სალმან რუშდი - შუაღამის შვილები

კაცი ქაშმირში ჩამოდის, რომ ცხოვრება გაიხალისოს ან დაასრულოს, ან ორივე ერთად ქნას.

თაიმ მარცხენა ნესტოზე თითი მიიკაკუნა. „შენ იცი, ეს რა არის? ეს ის ადგილია, სადაც გარე სამყარო შენს შინაგან სამყაროს ხვდება. თუ ისინი ვერ ეწყობიან ერთიმეორეს, აქ იგრძნობ. ცხვირს უხეხულად ისრეს, რომ ფხანამ გადაგიაროს. ... თუ ცხვირი რაღაცას განიშნებს, ფრთხილად უნდა იყო, თორემ გათვებულია შენი საქმე. მიჰყევი შენს ცხვირს და შორს წახვალ“.

ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს იქ არყოფნაში ხდება.

შავჩადრიანი ქალისგან ფირუზს ვინ იყიდის? ნდობის საკითხია. უნდა შემომხედონ.

ჩვენ, ინდოელები, დამვიწყებელი ერი ვართ.

მეხსიერება, ხილისა არ იყოს, დროის სიდამპლისგან უნდა დაიცვა.

ოპტიმიზმის ეპიდემია ერთი კაცისგან გავრცელდა ...

ნებისმიერ ომში ბრძოლის ველი ჯარზე მეტად უბედურდება. ეს ბუნებრივი ამბავია.

ზოგჯერ ლეგენდები რეალობას ქმნიან და ფაქტებზე მნიშვნელოვანი ხდებიან ხოლმე.

... მიხვდა, რომ ქმარს გადაუყვარდა და ასე განჭვრიტა მისი სიკვდილი; ისე, რომ წლების მერე მართლა რომ გაიგო მისი გარდაცვალება, მხოლოდ ეს თქვა: „მე ხომ ვიცოდი“.

ის, რაც მიწისქვეშეთში დასაშვებად ჩანს, შესაძლოა დღის სინათლეზე აბსურდულად ან ამორალურადაც მოგეჩვენოს.

... ყანაში კი დროის უდარდელობით დაავადდნენ.

ოჯახის ისტორიასაც თავისი შესაფერისი დიეტური კანონები აქვს. შეგიძლია მხოლოდ მისი რაღაც განსაზღვრული ნაწილი გადაყლაპო და მოინელო, - წარსულის წმინდა რელიგიური ულუფა, რომელიც სისხლისგან მთლიანად დაცლილია; სამწუხაროდ, ასე უსისხლო, ნაკლებწვნიანი ამბები გამოდის.

მედოლე კაცები მთელ ინდოეთში გაჰყვირიან: „დილი დეხო!“ - „მოდით, დელი იხილეთ!“

თუ ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, მაშინ ჩვენ, ყველას მიზანი გვქონია, არ შეგვეშინდება, ჩვენს არსებობას შემთხვევითობას არ მივაწერთ და კითხვა „რატომ“ არ შეგვაწუხებს; მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ პესიმისტებივით აქვე და ახლავე ხელი უნდა ავიღოთ ყველაფერზე, თუ გვესმის, რომ ფიქრიც, გადაწყვეტილებაც და ქმედებაც უაზრობაა და მეტი არაფერი.

არ არის აუცილებელი რეალობა და სინამდვილე ერთი და იგივე იყოს.

შესაძლოა ქალღმერთის სახელი მუმბადევი, იგივე მუმბაბაი, იგივე მუმბაი, შემდეგ ქალაქს დაერქვა. მერე პორტუგალიელებმა ქალაქს მისი ნავსადგურის გამო ბომბაია უწოდეს და ეს სულაც არ ყოფილა მეთევზე ხალხის ქალღმერთის სახელი... პორტუგალიელები პირველი დამპყრობლები იყვნენ. ნავსადგური თავიანთი სავაჭრო გემებისა და მეომრების ნავსაყუდელად გამოიყენეს; მაგრა მერე, 1633 წლის ერთ დღეს აღმოსავლეთ ინდური კომპანიის მეთაურმა მეთვოლდმა ხილვა ნახა. ხილვაში ის ოცნებობდა დაეარსებინა ბრიტანული ბომბეი, რომელიც ციხესიმაგრეებით იქნებოდა გარშემორტყმული და დასავლეთ ინდოეთს ყოველგვარი მომხდურისგან დაიცავდა. ეს ხილვა ისეთი ძალის სტიმული გახდა, რომ დროც კი აამოძრავა. ისტორია წინ მჩქეფარედ მიიწევდა; მეთვოლდი გარდაიცვალა; 1660 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ მეორე პორტუგალიელ პრინცესაზე, ქეთრინზე დაინიშნა. ეს ის ქეთრინია, რომელიც მთელი ცხოვრება ფორთოხლის გამყიდველი ნელისთვის მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა. მაგრამ მეფეს ამშვიდებდა ის, რომ ეს ქორწინების მზითევი იყო, რომელმაც ბომბეი ხელში ჩაუგდო ბრიტანელებს. შესაძლოა ეს მზითევიც მწვანე რკინის ყუთში ინახებოდა, მეთვოლდის ხილვა რეალობასთან რომ დაახლოვა. ამის მერე დიდი ხანი არ გასულა, რომ 1668 წლის 21 სექტემბერს კომპანიამ კუნძული საბოლოოდ დაისაკუთრა... შემდეგ დაიწყეს და აღარც გაჩერდნენ: ციხესიმაგრე ააგეს, ქვეყანა აღადგინეს და თვალის დახამხამებაში გაჩნდა ქალაქი ბომბეი, რომელსაც ძველი სიმღერა ასე უმღერის: დასავლეთისკენ მზირალო აღმოსავლეთის ვარსკვლავო, კარიბჭევ ინდოეთისა უპირველესო...

ვერც ერთი ახალი საბინადრო რეალური ვერ გახდება, სანამ იქ ვინმე არ დაიბადება.

ქრისტიანობა თეთრი ხალხის რელიგიაა. თეთრი ღმერთები თეთრ ხალხს ჰყავდეს.

რამდენი საგანი, ადამიანი თუ ცნება მოგვყავს ჩვენთან ერთად ამ ქვეყანაზე, რამდენი შესაძლებლობა თუ შესაძლებლობის აკრძალვა მოგვაქვს!

ერთი სიცოცხლის გასაგებად მთელი სამყარო უნდა გადაყლაპო.

ქუჩებში მონსტრი ღრიალებს. გამხდარი კაცი ამბობს: „შუაღამისას, როცა მთელ მსოფლიოს სძინავს, ინდოეთი სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის ფხიზლობს“. მონსტრის ბღავილს ორი ახალდაბადებული ბავშვის ჭყიპინი უერთდება. ისინი ეს-ესაა ქვეყანას მოევლინენ. მათი უსარგებლო პროტესტი დამოუკიდებლობის ბურუსს ერწყმის, ღამის ცაზე რომ ზაფრანისფერ-მწვანედ კიდია. [...] მთელმა ინდოეთმა ერთი ოცნება გაიზიარა. ბავშვები, რომლებიც იმ ღამით დაიბადნენ, ნახევრად იყვნენ თავიანთი მშობლების შვილები. ისინი დროის შვილებიც იყვნენ, რომელთა მამა თვით ისტორია იყო. ასეთი რამ ხდება ხოლმე. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც თავად ოცნებაა.

რამდენიმე თვე დედა და ძიძა მონაცვლეობით ახელდნენ და ხუჭავდნენ ჩემს ქუთუთოებს. „თავადაც ისწავლის ქალბატონო“, მერიმ ამინა დაამშვიდა. „კარგი, დამყოლი ბავშვია, ისწავლის“. მართლაც ვისწავლე. ეს იყო ჩემი ცხოვრების პირველი გაკვეთილი: ამ სამყაროს მუდმივად თვალგახელილი ვერავინ გაუძლებს.

სიჩუმესაც აქვს თავისი ჟღერადობა და, სხვათა შორის, უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სხვა რომელიმე ხმაური.

სარეცხის კარადის გარეთ ზღაპრებში ვიმალებოდი, რადგან ჩემ ირგვლივ მყოფი ხალხი მიზნის გამანადგურებლად აშკარა გრძნობას ფლობდა. ჰათიმ თაი და ბეტმენი, სუპერმენი და სინდბადი მეხმარებოდნენ, რომ ცხრა წლის ასაკი დამეძლია. მერი პერეირასთან ერთად საყიდლებზე დავდიოდი და შიშის შეგრძნებამდე მაოცებდა, როგორ შეეძლო ქათმის ასაკის ამოცნობა მისი კისრის მიხედვით. ასევე მაოცებდა მის თვალებში ჩამდგარი სიჯიუტე, მკვდარ თევზებს რომ მიაშტერდებოდა ხოლმე. მე ალადინი ვხდებოდი და საარაკო მღვიმეში ვმოგზაურობდი. მსახურები რომ მაგიური თავდადებით ასუფთავებდნენ მტვრისგან, ალიბაბას თორმეტ ყაჩაღს წარმოვიდგენდი ხოლმე, მტვრიან ურნებში რომ იმალებოდნენ. ბაღში გურუ პურუშოთამს ვხედავდი, წყალში რომ ლპებოდა და ლამპის ჯინად ვიქცეოდი ხოლმე. ასე ვიცილებდი იმ საშინელ აზრს, რომ მთელ სამყაროში მარტო ვიყავი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა.

სარეცხის კარადა სამყაროს ორმოა. ადგილია, რომელიც ცივილიზაციამ უაზროდ მოიშორა. ამიტომ ყველაზე კარგ სამალავად იქცა. ... იქ ვერავითარი მტრობა, მშობლების გაუთავებელი მოთხოვნები ვერ აღწევს; იქ ისტორიაც ვერაფერს მოგთხოვს...

რეალობა აღქმაზეა დამოკიდებული. რაც უფრო შორდები წარსულს, მით უფრო მყარი და დამაჯერებელი ხდება. აწმყოს რომ უახლოვდები, სულ უფრო და უფრო შეუძლებლად გეჩვენება. წარმოიდგინე, რომ კინოში, დიდ ეკრანთან ზიხარ სულ უკანა რიგში. მერე თანდათან პარტერიდან პარტერამდე ინაცვლებ და ისე წინ მოდიხარ, რომ ლამის ცხვირი ეკრანს მიადო. კინოვარსკვლავთა სახეები მოცეკვავე მარცვლებად იშლებიან. პაწაწინა დეტალები შემაშინებლად დიდ პროპორციებს იღებენ. ილუზია იფანტება - ან, უკეთ რომ ვთქვათ, ნათელი ხდება, რომ რეალობა თავად ილუზია ყოფილა...

აი, რა იზრდება სიცხეში ყველაზე უკეთ: ფანტაზია, სიგიჟე და დაუოკებელი ვნება.

შეგიძლია სტრატეგია შეიმუშავო და აზრები შეკრა, თუმცა, რად გინდა, ქალები ერთ წუთში გახსნიან. როცა ერთი საარჩევნო კომპანია იგებს, ორჯერ მეტი აგებს...

დაბოლოს, ის დღეც დადგა, როცა საუზმის დროს მამა მწყობრიდან გამოვიდა. ის დღე იყო, გადასახადები რომ გაზარდეს და გადახდის პერიოდი კი - შეამცირეს. მამამ გაზეთი ძირს დაახეთქა და თვალებში ისეთი სიწითლე მოაწვა, უკიდურესი სიბრაზისას რომ მოსდიოდა. „აბანოში წასვლას ჰგავს!“ დაიღრიალა ისე ცივად, ჩვენ კი არა, საუზმის მაგიდაზე დადებულ კვერცხს, გახუხულ პურსა და ჩაისაც გააჟრჟოლა. „პერანგი გაიხადეთ და შარვალი ჩაიხადეთ, ეს მთავრობა აბანოში მიდის, გზად უნდა გადაგვიაროს და დედა გვიტიროს!“

თავის თავში ძლიერ თავდაჯერებული ხალხი საშინელ საქმეებს სჩადის.

„მდიდრის შვილო! - დამიყვირა შივამ, - შენ ერთი ოხრობა გავიწყდება! რა მიზეზი, ბიჭო, რის მიზანი? ამ სამყაროში რას აქვს მიზანი და მიზეზი? რა ოხრობაა ეს მიზეზი, რომლის გამო მე ღარიბი ვარ და შენ კი მდიდარი. შიმშილს რა მიზანი უნდა ჰქონდეს, ბიჭო? ღმერთმა იცის, რამდენი მილიონი დეგენერატი ამძიმებს ამ მიწას და შენ კიდევ ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მიზანი აქვს? მე გეტყვი, მდიდრის შვილო! ყველაფერი ისე უნდა მიიღო ამ ცხოვრებისგან, როგორც არის. მერე რაც შეგიძლია ყველაფერი უნდა უყო იმ მიღებულს და შემდეგ შეგიძლია, მოკვდე. აი, მიზეზიც და მიზანიც, ბიჭო, გესმის? სხვა დანარჩენი ყველაფერი დედაატირებული ბითურობა და არარაობაა, გესმის?!“

ბიძაჩემმა თავისი ახირებები და რეალობა სახლის სახურავზე აიტანა და იქიდან გადმოაბიჯა. ძირს რომ დაეცა, მათხოვრებს ისე შეეშინდათ, დაავიწყდათ, ბრმები რომ უნდა ყოფილიყვნენ და იქიდან მოკურცხლეს.

სახლს მეჩეთის მინარეთის ჩრდილი ისე ადგა თავს, თითქოს დანაშაულზე წაასწროო.

ქვეყანაში, სადაც ჭეშმარიტება ისაა, რასაც გაჩვენებენ, რეალობა არსებობას წყვეტს ისე, რომ ყველაფერი შესაძლებელი ხდება.

ადამიანები ერებივით ან მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟებივით ენერგიისგან იცლებიან და ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მათთან საქმის დასრულებაა.

როცა ფიქრი მტკივნეული ხდება, მაშინ მოქმედება საუკეთესო წამალია.

და რა ვარ? გიპასუხებთ: ყველაფერი ვარ, რამაც ჩემ თვალწინ გაიარა, რაც მინახავს, მსმენია ან გამიკეთებია, ან რაც ჩემთვის გაუკეთებიათ. ყველა და ყველაფერი ვარ, ვისმა არსებობამაც ჩემზე გავლენა იქონია, ან ვისზეც მე ვიქონიე გავლენა. ისიც მე ვარ, რაც ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მოხდება და რომელიც არ მოხდებოდა, მე რომ ამქვეყნად არ მოვსულიყავი. ექვსას მილიონ ადამიანში ვარ გაბნეული, მაგრამ ყველა ასეა: თითოეული ადამიანი თავის თავში ასეთ სიმრავლეს შეიცავს.

„ღმერთმა დასწყევლოს ეს საარჩევნო ბიზნესი, დაიწყება თუ არა, მაშინვე რაიმე ცუდი უნდა მოხდეს, ხოლო ქვეყნის თავკაცები კლოუნებივით იქცევიან“.

„ავადმყოფობა სხეულის დარდია, ის ცრემლებმა და კვნესამ უნდა გამოაძევოს“.

ყოველთვის ასე ხდება: დასაწყისში სხვა რამ გინდოდა გეთქვა, მაგრამ სხვაგვარად ამთავრებ.

დანაშაულის გრძნობა რთული და კომპლექსური გრძნობაა. მთავრობას ჩვენ ვირჩევთ, ამიტომ რაც ხალხი ვართ - იმ დღეში ვართ.

თუკი წარსული ჩვენს მეხსიერებასა და სიტყვებშია მოქცეული, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევქმნათ იგი სრულიად უბრალოდ: ვთქვათ, რომ ასე იყო.

„ადამიანები კატებს ჰგვანან, ვერაფერს შეასწავლი“.

კაცი რომ სიახლისადმი ინტერესს კარგავს, კარს შავი ანგელოზი უღებს.

მომავალს ქილაში ვერ შეინახავ. ერთი ქილა ცარიელი უნდა დატოვო... იმას ვერ დაამწნილებ, რაც აწი უნდა მოხდეს.

შუაღამის შვილები თავისი დროის წარმმართველნიც არიან და მსხვერპლნიც... ისინი დაკარგავენ პიროვნულობას და ბრბოს ქარიშხალს შეერევიან, რათა არასოდეს ეღირსოთ მშვიდი ცხოვრება და მშვიდი სიკვდილი.
 
ინგლისურიდან თარგმნა ნინო რამიშვილმა
გამომცემლობა პალიტრა L, 2013

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში