პორტრეტი - პოლ გოგენი

ცხოვრობდე როგორც ხელოვანი - სხვა არის, და იყო ხელოვანი - სრულიად სხვა რამ. ჩვენ შეგვიძლია ჩინებულად გავიგოთ რენუარის ან სეზანის ხელოვნება, ისე, რომ არაფერი ვიცოდეთ მათ ცხოვრებაზე. მაგრამ სულ სხვაა გოგენი. ვისაც კი გოგენზე რამე დაუწერია, მისი ცხოვრების ამბები უფრო აინტერესებდა, ვიდრე მისი ხელოვნება, რომლის შეცნობასაც ეს გარემოება, ცხადია, აძნელებდა. და თუმცა გოგენის მიერ ხელოვნებისათვის გაღებული მსხვერპლი ჭეშმარიტად გმირული საქციელი იყო - მან სიცოცხლე შესწირა მხატვრობას.

***

ჟან-ჟაკ რუსოს წყალობით, „კეთილი ველურის“ ლეგენდა პოპულარული გახდა, მაგრამ, გოგენის გარდა, არავის შეუწირავს სიცოცხლე იმისთვის, რომ ეს ლეგენდა სინამდვილედ ექცია.

***

პოლ გოგენი დაიბადა პარიზში, 1848 წელს. ბებიამისი, დედის მხრივ, ფლორა ტრისტანი, სენ-სიმონისტური ჰუმანიზმისა და თავისუფალი სიყვარულის მიმდევარი იყო და ეჭვით შეპყრობილმა ქმარმა დასჭრა იგი, რისთვისაც ოცწლიანი კატორღა მიუსაჯეს. გოგენის ხასიათის ნათელსაყოფად ზოგჯერ ამ მემკვიდრეობით თვისებებსაც მოიხსენიებენ ხოლმე; იმასაც ამბობენ, რომ მის ძარღვებში, ესპანელის და პერუელის სისხლი ჩქეფდა. ყოველივე ამას იშველიებენ, რათა ახსნან გოგენის ხასიათი - ხასიათი კაცისა, რომელმაც შმაგი სიყვარული იცოდა, მზად იყო თავი გაეწირა იდეალებისათვის და სხვებისთვისაც თავს მოეხვია ეს იდეალი; ხასიათი ნაზი და ცინიკური, გულუბრყვილო და ანგარიშიანი, გაუბედავი და მბრძანებლური - მხატვრისა და შარლატანის ხასიათი. მას შეეძლო უდიდესი აღტაცება გამოეწვია ადამიანის გულში, ჭკუის დამრიგებლად გამოჩენილიყო მასზე უფრო დიდი ნიჭის ადამიანების წინაშე (მაგალითად, ვან-გოგის წინაშე) და ტაში მიეღო მოწინავე ლიტერატორებისაგან, მალარმეს მეთაურობით. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ანტიპათიითა და სიძულვილით იყო მისდამი გამსჭვალული - ცივილიზებული საზოგადოება შურს იძიებდა. ახალგაზრდობაში გოგენი მეზღვაური და ბირჟის მაკლერი იყო, თავისუფალ დროს კი კოლექციების შეგროვებას და ფერწერას ახმარდა, იყო ბედნიერი ქმარი და მამა. მაგრამ 1883 წელს მან თავი მიანება ბანკში სამსახურს, კავშირი გაწყვიტა ოჯახთან და საშინელ გასაჭირში ჩაიგდო თავი, რათა მთელი თავის ძალ-ღონე ფერწერისათვის შეეწირა. მას ათასგვარი უბედურება დაატყდა თავს და ისიც გაემართა დედამიწაზე სახეტიალოდ, რომ თავისი მწუხარება გაექარვებინა.

***

1888 წელს გოგენი წერდა:

„ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს: ინდიელი და გრძნობის კაცი“.

იმისათვის, რომ თავისი დღიური გამოექვეყნებინა, რომესლაც „ნოა ნოა“ უწოდა, გოგენმა „ცივილიზაციისაგან გაფუჭებულ ადამიანთან“ - შარლ მორისთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელსაც საკუთარი თავი - „გულუბრყვილო და უხეში ველური“ დაუპირისპირა.

მალარმემ გოგენს „პრიმიტიული ადამიანის უმაღლესი ტიპი“ უწოდა, სხვები მხოლოდ შარლატანს ხედავდნენ მასში.

***

გასაოცარი შორსმჭვრეტელობით წერდა გოგენი სიცოცხლის მიწურულს, ყველა თავის ილუზიის განქარვების შემდეგ:

„მე ვესწრაფვოდი - მომეპოვებინა ყველაფრის ხელყოფის ნება. და თუმცა ჩემმა ნიჭმა საშუალება არ მომცა უფრო მეტი შედეგისათვის მიმეღწია, მექანიზმი უკვე ამოძრავებულია. საზოგადოება არ არის ჩემს წინაშე ვალში, იმიტომ, რომ ჩემი ფერწერა კარგია მხოლოდ ნაწილობრივ. მაგრამ მხატვრებს, რომლებიც დღეს თავიანთი თავისუფლებით სარგებლობენ, რაღაც მაინც მივეცი“.

***

ვან-გოგზე გოგენი უაღრესად მაღალი ზნეობის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„გოგენი გაგრძნობინებს, რომ კარგი სურათი კარგი საქციელის ექვივალენტური უნდა იყოს. იგი პირდაპირ არ ამბობს ამას, მაგრამ მასთან შეხვედრისას არ შეიძლება გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობაზე არ ფიქრობდე“.

***

პროტესტანტი პასტორი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ნახულობდა გოგენს, ასე იგონებდა მას:

„ძალიან სანდომიანი კაცი იყო, განსაკუთრებით ლმობიერი და სადა - ადგილობრივ მკვიდრთა მიმართ, რომლებიც ასეთივე სიყვარულს მიაგებდნენ მას... მან დიდსულოვნად იკისრა მათი მფარველობა და მისი სიკეთე ამ ადამიანებისადმი ბევრ რამეში ვლინდებოდა“.

***

გოგენი თავად აღიარებდა, რომ „სწავლა ძალიან ეძნელებოდა“.

***

გოგენი ყველაფერს იგონებდა. მან გამოიგონა თავისი საკუთარი მოლბერტი, თავისი უცნაური კოსტიუმი. იგი ყველაფერს ამკობდა.

***

მიმოხილვაში, რომელიც „დამოუკიდებელი“ მხატვრების გამოფენას მიუძღვნა 1881 წელს, გიუსმანსი წერდა:

„გასულ წელს ბატონმა გოგენმა პირველად გამოფინა თავისი ნამუშევრები. ეს იყო პისაროს მანერით შესრულებული პეიზაჟების სერია, ოღონდ - უფრო წყალწყალა. წელს კი ბ-ნმა გოგენმა სავსებით დამოუკიდებელი სურათი გამოფინა, რომელშიც ჭეშმარიტად თანამედროვე მხატვრის ტემპერამენტი იგრძნობა. ამ სურათს „შიშველი სხეულის ეტიუდი“ ეწოდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დროის მხატვართა შორის, რომლებიც შიშველ სხეულებს ხატავენ, არავის არ გადმოუცია სიცოცხლე ასეთი ძალით... რამდენი სიმართლეა მთელ ამ სხეულში, ამ ოდნავ მოდიდო მუცელში, რომელიც თეძოებზე ჩამოკიდულა“.

რემბრანდტის შიშველ სხეულებთან მრავალი შედარებისა და ნეოკლასიკოსების მიერ შესრულებული შიშველი სხეულების სასტიკი გაკილვის შემდეგ გიუისმანსი დაასკვნის - გოგენმა „გაბედული და თვითმყოფი სურათი შექმნაო“.

***

გოგენს უსაზღვროდ უყვარს დაისის ქრომატული გამა: ნარინჯისფერი-წითელი-იისფერი. ამრიგად, იგი ფერს იმ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც იმპრესიონისტები სინათლეს ანიჭებდნენ. გოგენი წმინდა ფერს უგალობს. იგი ამბობს:

„წმინდა ფერი. ყველაფერი უნდა შესწირო მას. ხის ტანი, რომელიც ლოკალურად მოლურჯო-ნაცრისფერია, წმინდა ლურჯად იქცევა. ასევე მოსდის ყველა ფერს“.

***

გოგენი ამბობდა: „ჩემი ბუნებით მე შეჯამებისაკენ მივისწრაფვი და ვიმედოვნებ, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწევ ამას“.

***

„ყვითელი ქრისტეს“ სცენა წარმოადგენს სამ გლეხ ქალს, რომლებსაც მდაბლად დაუხრიათ თავი „გოლგოთის“ - უხეშად გამოქანდაკებული ჯვარცმული ქრისტეს წინაშე. ქრისტეს გამოსახულების განზოგადებული ფორმა საკმაოდ კარგად გადმოგვცემს ხალხური შემოქმედების ხასიათს, მაგრამ იგი მეტისმეტად გამარტივებულია და საკმარისად არ არის დამუშავებული, რათა წმინდა ფერთან შეხამებას გაუძლოს. მხატვრის ყურადღებას სულ სხვა რამ იპყრობს - ესაა გამოსახულების ყვითელი ფერი და მისი შეხამება ყვითელ ფერთან, რომელსაც ჩრდილებიც ახლავს. ამით მხატვარს სურდა აესახა სევდიანი პეიზაჟი, უნაყოფობა, შემოდგომის ფოთოლცვენა.

***

ნახატს - „მიცვალებულთ სულნი ფხიზლობენ“ (1892წ.) გოგენი თავის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად თვლიდა. ამ სურათსაც უშუალო შთაბეჭდილება უძევს საფუძვლად: ერთხელ გოგენი რაღაც საქმის გამო ქალაქ პაპეეტში წავიდა, საიდანაც გვიან ღამით დაბრუნდა თავის ქოხში.

„საწოლზე პირქვე დამხობილი, გაშეშებული, შიშველი ტეგურა შიშისაგან თვალებგაფართოებული შემომყურებდა და თითქოს ვეღარ მცნობდა... ტეგურას შიშმა ჩემზეც იმოქმედა. მომეჩვენა, თითქოს მისი უძრავი თვალებიდან ფოსფორული სინათლე იღვრებოდა. არასოდეს არ მჩვენებია იგი ასეთი ლამაზი, არასოდეს არ ყოფილა მისი სილამაზე ასეთი გულისამაჩუყებელი“.

„ამ სურათის შექმნის ისტორია იმათთვისა დაწერილი, რომლებიც მუდამ იმის ცდაში არიან, რომ ყოველი „რატომ“ და „იმიტომ“ იცოდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ შიშველი ნატურის ოკეანური ეტიუდია“.

***

1897 წლის თებერვალში გოგენი დანიელ დე მონფრეიდს სწერს, რომ მან დაამთავრა ყველაზე დიდი სურათი თავის სურათებს შორის:

„საიდან მოვედით? ვინა ვართ? საითკენ მივდივართ?“ ეს სურათი, გოგენის სიტყვებით, „თავისი მნიშვნელობით აღემატება ყველა წინანდელ ნაწარმოებს. ამიერიდან უკეთესს ან მის ტოლფასს ვეღარაფერს გავაკეთებ. სიკვდილის წინ მე მასში მთელი ჩემი ენერგია, ჩემ მიერ ცხოვრების საშინელ პირობებში განცდილი მთელი მწუხარება და ისეთი ნათელი ხედვა ჩავაქსოვე, რომ ამ სურათში აღარაფერია უმწიფარი და თვითონ ცხოვრება წარმოგიდგება თვალწინ...

ერთი თვის განმავლობაში დღე და ღამე ვმუშაობდი მასზე ენით აუწერელ მდგომარეობაში, როგორც ციებ-ცხელებით შეპყრობილი...

მიუხედავად გარდამავალი ტონებისა, პეიზაჟის საერთო ხედი მტკიცე ლურჯი და ვერონეზესეული მწვანეა. ყველა შიშველი სხეული კაშკაშა ნარინჯისფერით გამოირჩევა ამ ფონზე“.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც სურათი ვოლარმა პარიზში გამოფინა, ფონტენამ იგი აბსტრაქტულობისა და ალეგორიულობის გამო გააკრიტიკა. თავის გასამართლებლად გოგენმა მისწერა მას, რომ სახელწოდება მას შემდეგ მოუნახა სურათს, როდესაც უკვე დაამთავრა იგი, და რომ ეს, სახელწოდება კი არა, ხელისმოწერა უფრო იყო.

ამ სურათში მას თავისი ოცნების ასახვა სურდა, იმ ოცნებისა, თავის ქოხთან მჯდარს რომ ესახებოდა თვალწინ - გარემომცველ ბუნებასთან შერწყმა, ტანჯვა იმის გამო, რომ „ადამიანს არ ძალუძს ადამიანთა მოდგმის წარმოშობისა და მისი მომავლის საიდუმლო შეიცნოს“.

ეს იყო თვალგახელილი ადამიანის ძილი, ცხოვრების საიდუმლოს წინაშე შიშით შეპყრობილი ადამიანისა. მაგრამ ფონტენა „მახინჯ ფორმებსაც“ უკრიტიკებდა გოგენს, რომლებიც „მეტაფიზიკურად უმწეო გონების მიერ არის შექმნილი, არი და გამოხატულება ამ ფორმებისა სრულიად შემთხვევითია“.

***

ტაიტიზე ყოფნისას ბევრჯერ დაუსახავს გოგენს მიზნად - შეექმნა თემა „ადამიანის სიცოცხლის თანახმიერებისა ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლესთან, კომპოზიციებში, სადაც დიდ როლს ასრულებს დედამიწის დიადი ხმა“.

შეიძლება ვინმემ სასაცილოდ აიგდოს კიდეც ეს იდეა, მაგრამ განა მოიძებნება პოეტური სულის მქონე ადამიანი, რომელსაც ამის მაგვარი რამ არ განეცადოს?


ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.