ფიოდორ დოსტოევსკი - ძმები კარამაზოვები
ანა გრიგორევნა დოსტოევსკაიას
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება; ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს. (სახარება იოანესი, თავი XII, 24)
უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები, ბოროტი ადამიანებიც კი, გაცილებით მიამიტები და გულუბრყვილოები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუმცა, ჩვენც ასეთები ვართ, ალბათ.
ფიოდორ პავლოვიჩი ხომ მთელი თავისი ცხოვრება ვიღაცას თამაშობდა, - უცებ გაითამაშებდა ხოლმე რაიმე მოულოდნელ სახეს და, რაც მთავარია, ეს მას სრულიად არ სჭირდებოდა, პირიქით, მისთვის შეიძლებოდა ზიანიც მიეყენებინა. თუმცა ასეთი თვისება საკმაოდ ბევრ ადამიანს და, მათ შორის, საკმაოდ ჭკვიანებსაც ახასიათებთ.
რეალისტს სასწაული არასოდეს აბნევს. სასწაულს არ მიჰყავს რეალისტი რწმენამდე. ჭეშმარიტი რეალისტი, თუკი ის ურწმუნოა, ყოველთვის იპოვის საკუთარ თავში ძალასა და უნარს, არ დაიჯეროს სასწაული, თუნდაც სასწაული მისთვის უცილობელ ფაქტად იქცეს. ამ შემთხვევაში იგი არ დაუჯერებს საკუთარ გრძნობებს, ვიდრე შესაძლებლად მიიჩნევს ფაქტის არსებობას. თუკი ის აღიარებს ფაქტს, მაშინ შესაძლებლად მიიჩნევს ამ ფაქტის ბუნებრიობას, რომელიც მისთვის აქამდე უცნობი იყო. რეალისტში რწმენა სასწაულისგან კი არ ჩნდება, არამედ სასწაული ჩნდება რწმენისაგან. თუკი რეალისტი ერთხელ ირწმუნებს, მაშინ მან თავისი რეალისტობის გამო აუცილებლად უნდა დაუშვას სასწაული.
მსხვერპლად გაიღო შენი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდობის ხუთი-ექვსი წელი მძიმე და რთული მეცნიერების შესასწავლად, რათა გააათმაგო შენი ძალისხმევა იმავე სიმართლის სამსახურში, რომლისთვისაც მოინდომე თავდადება. ასეთი მსხვერპლის გაღება, ჩვეულებრივ, ბევრ ახალგაზრდას არ ხელეწიფება.
ბერობამ თანდათანობით რუსეთის მონასტრებშიც მოიკიდა ფეხი. ისიც მართალია, რომ ადამიანის მონობიდან განთავისუფლებისა და ზნეობრივი სრულყოფის ეს ათასწლიანი გამოცდილი იარაღი, შესაძლოა, ორლესულ იარაღადაც იქცეს, რადგან ზოგიერთი, თავმდაბლობისა და სათნოების მაგივრად, შეიძლება მიიყვანოს სატანურ ამპარტავნობამდე, მაშასადამე, ბორკილებამდე და მონობამდე.
ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ერთ გავლენიან პირს ვეუბნები: „თქვენი მეუღლე პატივცემული ქალია“, მან არც აცივა და არც აცხელა და მკითხა: „თქვენ რა, მისთვის პატივი გიციათ?“ თავი ვერ შევიკავე, ვიფიქრე, თავაზიანად ვუპასუხებ-მეთქი: „დიახაც, ერთი-ორჯერ მეც ვეცი პატივი, ბატონო ჩემო“, - პასუხად მან კარგა გვარიანი პატივი მცა. ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა და ახლა არცა მრცხვენია მისი მოყოლა; ყოველთვის ასე ვავნებ ხოლმე საკუთარ თავს!
ნუ შეგრცხვებათ საკუთარი თავის, რამეთუ ყოველივეს სათავე ეგ არის.
მთავარია, საკუთარ თავს ნუ ატყუებთ. ვინც თავს იტყუებს და საკუთარი ტყუილების სჯერა, იქამდე მიდის, რომ სიმართლეს, ვერც საკუთარს და ვერც სხვისას, ვერ არჩევს, ამიტომ უპატივცემულობა უვითარდება როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. როცა კაცი პატივს არავის სცემს და აღარავინ უყვარს, რაღაცით თავი რომ დაისაქმოს ან გაერთოს, უნდა აჰყვეს ვნებებს, ხელი მიჰყოს გარყვნილებას და ნამდვილ ცხოველად იქცეს. ყოველივე ეს კი შედეგია გაუთავებელი სიცრუის როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ვინც თავს იტყუებს, ის ყველაზე ადრე განაწყენდება ხოლმე. ხანდახან ხომ ძალზე სასიამოვნოა განაწყენებულად ყოფნა, ასე არ არის? ხანდახან იცის კაცმა, მისთვის რომ არავის უწყენინებია, თავად მოიგონა თავისი წყენა, იცრუა სილამაზისთვის, გააზვიადა, რომ სურათი დაეხატა, სიტყვას გამოეკიდა და ნამცეცი ზვავად აქცია, - ყველაფერი ეს მან კარგად იცის და მაინც ყველაზე ადრე თავად განაწყენდება ხოლმე და ეს განაწყენება სიამოვნებს, დიდ კმაყოფილებას ანიჭებს, ყოველივე ეს კი შემდგომში ჭეშმარიტ მტრობაში გადაეზრდება...
უბრალო ადამიანებს დიდი მწუხარება გააჩნიათ, რომელსაც ისინი მდუმარედ, დიდი მოთმინებით იტანენ, ჩუმად, საკუთარ თავში ჩაკეტილები. მაგრამ არის მწუხარება ამოხეთქილი, ერთხელ ცრემლებად დაღვრილი და შემდეგ მოთქმაში ამეტყველებული. ეს განსაკუთრებით ქალებს ახასიათებთ. მაგრამ იგი მდუმარე მწუხარებაზე მსუბუქი არ არის. მოთქმა ამღვრეულ და აფორიაქებულ გულიდან იკლავს წყურვილს. ასეთი მწუხარება ნუგეშს არ ითხოვს, იგი თავისი გაუქარვებლობით იკვებება. მოთქმა შეუხორცებელი ჭრილობის გაუთავებელი გაღიზიანების მოთხოვნილებაა.
სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მისი საშუალებით მთელი მსოფლიოს ყიდვა შეიძლება, განა მარტო შენს ცოდვებს, სხვისასაც გამოისყიდი.
ერიდეთ სიცრუეს, ყოველნაირ სიცრუეს, განსაკუთრებით, საკუთარი თავის მოტყუებას. თვალყური ადევნეთ თქვენს სიცრუეს, ყოველ საათს და ყოველ წუთს. ერიდეთ ზიზღს როგორც სხვის, ასევე საკუთარი თავისადმი: ის, რაც საკუთარ თავში არ მოგწონთ, მარტოოდენ იმიტომ რომ თქვენ ეს შეამჩნიეთ, განიწმინდება. შიშსაც ერიდეთ, შიში შედეგია ყოველივე სიცრუისა. ნურასოდეს შეგაშინებთ საკუთარი სულმოკლეობა სიყვარულის მოსაპოვებლად, ნურც ამ დროს ჩადენილი თქვენი უზნეო საქციელი შეგაშინებთ მაინცდამაინც.
სახელმწიფოს არსის და ეკლესიის არსის არევ-დარევა, ცხადია, მუდამ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი აღრევა შეუძლებელია, რადგან არასოდეს არ იქნება შესაძლებელი მათი არათუ ნორმალურ, არამედ რაღაცნაირად შეთანხმებულ მდგომარეობამდე დაყვანაც კი, რამეთუ ამ საქმეს სიცრუე უდევს საფუძვლად.
ზოგჯერ სასოწარკვეთისაგან ტანჯულსაც უყვარს საკუთარი სასოწარკვეთით გართობა.
ბებერი ცრუპენტელები სიცოცხლის განმავლობაში მუდამ ვიღაცას თამაშობენ. მათ ცხოვრებაში აქვთ წუთები, როცა როლებში ისე შეიჭრებიან ხოლმე, რომ მართლა აუტყდებათ სიბრაზისაგან კანკალი და ტირილი, მიუხედავად იმისა, რომ მეორე წუთში შეუძლიათ თავიანთ თავს უთხრან: „შენ ხომ ტყუი, უტიფარო ბებერო, შენ ხომ მსახიობობ, მიუხედავად შენი „ნაღდი“ რისხვისა.“
ალიოშა, როგორ მოხდა, აქამდე რომ უბიწო ხარ? შენც ხომ კარამაზოვი ხარ! თქვენს ოჯახში ხომ ავხორცობა ყველაფრის თავი და თავია. ეს სამი ავხორცი ერთმანეთს უთვალთვალებს... ზურგს უკან დამალული დანებით. ერთმანეთს შეეჯახნენ შუბლებით, შენ კი მეოთხე ხარ.
შეუყვარდება კაცს რაღაც ლამაზი, ვთქვათ, ქალის ტანი, ან ქალის ტანის რაღაც ნაწილი (ამას მხოლოდ ავხორცი მიხვდება), მისი გულისათვის არ დაინდობს საკუთარ შვილებს, გაყიდის დედ-მამას, მამულს და სამშობლოს: პატიოსანი - მოიპარავს; უწყინარი - ვინმეს ყელს გამოჭრის; ერთგული - მოღალატე გახდება. პუშკინი თავის ლექსებში ქალის ფეხებს უმღეროდა; სხვები არ უმღერიან, მაგრამ ქალის ფეხების დანახვაზე ელეთმელეთი მოსდით. მაგრამ მარტო ფეხები ხომ არ არის... აქ, ჩემო ძმაო, სიძულვილი ვერაფერს უშველის.
ყოველივე კარამაზოვული ავხორცობაში, ვერცხლმოყვარეობასა და სალოსობაში ვლინდება!
ამასწინათ მოვისმანე ტუტუცური თეორია „თუ სული უკვდავი არ არის, მაშინ არ არსებობს ზნეობრიობა, ე.ი. ყველაფერი ნებადართულია“. არამზადებისათვის მაცდუნებელი თეორიაა... მე უკვე ვილანძღები, ეს უკვე სიბრიყვეა... არამზადებისათვის კი არა, „თავმოუბმელ ფიქრებში ჩაფლული“ სკოლის მოსწავლე ფანფარონებისათვის. კაცობრიობა თვითონ ჰპოვებს საკუთარ თავში ძალას, ზნეობრივად რომ იცხოვროს, თუნდაც არ სწამდეს სულის უკვდავება! თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის სიყვარულში ჰპოვებს...
ცხოვრების ზოგიერთი საკითხი ყურებდაცქვეტილ ყოფნას მოითხოვს, ეს კი ძნელად განსახორციელებელია ერთგული კაცის გარეშე.
გამიჯნურება არ ნიშნავს, რომ გიყვარს. გამიჯნურებული ერთდროულად შეიძლება გძულდეს კიდეც.
ჩვენ, კარამაზოვები, ჭიაღუები ვართ. შენნაირ ანგელოზშიაც კი ეს ჭია ბინადრობს ალიოშა და მალე შენი სისხლიც წარმოშობს ქარიშხალს, რადგან ავხორცობა ქარიშხალია, ქარიშხალზე უფრო მეტიც! სილამაზე - საშინელი, შემზარავი რამაა! საშინელია იმიტომ, რომ განუსაზღვრელია, განუსაზღვრელი კი იმიტომაა, რომ ღმერთი გამოცანებით გველაპარაკება.
ზოგიერთი მაღალი ზნეობისა და დიდი ჭკუის ადამიანი იწყებს მადონას იდეალით და ამთავრებს სოდომის იდეალით. უფრო საშინელი ისაა, ვინც შეპყრობილია სოდომის იდეალით და თან არ უარყოფს მადონას იდეალს.
რაც ჭკუა-გონებისათვის სამარცხვინოა, გულისათვის ნამდვილი სილამაზეა. სოდომშია სილამაზე? დამიჯერე, უმეტესი წილი ადამიანებისათვის სოდომშია სილამაზე - იცოდი შენ ეს საიდუმლო? ყველაზე შემზარავი ის არის, რომ სილამაზე არა მარტო საშინელი რამაა, არამედ იდუმალიც. აქ ეშმა ღმერთს ებრძვის, ხოლო ბრძოლის ასპარეზი ადამიანთა გულებია.
ზოგჯერ აღტაცებამ კაცი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
ღმერთო ჩემო, რა არ იღონა ადამიანმა რწმენისათვის, რამდენი ძალ-ღონე შეალია უქმად ამ ოცნებას ათასეული წლების განმავლობაში! ვინ არის, ასე რომ დასცინის ადამიანს?
- ეშმაკი კი არსებობს?
- არა, არც ეშმაკი არსებობს.
- სამწუხაროა, ეშმაკმა დალახვროს, რას ვუზამდი, თუ იცი იმ კაცს, რომელმაც ღმერთი გამოიგონა?! ვერხვის ტოტზე ჩამოხრჩობაც ცოტაა მისთვის.
- ღმერთი რომ არ გამოეგონებინათ, მაშინ აღარც ცივილიზაცია იარსებებდა.
- არ იარსებებდა? უღმერთოდ?
- დიახ, არც კონიაკი იქნებოდა
- ნუთუ ადამიანს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვინ არის სიცოცხლის ღირსი და ვინ არა?
- ღირსება აქ არაფერ შუაშია. ამ საკითხს ადამიანი ღირსების მიხედვით კი არ წყვეტს, არამედ სხვა მიზეზით, უფრო ნატურალურით. ისე კი, რაც შეეხება უფლებას, ვის არა აქვს უფლება სურვილისა?
- სხვისი სიკვდილის?
- თუნდაც სიკვდილი, რატომაც არა? თავს ამაოდ ვიტყუებთ, ყველა ასე ვცხოვრობთ და ალბათ სხვანაირად ცხოვრება არც შეგვიძლია.
მრუშობა ტკბილია: ყველა მას ლანძღავს, მაგრამ ყველა მრუშობს, მართალია, ფარულად.
საერთოდ, თუკი მოზრდილს სურს ბავშვის, მით უმეტეს, ბავშვების ჯგუფის ნდობა მოიპოვოს, სერიოზული და საქმიანი საუბარი უნდა დაუწყოს და ამით უნდა აგრძნობინოს, რომ ისინი თანასწორუფლებიანები არიან.
არასოდეს დაუჯეროთ ქალის ცრემლებს.
სკოლის ასაკის ბავშვები დაუნდობლები არიან, ცალ-ცალკე ღვთიური ანგელოზები არიან, ერთად კი, განსაკუთრებით სკოლის კედლებში, ხშირად ძალზე სასტიკნი.
ჩვენი შვილები, საძულველი, მაგრამ კეთილშობილი ღატაკების შვილები, ამქვეყნად სიმართლეს ცხრა წლის ასაკში იგებენ. მდიდრები შესაძლოა ამ სიღრმეებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ვერ ჩასწვდნენ.
შეურაცხყოფილი კაცისათვის ძალიან მძიმე გადასატანია, როცა ყველა მის შეცოდებასა და დახმარებას ცდილობს.
ძმები თავს იღუპავენ, მამაჩემიც. ის კი არა სხვებსაც ღუპავენ. ესაა „კარამაზოვული მიწიერი ძალა“.
რუს ხალხს მათრახი არ უნდა მოაკლო.
სიცოცხლის წყურვილს ხშირად საზიზღრობად თვლის ზოგიერთი ჭირიანი, ცინგლიანი მორალისტი, განსაკუთრებით პოეტები. ხასიათის ეს თვისება, ნაწილობრივ, კარამაზოვულია.
ადამიანმა გამოიგონა ღმერთი. უცნაური ის კი არ იყო, ის კი არ იყო საოცრება, რომ ღმერთი არსებობდა, არამედ ის, რომ ასეთი აზრი - ღმერთის აუცილებლობისა - თავში მოუვიდა ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს, როგორიც ადამიანია. ეს აზრი წმიდათაწმიდაა, ამაღელვებელი და ბრძნული, ამიტომ დიდ პატივს ჰმატებს ადამიანს.
გირჩევ, ამაზე ნურასოდეს იფიქრებ, ჩემო მეგობარო ალიოშა, განსაკუთრებით ღმერთზე - არსებობს თუ არა იგი? ყველა ეს საკითხი უჩვეულოა ისეთი გონებისათვის, რომელიც მხოლოდ სამი განზომილების ცნებებით აზროვნებს.
სიბრიყვე აშკარაა და ალალ-მართალი, ჭკუა კი ყოველთვის ეშმაკობს და თვალთმაქცობს. ჭკუა არამზადაა, სიბრიყვე კი უშუალო და პატიოსანი.
იშვიათია ადამიანი, რომელიც დათანხმდება, სხვა აღიაროს წამებულად (თითქოს ეს ჩინი იყოს).
ხანდახან ადამიანთა სისასტიკეს „მხეცობას“ უწოდებენ, მაგრამ ეს ხომ საშინელი უსამართლობაა და მხეცებისათვის გულსატკენი. არც ერთი მხეცი არ არის ისეთი სასტიკი, როგორც ადამიანი, არც ერთ მხეცს არ გააჩნია ისეთი არტისტული და მაღალმხატვრული სისასტიკე, როგორიც ადამიანს. ვეფხვი თავის მსხვერპლს უბრალოდ ღრღნის და გლეჯს, მან მხოლოდ ეს იცის, აზრადაც არ მოუვა ღამით ადამიანის ღობეზე ყურებით მიჭედება, ცხადია, რომც შეეძლოს ამის გაკეთება.
თუ ეშმაკი არ არსებობს, მაშინ იგი ადამიანმა მოიგონა ხატად და მსგავსად თვისად.
ჩვენთვის ისტორიულად ბუნებრივი და მახლობელი, სხვისი ცემა-ტყეპითა და ტანჯვა-წამებით სიამოვნება. ნეკრასოვს ერთი ლექსი აქვს იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამს გლეხი ცხენს თვალებში მათრახს, „თვინიერ თვალებში“. ვის არ უნახავს ასეთი სურათი, ეს სუფთა რუსიზმია. იგი აღგვიწერს დატვირთულ საზიდარში შებმულ გასავათებულ ცხენს, რომელიც ტვირთს ვეღარ ერევა. გლეხი ურტყამს მათრახს, სცემს დაუნდობლად, არაფრის გაგება არ უნდა, შეუჩერებლად უქნევს მათრახს და უყვირის: „მართალია, აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც უნდა წაიღო, მოკვდი, მაგრამ მაინც უნდა წაიღო!“ ჯაგლაგი ცდილობს წინ წაწევას, გლეხი კი კვლავ ურტყამს აცრემლებულ და „თვინიერ თვალებში.“ გამწარებულმა ცხენმა, როგორც იქნა, გაიწია და დაძრა საზიდარი. რაღაცნაირად საცოდავად მიდიოდა, გვერდულად და ხტუნვა-ხტუნვით, სუნთქვა-შეკრული და აკანკალებული. შემაძრწუნებელი სურათი აქვს აღწერილი ნეკრასოვს, მაგრამ ეს ხომ ცხენია, ცხენი იმისთვისაა, რომ გაამათრახონ. ასე აგვიხსნეს ეს თათრებმა და მათრახით საუკუნოდ დაგვასაჩუქრეს. მათრახი კი ადამიანსაც შეიძლება ურტყა.
რასაკვირველია, ყოველ ადამიანში დამალულია მხეცი, პირსისხლიანი მხეცი, რომელიც უსაზღვრო სიამოვნებას განიცდის მსხვერპლის წივილ-კივილის მოსმენით, აღვირახსნილი მხეცი, რომელსაც გარყვნილებისაგან დაავადებული აქვს ნაღველი, აწუხებს ნიკრისის ქარი და ა.შ. და ა.შ.
მთელი მსოფლიოს ცოდნა ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს.
შეუსაბამობა ამქვეყნად ყველაზე საჭირო რამაა, შეუსაბამობაზე დგას ეს სამყარო, უმაგისოდ ამქვეყნად, შესაძლოა, არაფერიც არ ხდება. ჩვენ ვიცით, რაც ვიცით!
არაფერი მესმის, რისთვის და რატომაა ეს ქვეყანა ასე მოწყობილი. ალბათ თავად ადამიანები არიან დამნაშავე: მათ სამოთხე მისცეს, ადამიანებმა კი თავისუფლება მოინდომეს და ზეცას ცეცხლი მოსტაცეს, თუმცა იცოდნენ, რომ ეს მათ გააუბედურებდა - მაშასადამე, ისინი შესაბრალები არ არიან.
მესმის, ადამიანებს ცოდვების გამო რომ ჰმართებთ ერთმანეთის თანადგომა, შურისძიებაში სოლიდარობაც მესმის, მაგრამ ბავშვები რა შუაშია?! თუ სიმართლე ისაა, რომ ბავშვები გვერდში უნდა ედგნენ მამებს ყველა უკეთურობაში, მაშინ ეს სიმართლე არაამქვეყნიურია.
თუკი ბავშვების ტანჯვა-წამება იმ წამებათა საბოლოო ჯამის შესავსებადაა აუცილებელი, რომელიც საჭიროა ჭეშმარიტების გამოსასყიდად, მაშინ წინასწარ ვამტკიცებ, რომ არავითარი ამქვეყნიური ჭეშმარიტება არ ღირს ამ ფასად.
არ არსებობს თავისუფლად დარჩენილი ადამიანისათვის იმაზე უსასრულო და მტანჯველი საზრუნავი, ვიდრე სურვილი - სასწრაფოდ მოძებნოს ისეთი ვინმე, ვისაც შეიძლება თაყვანი სცეს. ადამიანი ისეთ სათაყვანებელს ეძებს, რომელიც უდავო და იმდენად ეჭვშეუვალია, რომ ყველა თანახმაა, მის წინაშე იყრიდეს მუხლს. ამ საბრალო არსებათა საზრუნავი მარტო ის კი არ არის, რომ მოძებნონ ისეთი, რომელსაც ეთაყვანებიან თვითონ ან სხვები, არამედ, მონახონ ისეთი, რომელსაც ყველა ერთად ირწმუნებს, აუცილებლად ყველა ერთად! სწორედ ეს საერთო თაყვანისცემის მოთხოვნილება არის დასაბამიდან როგორც თითოეული ადამიანის პიროვნული, ისე კაცობრიობის უმთავრესი ტანჯვა. სწორედ ამ საერთო თაყვანისცემის მოთხოვნილების გამო ანადგურებდნენ ისინი ერთმანეთს. ისინი ქმნიდნენ ღმერთებს და ერთმანეთს აიძულებდნენ: „ზურგი აქციეთ თქვენს ღმერთებს და თაყვანი ეცით ჩვენსას, თორემ სიკვდილი თქვენცა და თქვენს ღმერთებსაცო!“ ასე გაგრძელდება სამყაროს დასასრულამდე, მაშინაც კი, როცა მსოფლიოში ღმერთები გაქრებიან და ყველა კერპთაყვანისმცემელი გახდება.
თუ ადამიანს პურს მისცემ, თაყვანს გცემს, რადგან არაფერია პურზე ნამდვილი, მაგრამ თუკი ვინმე, შენ გარეშე, დაიმონებს მათ სინდისს, მაშინ იგი მიატოვებს შენს პურს და გაჰყვება მას, ვინც მის სინდისს მოხიბლავს.
ადამიანთა ყოფის საიდუმლო განა მარტო ის არის, რომ იარსებოს, არამედ ის თუ რისთვის იცხოვროს. თუ ადამიანს არა აქვს მყარი წარმოდგენა, რატომ ცხოვრობს, ის უმალ სიცოცხლეს მოისწრაფებს, ვიდრე იცხოვრებს ამქვეყნად, სადაც ირგვლივ თავსაყრელადაა პური.
დედამიწაზე არსებობს სამი ძალა, მხოლოდ და მხოლოდ სამი ძალა, რომელსაც ძალუძს სამუდამოდ დაამარცხოს მათი სინდისი. ეს ძალებია - სასწაული, საიდუმლო და ავტორიტეტი.
რაწამსაც ადამიანი სასწაულს უარყოფს, მაშინვე უარყოფს ღმერთსაც, ვინაიდან ადამიანი იმდენად არ ეძებს ღმერთს, რამდენადაც სასწაულს. ადამიანი სასწაულის გარეშე ვერ გაძლებს; თუნდაც მეამბოხე, ერეტიკოსი და უღმერთო იყოს, მაინც შექმნის ახალ სასწაულს, უკვე საკუთარს და თაყვანს სცემს ექიმბაშთა სასწაულმოქმედებას თუ დიაცურ ჯადოქრობას.
- არის ისეთი ძალა, რომელიც ყველაფერს უძლებს!
- რომელი ძალა?
- კარამაზოვული, კარამაზოვული უსინდისობის ძალა.
ცხოვრება სამოთხეა, ჩვენ ყველანი სამოთხეში ვცხოვრობთ, მაგრამ არ გვინდა ამის გაგება, როგორც კი ამას შევიგნებთ, უმალვე მთელი ქვეყანა სამოთხედ იქცევა.
ყველაზე ცუდი ოჯახიდანაც შეიძლება გამოგყვეს კარგი მოგონება, თუკი შენს სულს უნარი აქვს, გაარჩიოს ავი და კარგი.
ჩვენმა საუკუნემ ყველა დაჰყო ერთეულებად, ყველა ცდილობს, თავის სოროში ჩაიკეტოს, ყველას ყველასაგან განცალკევება სურს, თავადაც იმალება და რაც გააჩნია, იმასაც ცხრაკლიტულში მალავს. ბოლოს და ბოლოს კი თითოეული ყველასაგან გაუცხოვდება. თითოეული მიისწრაფვის, დააგროვოს ქონება და ჰგონია, რომ მდიდარია, მაგრამ ის კი არ იცის სულელმა, რომ რაც უფრო მეტს მოიხვეჭს, მით უფრო მეტად ჩაეფლობა გამანადგურებელ მარტოობაში. რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნასაა შეჩვეული, იგი მთელს გამოყოფილი ერთეულია, მიჩვეულია, არ სწამდეს არც ადამიანის, არც კაცობრიობის, არც ადამიანური გულმოწყალების. ყოველდღიურად შიშისაგან ძრწის, ეშინია, არ დაკარგოს ქონება და მასზე თავისი უფლებები. ამჟამად ადამიანის გონება აგდებულად უყურებს და არ აცნობიერებს იმას, რომ პიროვნების ჭეშმარიტი კმაყოფილება განმარტოებული ქმედებით კი არა, ადამიანთა საერთო ძალისხმევით მიიღწევა. მაგრამ აუცილებლად დადგება დრო და ბოლო მოეღება ამ საშინელი მარტოობის ხანას; ყველა გაიგებს, როგორ არაბუნებრივად დაშორდნენ ადამიანები ერთმანეთს. ასეთი იქნება დროის მოთხოვნა და ყველას გაუკვირდება, რატომ ისხდნენ ადამიანები ამდენ ხანს სიბნელეში, სინათლეს მოწყურებულები.
საერთოდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველა თავხედურად ჩადენილი დანაშაული მოხერხებულად ტარდება.
ღმერთი ძალაში კი არ არაა, სიმართლეშია.
სხვისი გაჭირვება ჭკუას არავის ჰმატებს.
ადამიანებს სიამოვნებთ ღირსეული კაცის ზნეობრივი დაცემა და თავსლაფის დასხმა.
ზოგიერთ შემთხვევაში სჯობს, რაღაცამ მოგხიბლოს, თუნდაც ეს ხიბლი დიდ სიყვარულთან დაკავშირებული უგუნურება იყოს, ვიდრე ყველაფრისადმი გულგრილი დარჩე. მით უმეტეს, სიჭაბუკის პერიოდში არასაიმედოა განუწყვეტლივ წინდახედული ყმაწვილი, ასეთ კაცს პატივს არავინ სცემს.
ჭკვიან კაცს გონიერების დრო ყოველთვის დაუდგება ხოლმე, მაგრამ ასეთ განსაკუთრებულ წუთებში თუ ახალგაზრდა კაცს გულში სიყვარული არ აღმოაჩნდა, მაშინ როდისღა ჰპოვებს მას?
დაქადნება შვებას ჰგვრის კაცს, უმისოდ მწუხარება ძალზე მძიმე გადასატანი იქნებოდა.
ფული გაასესხო, ეს იმას ნიშნავს, ადამიანთან დამოკიდებულება გაიფუჭო.
ხდება ხოლმე ხანდახან ასე, თვით ეშაფოტზე გასაყვან ბოროტმოქმედსაც კი გაუელვებს თავში ისეთი აზრები, რომლებსაც არსებულ ვითარებასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ბუნებაში სასაცილო არაფერია, როგორადაც უნდა ეჩვენებოდეთ ეს პირობითობებით შეზღუდულ ადამიანებს. ძაღლებს რომ ჰქონდეთ განსჯისა და კრიტიკის უნარი, ისინიც შეძლებდნენ ადამიანებში სასაცილო რამეების აღმოჩენას, განსაკუთრებით, მბრძანებლებსა და ქვეშევრდომებს შორის არსებულ სოციალურ დამოკიდებულებებში;
იყავით ისეთი, რომ სხვებს არ ჰგავდეთ; თუნდაც მარტო თქვენ იყოთ მათგან განსხვავებული, მაინც დარჩით გამორჩეული.
ის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცდის უბედურებას, ყველაზე კარგი მსაჯული ხდება.
ვინ არ არის ახლა აფექტში?! მე, თქვენ, ყველა განა აფექტში არ ვართ?
სიხარულის გარეშე ადამიანს სიცოცხლე არ ძალუძს, ღმერთს კი ყოფნა.
ამქვეყნად ბევრი სიბრიყვის გამოა პატიოსანი.
ძილის დროს, როცა ადამიანს კოშმარები აწუხებს, კუჭის აშლილობის ან სხვა რაღაც-რაღაცების გამო, ხანდახან ისეთი მხატვრული შინაარსის სიზმრებს ხედავს, ერთმანეთთან დაკავშირებულ, მოულოდნელი წვრილმანებით აღსავსე ინტრიგებზე აგებულ ისეთ რეალურ და რთულ სინამდვილეს, ისეთ მოვლენებს ან მოვლენათა მთელ სამყაროს, რომ, გეფიცები, მათი შეთხზვა თავად ლევ ტოლსტოისაც კი გაუჭირდებოდა. ასეთ სიზმრებს მხოლოდ შემოქმედებითი ნიჭის მქონე პირები კი არ ხედავენ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებიც, ჩინოვნიკები, ფელეტონისტები, მღვდლები...
სამწუხაროდ, სიმართლე არასოდეს არის დამაჯერებელი.
კრიტიკის გარეშე მხოლოდ „ოსანა“ იქნება. მაგრამ ცხოვრებისათვის მარტო „ოსანა“ საკმარისი არ არის, საჭიროა, ამ „ოსანამდე“ იჭვების დაძლევის შემდეგ მიხვიდე.
თუ კაცობრიობა უკლებლივ განუდგება ღმერთს (მე მჯერა, ეს პერიოდი გეოლოგიური პერიოდის პარალელურად დადგება), მაშინ თავისთავად, ანთროპოფაგიის გარეშე, დაემხობა ადრინდელი მსოფლმხედველობა, რაც მთავარია, ადრინდელი ზნეობა, და მოვა ახალი დროება. ხალხი გაერთიანდება, რომ ცხოვრებისაგან მიიღოს ყველაფერი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური ბედნიერებისა და სიხარულისათვისაა საჭირო. ადამიანი გაზვიადდება, შეიპყრობს ტიტანური სიამაყე და თავს ღმერთკაცად წარმოიდგენს. აწი, ის თავისი ნებითა და მეცნიერების დახმარებით ყოველ წუთს შეძლებს ბუნების დამარცხებას. ამიერიდან ადამიანი ყოველ საათში იგრძნობს იმ უმაღლეს სიამოვნებას, რომელიც ადრე დანაპირებ ზეციურ სიამოვნებას შეუცვლის. ყველა გაიგებს, რომ საბოლოოდ მოკვდება, გაქრება, არავითარი აღდგომა არ უწერია, ამიტომ სიკვდილს ღმერთივით ამაყად და მშვიდად შეხვდება. მას სიამაყე აღარ მისცემს უფლებას, იწუწუნოს წუთისოფლის ხანმოკლეობაზე და შეიყვარებს მოყვასს ყოველგვარი საზღაურის გარეშე. სიყვარული იქნება მხოლოდ ამქვეყნიური და წუთიერი კმაყოფილება და წარმავალობის აღქმა ისევე გაამძაფრებს სიყვარულის ალს, როგორც ადრე საიქიო და უსაზღვრო სიყვარულის მოლოდინი“... და სხვა, და სხვა მისთანანი. [...] ადამიანის ძვალსა და რბილში გამჯდარი სიბრიყვის გამო, შესაძლებელია, ასეთი რამ კიდევ ათას წელს არ განხორციელდეს, ამიტომ ყველას, ვინც შეიგნებს ამ ჭეშმარიტებას, შეუძლია, მოიწყოს თავისი ცხოვრება, როგორც მას სურს, ახალი საწყისების მიხედვით. აქედან გამომდინარე, მათთვის „ყველაფერი ნებადართულია“. უფრო მეტიც, თუ ეს პერიოდი სულაც არ დადგება, მაშინ, რადგან არც ღმერთი და არც უკვდავება არ არსებობს, ახალ ადამიანს უფლება აქვს, გახდეს ღმერთკაცი, თუნდაც ასეთი მთელ მსოფლიოში ერთადერთი იყოს. ცხადია, ამ ახალ ამპლუაში მას შეუძლია, გულარხეინად გადაახტეს მონაკაცის დამაბრკოლებელ ყოველგარ ზნეობრივ ჯებირს, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. ღმერთისათვის არავითარი კანონი არ არსებობს!
რუსეთის სუნი ტრიალებს, დედა-რუსეთის ხმა გვესმის. დიახ, ჩვენ ძალიან უშუალოები ვართ, კეთილისა და ბოროტის საოცარ შენარევს წარმოვადგენთ, ჩვენ გვიყვარს განათლება და შილერი, ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია სამიკიტნოებში ალიაქოთის ატეხვა და ჩვენი თანამეინახე ლოთების წვერებით თრევა. დიახ, ხანდახან ჩვენც შეგვიძლია კარგები და მშვენიერები ვიყოთ, ცხადია მაშინ, როცა თავად კარგად და მშვენივრად ვგრძნობთ თავს. პირიქით, ჩვენ შეპყრობილები ვართ - სწორედაც შეპყრობილები - კეთილშობილი იდეებით, მხოლოდ ერთი პირობით, თუ ისინი თავისთავად განხორციელდება, თუ მზამზარეულს მოგვართმევენ, რაც მთავარია, მუქთად, უსასყიდლოდ, ჩვენ რომ არაფრის გაღება არ დაგვჭირდეს. რაიმეს გაღება კი ძალიან არ გვიყვარს, სამაგიეროდ, გვიყვარს აღება, ეს ყველაფერს ეხება. მოგვეცით, მოგვეცით ამა სოფლის ყველანაირი სიკეთე (სწორედაც ყველანაირი, ცოტა არ გვაკმაყოფილებს), განსაკუთრებით, ჩვენს ზნე-ჩვეულებებს ნუ შეეწინააღმდეგებით და დაგიმტკიცებთ, როგორი კარგები და მშვენიერები ვართ. ჩვენ არ ვართ გაუმაძღრები, არა, მაგრამ თუ ბლომად ფულს შემოგვთავაზებთ, რაც შეიძლება ბევრ ფულს, თქვენ ნახავთ, როგორი დიდსულოვნები გავხდებით, ხელის ჭუჭყისადმი ზიზღით გამსჭვალულები, როგორ მივფანტ-მოვფანტავთ ამ ფულს თავაშვებულ ქეიფსა და დროსტარებაში. და თუ არ მოგვცემთ ფულს, მაშინ განახებთ, როგორ შეიძლება მისი შოვნა, როცა ის ძალიან გინდა.
არასოდეს, არასოდეს არ უნდა ანახოთ შურიან და პატივმოყვარე კაცს დიდი ფული.
რაც უფრო ძლიერია ძალაუფლება, მით უფრო საშინელია მისი ძალმომრეობა!
სჯობს, გაათავისუფლოთ ათი დამნაშავე, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი დასაჯოთ.
რუსულიდან თარგმნა - ვაჟა ახალაძემ
საგამომცემლო სახლი „ლაბირინთი“
ამავე თემაზე: თეოდორ დოსტოევსკი - დიდი ინკვიზიტორი