ავტორები საქართველოზე

ჰომეროსი - ოდისეა

ოდისევსმა სახურავი მოარგო სკივრს, ღვედები შემოუჭირა და ცირცესგან ნასწავლი საიდუმლო ნასკვით გამონასკვა.

... მერე აიას კუნძულს მივადექით, სადაც თმამშვენიერი, კაცებრ მოუბარი გრძნეული ცირცე ცხოვრობდა. გულსასტიკი აეტის ღვიძლი დაი იყო ეს ქალღმერთი. ორივენი მოკვდავთათვის ნათლის მომფენელი ჰელიოსისა და ოკეანის ასულის, პერსეს შვილები იყვნენ.

ოთხი მოახლე ემსახურებოდა ცირცეს. ეს პირმშვენიერი ასულნი წმინდა ნაკადულების, ჭალებისა და წყაროების ნაშიერნი იყვნენ.


ჰეროდოტე - ისტორია

კოლხებს თავზე ჰქონდათ ხის მუზარადები, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, ასევე დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე. ალაროდიელები და სასპირები, კოლხების მსგავსად, შეიარაღებული ლაშქრობდნენ.


შარლ დილი - ბიზანტიის იმპერიის ისტორია

სპარსეთის მეფე 540 წელს სირიისაკენ დაიძრა და ანტიოქია მოაოხრა; 541წელს ის შეიჭრა ლაზების ქვეყანაში და პეტრა აიღო;

562 წელს ორმოცდაათი წლით დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც იუსტინიანე ვალდებულებას კისრულობდა ხარკი ეძლია „დიდი მეფისთვის“ და ხელი აეღო ყოველგვარ მცდელობაზე, სპარსეთის ტერიტორიაზე ექადაგა ქრისტიანობა.მართალია, ყოველივე ამის ფასად მან შეინარჩუნა ლაზების ქვეყანა, ძველი კოლხეთი.

...იმპერიამ შექმნა ვასალთა კლიენტურა; მათ რიცხვში შედიოდნენ სირიელი და იემენელი არაბები, ჩრდილო აფრიკელი ბერბერები, სომხეთის მოსაზღვრე ლაზები და ჭანები…

კავკასიაში ალანთა, აფხაზთა თუ ალბანელთა მბრძანებლები ამაყობდნენ იმით,რომ ბიზანტიურ ტიტულებს ატარებდნენ და სუბსიდიებს იღებდნენ იმპერიისგან.


ანატოლ ფრანსი - პინგვინთა კუნძული

დადგენილია, რომ დრაკონები მეტისმეტად ფხიზელნი არიან. მათ არასოდეს სძინავთ. სწორედ ამიტომ, ხშირად განძის დამცველები ხდებოდნენ. დრაკონი იცავდა კოლხეთის ოქროს ვერძს, იასონმა რომ მოიპოვა.


ლევ ტოლსტოი - ომი და მშვიდობა

სადილზე სვამდნენ შამპანურს გიორგის ჯვრის ახალი კავალერის სადღეგრძელოდ, შინშინი ჰყვებოდა ქალაქის ახალ ამბებს მოხუცი ქართველი კნიაგინას ავადმყოფობაზე, იმაზე, რომ მეტივიე მოსკოვიდან გაქრა, და იმაზე, რომ რასტოპოვიჩს მიჰგვარს ვიღაც გერმანელი და უთხრეს, ეს არის შამპინიონიო, როგორ ბრძანა გრაფმა რასტოპჩინმა, გაეშვათ შამპინიონი და ხალხს უთხრა, ეს შამპინიონი კი არა, უბრალო, ძველი სოკო გერმანელიაო.

***

პიერი სწრაფი ნაბიჯით დადიოდა ხალხში, აკვირდებოდა სხვადასხვა სახეს, რომელიც თვალში ეცემოდა. უნებურად შენიშნა ქართული თუ სომხური ოჯახი; იგი შედგებოდა ლამაზი, აღმოსავლური ტიპის სახის, ძლიერი მოხუცი მამაკაცისგან, რომელსაც ეცვა ახალი მაუდის ქურქი, ახალი წაღები, და ასეთივე ტიპის დედაბრისა და ახალგაზრდა ქალისგან. ეს მეტად ახალგაზრდა ქალი პიერს აღმოსავლური სილამაზის სრულყოფილებად ეჩვენა, მკვეთრი რკალივით შემოხაზული შავი წარბებითა და მოგრძო, არაჩვეულებრივად ნაზ-ვარდისფერი და ლამაზი, სრულიად უაზრო სახით. გაბნეულ ბარგთა შორის, ბრბოში მოედანზე, ეს ქალი თავისი მდიდრული ატლასის მოსასხამით და ღია ლილისფერი თავსაფრით, თავზე რომ ეხვია, სინათლეზე გამოტანილ ნაზ სათბურის მცენარეს მოგაგონებდათ. იგი ბარგზე იჯდა მოხუცი ქალის ოდნავ უკან და უძრავი დიდრონი, შავი, მოგრძო, გრძელწამწამიანი თვალებით მიწას ჩასცქეროდა. ეტყობოდა, იცოდა თავისი სილამაზის ამბავი და ეშინოდა მისი.


კნუტ ჰამსუნი - მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრეა, ადამიანები ან სახლების კართან სხედან და საუბრობენ, ან კიდევ ქუჩებში დასეირნობენ. კავკასიელებს არასდროს სძინავთ! 

ზუსტად სასტუმროს წინ დიდი პარკია. მისკენ მივემართები, ვკვეთ და მოპირდაპირე მხარეს გადავდივარ. მხვდებიან ევროპულ ქურთუკებსა და ქუდებში გამოწყობილი კაცები და ოფიცრები ჩერქეზულ ფორმებში. ქალები თითქმის არ ჩანან. მთელი პარკი მოვიარე და სასტუმროში დავბრუნდი. ჯერ-ჯერობით არავის გაღვიძებია. შემოსვლისთანავე შვეიცარმა ჩემთან საუბარი განაგრძო. მისგან თავის დასაღწევად პირველივე შემხვედრი კარი გამოვაღე და სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ვედეკერის - რუსეთისა და კავკასიის გზამკვლევი ვიპოვნე. ტიფლისელთა აღწერაზე გადავშალე და კითხვა დავიწყე.ჩემი სასტუმრო "ლონდონი" ვარსკვლავითაა აღნიშნული. ქალაქში ას სამოცი ათასი მაცხოვრებელია, რომელთაგან, თითქოს, კაცები ქალებზე მეტნი არიან. ტიფლისში სამოცდაათამდე ენაზე საუბრობენ.


თომას მანი - ჯადოსნური მთა

ბიძაშვილები მას (ანტონ პავლოვიჩ ფერგეს) ხან დარბაზში ესაუბრებოდნენ, ხან კი – ვესტიბიულში, ხოლო როცა შემთხვევა მიეცემოდათ, გასეირნებაზეც დაიმგზავრებდნენ ხოლმე. მოსწონდათ ეს უბირი მარტვილი, რომელიც აცხადებდა, მაღალი მატერიებისა არაფერი გამეგებაო, და ამის მთქმელი საოცრად სასიამოვნოდ ჰყვებოდა კალოშების წარმოებისა და რუსეთის იმპერიის შორეული კუთხეების – სამარისა და საქართველოს ამბებს, როცა სამივენი ბურუსიან ამინდში თოვლ-ჭყაპში მიაბოტებდნენ ხოლმე.


უმბერტო ეკო - ვარდის სახელი

1970 წელს ბუენოს-აირესში, კორიენტესის ქუჩისყველაზე ცნობილ პატიო დელ ტანგოს მახლობლად, ერთი პატარა ანტიკვარული წიგნის მაღაზიის დახლზე მილო ტემეშვარის წიგნის კასტილიურ ვერსიას წავაწყდი - „ჭადრაკის თამაშში სარკეების ხმარების შესახებ“, რომელიც ადრეც მიხსენებია (და არც პირველი ვყოფილვარ) ჩემს წიგნში „აპოკალიფსურნი და ინტეგრირებულნი“, როცა მის უკანასკნელ ნაშრომს „აპოკალიფსის გამყიდველებს“ განვიხილავდი. ეს იყო აწ უკვე სამუდამოდ დაკარგული ქართული ტესქსტის (რომელიც თბილისში იყო გამოცემული 1934 წელს) თარგმანი და მასში, ჩემდა გასაოცრად, სიტყვასიტყვით მეორდებოდა მონაკვეთები ადსოს ხელნაწერიდან, მაგრამ წყაროდ არც ვალე იყო მითითებული და არც მაბიიონი, არამედ - ვინმე ბერი ათანასე კირხერი (მაგრამ მისი რომელი თხზულება?). ერთი მეცნიერი, რომლის დასახელებასაც საჭიროდ არ მივიჩნევ, შემდგომ მარწმუნებდა (ზეპირად ახსოვდა კირხერის ნაშრომები), რომ დიდ იეზუიტს არასოდეს უხსენებია მელქელი ადსო.


სერგეი დოვლატოვი - უცხოელი

ლიტერატურული აგენტი მირჩევდა: აიღე რაიმე სიუჟეტი ამერიკის ცხოვრებიდან, ამერიკაზე წერე. შენ ხომ უკვე მრავალი წელია აქ ცხოვრობ. მაგრამ ამერიკელი ლიტერატურული აგენტი ცდებოდა - მე ამერიკაში კი არა, რუსულ კოლონიაში ვცხოვრობდი, რომელ ამერიკულ სიუჟეტზე შეიძლებოდა აქ ლაპარაკი! მაგალითად, ავიღოთ ერთი ასეთი ამბავი: სამრეცხაოსა და ბანკს შორის ქართველ დარიტაშვილს სამწვადე აქვს. ქალი საყვედურობს:  ბატონ ლერნერს დიდი მწვადი რატომ მიეცით, მე კი უფრო პატარა? - ე-ე, იცინი ს ქართველი. - მაინც რატომ? -ე-ე-ე... - იცოდთ, ვიჩივლებ!.. ამას ასე არ დავტოვებ!.. მაინც რატომ?! - რატომ? იმიტომ, რომ მე ის ადამიანი მომწონს!.. ჩემი აზრით, ეს მზა სიუჟეტია, მაგრამ აბა რა არის ამაში ამერიკული?..

არკაშა ლერნერიც ერთგვარი სევდით იმეორებდა: ლამაზ ქალებს ყოველთვის თამამი ქართველები ისაკუთრებენ... რა? ესპანელია? მერედა, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხომ პრინციპში ერთი და იგივეა!..


ორჰან ფამუქი - მე წითელი მქვია

ერზერუმელის ქადაგებით აღფრთოვანებული მწნილის გამყიდველი მამცნობდა, როგორ წალეკა ბაზარი ყალბმა ფულმა, ახალმა დუკატებმა, ლომის თავიანმა ფლორინებმა, აქჩეებმა, რომელთაც დღითიდღე აკლდება ვერცხლი. ასევე მოედვნენ სტამბოლს ჩერქეზები, აფხაზები, მეგრელები, ბოსნიელები, ქართველები, სომხები. მათ ისეთ უმსგავსოებაში ჩაითრიეს ქვეყანა, საიდანაც უკან დაბრუნება ძნელიაო.

ეჰ, თბილისი, - თქვა დიდმა ოსტატმა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია თოვლიანი ეზოდან შემოსული სინათლისთვის, მუშამბაგადაკრული ფანჯრიდან რომ აღწევდა,- იქ ახლა თოვს?

ვუყვებოდი, რომ არაბეთის უდაბნოში არა მხოლოდ მიწასა და შენობების ბანებზე დებს თოვლს, როგორც აია-სოფიას მეჩეთზე, არამედ მოგონებებზეც. ისიც ვუთხარი, როცა თბილისის ქუჩებს ათოვს, სარეცხის მრეცხავი ქალები ყვავილებზე მღერიან, ბავშვები კი თოვლს ბალიშის ქვეშ ინახავენ საზაფხულოდ-მეთქი.

როცა თვალი გავახილე და ისევ დავხუჭე - ალაჰ, ეს ჩემი სურვილით არ მიქნია - ოცნებაში ყარა მომიახლოვდა. ცხადად ვიგრძენი, როგორ მედგა უკან, როგორ მიკოცნიდა კისერს, ყურის ძირებს, ღონიერი იყო, ძლიერი, მასზე მინდობა შეიძლებოდა. კისერში მეღუტუნებოდა, ძუძუს კეტები მითრთოდა, ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა რაღაც ძალიან დიდი. თავბრუ მეხვეოდა, ზოგჯერ მესიზმრებოდა ხოლმე ჩემი ქმარი, შუბგაყრილი, ისრებით დაცხრილული, გასისხლიანებული, წამოდგომას, ჩემსკენ წამოსვლას ცდილობს, მაგრამ ჩვენ შორის მდინარეა. გაღმიდან სიმწრით მეხმიანება და ვხედავ, როგორ ებერება შარვლის უბე. თუ მართალია, რასაც აბანოში ქართველი პატარძალი ყვებოდა და დედაბრები უდასტურებდნენ: „მართალია, მაგხელა იქნებაო“, მაშინ ჩემს ქმარს არც ისე დიდი ჰქონია. ყარას უფრო დიდი აქვს?

ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან ხეტიალში მთელი სტამბოლი მოვიარე. ყველას ხელში გავიარე: იუდეველებისა, აფხაზებისა, არაბებისა, მეგრელებისა.

...გოგოებს, ყივჩაღ კახპებს, ხანებზე გაყიდულ ღარიბ პატარძლებს, თურქმენ და სპარს ქვრივებს, სტამბოლში მომრავლებულ იაფფასიან ბოზებს, აფხაზ და სომეხ კეკლუც დედაბრებს, ვენეციელ და სირიელ კუდიანებს, გაუმაძღარ ბიჭებსა და ვინ იცის, კიდევ ვის...


ორჰან ფამუქი - თოვლი

ეს თურქეთში საშოვარზე ჩამოსული ქართველი ცოლ-ქმარი ყოფილა. როცა ჩაიხანაში დაბრუნდნენ და კედელზე აკრულ ახალგაზრდებს პირადობის მოწმბობები დაუბრუნეს, ისინი მაშინვე ჩივილს მოჰყვნენ: იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობსო. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეს ცხვირწინ აცლისო. ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს დამლაგებელს თვეში ხუთ ამერიკულ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ. თურმე ამბობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახლს ვიყიდით და სიცოცხლის ბოლომდე აღარ ვიმუშავებთო. ყუთებში თურქეთში იაფად ნაყიდ ტყავეულს ინახავდნენ, რომელსაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სარფიანად გაყიდდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, „თავიანთ“ საქვაბეში დაბრუნებას რაღაც მანქანებით მაინც ახერხებდნენ. ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო.

სასტუმროში, რომელშიც 80 წლის წინ მდიდარი რუსი ვაჭრები, მოგვიანებით კი რუსეთთან სავაჭროდ სტამბოლიდან ჩამოსული თურქები და არისტოკრატული წარმოშობის ორმაგი ინგლისელი აგენტები ჩერდებოდნენ, ახლა ქართველი და უკრაინელი ქალები ცხოვრობდნენ და ვაჭრობითა და პროსტიტუციით ირჩენდნენ თავს.


ორჰან ფამუქი - ახალი ცხოვრება

ვხედავდი, თუ როგორ იკავებდნენ ავტობუსებში მინიატურული ზომის წმინდა ყურანით მოვაჭრე ავღანელი იმიგრანტების ადგილს ქართული და რუსული ოჯახები, რომლებიც პლასტმასის ჭადრაკს, ჭოგრიტებს, სამხედრო მედლებსა და კასპიის ზღვის ხიზილალას ჰყიდდნენ.


სალმან რუშდი - ფლორენციელი ჯადოქარი

უშკიუბში, სადაც ტყვე ბავშვების ტრანსფორმაციის პროცესი იწყებოდა, მრავალ ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყველას ერთნაირ ფართო შარვლებსა და ხალათებს აცმევდნენ რეკრუტების მსგავსად. 

ჩვენს გმირს ტანსაცმელი ჩამოართვეს, დაბანეს, აჭამეს და სუფთა წყალი დაალევინეს. ქრისტიანობაც მაშინვე წაართვეს და ისლამიც ისე მოარგეს, როგორც ახალი პიჟამა. ბანაკში იყვნენ ბერძნები, ალბანელები, ბოსნიელები, ხორვატები და სერბები; იყვნენ მამელუქებიც, თეთრი მონები მთელი კავკასიიდან: ქართველები, მეგრელები, ჩერქეზები, აფხაზები, კიდევ სომხები და სირიელები.

მას შემდეგ, რაც ცოცხალ ხარკს - ბავშვებს შეაგროვებდნენ, ისინი სტამბოლში მიჰყავდათ და შეძლებულ თურქ ოჯახებში ანაწილებდნენ მოსამსახურეებად, სადაც თურქული ენა უნდა შეესწავლათ და მასთან ერთად ყველაფერი ის, რის ცოდნაც ისლამის რჯულზე შემდგარს სჭირდება. ამის შემდეგ სამხედრო მომზადების ჯერი დგებოდა, მერე კი ან იმპერატორის ჰარემში აგზავნიდნენ ლაქიებად, ან იანიჩრების რიგებში რიცხავდნენ აიამოღლების, ანუ ახალწვეულების რანგში.