ილია ჭავჭავაძე - გამოჩენილი და სახელგანთქმული ფრანსუა რაბლე

ამაოდ არ ჩაიარა საპედაგოგიო მეცნიერებისათვის ვიტორინოს, ვერჟერიოს, ვეჯიოს და ბოლოს ერაზმის ღვაწლმა და მეცადინეობამ. ამათმა საბუთიანმა და მართალმა მოძღვრებამ თანდათან ფეხი გაიდგა და მომხრენი მოიპოვა ჯერ კიდევ “განახლების” ეპოქაშივე სხვა ქვეყნებშიაც.

მაშინდელს საფრანგეთში გზა გაიკვალა ახალმა საპედაგოგიო თეორიამ გამოჩენილის და სახელგანთქმულის ფრანსუა რაბლეს მეოხებითა.

ფრანსუა რაბლე იყო ფრანგი. იგი დაიბადა 1483 წელს და გარდაიცვალა 1558* წელსა. თუმცა პირველ ხანში რაბლე ბერმონაზონი იყო, მაგრამ მერე შეიქმნა სახელოვან რომანისტად და უფრო სახელოვან სატირიკოსად. ამან სრულიად შეითვისა ახალი საპედაგოგიო მოძღვრება ერაზმის და მის წინა – მყოფთა, ხოლო ისე კი, როგორც დიდ – ბუნებოვანს კაცს შეჰფერის.

რაც კარგი იყო ახალს პედაგოგიის მესვეურთა ნამოქმედარსა თუ ნაწერებში, ყოველივე იგი მიიღო და ამ მიღებულზედ ფეხმოკიდებულმა უფრო წინ წასწივა საპედაგოგიო მოძღვრება და გაუმატა. ამის გამო მეტი არ იქნება ვსთქვათ, რომ მან შეჰქმნა საკუთარი თეორია აღზრდისა და ამაში დიდი გამჭრიახობა, დიდი ცოდნა და დიდი ჭკვა-გონება გამოიჩინა.
რაბლეს არ დაუწერია განსაკუთრებული საპედაგოგიო თხზულება და არც თითონ ჰქონია სკოლა. ერაზმისებრ რაბლესაც თავის – თავზედ ჰქონდა გამოცდილი მთელი სიმძიმე სქოლასტიურის სწავლებისა, რომელიც უფრო წვალება და წამება იყო ბავშვისა, ვიდრე წვრთნა და ზრდა, და რომელსაც აზრადა ჰქონდა, მარტო წყალსავით დასწავლება წიგნისა და არა გაგება საგნისა და ქვეყნიერებისა, ამიტომაც, როცა დრო მოეცა, მთელი თავისი მწვავის ენით სასაცილოდ აიგდო სქოლასტიური წესი სწავლებისა და დასწერა მწვავი სატირა – რომანი, რომელსაც “გარგანტუა” ჰქვიან.

ამ სატირაში ერთის მხრით სასაცილოდ აგდებულია ძველი სქოლასტიური წესი სწავლებისა და სწავლა – წურთვნისა. ერთიც და მეორეც ნაჩვენებია ორის ყმაწვილის გამოსახვითა. ამ ორ ყმაწვილში ერთი ძველის წესით იზრდება და მეორე ახლის წესითა.

ახალი წესი, რაბლეს მიერ მოძღვრებული, იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მომწყვდეული ოთხ კედელს შუა, რადგანაც დახშული და დაბუღებული ჰაერი ოთახისა და უმოძრაობად ყოფნა სჩაგრავს ყმაწვილსა. ყმაწვილი დღეში უფრო ბევრი წილი გარეთ უნდა იყოს, ჰაერზედ. არც ერთმა საათმა დღისამ უქმად არ უნდა ჩაუაროს ბავშვს: ოსტატმა საცოდნელი და საწურთვნელი ყოველთვის უნდა მოუპოვოს ბავშვსა და ერთს წუთსაც უსაქმურად არ უნდა ამყოფოს. წიგნის კითხვისათვის და კლასში სასწავლებლად საკმაოა სადილის წინ სამი საათი და სადილის უკანაც სამი.

სხვა დრო კი შიგა-და-შიგ და რიგ-რიგად უნდა მოხმარდეს იმას, რომ შეგირდს გაეხსნას ნიჭი დაკვირვებისა, გამორკვევისა და ამიტომაც საჭიროა ბავშვმა თავის საკუთარის მოაზრებითა და განსჯითა იცოდინოს ბუნება და ცხოვრება. სეირნობს ბავშვი, თუ ჰთამაშობს თუ ტანის და აგებულობის წარსამატებლად ვარჯიშობს, სჭამს თუ სვამს, ოსტატმა ბავშვის თვალი და გონება უნდა მიახედოს ყველაფერზედ, რაც კი საცოდნელად და საწურთვნელად გამოსადეგია.

რაბლეს სისტემაში ტანის და აგებულობის ვარჯიშობას დიდი ადგილი უჭირავს: ბურთაობა, კენჭაობა, ცხენზედ ჯდომა, ცურვა, ჭიდაობა, - ყოველივე ეს საჭიროდ დანახულია რაბლესაგან. რაბლეს აზრით, მოზარდმა თავის თვალით უნდა გაიცნოს ცხოვრება და მისი ავკარგიანობა თავის ყურით გაიგონოს. ამიტომაც ოსტატი უნდა ატარებდეს ყმაწვილსა ფაბრიკებში, სამსჯავროში, სახელოსნოებში და ეკლესიებში ქადაგების სასმენლადაო, და, რაც საჭიროა და შესამჩნევი, შეამჩნევინოს და გააგებინოსო.

ასე გაჩნდა და ასე გაივსო ახალი მიმართულება პედაგოგისა “განახლების” ეპოქაში, რომელიც საშუალო საუკუნოებს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ეხლანდელს სკოლას ბევრში ჩამორჩება სკოლა “განახლების” დროებისა. ერთი დიდი უპირატესობა ეხლანდელის სკოლისა ის არის, რომ იგი მარტო დიდკაცთათვის აღარ არის საყოველთაო, როგორც დიდისა, ისე პატარისათვის, როგორც მდიდრისა, ისეც ღარიბისათვის. არც იმასა აქვს ეჭვი, რომ ეხლანდელს სკოლაში თითონ ხერხი სწავლებისა ბევრად უკეთესია უწინდელზედ, მაგრამ ესეც კი უნდა ითქვას, რომ ეხლანდელი სკოლა ბევრში უკან ჩამორჩომილია უწინდელზედ.

დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიც აქვს, რომელსაც კაიკაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკუა – გონებასა; დავიწყებულია, რომ კაცს ტანი და აგებულობაცა აქვს, რომელიც წურთვნითა და ვარჯიშობით უნდა გაღონიერდეს, გაჯანიანდეს, გამაგრდეს, რადგანაც ჯანმრთელობა უდიდესი მადლია, რომელსაც-კი ღმერთი მიანიჭებს ხოლმე თვისთა რჩეულთა. ამ მხრით ეხლანდელი სკოლა ბევრში ჩამოუვარდება “განახლების” დროების სკოლებს, რომელთაც საგნადა ჰქონდათ თანასწორი წარმატება ადამიანის სულისა და ხორცისა. ეხლანდელი სკოლა, მართალია, ბევრს ცოდნას აწვდის მოსწავლესა, მაგრამ ცალმხრივ მოქმედობს, ხასიათის წურთვნას თითქმის თავს ანებებს და ტან-აგებულობას ადამიანისას არამც-თუ ჰშველის, არამედ ჰღალავს.

იგი ავტორი, რომელმაც ყოველივე ზემოხსენებული გვაუწყა, ამბობს: ყველამ იცის ეხლანდელის სკოლის ნაკლულევანება და საკვლაოდ არა ერთი და ორი ცვლილება და შევსება მოელის ეხლანდელს სკოლასა. ვინატრით, რომ შემცვლელთა და შემავსებელთა ხანდისხან ყური ათხოვონ ისტორიას, ზოგჯერ უკანაც მიიხედონ და ზოგიერთი რამ შეითვისონ იმ დიდ-ბუნებოვან ჰუმანისტ-პედაგოგთაგან, რომელთაც უმოძღვრეს კაცობრიობას ბევრი რამ მოზარდის თაობის საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ.

* ფ.რაბლეს დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებად დღესდღეისობით დადგენილია 1494 – 1553 წლები.

წერილიდან – “პედაგოგიის საფუძვლები”. გამოქვეყნებულია “ივერიაში”, 1888წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში