აკაკი ბაქრაძე - ნიჰილიზმის კვანტი

არცერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა ისე მწარედ არ დამარცხებულა, როგორც საქართველო. მართალია, ომია მოლდავეთშიც, ტაჯიკეთშიც, ჩვენი მეზობლები სომხეთიცა და აზერბაიჯანიც დიდი ხანია სისხლს ღვრიან, საქართველო მაინც განსაკუთრებულ ვითარებაში აღმოჩნდა, ჩვენში შუღლმა და მტრობამ სამი მიმართულება მიიღო.

დაპირისპირებულია ქართველი და ქართველი, ქართველი და აფხაზი, ქართველი და ოსი. ამის უკან რუსეთი დგას და ეშმაკურად წარმართავს პროცესს. უახლოეს ხანებში კიდევ ვის ჩარევენ კონფლიქტში, ეს ძნელი მისახვედრი არ არის. ამას დაემატა ეკონომიკური ქაოსი, უსაშველოდ რთული კრიმინოგენური სიტუაცია და ზნეობრივი გახრწნა.

შექმნილმა გარემოებამ ქართველთა რწმენა და ნებისყოფა გაბზარა, ისევ წამოჰყო თავი ნიჰილიზმმა. ისევ გაჩნდა ეჭვი, შესძლებს კი საქართველო დამოუკიდებელ არსებობას?

მოულოდნელი არ გახლავთ ეს უიმედობა და სკეპტიციზმი. საქართველოს ისტორიაც უწყობს ამას ხელს. არგონავტების ლაშქრობიდან მოყოლებული დღემდე ტანჯვა-წვალებით, ვაი-ვაგლახით, ჭაპან-წყვეტით გამოვიარეთ სისხლითა და ვარამით სავსე გზა. რა არ მომხდარა და რისი მოწმე არ ყოფილა ჩვენი ხალხი: დაპყრობა, რბევა-აწიოკება, აყრა-გადასახლება, ადამიანით ვაჭრობა, გაყიდვა-ღალატი, ერთი სიტყვით, ყველა ბოროტმოქმედება, რაც კი ადამიანს ხელ-ეწიფება. ვინ არ გარეულა ჩვენს უბედურებაში, მტერი თუ მოყვარე, გარეშე თუ შინაური, მომხდური თუ დამხდური, გადამთიელი თუ კარის მეზობელი.

ამ მწარე ისტორიამ წელში გატეხა უნებისყოფო და სუსტი ნებისყოფის ადამიანები, წარმოშვა ლუარსაბ თათქარიძეები, თეიმურაზ ხევისთავები, კვაჭი კვაჭანტირაძეები, ყვარყვარე თუთაბერები.... ნებით თუ უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლად ისინი უნდობლობას თესავენ ჩვენი ეროვნული ენერგიის მიმართ, სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს ავრცელებენ, სიხარულს სპობენ.

დღეს გულგატეხილი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ კითხვას _ თუ ასეთები ვიყავით, როგორ გადავრჩით, როგორ მოვაღწიეთ დღემდე? კი, მაგრამ, რა ხდება საქართველოში ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა? რა თვისება გამოავლინა ქართველმა კაცმა ისეთი, რაც სხვა ერის ადამიანს არ გამოუვლენია?

მართალია, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, წონასწორობა დავკარგეთ, ერთმანეთს მივესიეთ და ხოცვა-ჟლეტა ავტეხეთ, მაგრამ მიეროხანში სად არ მომხდარა ეს? ოცდაათიან წლებში ესპანეთის სამოქალაქო ომი გაიხსენეთ. რა დაუნდობლად ჟუჟეს მაშინ ესპანელებმა ერთმანეთი! სამკვდრო-საიცოცხლოდ წაკიდებული ორი ძალა - კომუნისტები და ფალანგისტები, ერთნაირად ებრძოდნენ მოაზროვნე ესპანეთს. ფალანგისტებიც ისევე გაჰყვიროდნენ abajo la inteligenscia! (ძირს ინტელიგენცია), როგორც კომუნისტები. ბუნებრივი იყო ეს. ლიანგს აზროვნება არ შეუძლია და ისე არაფრის ეშინია, როგორც აზროვნების, როგორც მოაზროვნე პიროვნების. ეს შიში და სიძულვილი ლიანგის საერთო, ინტერნაციონალური სენია და არაფერ შუაშია არც ეროვნება, არც პარტიულობა, არც კლასობრიობა. ასე იყო ყოველთვის. მოიგონეთ 1918-22 წლებში სამოქალაქო ომი რუსეთში, ანდა 1789-94 წლების სამოქალაქო ომი საფრანგეთში, ინგლისში, 1642-49 წლებში, იგივე სამოქალაქო ომი. ამ ომებშიც არავის გაურჩევია მტყუანი და მართალი, დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი, აზნაური და უაზნო. ყველას თანაბრად მუსრავდა უგუნურების მახვილი.

მართალია, ზნეობრივად დავეცით, მოყვასის სიყვარული დავივიწყეთ, პრესის საშუალებით ერთმანეთის ლანძღვა-გინება გავაჩაღეთ, სიძულვილი დავთესეთ, მაგრამ, საუბედუროდ, ყველგან ასე ხდებოდა, კულტურისა და ცივილიზაციის კლასიკურ ქვეყნებშიც კი. ვინც კი ოდნავ მაინც იცნობს 1789-94 წლების ფრანგულ პრესას, დამეთანხმება: ის, რაც დღეს ქართულ პრესაში იბეჭდება, ჩვილი ბავშვის ტიკტიკს ჰგავს იმასთან შედარებით, რაც მაშინ ფრანგულ პრესაში ისტამბებოდა. აი, ურცხვობის, ცილისწამებისა და სიძულვილის ნიმუშები! შეიძლება ვინმემ თქვას: მას მერე დიდი დრო გავიდა და დღევანდელობას აღარ შეეფერება ის, რაც ჩვენს პრესაში ქვეყნდებაო. დამეთანხმებით, უნდა დავეთანხმო იმას, ვინც ამას იტყვის, მაგრამ დრო არაფერს ცვლის ადამიანის ზნეობრივ სამყაროში. ამის საბუთია ის, რასაც იტალიური პრესა ბეჭდავდა ფაშიზმის ბატონობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს ნიკოლო მაკიაველისაგან ანდერძად ჰქონდათ დატოვებული _ `რასაც გავურბივარ, ეს საგინებელ-სალანძღავი სიტყვებია, რადგან ნაამბობის ღირსება და ჭეშმარიტება მათგან არაფერს იგებს~, - მაგრამ მის გასახსენებლად თავი არ შეუწუხებიათ. მიეროხანი იდგა და იმიტომ.

ვერის პარკში წიგნები დახიესო, ერთი ვაი-ვიში ავტეხეთ. განა გოეთეს, ჰეგელის, ბეთჰოვენის სამშობლოში წიგნები არ დაწვეს ნაციზმის პარპაშის დროს? დაწვეს და მერე როგორ? წვავდნენ და მერე ვის _ გერმანელი ხალხის სახელსა და დიდებას. რას იზამთ _ ყველა ხალხის ისტორიაშია ლიანგური გონდაბნელების ეპოქები. განა მარტო წარსულსა და აწმყოშია ასე. ეს მომავალშიც ბევრჯერ მოხდება, რამეთუ ბოროტება ადამიანის თვისებაა. მე-20 საუკუნის დიდი ესპანელი მოაზროვნე Oორტეგა-ი-გასეტი ამუნათებდა ფრანგებს _ ჩვენ ყველას გვინდა, რომ ადამიანი იყოს კარგი, თქვენი რუსო კი თვლიდა, რომ ადამიანი თავისთავად, ბუნებრივად კეთილია. ამან დაგვიმახინჯა ევროპის ისტორია მთელი საუკუნენახევრის მანძილზე. ეს ისტორია შეიძლება ყოფილიყო დიდებული, უსასრულო ტანჯვა, უზარმაზარი კატასტროფები (არამარტო ის, რაც უკვე მოხდა, არამედ ისიც, რაც მომავალში მოხდება) დასჭირდა იმ მარტივი ჭეშმარიტების ისევ აღმოჩენას, რაც კარგად ცნობილი იყო წინამორბედი საუკუნეებისათვის: ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ავი ცხოველი (`თარგმანის სიღატაკე და ბრწყინვალება~). როცა ამ ავ ცხოველს აუშვებ, იგი ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს. ამიტომ არის აუცილებელი განუწყვეტელი და მუდმივი ზრუნვა ადამიანში კეთილის აღსაზრდელად და ბოროტების დასათრგუნად. გულით მინდოდა ქართული ეროვნული მოძრაობა არ გამხდარიყო ლიანგის შურისძიების მსხვერპლი, მაგრამ ჩემი სურვილი მიამიტური გამოდგა. პოლიტიკური ბრძოლის კანონზომიერებამ მაინც თავისი გაიტანა. ურთიერთჟლეტა ვერ ავიცდინეთ.

მართალია, ძარცვა-გლეჯას, ქურდობა-ავაზაკობასაც მივყევით ხელი, მაგრამ გამონაკლისი არც ამ საქმეში ვართ. ძარცვა-გლეჯა, ქურდობა-ავაზაკობა ის იკითხეთ, რაც რუსეთში, უკრაინასა და შუა აზიის ქვეყნებში ხდება. ასეა ყოველთვის. ეს კანონზომიერებაა, როცა ერთი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური სისტემა დაინგრევა და მეორე (ახალი) ჯერ კიდევ არ არის აშენებული.

მოკლედ, ქართველ კაცს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც სხვა ერის ადამიანს არ ჩაუდენია. საქართველოში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში (ყველაზე უფრო ცივილიზებულშიც კი) არ მომხდარა. შალვა ნუცუბიძემ თქვა ერთხელ ლექციაზე: ევროპას არა აქვს უფლება დაიკვეხნოს თავის კულტუროსნობით დანარჩენი კაცობრიობის წინაშე, სანამ მის პასპორტში ბართლომეს ღამე სწერიაო. ქართველიც ადამიანია და, ნებით თუ უნებლიეთ, სჩადის ბოროტებას. თუ ჩვენ ეს გვაშინებს, გულს გვიტეხს და სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენი წარმოდგენა ქართველ კაცზე, საერთოდ, ქართველ ხალხზე, ტყუილზე, სიცრუეზე, გამოგონილ განსაკუთრებულობაზე ავაშენეთ. როცა ჩვენ მივხვდებით, დავიჯერებთ, რომ ქართველიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შვილი, რომ ქართველისთვისაც არაფერი ადამიანური, არც კარგი და არც ავი, უცხო არ არის, მაშინ საქართველოში მომხდარ ყველა მოვლენას ფხიზელი გონებით, გამჭრიახი თვალით და გაგებით შევხვდებით. არც უსაფუძვლო სასოწარკვეთილება დაგვეუფლება და არც უსაფუძვლო აღტაცებას მივეცემით. ტყუილსა და სიცრუეზე ერისა და ქვეყნის მომავალი ვერ აშენდება, იგი სიმართლესა და ობიექტურობას უნდა დაეფუძნოს. სიმართლე და ობიექტურობა კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ლუარსაბ თათქარიძის გარდა, ამირანიც გვყავს, თეიმურაზ ხევისთავის გარდა _ ავთანდილიც, კვაჭი კვაჭანტირაძისა და ყვარყვარე თუთაბერის გარდა _ მინდიაც. ქართველის სულში ამ ორი საწყისის ბრძოლაა. ჩვენ დღემდე იმიტომ მოვედით და მომავალშიც იმიტომ ვიქნებით, რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ამირანის, ავთანდილისა და მინდიას საწყისი იმარჯვებდა.

ამირანის, ავთანდილის და მინდიას სამყაროში ეროვნულიც არის და ზოგადკაცობრიულიც, ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ. ყველაფერი, რაც ქართულ შემოქმედებით ნიჭს შეუქმნია ადამიანური საქმიანობის ყველა დარგში, ერთდროულად ეკუთვნის საქართველოსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც, ისევე, როგორც სხვა ხალხების ნაღვაწი და ნამუშაკევი გვეკუთვნის ჩვენც. მსოფლიო, კაცობრიობა ერთიანია და ქართველობაც მისი განუყოფელი ნაწილია. ოღონდ ჩვენ ჩვენი სახე გვაქვს, ჩვენი სულიერი სამყარო და ჩვენი ჯიში. ამით ვართ საინტერესო. ამის დაკარგვა არ გვინდა. დაკარგვა მარტო ჩვენს გადაშენებას კი არ გამოიწვევს, არამედ კაცობრიობის გაღარიბებასაც. მის მოზაიკურ მშვენიერებას ერთი ფერი მოაკლდება. ტყის მშვენიერებას დიდი მუხაც სჭირდება და პაწია იაც. თუ რომელიმე გაქრა, მშვენიერების ჰარმონია დაირღვევა. როცა ნიჰილისტურად ვუყურებთ ეროვნულს, გვინდა თუ არ გვინდა, ნიჰილისტური დამოკიდებულება გვიჩნდება კაცობრიულისადმისაც. ეს კი ადამიანის სულს არღვევს და შლის მას.

თქმა არ უნდა, ეროვნულისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება საშიშია. მან შეიძლება კვანტის როლი შეასრულოს. ფინიშისაკენ მიმქროლავ სპრინტერს ავისმოსურნემ კვანტი რომ დაუდოს, მას არა მარტო სპორტსმენის წაქცევა შეუძლია, არამედ საერთოდ მისი დაღუპვაც. თავისუფლება-დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ საქართველოს კვანტი არ უნდა დაუდოს ჩვენმა სულმოკლეობამ, უნებისყოფობამ, ფსიქიკურმა სისუსტემ.

ეროვნულისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, როგორც უკვე ვთქვი, შედეგია სწორედ სულმოკლეობის, უნებისყოფობისა და ფსიქიკის სისუსტის. ამ თვისებებს უნდა მოვერიოთ, ისინი უნდა დავძლიოთ. მაშინ ჩვენს სულში დასადგურებული ნიჰილიზმიც გაქრება და საქართველოს მომავალსაც ნათლად დავინახავთ.

ნურც იმას ვიფიქრებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესი იქნება ადვილი. არა, ეს იქნება მძიმე, ძნელი, მსხვერპლიანი და ტკივილიანი გზა. ჩვენში არსებობს სურამის ციხის ლეგენდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ძლიერების კედელი არ აშენდება, თუ დუღაბში სისხლი არ ურევია.

1995 წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში