პორტრეტი - პოლ სეზანი

„არასრულფასოვანი ხელოვნება“, „ნიჭიერებას მოკლებული ოსტატობა“, „დაუმთავრებელი მხატვარი“ - მთელი ეს ლეგენდა, რომელიც ზოლამ, დიურანტიმ და მათმა წრემ გამოიგონა, დიდხანს აბრკოლებდა სეზანის ხელოვნების გაგებას.

***

ზოგჯერ სეზანის სულში პროტესტი იფეთქებდა ხოლმე სხვათა აზრებისა და საკუთარი დეპრესიის წინააღმდეგ.

„მე უკვე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ვარ იმათ შორის, ვინც გარს მახვევია“ (1874).

„ცოცხალ ფერმწერთა შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი მხატვარი - ეს მე ვარ“.

„ყოველ კანონპროექტში ორი ათასი პოლიტიკანი მაინც მონაწილეობს, მაშინ როდესაც სეზანი მხოლოდ ერთხელ იბადება ორას წელიწადში“.

მაგრამ ეს მხოლოდ უეცარი აფეთქებები იყო, რომლებიც სწრაფადვე ქრებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში სეზანის მორალურ დასაყრდენს მხოლოდ ახალგაზრდა მხატვრების აღტაცება და თავისი საქმე წარმოადგენდა - დაძაბული, სასტიკი შემართება, რითაც მხატვარი ბრძოლაში იწვევდა როგორც საყოველთაო უგულებელყოფას, ისე საკუთარ ეჭვებს.

***

ჰუმანიტარულმა განათლებამ და ლიტერატურის მგზნებარე სიყვარულმა, რის გამოც სიჭბუკეში იგი ერთხანს ყოყმანობდა კდიეც და ვერ გადეწყვეტია, რომელი აერჩია - პოეზია თუ ფერწერა, დელაკრუასადმი თაყვანისცემამ და კურბეს რეალიზმისადმი ინტერესმა - ყველაფერმა ამან, ერთად აღებულმა, ხელი შეუშალა სეზანს მონაწილეობა მიეღო იმპრესიონისტების - მონეს, რენუარისა და პისაროს პირველ გამოსვლებში, რომლებსაც იგი უკვე იცნობდა.

1866 წელს სეზანი ზოლას სწერდა:

„ყველა სურათი, რომელიც შენობაშია გაკეთებული, სახელოსნოს კედლებს შორის, ოდნავადაც კი ვერ შეედრება იმ სურათებს, რომლებიც ღია ცის ქვეშაა შესრულებული... საჭიროა, რომ მეც  გავბედო და შევუდგე მხოლოდ ცის ქვეშ ხატვას“.

ცნობილია აგრეთვე, რომ სწორედ სეზანმა უკარნახა ზოლას ის იდეები, რომლებითაც იგი მანეს, მონესა და პისაროს დასაცავად გამოვიდა.

***

სეზანის მეგობარი, ანტონინ ვალბეგი, რომელიც მისი მოდელი იყო, 1866 წლის 2 ოქტომბერს ზოლას სწერდა:

„ყოველთვის, როდესაც სეზანი რომელიმე თავის მეგობარს ხატავს, ასე გგონია, თითქოს შურს იძიებს რომელიღაც ფარული შეურაცხყოფისთვისო“.

ძნელია უკეთესი კომენტარის პოვნა იმ დაუოკებელი ენერგიისა და მხატვრული შეზღუდულობის გადმოსაცემად, რამაც „ბერის პორტრეტში“ იჩინა თავი.

***

შემთხვევითი არ არის ის, რომ სეზანის ხელოვნება მთელი სისრულით პირველად იმ ნატურმორტში გამოვლინდა, რომელსაც „შავი საათი“ ეწოდება. სეზანი ქმნიდა სცენებს, რომლებიც ჰალუცინაციებს ჰგავდა, მაგრამ მათი სიუჟეტი მხატვარს გაცილებით ნაკლებ აინტერესებდა, ვიდრე მათი ქრომატული ჟღერადობა, და ამიტომ იგი ყველაზე კარგად მაშინ გრძნობდა თავს, როდესაც სიუჟეტი არ აინტერესებდა.

***

1874 და 1877 წლებში სეზანი იმპრესიონისტებთან ერთად გამოდიოდა და მას უფრო გააფთრებით ესხმოდნენ თავს, ვიდრე დანარჩენებს. და თუმცა სეზანი სრულ სოლიდარობას იჩენდა ამხანაგებისადმი, იმ ფაქტით თავგზააბნეული, რომ ეს გამოფენები არავითარ პრაქტიკულ შედეგს არ იძლეოდა, იგი ჩამოშორდა ამ ჯგუფს (ისევე როგორც მასზე ადრე - მონე და რენუარი ჩამოშორდნენ), თანდათან განმარტოვდა და მეტწილად ექსში ცხოვრობდა.

აი როგორ ახსნა თვითონ სეზანმა თავისი განმარტოების მიზეზი:

„გადავწყვიტე ჩუმად მემუშავა იმ დროდმე, ვიდრე არ შევძლებდი თეორიულად დამესაბუთებინა ჩემი ცდების შედეგები“.

***

„ნატურის ძლიერი აღქმა - მე კი, ცხადია, ძლიერი აღქმა მაქვს - აუცილებელი საფუძველია ხელოვნების ყოველგვარი კონცეფციისა და მასზეა დაფუძნებული მომავალი ქმნილებების სიდიადე და სილამაზე“ (1904).

*** 

ანრი მატისმა ერთხელ, როგორღაც, აღნიშნა: „სეზანს იმდენი შესაძლებლობა ჰქონდა ბუნებისგან მომადლებული, რომ იგი ყველა სხვა მხატვარზე მეტად საჭიროებდა წესრიგის დამყარებას საკუთარ ტვინშიო“.

***

სეზანის ცნობილი წერილი, რომელიც 1904 წლით არის დათარიღებული, გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს ეს წესრიგი:

„ნატურა ცილინდრის, სფეროს, კონუსის მეშვეობით უნდა ასახო, თანაც ყველაფერი პერსპექტივაში უნდა იყოს ნაჩვენები და ისე, რომ საგნის ან პლანის ყოველი მხარე ცენტრისკენ მიისწრაფოდეს. ჰორიზონტის პარალელური ხაზები სიგრძეს გვიჩვენებენ, გვიჩვენებენ ბუნების იმ მონაკვეთს, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - იმ სანახაობას, რომელსაც უფალი ღმერთი, მარადიული და ყოვლისშემძლე, თვალწინ გვიშლის. ჰორიზონტის პერპენდიკულარული ხაზები სიღრმეს გადმოგვცემენ. ბუნება ჩვენთვის, ადამიანებისთვის, სიღრმე უფროა, ვიდრე სიბრტყე, აქედან გამომდინარეობს საჭიროება, რომ წითელსა და ყვითელს, რომელთა მეშვეობითაც სინათლის ვიბრაციას ავსახავთ, სათანადო რაოდენობით დავუმატოთ მოლურჯო ტონები, რათა ჰაერის გრძნობა შევქმნათ“.

***

სეზანის სიტყვებითვე ნათელვყოთ:

„მეთოდი ბუნებასთან შეხებაში წარმოიქმნება და გარემოებათა შესატყვისად ვითარდება. მეთოდი ნიშნავს, იმას, რომ შესაფერისი სახით გამოხატო ის, რასაც გრძნობ და ამ შეგრძნებატა საფუძველზე შექმნა შენი საკუთარი ესთეტიკა“.

ემილ ბერნარი იგონებს სეზანის სიტყვებს:

„როდესაც მხატვარი თავის შეგრძნებებს მისთვის დამახასიათებელი ოპტიკის ენით გადმოგვცემს, ახალ ინტერესესს ანიჭებს იმ ბუნებას, რომელსაც ასახავს. იგი ხატავს იმას, რაც ჯერ არ დახატულა, იგი ქმნის აბსოლუტურ ფერწერას, რაც სხვა არა არის რა, თუ არა სინამდვილე, ოღონდ ეს არ არის უხამსი იმიტაცია“.

სეზანს სურს „იმპრესინიზმისგან რაღაც ისეთი მტკიცე და მარადიული რამ შექმნას, როგორიც არის სამუზეუმო ხელოვნება“, და ასეთი სიტყვებით გადმოგვცემს  ამას:

„ჩემის აზრით, არ შეიძლება წარსულის ხელოვნება შენი ხელოვნებით შეცვალო, შეიძლება მხოლოდ ახალი რგოლი დაუმატო მას“.

ყველაფერი ეს დაახლოებით წარმოდგენას გვაძლევს იმ აფორიზმებზე, რომლებიც სეზანის „თეორიების“ სახელითაა ცნობილი.

***

იმპრესიონიზმის საწინააღმდეგო რეაქციამ, როდესაც იმპრესიონიზმს უკვე დაპყრობილი ჰქონდა საზოგადოების გული, ხოლო მოგვიანებით - სიმბოლიზმის წინააღმდეგ მიმართულმა რეაქციამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ 1890 წლიდან ახალგაზრდა მხატვრებმა სეზანს მიაპყრეს მზერა. მაგრამ მისი შემოქმედების საფუძვლიანი გაცნობა მათ მხოლოდ 1895 წელს შეძლეს, როდესაც ვოლარმა სეზანის სურათების პირველი გამოფენა მოაწყო. მიუხედავად საზოგადოების და კრიტიკოსების ოპოზიციისა, სეზანის დიდება მატულობდა. და, თუ თავდაპირველად მას აღიზიანებდნენ მნახველები, რომლებიც მყუდროებას ურღვევდნენ, 1900 წლიდან, როდესაც სეზანი მიხვდა, რომ ახალგაზრდობა სერიოზულად მიისწრაფოდა მისკენ, იგი გულღია მასპინძლად იქცა და უხვად აძლევდა რჩევას ყველა ახალგაზრდა მხატვარს, ვინც ექსში ეწვეოდა სტუმრად. ამ ასაკში სეზანმა, რომელიც, ისევე როგორც ზოლა, წინათ ანტიკლერიკალი იყო, ქრისტიანული რელიგიისადმი სწრაფვა იგრძნო, რომლშიც სურდა დასაყრდენი ეპოვა, ყველა იმ შეურაცხყოფით მოქანცულს, რაც ცხოვრებაში განიცადა.


ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.