ჯორჯ რ.რ. მარტინი - მეფეთა ჯახი
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
პირველი ნაწილი
რამდენად წამხდარიყო, თუკი თავი ცრურწმენებით გამოვსებოდა უბირი გლეხის დარად?
პირქუშ ადგილებს გახალისება სჭირდება და არა სიდარბაისლე.
ბოლო-ბოლო, სიტყვები ქარია და მეტი არაფერი.
ღმერთები, უკეთეს შემთხვევაში, არასაიმედო მოკავშირენი არიან.
გვირგვინი საოცარ რამეებს უშვება მათ ქვეშ მოქცეულ თავებს.
გეგმები ხილს ჰგავს, მომწიფება სჭირდება.
შუა ომის დროსაც კი დაცული უნდა იყოს გარკვეული წესიერება.
უფრო მეტი სიმამაცე ისაა, კაცი ცოცხალი დატოვო, სირცხვილის ჩამორეცხვის და თავისი ყურის უკან დაბრუნების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.
კაცი ბნელ დილეგში თვითონ არ ირჩევს ამხანაგებს.
ბრძოლის წინადღეს ზოგს კახპები სჭირდება, ზოგს - ღმერთები.
ზოგი კაცი ხმალივითაა: უქმად თუ დაკიდე, ჟანგი ედება.
ძველი სიყვარული და ერთგულება იოლი დასავიწყებელი არაა, რამდენი ფიციც არ უნდა დაიდოს...
ომის პირველი წესი ჩემთვის ესაა, არასოდეს აუსრულო მტერს სურვილი.
ძალაუფლება იქ ბუდობს, სადაც ხალხს მიაჩნია, რომ ბუდობს. არც მეტი, არც ნაკლები.
მძიმე ადგილები უდრეკ ადამიანებს შობს, უდრეკი ადამიანები კი სამყაროს მართავენ.
ბებერმა ლორდებმა ასე იციან. თავიანთი ძველი, მტვრიანი შუღლები საფლავში ჩააქვთ, არაფერს ივიწყებენ და კიდევ უფრო ნაკლებს პატიობენ.
საუკეთესო ტყუილები სწორედაც რომ სიმართლის ნამცეცებს უნდა შეიცავდეს, დამაჯერებელი რომ იყოს.
უცოდველს ვინც ჰგავს, ალბათ იმათ უნდა ვერიდოთ.
ადამიანები იმას ხედავენ, რის დანახვასაც მოელიან.
ხვალინდელ დღეზე რომ ვლაპარაკობთ, დანამდვილებით არაფერი ვიცით.
გულუხვობის გამომჟღავნება ზედმეტი არასოდესაა.
განა მოიძებნება ამქვეყნად უშნო ქალზე უფრო უბედური არსება?
ჯუჯა თუ ხარ, ღირსებაზე ისედაც ძნელად მიგიწვდება ხელი.
ბევრი რამ არის ისეთი, რის გაგებაც არ შეგვიძლია. ასობით და ათასობით წელია ჩავლილი, ერთი კაცი კი რას ხედავს ცხოვრებაში - რამდენიმე ზაფხულის, რამდენიმე ზამთრის მეტს? მთებს შევცქერით და მყარად დგანანო, ვამბობთ, და თითქოს მართლაც ასეა... მაგრამ დროთა განმავლობაში მთები მაღლდებიან და იშლებიან, მდინარეები მიმართულებას იცვლიან, ციდან ვარსკვლავები ცვივა, ვრცელი ქალაქები ზღვაში იძირება. ღმერთებიც კი კვდებიან, სავარაუდოდ. ყველაფერი იცვლება.
საქმე ის კი არაა, რას ვაკეთებთ, არამედ ის, თუ რად გაკეთებთ.
მეფეებს მეგობრები არ ჰყავთ, მხოლოდ ქვეშევრდომები და მტრები.
მეორე ნაწილი
ჯადოქრობა ის საწებელია, ბრიყვები თავიანთ მარცხს რომ მოასხამენ ხოლმე, საკუთარი უმაქნისობა რომ დამალონ.
ერთი ბრძოლა ომი არაა.
ღმერთების სახეებს დააკვირდა. მამა წვერიანი იყო, როგორც ყოველთვის. დედა იღიმებოდა, მოყვარული, მფარველი. მეომრის სახის ქვეშ ხმალი იყო გამოსახული, მჭედლის სახესთან - ურო. ქალწული მშვენიერი იყო, დედაბერი - დამჭკნარი და ბრძენი. მეშვიდე სახე კი... უცხო არც ქალი იყო, არც კაცი; მუდმივი დევნილი, შორეული ქვეყნებიდან მოსული ყარიბი, ადამიანზე მდაბალიც და აღმატებულიც, უცნობი და შეუცნობელი. აქ მისი სახე შავ ოვალად იყო გამოსახული, ჩრდილად, რომელსაც თვალებად ვარსკვლავები ესხა. [...] „შვიდთგან ყოველი განასახიერებს შვიდივეს“, დედაბერიც ქალწულივით მშვენიერია და დედა შეიძლება მეომარივით მძვინვარე გახდეს, როდესაც მის შვილებს საფრთხე დაემუქრება.
სისხლის აღრევა საზარელი ცოდვა იყო ძველი თუ ახალი ღმერთების წინაშე და ამგვარი სიბილწის შვილები სეპტში და საღვთო ტყეებში ერთნაირად სძაგდათ. დრაკონი მეფეები აქორწინებდნენ და-ძმას, მაგრამ ისინი ძველი ვალირიის შთამომავლები იყვნენ და, თავიანთი დრაკონების დარად, არც თვითონ აგებდნენ პასუხს ადამიანთა თუ ღმერთების წინაშე.
მოღერებული ხმლის ქვეშ დადებული ფიცი არ ითვლება.
როდესმე თუ დაფიქრებულხარ, კითხვები ხშირად ერთნაირი რომაა, პასუხი კი - არასოდეს?
მეფე რომ კვდება, წარმოსახვაბნელში ამოზრდილი სოკოებივით მრავლდება.
გავბედავ და ვიტყვი, დარწუნდებოდი, რომ ლორდი ქათამზე უფრო იოლი საყიდელია. რასაკვირველია, ლორდები ქათმებზე უფრო ამაყად კაკანებენ და შეურაცხყოფად ჩაგითვლიან, ვაჭარივით მონეტას თუ გაუწვდი, მაგრამ ძღვენის მიღებაზე იშვიათად არიან უარს... პატივი, მამულები, ციხესიმაგრეები...
ცოცხლებმა უნდა გაიღიმონ, იმიტომ, რომ მკვდრებს ეგ აღარ შეუძლიათ.
ზოგი კაცი იმისთვის იბადება, რომ მოკლა.
რკინის კუნძულებზე თავის საკუთარ გემზე ყველა კაპიტანი მეფე იყო.
ნაკლები მეომარი მეტ დიდებას ნიშნავს.
როცა ცდილობ შენ დაღუპულებს მიწაში ჩაჰყვე, ამით ვერავის ვეღარ ემსახურები.
ღმერთებს ადამიანები არაფერში ენაღვლებათ, ისევე, როგორც მეფეებს არ ენაღვლებათ გლეხები.
იბრძოლე... მაგრამ ცოცხლებისთვის და არა მკვდრისთვის.
ღორმუცელებს, როგორც წესი, სიხარბე გამოარჩევთ, მაგისტრებს კი - მზაკვრობა.
გახლეჩილ სახელმწიფოს ისე სწრაფად არაფერი ამთლიანებს, როგორც მათ მიწაზე შეჭრილი ჯარი.
ცეცხლი თუ მეტისმეტად დიდია, ქოთანში ერთი მუჭა ქიშმიშის ჩაყრით პუდინგს მიწვისგან ვერ გადაარჩენ.
პური მოგვე, ნაბიჭვარო - თვალის დახამხამებაში ათასობით ხმა აჰყვა ერთმანეთს მწყობრ გუგუნში. მეფე ჯოფრი, მეფე რობი და მეფე სტანისი ყველას გადაავიწყდა, მხოლოდ მეფე პურიღა მბრძანებლობდა, - პუ-რი! - გაიძხოდნენ, - პუ-რი! პუ-რი!
მოშიმშილე ხალხისთვის ძნელი სანახავი უნდა იყვნენ მღვდლები, სიმსუქნით ნაბიჯს რომ ვერ დგამენ.
კარგი საქციელი ცუდს არ ჩამორეცხს, ისევე, როგორც ცუდი არ ჩამორეცხს კარგს. ყველაფერს სათანადოდ უნდა მიეზღოს.
ზოგ კაცს ყველაფერი სჯერა, ზოგს კი - არაფერი.
ზოგი ნათელი ორ ჩრდილზე მეტს აჩენს. ღამის ცეცხლთან დადექი და თვითონვე ნახავ. ალი ცახცახებს და ცეკვავს, არასოდეს ჩერდება. ჩრდილები გრძლედება და მოკლდება, და ყოველ კაცს ათზე მეტი ჩრდილი ახლავს. ზოგი სხვებზე მკრთალია, ესაა და ეს.
თუ ნახევარი ხახვი დალპება და გაშავდება, ის დამპალი ხახვია. ადამიანი კეთილია ან ბოროტი.
წყვდიადში ჩრდილი არ არსებობს. ჩრდილები ნათლის მსახურები არიან, ცეცხლის შვილები. რაც უფრო კაშკაშაა ალი, მით უფრო ბნელ ჩრდილს აჩენს.
ყმაწვილ რაინდებს ხომ თავი ყოველთვის უძლეველი ჰგონიათ.
კახპა სწავლობს, კაცს ხედავდეს, და არა მის ტანსაცმელს, თუ არადა, ხეივანში მკვდარს პოულობენ.
არსებობს საიდუმლო, რომელზეც არასოდეს უნდა ილაპარაკო, სირცხვილი, რომელიც კაცმა სამარეში უნდა ჩაიყოლოს.
ხშირად ხალხის წერილების შიგთავსი მათი ქისების შიგთავსზე უფრო ღირებულია.
ლოდინს ომი სჯობს, როცა იბრძვი, თავს უმწეოდ არ გრძნობ. ხმალი გაქვს და ცხენი, ხან - ტაბარი. შეაბჯრული თუ ხარ, ძნელია შენი დაშავება.
კაცისთვის ყველაფერს ერთი პასუხი აქვს და ეს პასუხი არასოდეს დევს უახლოეს ხმალზე უფრო შორს. ქალისთვის, დედისთვის პასუხამდე უფრო ქვიანი, უფრო ძნელად საცოდინო გზა იდო.
ეაგონია აღთქმული პრინცი და ყინულისა და ცეცხლის სიმღერა მისია.
ამხანაგების თვალში მშიშრად გამოჩენა არავის მოსწონს, ამიტომ თავიდანვე საკმაოდ მამაცურად იომებენ, დასაწყისში, ბუკები რომ ჭექს და დროშები იშლება. მაგრამ თუ ბრძოლა გაცხარდა, შედრკებიან, თანაც მწარედ. პირველ კაცს, შუბს რომ დააგდებს და გაიქცევა, ათასობით მიჰყვება კუდში.
ღმერთები ცალი ხელით გართმევენ, მეორეთი კი გაძლევენ.
ლორდმა ბოლტონმა იცოდა თქმა, შიშველ კაცს ცოტა საიდუმლო აქვს, გატყავებულს კი - არც ერთიო.
ძველი წესები ძნელად კვდება.
წყეული მახეა ეგ შენი გულმოწყალება. ზედმეტი გაქვს და სუსტს შეგარქმევენ, ნაკლები გაქვს და - დაუნდობელს.
რა აზრი აქვს სამეფოს დაპყრობას, მისი შენარჩუნება თუ არ შეგიძლია? ძალა და შიში მხოლოდ რაღაც დრომდე გაგიტანენ.
ჯობია, ეშინოდეთ შენი, ვიდრე დაგცინოდნენ.
მთა შენი დედაა, მოეჭიდე, სახე მის მკერდში ჩარგე, და ის არ გადაგაგდებს.
ახლა, მასხარა რომ ვარ, ისეთი რაღაცები მესმის, რასაც რაინდად ყოფნისას არავინ გამაგონებდა.
კლეგეინმა ისევ გაიცინა, - მამაშენი გატყუებდა. მოკვლაზე უფრო საამო ამქვეყნად არაფერია, - მან ორლესული იშიშვლა, - აი, ერთადერთი სიმართლე. შენმა ძვირფასმა მამამ ეს ბეილორის კიბეზე გაიგო. ვინტერფელის ლორდი, მეფის მარჯვენა, ჩრდილოეთის მცველი, მძლეთამძლე ედარდ სტარკი, რვა ათასი წლის სიძველის გვარის ჩამომავალი... მაგრამ ილინ პეინის ხმალი კისერი მაინც გაუჭრა, ასე არაა? გახსოვს, როგორ იცეკვა, მხრებიდან თავი რომ დაუგორდა?
ძველი გვარის ჩამომავალი დიდებული ლორდები, ხავერდებში გამოხვეული სქელი მდიდრები, იმ თავიანთი ღირსებით ბუშტებივით გაფუყული რაინდები, დიახ, და ქალები და ბავშვებიც - ისინი ყველა ხორცია.
ღმერთები თუ არსებობენ, მათ შექმნეს ცხვრები, მგლების საჭმელი რომ ჰქონოდათ, და შექმნეს სუსტები ძლიერების გასართობად.
კლეგეინმა ჩაიფრუტუნა. - არ არსებობენ ნამდვილი რაინდები, და არც ღმერთები არსებობენ. თუ შენი თავის დაცვა თვითონ არ შეგიძლია, მოკვდი და გზა მიეცი იმათ, ვისაც შეუძლიათ. ბასრი ფოლადი და ძლიერი მკლავი მართავს ქვეყნიერებას, სხვანაირად არ გეგონოს.
ღმერთები არსებობენ, უთხრა სანსამ თავისთავს, და ნამდვილი რაინდებიც. შეუძლებელია, მათზე ყველა ამბავი ტყუოდეს.
სიყვარული საწამლავია. ტკბილი საწამლავია, დიახ, მარამ მოკვლით მაინც მოგკლავს.
ველურები ჩვენსავით მამაცები არიან, ჯონ. ისევე ძლიერები, ისეთივე სწრაფები, ისეთივე გამჭრიახები. მაგრამ წესი და რიგი აკლიათ. თავისთავს თავისუფალ ხალხს ეძახიან და ყოველი მათგანი თავს მეფის სწორად და მაისტერივით ბრძენად მიიჩნევს.
მწყობრ ბრძოლაში სიმამაცეზე მეტად დისციპლინა ფასობს.
ჯარისკაცები უფრო შეუპოვრად იბრძვიან იმ მეფისთვის, ვინც მათთან ერთად იგდებს თავს საფრთხეში, ვიდრე იმისთვის, რომელიც დედის კალთებს ეფარება.
- იცი ვარისი რატომაა ასე საშიში?
- გამოცანობანას მეთამაშები? არა.
- ჭუჭუ არ აქვს.
- არც შენ გაქვს. სწორედ ეს ხომ არ გწყვეტს გულს, სერსეი?
- შეიძლება, მეც საშიში ვარ. აი, შენ კი ისეთივე უკიდეგანო სულელი ხარ, როგორც ნებისმიერი სხვა კაცი. შენ ნაცვლად სანახევროდ ეგ ჭიაყელა ფიქრობს, ფეხებს შორის რომ გაქვს.
ომშიო, უთხრა ერთხელ მამამისმა ტირიონს, ბრძოლა იმ წამს მთავრდება, როცა რომელიმე ჯარი შებრუნდება და გაიქცევაო. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ისინი იმდენივე არიან, რამდენიც წამის წინ, რომ ჯერაც აბჯარ-იარაღი აქვთ ასხმული; თუ ერთხელ ზურგი გიჩვენეს, საბრძოლველად აღარასოდეს შემობრუნდებიან.
საიდუმლოს გულში თუ შეინახავ, ასე სიმართლე აღარ იქნება? თუ არავის ეტყვი, არასოდეს ილაპარაკებ ამაზე, მაშინ სიზმრად იქცევა? სიზმარზეც ნაკლებად, ღამის კოშმარის ბუნდოვან ხსოვნად? ოჰ, ნეტავ კი ღმერთები ასე კეთილები იყვნენ.
ადამიანები იბრალებენ, რომ სიმართლე სწყურიათ, მაგრამ, რომ მიართმევ, მერე გემოს იშვიათად ატანენ ხოლმე.
რამდენი ფიცია... სულ გადებინებენ, გადებინებენ ამ ფიცებს. მეფე დაიცავი, მეფეს დაემორჩილე. მისი საიდუმლოებები არ გაამხილო. მისი ბრძანება შეასრულე. გასწირე სიცოცხლე მისთვის. მაგარმ, დაემორჩილე მამას. გიყვარდეს შენი და. დაიცავი უმანკოები. დაიფარე სუსტები. პატივი მიაგე ღმერთებს. დაემორჩილე კანონებს. რამდენია! რასაც არ უნდა აკეთებდე, რომელიმე ფიცს მაინც გატეხ.
ერთგული ქირით მებრძოლი ქალწულ კახპაზე უფრო იშვიათია.
ქალს მხოლოდ ცრემლები როდი აქვს იარაღად. კიდევ ერთი მოგეპოვება, ფეხებს შორის, და აჯობებს, მაგის მოხმარება ისწავლო. აი, ნახავ, კაცები არ ერიდებიან ხმლების ქნევას - ორივენაირი ხმლების.
ერთადერთი გზა, შენი ხალხის ერთგულება შეინარჩუნო, ისაა, რომ შენი მტერზე მეტად ეშინოდეთ.
ბრძოლის ჟინი. როგორ ბუნდოვანდება და ნელდება დრო, ჩერდება კიდევაც; როგორ იფანტება წარსული და მომავალი და მხოლოდ წუთი, მყისიერი აწმყო რჩება; როგორ ქრება შიში, ქრება ფიქრი, სხეულიც კი გიქრება. „მაშინ ჭრილობებს ვეღარ გრძნობ, ვეღარც მძიმე აბჯრის ზიდვით ატკივებულ წელს, ან თვალებში ჩამოდენილ ოფლს. აღარ გრძნობ, აღარც ფიქრობ, საერთოდ, შენ შენ აღარ ხარ, რჩება მხოლოდ ბრძოლა, მტერი, ეს კაცი, მერე შემდეგი, იმის შემდეგი და შემდეგი, და იცი, რომ მათ ეშინიათ, დაიღალნენ, შენ კი არა, შენ ცოცხალი ხარ, გარშემო სიკვდილი გახვევია, მაგრამ მათი ხმლები ისე ნელა იძვრიან, რომ შეგიძლია, სიცილით იცეკვო მათ შორის“. ბრძოლის ჟინი.
- რა არის ყინულის და ცეცხლის სიმღერა?
- ეგეთი სიმღერის შესახებ არაფერი მსმენია.
საზარელი დროება საზარელ ადამიანებს ამრავლებს.
როდესაც თოვლი მიწას ფარავს და თეთრი ქარბუქი უბერავს, მარტოხელა მგელი კვდება. მაგრამ ხროვა გადარჩება ხოლმე.
უნდა მიმხვდარიყავი, რომ არავინ ვიღებთ იმას, რაც გვინდა.
ამბობენ, რკინის ტახტი საშიშია მათთვის, ვისაც მასზე ჯდომა არ ეკუთვნისო.
სისხლს მხოლოდ სისხლი ჩამობანს.
რაინდებმა შეიძლება სხვა რაინდებთან შეასრულონ ზავის პირობები, მაგრამ ღირსებას დიდად არ დაგიდევენ, როდესაც, თავიანთი აზრით, მოღალატესთან იჭერენ საქმეს.
ისე მორცხვია, როგორც ქალწული ქორწინების ღამეს, და ლამის მასავით მშვენიერი. კაცს ზოგჯერ გავიწყდება, რა ლამაზი შეიძლება იყოს ცეცხლი.
ღამე წვება და აწ იწყება ჩემი გუშაგობა. ის სიკვდილამდე არ დასრულდება. არ შევირთავ ცოლს, არ ვეუფლები მამულს, არ ვშობ შვილებს. არ ვატარებ გვირგვინს და არ მოვიხვეჭ დიდებას. ჩემს საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდები. მე ვარ მახვილი წყვდიადში. კედელზე შემდგარი გუშაგი ვარ. ცეცხლი ვარ, სიცივეს რომ გაფანტავს, ნათელი, განთიადი რომ მოაქვს, საყვირი, მძინარეებს რომ აღვიძებს, ფარი, კაცთა სახელმწიფოებს რომ იცავს. ჩემს სიცოცხლესა და ღირსებას ღამის ებურგს ვუძღვნი, ამ ღამით და ყველა იმ ღამეშიც, აწი რომ დადგება.
- ჩვენს ღირსებას ჩვენს სიცოცხლეზე მეტი ფასი როდი აქვს, თუ მას სახელმწიფოს უსაფრთხოება ითხოვს. ხარ თუ არა ღამის ებურგის მებრძოლი?
- კი, მაგრამ...
- „მაგრამ“ არ არსებობს, ჯონ სნოუ. ხარ, ან არ ხარ.
ამავე თემაზე: ჯორჯ რ.რ. მარტინი - სატახტოთა თამაშები
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმაშვილმა
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმაშვილმა
გამომცემლობა „არეტე“, 2014წ.