიდეს, ფული მიისაკუთრეს და რაც საწყალს ჯიბის ფული გადარჩა, ამით თავისი ძველი სახლი შეაკეთებინეს, თუნუქით გადაახურინეს. მერე ორთავემ გამოუცხადეს:

- შენ გიჟი ხარ, ან ცოლი რათ გინდა, ან ფულიო? აიღეს და გამოაგდეს...

... როგორც ელდა, ერთ დღეს გამტვერიანებული და გახვითქებული ნიკალა კარზე მომადგა. ჭკვაზე უფრო შეფრქვეულიყო. ხელში ხანჯლის შვილი ეჭირა და სხაპასხუპით გაიძახოდა: „გამომაგდეს, გიჟი ხარო! თუ სადმე ჩემ სიძეს მოჰკრა თვალი, შემატყობინე, ამ ხანჯლით უნდა მოვკლაო!

უცბათ დაიჩოქებდა. ტიროდა, თან იატაკს ჰკოცნიდა. თვალები გადაუტრიალდებოდა და ხელებს მაღლა იშვერდა:

- მთავარანგელოზი მამევლინა!
- წმინდა გიორგი გამომეცხადა!
- ხელში მათრახი უჭირავსო!
- აგერ, აგერ, ვერა ხედავ, აქა დგაო?

მე შევშინდი. არ ვიცოდი, რა მექნა. ტკბილი სიტყვებით შევესაყვარლე. დაწყნარდა. კოცნა დამიწყო. მერე სრულ გონებაზე მოვიდა. დონეზე დადგა.

... ისევ მივეშველე. საქონელი დავაწყე და დუქანი ახლათ გავმართე. არ გამოვიდა დიდი ხანი, ავაზაკი სიძე ჩამოვიდა. ნიკალა ხანჯლით გამოუდგა. მეც ბევრი ვუსაყვედურე - რათ აუშალეთ ბუდე ტყუილათ!

მაგრამ ვინ დამიფასა? ერთხელ, როცა სასყიდელზე ვიყავი წასული, ჩემი წილი ბარგი და საქონელი გამოეყარა და სხვისთვის მიებარებინა. თითონ კოჯორში წასულიყო, გავაღებ რასმეო. ზაფხული იყო. თითონ საქმე ვერ დაეწყო-რა. ან რა საქმის დამწყობი იყო? ფული საზანდრებში და ამხანაგებში გაენიავებინა. მალე ოხერმოხეტე შეიქნა. ამბავი მომიტანეს, გაჭირვებაშიაო! მეწყინა! ხუთი მანეთი ხარჯათ გაუგზავნე.

შემოდგომა დადგა. ხალხი აგარაკებიდან ჩამოიწმინდა. ნიკალასაც კოჯორში აღარ ედგომილებოდა. ერთ დილას, ვხედავ, გაშიშვლებული ნიკალაი დამდგარა „მეხბორეების რიგის“ ბოლოში და შორიდან მეძახის:

- ნათლიმამ, მიმიღებ თუ არაო?

მე ახლოს მიველ. ალერსიანათ ხელი მოვკიდე: - მოდი, ნიკალაი, მოდი, ნუ გცხვენიან!

- მერიდება შენი, ბევრი ოინები მიყვეს. ახლა ყველამ დამტოვა. აკი ისევ შენ დამეხმარე. მადლობელი ვარ.

- ნურსად ნუ წახვალ, დადინჯდი. ჩემთან დადექი. დღეში მანეთს მოგცემ.

დამიჯერა. თვე დარჩა. მაშინ იყო, რომ მხატვრობის ალი მოედო. ვინც არაყს დაალევინებდა, დაჰხატავდა. მაგრამ უფულობით კარგ საღებავს ვერა ხმარობდა. მე ჩემი პირობა გაუთავე. ყოველდღე მანეთი მქონდა მისთვის გადადებული. ის კი არაყში ჰხარჯავდა. შემდეგში ჩემგან ფულის აღებაც დაირცხვინა. ორჯელ, სამჯერ - კიდევაც იტირა.

- რათ სტირი?

- შენ მირონი დამიფასე, მე კი ვერა, ეს მატირებსო!

დიდხანს ვეღარ იდგომილა ჩემთან. ეხათრებოდა. მერე ვაგზალს შეეჩვია. იქ ნაკლებ იცნობდნენ. ახატვინებდნენ და ასმევდნენ.

ერთხელ, საქმეზე ჩავიარე ვაგზალში. ქუჩაში დამხვდა ჩამოხეული. შერცხვა და ტელეგრაფის ბოძს ამოეფარა. მიუახლოვდი. თავი დაღუნა და ამოიკვნესა:

- არ გენანებიო?

- რა გინდა, ნიკალაი, რა გიჭირს?

- არაყი!

ერთი მანეთი მივეცი...

- უყურე დამ რა მიყო? შენ ცოლშვილიანი, კიდევ მე - ხმელ კაცს მეხმარებიო. რათ მაძლევო?

მე უთხარი: გაძლევ მისთვის, რომ ჭკვის პატრონი არა ხარ. - პურის ფულს რათ აქრობ არაყში?

- რა ვქნა, თუ არ დავლიე, ვერ დავხატავო!

***

ასე ლაპარაკობს დიმიტრა. თურმე ამდენი ამაგი ჰქონია ნიკალაიზე, მაგრამ სიკეთისათვის სიკეთე როდის ქნილაო? ნაკარგკაცევი ვინ დაუფასა? ამის მერე კიდე იტყვიან ფიროსმანაშვილის მეგობრები:

- დიმიტრამ დაღუპაო!
- დიმიტრამ ყელი გამოსჭრაო?!

რა ვქნათ, დავუჯეროთ დიმიტრას?..

საუბრის დასრულებისას დიმიტრას ცოლიც შემოვიდა.

- შენს ნათლიაზე ვლაპარაკობთ! გააფრთხილა ქმარმა.

- ნიკალაიზე? საწყალი, ღმერთმა შეიწყალოს!

- რა მშვენიერი ვაჟკაცი იყო? - ჯანიანი. ზღვის ლერწამივით მოსული... ქალი არ იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორც ახალგაზრდობაში მახსოვს. ტუჩის ნაპობი, ტანის მოყვანილობა, ყელყური, სახე - მშვენიერი... დუქნის გახსნამდე ჩოხა ეცვა. მერე რუსულათ. ჩოხა კიდევ ერთხელ ეცვა, ქიზიყიდან რო დაბრუნდის რა ლამაზი ვაჟკაცი იყო?

ეხ, საწყალი! თავი ტყუილად გაიფუჭა! დაუდგომელი კაცი იყო, ცხრა წვენა (ცხრაწვენა - ცხრაპირა, ერთ სიტყვაზე დაუდგომელი, გადამთქმელი). ყოველთვის არეული მახსაოვს. სუფრაზედ ათ წუთს ვერ გაჩერდებოდა. სულ უნდოდა ჩიტივით ეტრიალა და არაყი ესვა...

- მართალია, მართალი! - უდასტურებს დიმიტრა.

როცა დავპატიჟებდი ოჯახში, მეტყოდა: სადა მაქვს თავი ხალხის ჟღავილისაო? ავალ ისევ ჩემს ბალახანაში, იქ მირჩვნიაო!

... საშინელი ეჭვიანი იყო - განაგრძობს მანდილოსანი, - თუ სიტყვას კარგათ არ აუხსნიდი, გაგიჟდებოდა. თუ პატივს სცემდი და დაპატიჟებდი, გეტყოდა: „რათა მპატიჟობ, თუ გულში ეშმაკობა არა გაქვსო?“ მუდამ ვერიდებოდით! გვეშინოდა. ერთ სიტყვას არავის დაუთმობდა. თან ადვილი დამჯერიც იყო ბავშვივით.

- მართალია! ჩაურთავს დიმიტრაც.

მე, როგორც ნათლიდედას, პატივსა მცემდა. განჯაში რომ კონდუხტორათ იყო, ბროწეულებს ჩამომიტანდის ხოლმე.

... ერთხელ, დამ წაიყვანა სოფელში, - უნდა დაგაქორწილოთო. იქ მოატყუეს და შიშველი გამოისტუმრეს. ერთ ზაფხულ საღამოს დარდიანათ ვიჯექი აივანზე. უცბათ გიჟივით ამოვარდა კიბეზე, გადამეხვია და მაკოცა.

- მიშველეთ, მიშველეთო! მერე დაიწყო ყვირილი...

- ჩემი წმინდა გიორგი! მთავარ-ანგელოზი დიდთვალება! მათრახით მადგა თავზე, მეძახის: - ნუ გეშინიანო!

მერე დაწყნარდა. მოიბოდიშა:

- ნათლიდედ, ხომ არ გეწყინა, რომ გაკოცეო?

საწყენათ არ მიიღოო. ახლა თავის თავგადასავალს მომიყვა სოფელში: - დას მიტომ წავყე სოფელში, საღვთო უნდა დამეკლა, ჩემი წმინდა გიორგი მელოცნაო. საღვთო თვითონ შეყლაპესო, თავად მშიერი გამომიშვესო.

მე ვანუგეშებდი. ის კი ამღვრეული გაიძხოდა:

- მე ჩემი წმ. გიორგი მწამსო! რომ დავწვები, წმ. გიორგი დამადგება თავზე მათრახით ხელში და მეუბნევა: - ნიკალაი, ნუ გეშინიანო!

მეორე დღეს, თავისთავად ჰხატავს ფუნჯიო.

მისი მფარველი კიდევ მთავარ-ანგელოზი იყო. ისიც ხშირად ეცხადებოდა - ისინი მახატინებენო!

... სულ პირველათ დუქანში ჰხატავდა.

- ნათლიდედ, მოდი, ჩემს ნახატებს უყურეო. მიმიყვანა. მაშინ სულ შიშველ ქალებს ჰხატავდა. მრცხვენოდის ხოლმე, თვალს ვერ ვუსწორებდი.

- უყურე, უყურე, რა ნახატებიაო. დახე, რა ვარო!

სურათებს ხან ვის აჩუქებდა, ხან ვის. მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა.

... მე და ჩემი ქმარი ნიკოს დაცოლშვილებას ვფიქრობდით. ქალიც აჩენილი გვყვანდა კარგი ოჯახიდან. მაგრამ ნიკომ ქვას შეუშვირა თავი. ერთხელ ყვირილით მომაძახა - „თავი სადა მაქვს შვილის ჩხავილისა, ცოლის ლეჩაქისა და კაბისაო? მე ვიცი მარტო: - დამისხი! დალიეო!“

თითონ ოჯახი არა ჰყვანდა, არც სხვისი მოსწონდა! - იძახის დიმიტრა. ერთხელ, შინ არ ვიყავი, ჩემი ცოლისთვის ეთქვა: „თავი გაანებე დიმიტრას, სხვასთან გღალატობსო!“

არ ვიცი, ჩემმა ქმარმა გითხრათ თუ არა, ნიკო ჩემი პატარა ქალის მომნათლავი იყო და ჩემის დის მეჯვარეც. ხანი გამოვიდა, ჩემი დაი ნინა - შვიდი თვის ჯვარდაწერილი, მოკვდა. ნიკალას ძალიან ეწყინა, ცუდი ხელი მქონიაო! გაგიჟება უნდა გენახათ, როცა მისი ნათლულიც, ჩემი - სამი წლის მარუსა მოგვიკვდა.

- ორივე მე დავღუპეო! - ტიროდა. ჩვენზე მეტს ის გლოვობდა...

წლის წირვაზე რომ გავედით სასაფლაოზე, ნიკალაც მოვიდა ყვავილებით. წამოუჩოქა საფლავს და მოუტირა. ღვდელი წესს ასრულებდა. ნიკალაის ღვდლები ეჯავრებოდა. აქაც ვერ მოითმინა. შემოსილ მოძღვარს ხელი გაჰკრა და გააგდო.

„ჩემი ნათლული მტრედია, ანგელოზია! ცაში წასულა! ამ ეშმაკს აქ რა უნდაო?“

უნებურად ყველას გაგვეცინა. თითონ კი ტიროდა. უცბათ ისევ წამოხტა: - „განა მე კი არ მოვკვდები, რა მატირებსო. ბოლომდის ხომ ვერ ვიცოცხლებთო? ადექით ჩქარაო!“ და ყველანი გამოგვყარა სასაფლაოდან: იმ დღეებში ხან ტიროდა, ხან იცინოდა - „ჩემი ტირილ-სიცილისა არ შეგეშინდეთ, უბედური ვარო!“

ვიცოდით და გვეცოდებოდა. თითონაც გრძნობდა, - შუბლზე ხელს მიიდებდა და იტყოდა - ქართველები კარგი ხალხი ვართ, მაგრამ არ არ მიყრიაო!

კიდევ ბევრს ლაპარაკობდნენ ცოლქმარი... საუბარი ერთი აზრისა და ტენდენციისაა. დასკვნა ასეთია: „ტვინდასეტყვილი ნიკალა“ - კომერციისთვის არ იყო გაჩენილი. ასეთი კაცის მეგობრობით რა სარგებელი უნდა ჰქონოდა დიმიტრას?

და ეხლა თუ კარგი მხატვარი გამომდგარა, (რა უყოთ მერე?) - ღმერთმა შეარგოს! დიმიტრა ამაში არც შეედავება.

რა უნდა ჰქონდეს ცოლქმარს საწინააღმდეგო?..

***

ინტერვიუ მესხიშვილთან [30 მარტი.] 

- სად იყავით მაშინ?.. მეუბნება თავის სარდაფში ღვინის ვაჭარი მესხიშვილი. და თან ძველის-ძველ ნატაციებს მიკითხავს. გამკვირვებია, თუ ნიკო გამოჩინებული მხატვარი ყოფილა, რატომ ყურადღება არ მიაქციეთ, როცა დუქან-დუქან გზას იყო გაკრული მშიერი ძაღლივით. მთელი ტფილის ქალაქი სურათებით გამოჭედა, თვალები სადა გქონდათ? ქართული საზოგადოების წესია, ასე არ უყავით ვაჟა-ფშაველას, ნინოშვილს? მაგრამ თუ ნიკო დიდი კაცი გამოდგა, ქება და დიდება ისევ ჩვენ - ჩვენ პურ-მარილმა გააძლებინა!

მოქ. მესხიშვილი „მწიგნობარი“ კაცია. 1895 წლიდან ყოველ დღე კითხულობს გაზეთს. იცნობს: ილიას, ყაზბეგს, აკაკის, გორკის, სოკრატს (როგორც თითონ ამბობს).

- „სიკვდილის თანამდები ვარ, ტყუის ვერ ვიტყვი, ღვინი იყო მისი მახრჩობელა. როგორც ფუტკარმა დილის მანანა აიღოს, ისე უნდა დაევლო ღვინის დუქნები. თითონაც დაუქნელი ღვინოსებრ იყო, ერთ ადგილას ვერა დგებოდა. ხან ჭკვიანად მოგეჩვენებოდა, ხან „ჭკვაგაფანტულათ“. ჩვენც გვეცოდებოდა და ხელს ვატანდით: „მდიდარი მოძმე საფლავშიაც გამოსადეგია, მისი საკმელი მეც მამედინებაო“ - მართლა უთქვამს ღარიბს. მოვიდოდა ნაბახურევი ცახცახით, ღვინოს მოითხოვდა. ნაღდზე სვამდა მუდამ. ერთხელ პატარა ვალი გაჰყვა და მესამე დღეს ეს სურათი მომიტანა. („მწოლიარე ქართველი ქალი“ - შევიძინე ეროვნული გალერეისთვის. გ.ლ.)

„როდესაც ვუთხარი: - ნიკო, გეყო ამდენი წანწალი, მოდი ჩემთან, მოჯამაგირედ იმუშავე. თვიურ ჯამაგირს დაგინიშნავ, ოთახს, ტანისამოსს მოგცემ, კვირაში ერთხელ აბანო გექნება. დღეში - ჩარექა ღვინო. გაიჩინე შენთვის ყულაბა და დამშვიდებით იცხოვრე. როცა ჩემი საქმეებიდან მოიცლი, იმხატვრე, არას დაგიშლი.

- გაიცინა: „ბორკილებს ვერ გავიყრიო!..“

რასაც გინდოდა, - დაგიხატავდა. საღებავები ჯიბით დაჰქონდა. სპიჩკის კოლოფზე ლომი ეხატა ხოლმე, გახსოვთ? ერთხელ ასეთ კოლოფიდან ლომი გადმომიხატა. რა სურათიც მიგეცათ მიმზგავსებით დაგიხატავდათ. ბევრი აქვს ასე გადმოხატული წიგნებიდან სხვისი დაკვეთით. სხვათაშორის ჩემი პორტრეტი გაადიდა. (შევიძინე ეროვნულ გალერეისთვის. გ.ლ.)

იმ ხანად ზაზიაშვილი (გიორგი ზაზიაშვილი - სახალხო მხატვარი, მღებარი, აბრების მწერალი) მესტუმრა. მისი ნამუშევარი დაიწუნა და თითონ წაიღო დასახატად. მომიტანა ტუშით გადიდებული. ფული არ აიღო. ჩარჩოც თითონ ეყიდა. რა მშვენივრება იყო! - არა, სად ნიკალაი, სად ზაზიაშვილი? გიორგი - „სამი გაფრენით მეტია“. ნიკო ხან მხატვარი გეგონება, ხან - „მხატვარი, ვეღარ მხატვარი“.

ჰაი, ჰაი, ნიკალაი!..

***

ბეგო [2 აპრილი.]

გამიგონია, ფიროსმანს ჰყავდა ძმობილი და მეცენატი - „ბეგო“. გახსოვთ, ფიროსმანის სურათზე წარწერა: „კამპანიას გაუმარჯოს, ბეგო ამრავლოს!“ ბეგო თურმე მუხრანის ხიდის სიახლოვეს სცხოვრობს.

ავლაბრის აღმართის ძირში, არეულ ხალხში, ერთს ჩამოგლეჯილს და ფეხშიშველა კაცს მხარზე ხელი დავადე:

- სადა ცხოვრობს ბეგო?

უცნობი შეკრთა. ჩემი დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ ვეღარ დამალა, რომ თითონ ის - ბეგოს ძმაა. როგორც მერე გავიგე, „ფინისპეკტორად“ მივეღე. რადგან გაკოტრებული ბეგო სამჯერაც „იჯდა“ ფარული ვაჭრობისთვის, ძმას მეოთხე საფრთხე ჩემგან ეგონა. წამიყვანა და მტკვრის პირას ბეგოს ქოხს მიმაყენა. მე გარეთ ვიცდი, ვრცელი ეზოა. ლოდინი არ დამჭირდა. იმ წუთშივე ფიცრულიდან გადმოხტა შავი კაცი და ჩემ წინ აიყუდა. ასე იციან გადმოვარდნა ხანძარში.

- „მე გახლავართ ბეგო, რა გნებავთ?“ (თან ღელავს, ალბათ არყის ფარულ ვაჭრობაზე მივუსწარი.)

როცა ბეგომ გაიგო, რომ მხოლოდ „ნიკალაის“ ამბების შეტყობა მინდოდა, თავისუფლად ამოისუნთქა. ბეგო გახარებულია. სულსაც არ დაიშურებს ამ საქმისათვის:

- „ხუთი წელიწადი ერთი პურმარილი გვქონია, როგორ დავივიწყებ“...

ერთ იჯრაზე ძნელია ყველაფრის მოგონება. დრო უნდა. ნიკალას სიცოცხლემ ამის თვალებქვეშ გაიარა. როგორ არ ახსოვს? მაშინ ბეგოს ხელში ხაზინა უტრიალებდა, „ფულანდარი კაცი“ იყო და „ქვეყანაში ერთი სახელი მასაცა ჰქონდა“. „ახლა კაცობიდან ჩამოვარდა“ და ძნელია ლაპარაკი ამ საკვნესებელ გულზე. მაინც ბეგო ხსნის მახსოვრობის უჯრებს და ენად გაიკრიფა.

- „მთელი სიცოცხლე სმაში და ხატვაში გამოაღამა! ჰხატავდა, - სასმელი ვიშოვოო, სვამდა, - კარგათ დავხატოო!“

თურმე ბეგოს ისე არაფერი უკვირდა ფიროსმანისა, როგორც მუშაობის სისწრაფე. პირველ ღირსებად უთვლის და მოგიყვებათ:

ერთ გაზაფხულის დილას, ნიკოს მუშამბა ჰქონდა გაჭიმული და ფუნჯით ხელში თავისი მეცენატის ბრძანებას მოელოდა, თუ რას დაახატვინებდა. ბეგო ერთ საგონებელში იყო ჩავარდნილი, რა მოეგონებინა. მანამდე ყველა სიუჟეტური შესაძლებლობანი ამოეწურათ. აზრისთვის ბეგო გამოდის ქუჩაში და თვალს მოჰკრავს დაჩარდახულ ურემს - თელეთის მლოცავებით. ურემს ვერძი ჰყავს გამობმული. უბია წითელი ხარები. წითელ ხალათა ბიჭი შოლტით ერეკება. ბეგოს დუქნიდან გამოყავს ფიროსმანი, ამ სცენის დახატვას სთხოვს.

- „ნიკო ურემს დააცქერდა, დუქანში შებრუნდა და ფუნჯს ხელი დასტაცა. მერე ერთხელ კიდევ ამოვიდა და როცა შემობრუნდა, არაყი მომთხოვა. ფუნჯზე არაყს აშველებდა... მეორე დღეს სურათი ჩამაბარა - ჭკვიდამ შემშალა, ისე იყო დამზგავსებული!“

მეორე - რაც ბეგოსთვის დაუვიწყარი იქნება, - ნიკალას პატიოსნებაა.

- „მისი ხელიდან სიკეთე გამოვიდოდა, სიავე - არა! სუფთა იყო, როგორც პირიდან, ისე ხელიდან. მის პიჯას ჯიბე არ უნდოდა“.

„ერთხელ, რიყეზედ ერთ მიკიტანს დუქანი გამოუხატა. ფული ხელთ არ მისცეს. დაჰკარგავს ან სხვა გამოართმევსო. ისევ მე მომიტანეს გადასაცემად. ნიკალაიმ ზედაც არ დაჰხედა.“

„ერთხელ კიდევ, „ფრანცუზები“ მოვიდნენ (ალბათ ლე-დანტიუ და ილია ზდანევიჩი. გ.ლ.) ნიკალაის სანახავათ. ნიკოს ნახვის მერე მის სურათებს შემევაჭრნენ. ნიკოს დასტურით მივყიდე, მაგრამ არც ეს ფული აიღო ჩემგან ნიკალაიმ: „ფული რათ მინდაო?“

ბეგო აღფრთოვანებით იგონებს იმ ხუთ-ექვს წელიწადს, როცა ფიროსმანი მასთან იყო შეკედლებული. დუქანში ბეგოს პატარა ოთახი ჰქონდა. სამზარეულოზე წადგმული (ცარიელ ბოთლების და რაგინდარას საწყობათ). ეს ოთახი ნიკოს აჩუქა დასადგომათ. აქ ცხოვრობდა და მხატვრობდა ფიროსმანი 1905-1910 წლებში. ოთახის მოწყობილობა იყო: პატარა ტახტი, ერთი ძველი ვედრა, ფუნჯები, ბოთლები, კირი, საღებავები... მუდამ ჰხატავდა. ხან თავისთვის, ხან ბეგოსთვის. მართალია ბეგოსთან იყო, მისი კარის მხატვარი იყო, მაგრამ სხვასთან მუშაობასაც არ უშლიდა. პირიქით, ბეგო ეუბნებოდა ნაცნობებს: - დაახატვინეთ, სარგო მიეცითო! მაგრამ ნიკალა შემოსავალს არ ეძებდა.

ბეგომაც იცოდა მისი ხასიათი და რაც შეეძლო არაფერს აკლებდა. ხშირად, ნამუშევარში ნახმარ ტანისამოსს უყიდდა ხოლმე. აბანოშიც დაჰყვანდა. (პარასკეობით - ვაჭრების დღე) სადილი და სასმელიც ბეგოსთან ჰქონდა. ნიკოც შინაურობდა. როცა ბეგოს დიდი მუშტარი მაოწყდებოდა, ნიკო ხელს წაახმარებდა. ყველ ახალწელს, შობას, ნათლიღებას, აღდგომას და სხვა „ბედნიერ დღეებში“ ნიკო ბეგოსთან იყო დაპატიჟებული. ახალწელს ნიკო უთუოდა მიულოცავდა „ძალოს“ (ბეგოს მეუღლე), ხუმრობაც ჰყვარებია; „ძალო, ბეგოს გაუფრთხილდი, ქალებს ეარშიყებაო!“

- „ჩემს დუქანს პატარა ბაღი ეკრა საყვავილე ფარდულებით შემკობილი და პატარა გუბეტბით. როცა ნიკო ფხიზელი და თავისუფალი იყო, ბაღში გავიდოდა, ყვავილებს უვლიდა, მიწას ჩაჰყურებდა. მერე დიდ კაკლის ქვეშ დაჯდებოდა გაშტერებული. უფრო გაზაფხულზე იცოდა ბაღში გამარტოება. მაშინ ღვინოსაც იქ შეუგზავნიდი. მარტოობა უყვარდა. არავის გაიკარებდა. უცხო ხალხს არ ეთვისებოდა. პირზე დაღონება კი არ იცოდა.

- „ნიკალაი, - ვეუბნებოდი, - მარტოობა ძნელია, ოჯახს მოეკიდე!“

- „მარტო ვარ დაბადებული, მარტო უნდა მოვკვდეო!“

- „არ არის კარგი საქმე, ნიკალაი!“

- „აბა, ერთი მითხარი, რომელ დიდ მწერალს (?) ჰქონია ბინა, რომ მე მქონდესო? ძველად, სულ გამოკაფულ კლდეებში და ქარაფებში უცხოვრიათ წმინდანებივით (ერთი „წმინდანი“ მისთვისაც დაუხატია სახსოვრად: „გიორგი განდეგილი“. ინახება ეროვნულ გალერეაში. დავ. კაკაბაძის კოლექცია.) ნეტავ იცოდე, როგორც ცხოვრობს ჩვენი აკაკი წერეთელიო?“

- „მხიარული კაცი იყო, პირსიცილიანი. – „რა მოგვიტანია, რა უნდა წავიღოთო? ერთი მეგობარი დამმარხავს, დარდი არა მაქვსო!“ „ვირის კუდივით მოკლეა წუთისოფელიო!“ თუ ზახოშად იყო, ჩუმი ღიღინი უყვარდა: „ლოთებო, ნეტავი ჩვენა“ და სხ. აიღებდა ჭიქას და იტყოდა:

„გაუმარჯოს პავლესა,
დაისხავს და დალევსა!“

***

სეფილი (სამგლოვიარო მუსიკა. საფლავზედ უკრავენ. გ.ლ.) [4 აპრილი]

- „ერთი ნახვა ცნობაა, მეორე - ძმობაა! სიცილით მისველს ხელს ბეგო. ბეგო მთვრალია.

ჩემთან არის მხატვარი დათიკო კაკაბაძე.

ისევ ბეგოს ვრცელ ეზოში შევდივართ მტკვრის პირზე. წყლის სიახლოვეს ოთხს ახალგაზდას სუფრა გაუშლია. თავაზიანად გვთხოვენ სუფრა დაულოცოთ. გამოწვდილ დაკუთხულ ჭიქებს ბეგო ხელებს აწოდებს და მერე გვირიგებს.

- „გთხოვთ შესანდობარი დალიოთ ჩვენი ძმა კაცისა, რომელიც დღეს დაგვიმარხია“ - გვთხოვენ მესუფრეები.

- „მეთევზე შიხის ბიჭის სული ღმერთმა შეიწყალოს! ცხრა ანგელოზი გამოეგებოს. იმ ქვეყნათ მისი სახელი არ მოიშალოს!“ ილოცება ბეგო. ჩვენც რაღაცა წავიდუდუნეთ.

- „გმადლობთ, გმადლობთ!“ - მოგვაძახეს, როცა ჭიქები დაუბრუნეთ.

დავსხედით ნატივარ ხეზედ. ქურთის ბიჭს, იქვე გოშიას რომ ეთამაშება, ჩუმად ვაძლევ ფულს და ღვინო-მწვანილს ვაბარებ.

- „ჩვენს ალაგას ნიკო რომ ყოფილიყო, ჭიქას არ მიიღებდა, ამაყი იყო!“ ღიმილით გვეუბნება ბეგო. „ეხ, ნიკალაი! უფასოდ წავიდა, ეხლა დაფასდა!“

„რო მომკვდარიყო, მე ყარსში ვიყავი. დარდათ ის მიმყვება, ჩემი წილი პატივი ვერ გადამიხდია: - პატარა სუფრა, პატარა შესანდობარი, ზედ სეფილი - როგორც ჩვენი წესია. მაშინ საფლავი ვერ ვიპოვე, ეხლა კი“... ბეგო დაღონდა... დაფიქრებული მტკვარს აყოლებს თვალს. მერე გაუბრწყინდება თვალები, - იცით, რა გიამბოთ:

- „სწორედ ოცი წლის წინათ, ძმობილი მყვანდა, - კოლა რუსიშვილი. (რუსი იყო) რიყეზედ ლუდხანა ჰქონდა. ეხლა აღარ არის. პატიოსანი ყმაწვილი იყო და სურათების დიდი მოყვარული. ახალგაზრდობაში სხვასთან იდგა დუქანში მოჯამაგირედ. იქ გაეცნო ნიკალა და მისი სურათები თურმე გულში ჩაიდო, გავხსნი თუ არა საკუთარ დუქანს, ნიკალაის დავახატვინებო! მართლაც, დუქნის გაღებამდე ნიკალას დაუძახა და სურათებში გაურიგდა. ოთხივე კედელი უნდა გამოეხატა. მეც იქ შევესწარი. ნიკალაიმ მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა და თითო არაყზედ გამოჩარხული სურათები გამოჰყავდა; გავიდა ორი დღე, ნიკო აღარ გამოჩნდა. კოლა ბიჭს გულთ შემოეყარა. რა ექნა? სურათები დაუმთავრებელი რჩებოდა. დუქნის გახსნაც ამით გვიანდებოდა.

„მესამე დილას ბიჭებმა უთხრეს კოლას: - ნიკალაი დილას ვაგზალთან ვნახეთ, სვამდაო! გახარებული კოლა მაშინვე ეტლში ჩაჯდა და საძებრათ გაექანა. მართლაც, იმ დუქანშივე ენახა სადაც მიასწავლეს და ნიკალაი ფაიტონით მოიყვანა:

„მთვრალმა და ღამე ნათევარ ნიკალაიმ ისევ აიღო ფუნჯი, მაგრამ კოლა რა იმედი ჰქონდა, რომ სურათებს დაუბოლოვებდა? მაშინ - „ხერხი სჯობიაო“, - იფიქრა კოლამ. ლუდხანაში შეიყვანა, აღარ კი გამოუშვა. გარედ დუქანს კლიტე დაადვა და სამი დღე ნიკალაი მუშაობდა. ცოტა საჭმელს, ცოტა სასმელს ფანჯრიდან აწოდებდა, როგორც ტუსაღს. მანამ ყველა კუთხეები არ გამოუხატა, არ გამოუშვა. მერე კი გაანთავისუფლა“.

- „ანგელოზი ეჯდა სწორედ ფუნჯში! აფსუს, ნიკალაი! იმნაირი მხატვარი ჩვენს ქალაქს არცა ჰყოლია, არც ეყოლება!“

ქურთის ბიჭმა ღვინო მოგვიტანა. ბეგოს ეწყინა. მისი აზრით, ჩვენ სტუმრები ვართ, მასპინძლობა მისი ვალია. როგორც იყო, დავიყოლიეთ, „ნიკალაის შესანდობარი“ დაელია. ბეგომ მალე „თამადობაც“ იკისრა და წვრილად სმას შეჰყვა პატარა სიტყვებით.

ბეგო იგონებს, როგორ სძულდა ფიროსმანს პოლიციელები.

- „ხშირათ მოხდებოდა, შუაღამისას პოლიცია დაესხმოდა ჩემ დუქანს დასაზვერათ და უპასპორტო ხალხის საძებნელათ. ნიკოსაც ეჭვს დაჰკრავდენ ხოლმე. მძინარეს ააყენებდენ და ვინაობას ჰკითხავდნენ. გაიგო თუ არა ნიკალაიმ რევოლიუცია, მისი პირველი სიტყვები იყო:

- „მოვრჩი, ეხლა აღარ იკითხავენ, ეს ვინ არი, აქ რათ არის! იმ დღეებში ბავშვივით გახარებული დადიოდა. მიტინგებს ესწრობოდა და პტყლათ იტყოდა: - მოვრჩით განსაცდელსა!“

1905 წელს, („არეულობაში“) ზაფხულში ნიკომ გამოსჭრა ქაღალდის ასოები, წითელივე ქაღალდი შემოავლო დიდს „პარუსინის ბრეზენტს“ დააკერა დუქნის ფარდას ქუჩაზე:

„გაუმარჯოს ერთობა ამხანაგობას! ძირს ხელმწიფე, მაღლა მუშა! ძირს ნიკალაი!“

მესამე დღეს, ნაცნობი ბოქაული გ-რი მომადგა და შინაურულათ მირჩია, ჩამომეხსნა, თორემ „სახალინი“ აქეთ დამრჩებოდა. მეც იმ დღესვე მოვსპე. ნიკომ ახლა შუშაზე ამოხატა ეს სიტყვები და ჩარჩოში ჩაასმევინა. დიდხანს მქონდა შენახული. ამას წინედ ვეძებდი, სახლში, ვეღარ ვიპოვე...

ეზოში შემოვიდა სქელი კაცი და ბეგოს შორიდან თითი დაუქნია, ბეგოს ვთხოვე არ წასულიყო და უცნობი ჩვენთან მოეწვია. მოვიდა, გაგვეცნო - გრიშა ჯუღელოვი, ყოფილი ყასაბი. ბეგომ ნიკალაის შესანდობარი დაალევინა. ჯუღელოვმა დალოცა „საწყალი ნიკალაი“ და ზედ თავისი ამბებიც მოაბა ფიროსმანზედ.

ნიკალაის თურმე რვა წლიდან იცნობდა. ჯუღელოვი მაშინ ბიჭათ იდგა საყასბოში, ფიროსმანის დუქნის გვერდით. მშვენივრათ ახსოვს მოვაჭრე ფიროსმანი:

- „ვაჭრობის დროს ჰხატავდა, მოცლის დროს ვაჭრობდა!“ ნახატებს მეზობლებს და „ძმაკაცებს“ ურიგებდა. ერთხელ, მისი „აღაც“ დახატა. მაშინ ფიროსმანს „შახათ“ ეჭირა თავი. სუფთად დადიოდა შავს პიჯაკში. სამი წელიწადი ჰქონდა დუქანი, მერე ამხანაგმა უღალატა.

ჯუღელოვი იგონებს იმ დღეებსაც, როცა ნიკალა ბეგოსთან ცხოვრობდა და გულაჩუყებულ ბეგოს უმოწმებს რომ „ძმასავით ინახავდა“.

დათიკომ თან ფოტოგრაფიული აპარატი წამოიღო. ბეგო უნდა გადაიღოს. ისიც სიხარულით თანხმდება. წელში გასწორდა, სახე მოილამაზა. ის არის დათიკომ ჩახმახი უნდა ჩამოჰკრას, ბეგო სათხოვარით მიჰმართავს:

- „როცა სურათს ვიღებ, ჩემი ხელსახოციც ზედ უნდა მქონდეს“.

დათიკო თანხმდება. ძმამ მოუტანა ბეგოს ჭრელი ხელსახოცი და ქამრაზედ იკეთებს. ოცი წელიწადია, ბეგო გაუყრელად ატარებს ამ ხელსახოცს სასახელო მომენტებში. სურათი გადიღო. ბეგო მთლად კმაყოფილია.

- „ბეგო, - ეკითხება დათიკო, - ნიკოსაც უყვარდა წელში გარჭობილი ხელსახოცი?“

- „რასა ბრძანებთ? ხომ ჩვენთან იყო, ჩვენს პურმარილში შესული, მაგრამ განა ბოლომდის თავს გვიყადრებდა ყარაჩოღელებს? თავისი კაცობა არ დაუკარგია. ხელსახოცზედ მოგახსენებთ: ერთხელ, ბაზარში წავიყვანე, ტანისამოსი უნდა გვეყიდნა. დალალი შემოგვხდა, ყარაჩოღლურ ჩოხა-ახალუხს ჰყიდდა. ეშმაკათ ხელი წავატანე, ნიკოსთვის თვალი შემივიდა. ნიკომ ალმაცერათ შემომხედა: „არა, ეგ ჩემი საქმე არ არისო! მაშინვე დავჩუმდი...“

ეზოში შემორბიან ბავშვები და ფრიალას ათამაშებენ, ბეგო კი განაგრძობს:

- „ძალიან უყვარდა არღანი, დაუკარ ბიჭო, შენ გენაცვალეო!“ ოთხი საკუთარი არღანი მუშაობდა ჩემს დუქანში...

... „მაშინ, იმ ფრანცუზებმა უთხრეს, - გინდა, საფრანგეთში წაგიყვანოთო? ნიკალამ მოახსენა: „ჩემ საქართველოდამ არსად წავალო!“

ბეგოს აზრით, ნიკალასთვის რომ სიღარიბეს არ შეეშალა, უფრო კარგი მხატვარი დადგებოდა. „მაგრამ რა ქნას საწყალმა კაცმა? ყველაფერში სდევნის ცხოვრება. ქათამს უთქვამსო: „რაც არ დაკლეს, მე წამაკლეს, არ დაკლეს და მე დამკლესო.“ ასეა ღარიბი კაცის საქმეც, ყველაფერს უნდა წაეკლას...“

გაზაფხულის წვიმამ დაუშვა. გამოვდივართ. ღამეა. სველი ტრამვაები ლიფლიფებენ და ნიავი ატოკებს თბილისის სინათლეს.

ჟურნალი „მნათობი“, 1931 წ.