ჯორჯ რ.რ. მარტინი - სატახტოთა თამაშები

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

პირველი ნაწილი

არასოდეს დაიჯერო, რასაც ქალის ძუძუს აკრული გაიგონებ. ზოგ რამეს მკვდრისგანაც კი შეიტყობ კაცი.

ძნელია ბრძანებებს იღებდე კაცისგან, რომელსაც შემთვრალი დასცინი ხოლმე.

სიცივესავით არაფერი წვავს ამ ქვეყანაზე. მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან. მერე სიცივე შენში აღწევს და შენს პირთამდე ავსებას იწყებს. ცოტა ხანში მასთან ბრძოლის ძალა აღარ გაქვს, ის გირჩევნია, ჩამოჯდე ან სულაც დაიძინო. ამბობენ, ბოლოსკენ ტკივილის საერთოდ არ გრძნობო. თავიდან ითენთები და თვლემა გერევა, გარშემო ყველაფერი მკრთალდება, შემდეგ კი გეგონება, თბილი რძის ზღვაში იძირებიო. სიმშვიდე და რამე.

ბრძანება გაიცა, ღირსება მორჩილებას ავალებდათ.

სიმაგრის ჭიშკარზე ნიავმა შემობერა. მათ თავზემოთ ვინტერფელელი სტრაკების დროშა გაიშალა: ყინულოვან-თეთრ ველზე გაქცეული რუხი მგელსაზარა.

- შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია?
- მხოლოდ მაგ დროს შეიძლება, კაცი მამაცი იყოს.

პირველ კაცთა სისხლი ახლაც ჩქეფს სტარკების ძარღვებში და ჩვენ ჯერაც გვჯერა, რომ ვისაც განაჩენი გამოაქვს, ხმალიც მანვე უნდა დაჰკრას. თუკი კაცს სიცოცხლეს ართმევ, მის წინაშე მოვალე ხარ, თვალებში ჩახედო და მისი უკანასკნელი სიტყვები ისმინო. და თუკი ამის ატანა არ შეგიძლია, მაშინ იქნებ, ის კაცი სიკვდილს არც იმსახურებდეს.

მმართველი, რომელიც დაქირავებული ჯალათების ზურგსუკანიმალება, მალევე ივიწყებს, თუ რა არის სიკვდილი.

მეფეებს ჩვეულებრივ ადამიანთა სიფრთხილე აკლიათ.

ბუში თუ ხარ, ბევრი რამის შემჩნევას სწავლობ, ადამიანთა თვალებს უკან მიჩქმალული სიმართლის დანახვას ეჩვევი.

ღამის ებურგი შეფიცულთა საძმოა. ჩვენ ოჯახები არ გაგვაჩნია. ვერცერთ ჩვენგანს ვერასდროს ეყოლება ძე. ჩვენი ცოლი ვალია. ჩვენი ქალბატონი ღირსებაა. ... სანამ ქალი არ შეგიცნია, არ გესმის, რისი დათმობა გიწევს.

- გაწყენინე? - უთხრა ლანისტერმა, - მაპატიე. ჯუჯებს არ ევალებათ, თავაზიანები იყვნენ. ნაირ-ნაირი მასხარა ყეყეჩების თაობებმა მეც მომიპოვა უფლება, ცუდად მეცვას და რაც ენაზე მომადგება, ყველაფერი წამოვაყრანტალო ხოლმე. - იგი გაიკრიჭა, - მაშ, ბუში ხარ.

- მოდი, რაღაცას გირჩევ ბუშო, - უთხრა ლანისტერმა, - ნურასოდეს დაივიწყებ, ვინ ხარ, იმიტომ, რომ ქვეყანა ამას არასოდეს დაგივიწყებს. შენც ადექი და ეს შენს სიძლიერედ გახადა. მაშინ ის სისუსტედ ვეღარასოდეს გექცევა. აბჯრად ჩაიცვი ის, და ვეღარასოდეს გამოიყენებენ შენს დასაზიანებლად.

მეფეები სხვა ადამიანებს არ ჰგვანან. თუკი სამსახურზე უარს ეტყვი, დაფიქრდება, რატომო, და ადრე თუ გვიან იეჭვებს, რომ მის წინააღმდეგ ხარ.

გოგოებს ეკუთვნით გერბი, ხმალი კი - არა. ბუშებს ხმლები ეკუთვნით, გერბი კი - არა.

სიკვდილი საზარელი დასასრულია და მეტი არაფერი, როდესაც სიცოცხლე ათასი შესაძლებლობითაა სავსე.

არასოდეს იშიშვლო ხმალი, თუკი არ აპირებ, მოიხმარო.

ყველა გაფრენა ვარდნით იწყება.

თუკი უწერია, ეული იყოს, თავის სიმარტოვეს ჯავშნად აქცევს.

მოულოდნელად თავს წადგომაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. წინასწარ არასდროს იცი, რა შეიძლება შეიტყო.

როგორც კი დაანახვებ, რომ მათ სიტყვებს შეუძლია გატკინონ, მერე უკვე დაცინვას ვეღარასოდეს დააღწევ თავს. თუკი ხალხი გადაწყვეტს, სახელი შეგარქვას, მიიღე იგი, საკუთრებად გაიხადე. მაშინ ვერარ მოახერხებენ, ამ სახელით გატკინონ.

კაცი მკერდზე სამიზნეს თუ მიიხატავს, უნდა ელოდეს, რომ ადრე თუ გვიან ვინმეს ხელი წაუცდება და ისარს ესვრის.

ჩვენ ყველას გვჭირდება, დროდადრო რომ დაგვცინონ, მეტისმეტად სერიოზულად რომ არ ვუცქერდეთ საკუთარ თავს.

იცნობდე მებრძოლებს, რომლებიც უკან მოგყვებიან. და მათაც გააცანი შენი თავი. ნუ მოსთხოვ მათ, უცნობისთვის დადონ სიცოცხლე.

როდესაც თოვლი მიწას ფარავს და თეთრი ქარბუქი უბერავს, მარტოხელა მგელი კვდება. მაგრამ ხროვა გადარჩება ხოლმე. კინკლაობა ზაფხულში შეიძლება. ზამთარში ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ, გავათბოთ, ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ძალა გავუზიაროთ. ასე რომ, თუკი აუცილებელია, ვინმე გძულდეს, ისინი შეიძულე, ვინც მართლაც რაღაცას გვიშავებს.

უბრალო ხალხი ლოცულობს, რომ წვიმა მოვიდეს, ბავშვები ჯანმრთელად იყვნენ და ზაფხული არასოდეს დასრულდეს, მათ არაფერში ენაღვლებათ დიდებული ლორდების სატახტოთა თამაში, ოღონდ კი მათ დაანებონ თავი, მაგრამ თავს არასოდეს ანებებდნენ.

ჯოჯოხეთის ამბავი, ვინც დამწვარა, მარტო იმან იცის.

ომი გასართობი არ უნდა იყოს.

ყოველი ნატკენი გაკვეთილია, ხოლო ყოველი გაკვეთილი უკეთესს გხდის.

შიში ხმალზე ღრმად ჭრის.

ზოგი საიდუმლო ჯობს დაფარული იყოს, თუ ხიფათს არ ეძებ. ზოგი საიდუმლო მეტად საშიშია, მათაც კი ვერ გაუზიარებ, ვინც გიყვარს და ვისაც ენდობი.

სიყვარული მშვენიერი რამაა, მაგრამ ადამიანის ბუნებას ვერ ცვლის.

მეორე ნაწილი

ხშირად სისულელე და სასოწარკვეთა ძნელი გასარჩევი ხდება.

კალას რკინად ვერ აქცევ, რაც არ უნდა ჭედო და რაც არ უნდა მძიმე ურო ურტყა; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კალა უსარგებლო რამეა.

მეფე არასდროს უნდა იჯდეს განცხრომითო, ეთქვა ეაგონ დამპყრობელს, როდესაც თავისი მეირაღეებისთვის ებრძანებინა, მტრების მიერ მის ფერხთით დაწყობილი ხმლებით ტახტი დაემზადებინათ.

- ადექით, - უბრძანა ნედმა სოფლელებს. იგი არასოდეს ენდობოდა დაჩოქილი კაცის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, - ყველანი ადექით.

რკინის ტახტს დაუდევარი პატრონისთვის უამრავი მახე ჰქონდა გამზადებული. სიმღერებში ამბობდნენ, თითქოს მის დამზადებას ათასი ხმალი დასჭირდა; ბელერიონ შავი ძრწოლის სუნთქვამ თეთრად გაავარვარა ისინი, გაჭედვას ორმოცდაცხრამეტი დღე მოუნდა. ბოლოს რაც დამზადდა, ეს იყო - ალესილი პირებით, წვეტებით და ბასრი ლითონის ნამსხვრევებით შეთხზული ეს კუზიანი, შავი საშინელება; სკამი, რომელსაც შეეძლო, კაცი მოეკლა; და მოუკლავს კიდევაც, თუ ლეგენდებს დაეჯერებოდა.

ზოგი ღალატი ჩირქდება და სულს წამლავს.

როდესაც სატახტოთა თამაშში ერთვები, იმარჯვებ ან კვდები. შუა არ არსებობს.

უერთგულესი რაინდიც კი ვერ დაიცავს მეფეს საკუთარი თავისაგან.

რა მცირე განსხვავებაა გამარჯვებასა და მარცხს შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

ღამის ებურგის მებრძოლი სახელმწიფოსთვის ცხოვრობს. არა მეფისთვის, არა ლორდისთვის, არა ამა თუ იმ გვარის ღირსებისთვის, არც ოქროს, დიდებისა თუ ქალის სიყვარულისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის და მასში მცხოვრები ყველა ხალხისთვის. ღამის ებურგის მებრძოლი ცოლს არ ირთავს და ძეს არ შობს. ჩვენი ცოლი ვალია. ჩვენი ქალბატონი ღირსებაა და თქვენ ხართ ის ძენი, ვინც კი ოდესმე გვეყოლება.

ღამე წვება და აწ იწყება ჩემი გუშაგობა. ის სიკვდილამდე არ დასრულდება. არ შევირთავ ცოლს, არ ვეუფლები მამულს, არ ვშობ შვილებს. არ ვატარებ გვირგვინს და არ მოვიხვეჭ დიდებას. ჩემს საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდები. მე ვარ მახვილი წყვდიადში. კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ. ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ გაფანტავს, ნათელი, განთიადი რომ მოაქვს, საყვირი, მძინარეებს რომ აღვიძებს, ფარი, კაცთა სახელმწიფოებს რომ იცავს. ჩემს სიცოცხლესა და ღირსებას ღამის ებურგს ვუძღვნი, ამ ღამით და ყველა იმ ღამეშიც, აწი რომ დადგება.

ცქერა არ ნიშნავს ხედვას.

მხოლოდ ის გჭირდება, თვალები გაახილო. გული გვატყუებს და გონება ოინებს გვიწყობს, მაგრამ თვალები სიმართლეს ხედავს. თვალებით იცქირე. პირით გემო გაუსინჯე. ცხვირით დაყნოსე. კანით შეიგრძენი. მერე მოდის დაფიქრება, ამის შემდეგომ, და ამგვარად - სიმართლის ცოდნა.

კაცს, რომელსაც დამარცხების ეშინია, უკვე დამარცხებულია. შიში ხმალზე ღრმად ჭრის.

მებრძოლის სიქველე მისი სახელსი წინ დასმული „სერით“ არ განისაზღვრება.

კაცს, რომელსაც მოსმენა არ სურს, გაგონება არც შეუძლია.

სიცილი შიშს კლავს.

არცერთი ხმალი არ ჭრის, სანამ არ იწრთობა.

ყოველ ადამიანს თავისი როლი აქვს, ცხოვრებაშიც ისევე, როგორც წარმოდგენაში. ასეა მეფის კარზეც. მეფის სამართლის აღმსრულებელი შიშისმომგვრელი უნდა იყოს, ხაზინდარი - ხელმოჭერილი, ქეშიკების ლორდ-მეთაური - ჩაუქი... მოენეთუხუცესი კი ცბიერი და ქლესა უნდა იყოს და სინდისი არ უნდა ქენჯნიდეს. მამაცი მსტოვარი ისევე უსარგებლოა, როგორც მშიშარა რაინდი.

ზოგი სიმართლე არ გამოითქმის, ზოგი ტყუილი კი გარდაუვალი სათქმელია.

არც ერთ ბუშს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ მამის ხმალს იპყრობდა ხელში.

იარაღს საქმით ეცი პატივი და არა სიტყვებით.

სიყვარული ღირსების მტერია, მოვალეობის სიკვდილია.

განა რა არის ღირსება ქალის სიყვარულის გვერდით? რა არის ვალი შენს მკლავებში მწოლ პირმშოსთან შედარებით?.. ან ძმის ღიმილთან? ქარია და სიტყვები. ჩვენ ადამიანები ვართ და ღმერთებმა სიყვარულისთვის შეგვქმნეს. ეს ჩვენი უდიდესი ბრწყინვალება და უდიდესი ვაებაა.

როდესაც საშიში არაფერია, მხდალს შეუძლია, ნებისმიერ სხვასავით მამაცი იყოს. და ჩვენ ყველანი აღვასრულებთ ვალს, როდესაც ეს არაფრად გვიღირს. მაშინ რა იოლი ჩანს ღირსების ბილიკს მიყოლა! მაგრამ ადრე თუ გვიან ყოველი კაცის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც ეს იოლი აღარაა, დღე, როდესაც უნდა ავირჩიოთ.

კაცი, რომელიც მაგიის იმედადაა, მინის ხმლით იბრძვის.

კაცი ფილისათვის რომ იბრძვის, ის მხოლოდ თავისი ქისის ერთგულია.

შენს ძაღლს შეიძლება ძვლები უყარო მაგიდის ქვეშ, მაგრამ გვერდში კი არ მოისვამ საკარცხულით.

მშვიდობა ძვირფასი რამაა, მაგრამ რა ფასად? რა აზრი აქვს, ხმალი სახნისად გადაადნო, თუ მეორე დილით ისევ ხმლად გადაჭედვა მოგიწევს?

განა ძალიან შორია სიგიჟიდან სიბრძნემდე?

მხოლოდ სიკვდილით შეიძლება სიცოცხლის საფასურის გადახდა.

ამავე თემაზე: ჯორჯ რ.რ. მარტინი - მეფეთა ჯახი
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმაშვილმა
გამომცემლობა „არეტე“, 2012წ. 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში