გიორგი კეკელიძე - გურული დღიურები

როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა - გურულები და დანარჩენები. „ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა“. ამიტომაც გურია პარადოქსების მხარეა, თუ პარადოქსული.

გურულები ხშირად წუწუნებენ, რომ ამხელა ნიჭის პატრონი ხალხია და განგებას შურს მათი - არასოდეს უმართლებთ. და ისინიც მართლები არიან.

მიუხედავად კრიმანჭულისა, გურიაში ტირილი უფრო უყვართ, ანუ დატირება. ...ხშირად ვხლებივარ ჭირისუფალს ერთი სოფლიდან მეორეში და მინახავს ქალების საოცარი მეტამორფოზა - საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე მომენტალურად გადასვლა.

გულწრფელები არიან, როცა „ქვეყნის დამაქცევარ შევარდნაძეს“ წყევლიან და როცა მისი „გურული წარმოშობით“ ამაყობენ.

გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ: პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს.

მტერს და ავს, მტერს და ავს! ოღონდ გურიაში ეს ისე წარმოითქმის, თითქოს ფრანგულია - მტერს დ’ავს, მტერს დ’ავს.

სექსი გურიაში იწოდება, როგორც აჯიბაკური. ნამეტანი დახლართული სიტყვა მოჩანს. საეჭვოდ. ხოლო სიყვარული - სიყვარულია. შეიძლება ერქვას გამოპენტერებაც, მაგრამ ეს სიტყვა თავისთავად სხვა რამეს ნიშნავს. აქ არ გეტყვით. გურულ ლექსიკონში ჩაიხედეთ. სექსს კიდევ ჰქვია - მაი. ეს სიტყვა შეიძლება, გავიაზროთ, როგორც მაია, ანუ ილუზია ვედურ ენაზე. თუმცა თქვენ შემედავებით და მეტყვით, რომ მაი სხვა არაფერია, თუ არა - მაგი, ეგ და სხვანი. მედავეთ...

არყის გამოხდა ღელეს პირას, ღრუბლიან საღამოს - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური აქტი - წითელი მიწა, ორე, ნახევრადგამჭვირვალე ოცლიტრიანი და ტალახი. თუ რამე უნდა გაგახსენდეს საჯარო თავყრილობათაგან გურიაში, ეს არის; და კიდევ - სიმინდის ან თხილის დარჩევა შემოდგომის ღამეებში - ნადი და ხმამაღალი საუბარი.

თურმე ამას, ჩემს ქმარს ყოლებია ცოლი, მოკტენია და იმის დედა ყოფილა იგი ქალი, ვინც მომაკითხა, მე ამის დედა მეგონა. მე მომაკითხა ჩემი ქმრის ყოფილი ცოლის დედამ. ამას დედას ვუძახდი. მერე მითხრა შოთამ, მეუღლემ, - აი ჩემი ცოლის დედა იყოო, არ წევიდაო მერე არსათო და დარჩა ჩემთანო. ხასიათი რომ გუუგეს ერთმანეთში, დარჩა აი ქალი. დედაო, ნამდვილიო, სხვაგან მყავსო. ვაი, სადაა დედა-მეთქი, - მე ვუთხარი, - აგერ სახლობსო. ვუძახოდი ორივეს დედას და ვიყაი, სამი დედის პატრონი ვიყაი, ამფერი მდიდარი ვიყაი.

მოკლედ, კვდებოდა ეს კაცი და არ აღიარებდა ღმერთის არსებობას არაფრით. რა არ იღონეს მისმა მორწმუნე შვილებმა, რაღას არ დაჰპირდნენ სააქაოს და საიქიოსთვის, მაგრამ ამაოდ. ერთ დღეს მოულოდნელად ბრძანა: „ღვდელი მეიყვანეთ, ახსარება უნდა უთხრაო“, მოიყვანეს გახარებულებმა. შევიდა და მალევე გამოვიდა ავადმყოფიდან. ღიმილს ვერ იკავებდა: „მითხრა, რომ მოვკვდები, ტაძრის შესასვლელში დამმარხეთ, ქალებს შევუჭვრიტინებო“.

გომისმთაზე, იქ, სადაც გურული და აჭარელი მეჯოგეები იყრიდნენ თავს, იმალებოდა ხალხი, რომელთა ხსენებაზე ბევრს ყველაზე ადვილად ახსენდება გურია.

ალისტრახოვიჩს არ უყვარდა ფირალი წინაპრები, მაგრამ სძულდა სტალინი, რადგან რეპრესირებული უყვარდა. სახლში, უკანა ეზოში, სიმბოლური საფლავი ჰქონდა, რომელზეც სტალინის სურათს წვავდა წელიწადში ერთხელ. რამდენიმე ძველი, ბაბუაჩემის გადამალული ისტორიის წიგნი მეც წამგვარა და ამოხია ფურცლები იოსების სურათით. წვავდა და ხმამაღლა ყვიროდა. შენ დამპალო სატანავ, ანტიქრისტევ, შენ ანტიზვიადო, შენ მკვლელების უფროსოო.

გურულები საკრალური ხალხია. რაღაც ხანი გურიას სულ სხვაგვარი მისტიციზმი მოედო. უცხოპლანეტელები ნასაკირალის ჩაის ბუჩქების თავზე. ჯემალამ და ზურიემ ნახეს. ჯონდოიეც იქ იყო, თუ არ გჯერათ - მაი ხომ არ იყო მთრალი? არ ესუმა ღვინო.

მისტიკური მხარეა. უფრო მომავალი ტკივილების შიშის, ვიდრე სიხარულების მოლოდინის. შელოცვებიც ეგრე იციან და დალოცვებიც.

სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი. არც იბზარება და არც ცვდება - იქით გცვეთს და გბზარავს. „სურნელი“ ძნელად უხდება ამ სიტყვას - მეტისმეტად ანაზებს. არადა, სუნი მკვლელი რამაა.

შემოდგომის წვიმიანი დილის ოთხმოცდაათიანების გურული მეტაფორა გალანცული ლამპის შუშაა. გალანცული გულისხმობს გაჭვარტლულს. გაჭვარტლული ნიშნავს, რომ წუხელ გვიანობამდე არჩიეს თხილი და ხან ქარი წამოუბერავდა, ხან მოხუცი ქალი აუწევდა უნებლიედ ფითილს. დილით, ძველი წიგნიდან ამოხეული ფურცლით. ძველ წიგნებს ხომ ის ბედი ჰქონდათ გურიაში, რომ ან ცეცხლს ანთებდნენ, ან ჩეჩმაში მიჰქონდათ, ან ეგრე, ლამპის შუშას წმენდნენ. დასაკლავი ქათმებივით გამოჰქონდათ კარადიდან, ოღონდ ეგ იყო, რომ ამ წიგნებს კრიახი არ შეეძლოთ, მხოლოდ უცნაური სევდით თუ გათქვამდა მოსალოდნელი ინკვიზიციის შიშს „მსოფლიოს ისტორია მეოთხეკლასელთატვის. 1974 წელი“ ან „მანდარინო, შენ გურიის ოქრო ხარ, კოლმეურნის ვერცხლ ხელებში მბზინავი“ (ლექსების კრებული). გინახავთ, როგორ ანათებს ცეცხლს ფრაზა: „ვეტექიმმა სხიერელმა გულმოდგინედ აიკაპიწა მკლავები და თქვა“? აღარ ვიცი, რა თქვა სხიერელმა. ფურცელი გაშავდა.

გურიაში ჭიშკარი ნიშნავს ჭრიალსაც და ყველა სახლის ჭიშკარი სხვადასხვანაირად გამოსცემს ხმას. „ციალეს კარი გეიღო“, „მაყვალიეს ჭიშკარი გეიღო“, „ალისტრახოს ჭიშკრის ხმაია მაი, ჩვენი არა“. ეს ხმა გულისხმობს, რომ „სტუმარი მევიდა“, მაგრამ ისეთი სტუმარი, დაძახება რომ არ უნდა. ან მეზობელი გადადის მეზობელთან შენი ეზოს გავლით. ამგვარი ჭრიალა ჭიშკარი არის მნიშვნელოვანი გასაღები გურული ცხოვრების ჭიშკრის შესაღებად. ჯერჯერობით - ისევ ცოცხალი.

ჩაის პუნქტი ცალკე ადგილია. ანუ - სადაც კოლმეურნეობის დროს ჩაის აბარებდნენ, მაგალიტად, ლეგენდარული გივი წითლიძის უფროსობისას. იმ კაცის, ეს მითი თუ ნაღდი ამბავი რომ უკავშირდება. ეჯიბრებოდა სოფელ შრომის ხელმძღვანელს და ხშირად სოფელი შრომა იმარჯვებდა ჩაის კრეფაში, ჰკითხეს მიხაკო ორაგველიძეს, შრომის კოლმეურნეობის „შეფს“: გივის მეტი მუშხელი ჰყავს და შენ როგორ იმარჯვებო?! - ჩემი კოლმეურნეობის ქალები ორი ხელით კრეფენ ჩაის, წითლიძის კი - ცალითო. - ჰკითხეს, ცალი ხელით რატომო? - რატომ და, ერთი ხელი უკან აქვთ მიფარებული, გივია არ მოგვახტესო! - ეგრე იყო გივის საქმე. ან ჩაის საქმე... - როგორც გენებოთ.

და კდიევ ერთი, ტრადიციულად მოსაგონარი შემთხვევაც, ოღონდ მისი ბაბუის ბაბუის დროინდელი: ერთხელ შეკვეთილში ქრისტეფორე კოლუმბმა გამოიარა, გლეხები ნაპირთან სიმინდს მარგლიდნენ, გადმოსძახა ქრისტეფორემ გემიდან, ამერიკის აღმოსაჩენად მივდივარ და წამომყევითო. ამათ - არაო, მარგლა უნდა დავამთავროთო. მაშინ კოლუმბს გლეხების თანმხლები ქალებისთვის გადაუხედავს და შეხვეწნია: თქვენ მაინც წამოდითო, ამათმაც იუარეს - ნადს ვერ მივატოვებთო. მხოლოდ ერთმა ქალმა მოინდომა თავგადასავლებში ჩაბმა და გემისკენ გაიქცა. ქმარი გაწეულა ცოლის მოსაბრუნებლად, მაგრამ დანარჩენებს გაუკავებიათ, რა გინდა - ნატა (ასე ერქვა ქალს) თავისი ნებით წავიდაო. დაერქვა სოფელს ნატანები.

გამომცემლობა „სიესტა“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში