მიხელ ჯავახიშვილის ჩანაწერები - კვაჭი კვაჭანტირაძის შესახებ

1924

სტამბოლში უშვილო კვაჭიმ კაცი მოკლა, ჩამოიტანა. ქალებს აორსულებს - ექიმს შეუთანხმდა და დამარხა, სიტყვა უთხრა.

კვაჭი ბათომში ჩავიდა. თითქო დააპატიმრეს. თავი სამხ. მინისტრად გაასაღა.

კვაჭის დაემატოს, როცა იცნეს ივანი საქონელი შესთავაზეს და არწმუნებდნენ კომუნიზმი საუკეთესო წესიაო.

კვაჭიმ უთხრა კომ-სტს: მე დიდი ხანია კომ. ვარ, ციხეში ვიჯექი და სხ.

ხუხუნაიშვილის ისტორია მოვიკითხო „მწყემსში“ კვაჭისთვის.

უკბილო, ქაჩალი და ბრუტიანი ისტორიის ნაფურთხი იყო. კვაჭი. პეტერბურგმა მალე დაივიწყა იგი.

როგორა ხარ კვაჭი? ძაღლურად.

კვაჭიმ ადრევე შეუთვალა ჟორდანიას ორიენტაციის შესახებ.

კვაჭის ახალი მასალა ეკითხოს ექ. ბარნაბიშვილს.

1925

კვაჭი „პუშკინზე“: „პუშკინის გულიზა ორჯელ დავრჩი გიმნაზიაში, ეხლა კი ისევ „პუშკინზე“ ვიღუპებიო“. მეორე ეუბნება: „ის დალოცვილი არც მე მიყვარდა“.

1926

„კვაჭისთვის“ კარგი მასალა ლელი ჯაფარიძესგან ვ. დუმბაძის ცხოვრებიდან.

კვაჭიმ „ქეიგიქნა“.

1926-7

კვაჭისთვის სახიფათო ქაღალდი დევს უუზარმაზარ დაწესებულებაში. საჭიროა მოსპობა. მოსყიდვა რომ ვერ მოახერხა, შენობა დასწვა.

1927

„კვაჭი“. მდივანი ქალი. კვაჭი მაშინვე გაუარშიყდება. კოცნა. საჩუქარი. ბეჭედი. პორტფელს ორჯერ დასტოვებს. მერე ქალი მიუტანს.

კვაჭი ჩამოდის დეკლარაციებით და ყალბი მანდატატესტატებით დატვირთული.

X „კვაჭი“ - არც წითელი ვარ, არც ყვითელი, არამედ ნარევი, წითელ-ყვითელი... ფორთოხალი, ფორთოხალი!

„კვაჭის“ მეგობარი ნახევარი საათის შემდეგ წამოიყვირებს ხოლმე „გავიგე, გავიგე!“ მანამდის კი ფიქრობს, რა მითხრესო. ჭრიაშვილია.

„კვაჭი“. ზნეობრიობას ქადაგებს, კრავის ვერძში ეხვევა.

„კვაჭი“ - საქმეს გაიმასქნება... მოკვაჭება... გაკვაჭებული... კვაჭური.

„კვაჭის“ დასასრული: ხელისუფალი შემოდის: - კვაჭი. კვაჭიძე! (კვაჭი ერთ კარებს ეცემა. ჩეკისტი დაუხვდება. მეორეშიც ფანჯარას გააღებს. იქაც დაუხვდება. - კვაჭი კვაჭანტირაძე რომელი ხარ? - რამდენჯერმე ეკითხება. - რომელი, პირველი ნომერი თუ მეორე? - პირველი. - აი ეს არის. ამან გამკვაჭა. (კიდევ დიალოგი) - მე ვარ, წამიყვანეთ, მაგრამ ფრთხილად, სამნი არ მეყოფით. (ხელისუფალი კიდევ, ეძახის) არც ოთხი მეყოფა. გაგექცევით. ფრთხილად (კიდევ შემოდიან) ხუთი... ექვსი... ათი... - იარაღი ამოიღეთ, თორემ... აგრე. ეხლა შემომეხვიეთ რკინის ქამარივით... აგრე. ეხლა წამომყევით... (წითელ დირექტორს) ნახვამდის, ამხანაგო! - მშვიდობით. - ნახვამდის მეთქი! - გეუბნები, მშვიდობით მეთქი... დამიჯერე. ნახვამდის მეთქი, თორემ გამოვალ და შერცხვებით. - კარგი, აგრე იყოს, ნახვამდის. - აგრე; აბა წავიდეთ. ნაბიჯიით! ერთი, ორი, ერთი ორი! ერთი ორი!

„კვაჭი“. დღეს - იხ. Воронскии лит. Записи. წერილი „Пролазы подхалимы“

1929/30

კვაჭი დროგამოშვებით ნანობს თავის უზნეობას. ფიცულობს, ხელს ავიღებო. „ხვალიდან ვათავებ“. მაგრამ მეორე დღიდან ფიცს სტეხავს. ბუნება მუდამ სჯობნის მის შეგნებას და ნებისყოფას. „ერთხელ კიდევ გავაიმასქნებ და მერე ...“

„კვაჭი“. სტრადივარიუსის ვიოლინო გამოეკითხოს კუკური პატარიძეს.

„კვაჭი“ ქლესაობა გაძლიერდეს.

1930/31

მეუბნებიან, ჩვენ კვაჭები აღარა გვყავსო. ეს მართალია, რადგან უდაბნოში კვაჭს რა უნდა! სამაგიეროდ თუმნიანი კვაჭიკო ათიათასობით მოიპოვება. დიდი კვაჭები კი სულ სხვა ბანაკში უნდა ვეძებოთ (პოლიტკვაჭები).

1935

„კვაჭი“ ნორმალურ პირობებში ვერ მუშაობს.

„კვაჭი“. იხ. ცვეიგის Три певца своеи жизни - Казанова, გვ 55 და 16.

„კვაჭი“. სარკის წინ ორატორობაში ვარჯიშობს.

კვაჭი ამბობდა: ეს ოხერი ხელი ვერ მაქვს დამაგრებული. ხან ბანკის კასაში ჩაძვრება, ხან ხაზინაში, ხან ვაჭრის ჯიბეში. ტვინიც ვერ მოვმართე სხვანაირად: სულ კომბინაციებზე ფიქრობს.

კვაჭიმ მოინდომა ცოლის შერთვა განცხადებით. Son elons! დიდი ქება. განცხადებაში სხვისი მისამართი ჩაწერა. ვთქვათ ნ-ისა. ცნობის მიღება იქ შეიძლებაო. ახალი გვარი მოიგონა. პასპორტიც ყალბი იშოვა. კარგი ბინა იშოვა. ვითომ თვითონ წავიდა. ნამდვილად დარჩა თავის გვარით. ნ-ის ნამდვილად უცხოეთში იყო წასული ტფილისიდან. მსურველნი გამოჩნდნენ. სინჯავენ, რიგდებიან. სადეპ. საკრებულოსთან მიწერ-მოწერა იწყება. გენელოგია და ყველაფერი. საბუთები აქედან მიიღო დეპუტ. საკრებულოდან. თხოულობენ კაცის ჩვენებას. ლამაზი, ახალგაზრდა ამხანაგი აჩვენა იმ თავადის მაგივრად. მან სამაგიეროდ ქალის ნახვა მოინდომა. ისე მიჰყავს საქმე, ვითომ თავადმა არაფერი იცის. ქალიც ნახა. მორიგდნენ. შეირთო. მოიგო.

კვაჭი ვაჭრობაში (დავ. ქებაძე) საყვარელს თავი დაანება. ქალმა ქერზაფი შეასხა. სამართალში ქალი გაამტყუნა. ყალბი მოწმეებით.

კვაჭიმ არშიყობა დაუწყო ხნიერ ფრეილინას. საინტერესო მომენტი ფოტოგრაფიით გადაიღო და შანტაჟისტობდა. სანამ ქალი არ გააკოტრა.

პიანინო ჰქონდა კვაჭის. ბიძას მიჰყიდა, ფული გამოართვა. ვითომ თვითონვე გაუგზავნა, ყალბი რკ. გზის საბუთი მისცა და გაისტუმრა. ეს ხელობად გადააქცია.

კვაჭის ვინმესთან ჩხუბი მოუვიდა. ერთმანეთს ყალბი მისამართები მისცეს. მის მაგიერ ტეტიამ იპოვნა ის კაცი და სცემა შეურაცხყოფისთვის ქართელებისა.

კვაჭიმ საყვარელს თავის ბინაზე ბრილიანტები მიატანინა. პატრონი და ქალი იცდიან. ქალს უცებ დაუძახებენ. იქვე მუშები მუშაობენ. ქალმა ვითომ მუშისგან განჯინაში დამალა. თან პატრონს თვალი უყო. გავიდა. მეორე კედლიდან გამოიღეს და წავიდნენ.

კვაჭის რამდენიმე ფეხი აქვს: ერთი სოციალ-ში უდგას, მეორე - მთავრობაში, მესამე - ვაჭრ-ბაში, მეოთხე - ეშმაკებში, მეხუთე - დედაკაცებში. ან ერთნი გაიტანენ ან მეორენი, ჯერ ყველას გააქვთ.

კვაჭიმ გემზე გაცნობილ ებრაელ ქალს „უშველა“. ჟანდარმებთან იგი გამოიყენა, მისი ქმარი ჩამოხრჩობას გადაარჩინა, ფული აიღო, მერე ქმარი რომ გაგზავნეს, მისი ხარჯით ყირიმში წავიდა მასთან ერთად.

კვაჭი ამბობს: რაც კარგი უთქვამთ ჩემზე სულ მოჭორილია, რაც ავი უთქვამთ - მართალია, ბევრიც დაუმალავთ.

კვაჭი ისე მისდევდა ლამაზ ქალებს, როგორც მგელი ცხვრის დუმას.

კვაჭიმ მარჯვენა და მარცხენა ჩექმა იშოვა ორი მეჩექმისგან.

კვაჭი „ჩისტად“ გამოვიდა.

კვაჭიმ პეტ-ში შეუკვეთა 25 000-ის ბრილიანტები. იმავე ხნისთვის შეუკვეთა 25 000 კრენდელი. ბუბლიკი. ბრილიანტები წამოიღო, წამოიყვანა ნოქარი. შევიდნენ საკონდიტროში. უთხრა: მზათ არის? დიაღ. მიეცით დაწავიდა.

კვაჭი შეხვდება შალვა ქართველიშვილს, პ. ქავთარაძეს, გედევანიშვილს.

მიხეილ ჯავახიშვილი - ჩანაწერები უბის წიგნაკებიდან
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2011წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში