ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“


ბედნიერებას მკვახე ქლიავის და ზაფხულის მტვრიანი წვიმის, აღელვებისა და გაურკვევლობის და შაქრის ფხვნილმოფრქვეული წინათგრძნობების გემო ჰქონდა.

***

ბებიაჩემი წარმომიდგენია ფუმფულალოყებიან გოგონად, რომელსაც ფირუზისფერი ლენტი უკეთია თმაში და ლაქის ფეხსაცმელები აცვია, სერიოზული, წელში გამართული ზის ნათელ ოთახში და ნაჭრის ცხვირსახოცზე გულწითელა ჩიტებს ქარგავს. ზუსტად ისე, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ რომ გვაქვს, ძველი ინგლისური გამოცემა, იქ რომ ხატია. მისი ნათელი და უზრუნველი ბავშვობა რომ მახსენდებოდა, ტანში მზარავდა, რადგან ბაბუდას მონაყოლიდან ვიცოდი, რომ მალე სიბნელე და წყვდიადი ჩამოწვებოდა მათ თავს, ბოროტი ჯადო გადაეფარებოდა ლამაზ, თაღებიან და მოოქრულსარკეებიან სახლს: ბოლშევიკები მოვიდოდნენ და ყველაფერს წაართმევდნენ. ჩემს ბავშვურ წარმოდგენაში ბოლშევიკები წყვდიადის ბოროტი ძალები იყვნენ, შავ მოსასხამებში გახვეულები, და ბერძნული მითოლოგიის წიგნში დახატული ციკლოპივით, ცალი თვალი ჰქონდათ.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ბოლშევიკები კი არ მოვიდნენ და წავიდნენ, არამედ მოვიდნენ და სამოცდაათ წელს დარჩნენ და რომ მეც მათ შორის ვცხოვრობდი. 

ცხოვრებამ მას, ვინც მზადაა, ყოველი დღე იზეიმოს, ხელი უნდა გაუწოდოს და საცეკვაოდ გაიწვიოს. მაგრამ ცხოვრებას არ ადარდებს ხოლმე ჩვენი მოლოდინები, ოლიკოს შემთხვევაში კი, უპირველეს ყოვლისა, ბოლშევიკები იყვნენ, ვისაც არაფრად მიაჩნდა მისი ბედი.

***

რაც მეტი მოქალაქე კარგავდა სახელმწიფოსთან ყველაზე მნიშვნელოვან ბმას, კერძოდ, შიშს, – მით უფრო დაუბრკოლებლად იჭრებოდა „ქურდული კანონი“ საზოგადოების შუაგულში. ჩემი ბებიებიც კი, მილიციასთან შეკრულებს, „ვირთხებს“ ეძახდნენ.

დიახ, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ხიბლავდათ რობინ ჰუდობა, ანტიგმირები და სისტემის მოწინააღმდეგეები, ჩვენი ქვეყანა აღსავსე იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი მცირე ერის ამბოხზე ოცნებით და შეხაროდა საკუთარი უდრეკობის შესახებ შეთხზულ მითოსს. მარადიული ისტორია უბრალო კაცისა, მარტო რომ უპირისპირდება ძლევამოსილ აპარატს. ჩვენი ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები საზოგადოება შედგებოდა ურჩი და განზე გამდგარი ხალხისგან; ამ ხალხს არ უნდოდა, სიცრუეზე აგებული სახელმწიფოს სამსახურში მდგარიყო, აქაოდა, „ღირსება“ შემელახებაო და თან ავიწყდებოდა, რომ განზე დგომასა და დაუმორჩილებლობას, ბოიკოტს, აუცილებლად მივყავართ დანაშაულამდე. 

სანამ უმრავლესობა მგზნებარე კომუნისტობას თამაშობდა და სახელმწიფოს ნაწყალობევი ნორმალური ცხოვრებით ტკბებოდა, მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ოცნებობდნენ. და აიხდინეს კიდეც ოცნება. თანაც ისე თანმიმდევრულად და იმდენ ხანს, რომ ის, რასაც ნორმალურ ცხოვრებას ვუწოდებდით, ბოლომდე გააცამტვერეს.

***

მე არ მისწავლია, როგორ უნდა ამეწყო ფეხი ცვლილებებისთვის, თავბრუდამხვევი სისწრაფით რომ გვატყდებოდა თავს ქვეყანაში, რომელიც თავის ჭეშმარიტ სახეს სამოცდაათი წლის განმავლობაში ნიღბის ქვეშ მალავდა.

***

იმედი რჩება, ცხრათავიანი დევივით, ერთ თავს მოაჭრი და მაშივე ახალი ამოსდის ტლანქ მხრებზე.

***

არსებობს ჩვენს ცხოვრებაში ღამეები, თითებზე ჩამოსათვლელი, რომელთა გათენების მერეც ის აღარ ვართ, რაც ვიყავით. გინდაც დაგვაფრთხონ და თავგზა აგვიბნიონ, ეს ღამეები გვაიძულებენ საკუთარ თავს ვაჯობოთ.

***

კაცმა რომ თქვას, მორალი კი ყველას ფეხებზე კიდია, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას აძლევთ, მაგრამ უმეტესობა არ ტყდება.

ნინო ხარატიშვილი, „უკმარი სინათლე“ | გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022 წ.