კახა ბენდუქიძე - ღარიბი ადამიანების გასაჭირი - სასოწარკვეთა

ალბათ გაგიგიათ ხშირად - ამ ქვეყანას მაინც არაფერი უშველის - ჩვენგან მაინც არაფერი გამოვა - ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკო - ჩვენგან რა უნდა გამოვიდეს - ეს სიზარმაცე სისხლში გვაქვს - მსურველებს შეუძლიათ გააგრძელონ, ხოლო რედაქციამ კონკურსი გამოაცხადოს, ვინ მეტ ასეთ სისულელეს შეაგროვებს. რაფერ სისულელესო?!!! 

ეს ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის ამბავში არ არის განა, ტკბილად, მაგრამ ღარიბად ვიცხოვროთ?! ინტელექტუალები ბატონყმობასაც გაიხსენებენ, ცარიზმის მიერ ქართველების ჩაგვრას და ჩვენს უნიათობას თავიანთი სასოწარკვეთით ახსნიან. როცა რამეს ეტყვი - კი მაგრამ ესა თუ ის ქვეყანა? მაგათ ამერიკელებმა უუშენეს, ბატონო, თვითონ ვერ შეძლებდნენ!

ეხლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვარ რამდენიმე დღით, და კიდევ ერთხელ ვიხსენებ აქაური ეკონომიკური სასწაულების ისტორიას. და მათ შორის ჩემი საყვარელი ისტორიას - ვინ გახადა ტაივანი თანამედროვე ქვეყანად.

ჩინეთში სოციალისტები ებრძოდნენ კომუნისტებს. კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი იყო, სოციალისტების (გომინდანის) - ჩან კაიში. ჩან კაიში საქართველოში ცნობილი იყო იმით, რომ სტალინივით საკუთარ თავს გენერალისიმუსი უწოდა - მახსოვს ერთი მეზობლის აღტაცებული ჩურჩული - სულ სამია გენერალისიმუსი მსოფლიოში - სტალინი, ჩან კაიში და ბროზ ტიტოო (სტალინი უკვე მკვდარი იყო) - ანუ ქართველები რა მაგარი ხალხი ვართო. ისე ტიტომაც თავისით დანიშნა თავისი თავი გენერალისიმუსად.


ჩან კაიში ოციან წლებში ბოლშევიკებს ეძმაკაცებოდა, და თავისი შვილი სასწავლად მოსკოვში გააგზავნა, სადაც ეს ახალგაზრდა (რომელსაც რუსულად ნიკოლაი ელიზაროვი დაარქვეს) ტროცკისტი გახდა. ტროცკიზმისთვის გადაასახლეს სვერდლოვსკში. იქ ბელორუსი ქალი ცოლად მოიყვანა და მერე დიდის ვაი-ვაგლახით ჩინეთში დაბრუნდა..

განსხვავებით სტალინისაგან, რომელმაც ბევრი ხალხი გაწყვიტა და ომი მოიგო, ჩან კაიშიმ ხალხის გაწყვეტის მიუხედავად ომი წააგო - 1949 წელს მისი არმია საბოლოოდ გაიქცა ჩინეთიდან კუნძულ ტაივანზე. 2 მილიონი ოფიცერი და ჯარისკაცი, პარტიის ხელმძღვანელი მუშაკები.
ანუ მოცემული გვაქვს:

• 2 მილიონი სრულიად დემორალიზებული დამარცხებული სამხედრო ( ბოლო 14 წელი ყველა ბრძოლა წააგეს);
• სოციალისტური პარტიის ლიდერები, რომლებიც ინფლიაციას დახვრეტებით ებრძოდნენ;
• 15 მილიონი ადგილობრივი გლეხი. ისინი 1945 წლამდე იაპონიის იმპერატორის ქვეშერმდომები იყვნენ და მათი ნაწილი იაპონიის არმიაში იბრძოდა, მათ შორის ჩან კაიშის წინააღმდეგ;
• ადგილობრივი ახალგაზრდები - სწავლობენ იაპონურ სკოლებში და მერე სწავლის გასაგრძელებლად იაპონიაში მიდის;
• გენერალისიმუსი ჩან კაიში - სოციალიზმის მშენებლობის დაჟინებული იდეით (დაახლოებით 5 წელი აშენა კიდეც);
• მისი ვაჟი ჩან ცინგო, ყოფილი ტროცკისტი, თავის კომკავშირელი ცოლით, ოთხი კანონიერი და ორი უკანონო შვილით; გაზეთის „За Tяжелое Mашиностроение“ რედაქტორის მოადგილე, შემდეგ ტაივანის საიდუმლო პოლიციის უფროსი; შემდეგ ცეკას პირველი მდივანი;
• ჩინეთიდან მუდმივი თავდასხმის საშიშროება.

კითხვა - რა ელის ამ ქვეყანას?

მოდით ეხლა ვინმემ მითხრას - ეს ხომ ცხადია, დაფიქრდით და მიხვდებით, ასეთი ქვეყანა უნდა აყვავდესო!

ტაივანის მშპ/სულზე 1950 წელს იყო ოდნავ მცირე, ვიდრე კენიის, და ოდნავ დიდი, ვიდრე ინდონეზიის.

მაინც ჯიუტად იძახით, აყვავდებაო?

აყვავდა.

გამდიდრდა ხალხი.

გახდა მდიდარი დემოკრატიული სახელმწიფო.

ჩან ცინგო პარტიის თავმჯდომარე გახდა, 1978 წელს პრეზიდენტი. 1984 წელს კიდევ ერთხელ გახდა პრეზიდენტი.
ჩან კაიში გარდაიცვალა 1975 წელს.
ჩან ცინგო გარდაიცვალა 1988 წელს.
მისი მეუღლე ფაინა ვახრევა გარდაიცვალა 2004 წელს.
ტაივანის ეკონომიკა იზრდებოდა ისე, როგორც არცერთი სხვა ეკონომიკა.

2010 წელს ტაივანის მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა ერთ სულზე 32 000 დოლარი.

იგივე რაც იაპონიასა აქვს, ან იტალიას. უსწრებს ისრაელს, პორტუგალიას და საუდის არაბეთს. ინდონეზიას გაუსწრო რვაჯერ, კენიას გაუსწრო ოცჯერ.
თითოეული დამარცხებული ტაივანელი 5-ჯერ უფრო მდიდარია თითოეულ გამარჯვებულ ჩინელზე.

ეხლა საქართველო - 2010 წელი - მთლიანი შიდა პროდუქტი 4500 დოლარი

4 მილიონი მაცხოვრებელი...

სასოწარკვეთა ცუდია!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში