გოდერძი ჩოხელი - ჯიში


ბერმა და ჯღუნამ ცეკვა იციან. განაყრები არიან, მოკომურნი. მაგათნაირი ცეკვა დედამიწის ზურგზე არავის ეცოდინება, თავიანთი მოგონილია და თავადვე ხმარობენ. არც ხატს აკლდებიან, არც - ქორწილს, დადიან და თამაშობენ.

- ჯღუნაი ვარო! - დაიძახებს ჯღუნაი, გაშლის ხელებს და იმდენზე ათავისუფლებს ხალხისაგან საცეკვაო ადგილს, რამდენიც მაგათ მოგონილ ცეკვას ეყოფა. გავა ბოლოში, გაშლის ხელებს, არწივივით დააბრიალებს თვალებს და მანამდე დგას ასე ხელებგაშლილი, ვიდრე მეორე მხარეს ბერი არ გამოჩნდება.
- ბერი ვარ! - დაიძახებს ბერი და ისიც ხელებს გაშლის, ჯღუნაი დიდია და მაღალი, ბერი - დაბალი და წვრილი. დგანან ერთმანეთის პირისპირ მხარგაშლილები. ისეთი შესახედავი არიან, თითქოს არწივი ფრენას ასწავლისო მართვეს. მერე ჯღუნაი მარჯვენა ფეხს ასწევს ჰაერში, იქიდან ბერი მარცხენა ფეხს ასწევს და წავლენ ასე ფეხაწეული და ხელგაშლილნი ერთმანეთისაკენ, შეიყრებიან შუა ადგილას:
- ჯღუნაი ვარო!
- ბერი ვარო!

დაიძახებენ და დააბაკუნებენ ფეხებს, მერე ზურგებს შეაქცევენ ერთმანეთს, აწეულ ფეხებს შეინაცვლებენ და დაშორდებიან ერთურთს.

აქაურ ხალხს ძალინ მოსწონს მაგათი ცეკვა. თვითონ კი, მარტივსა და იოლს ეძახიან და მაგათ გარდა ეგრე თამაშობის უფლება არავის არა აქვს.

ცოტა მშიშარაა ჯღუნაი, სულ ბერის გულით დადის ხალხში. გადავა ხოლმე, გადაიჩეჩება საცეკვაო წრეში, თან ცალი თვალი ბერისაკენ უჭირავს.
იმ ასაკში არიან, კაცი ვერც იმას იტყვის, ზევით არიანო და ვერც იმას, ქვევითაო. დადიან და ცეკვავენ.

***

ქორწილში იყვნენ ერთ დღეს. დაითრო ბერი, დაიჟინა, მუსიკის ხმა არ გამაგონოთო, დააშინა მედოლ-მეგარმონე. შეწუხდა ნამთვრალევი ხალხი, ცეკვა ეწადა ჯღუნას, სთხოვა მუსიკოსებს:

- დაუკარითო ერთხელ.
- ვინ უკრავს! - წამოწიწმატდა ბერი.
გამტკნარდა მუსიკა, დიაცებიც შეეხვეწნენ ბერს:
- დააკვრევინე ბერო, შენ გახარებას.
- არა.
- რატო, კაცო, ცოდვა არის ჯღუნაი, თამაშობა უნდა.
- არა, ვერა.
- რატო არა.
- ეგეა ნათქვამი და იმიტომ.
- როგორ?
- ფეხშიშველი ჩოხელი ცივ ქვაზე შედგაო.
- მერე?
- ეხვეწნენ, ჩამოდი, თორემ გაცივდები და მოკვდებიო.
- მერე?
- იუარა: არა, არ ჩამოვალ, რახან შევდექ, აღარ ჩამოვალო.
- იქნებ ცივი არ იყო? - დაეჭვდა ხიზანიანთ ფიდუაი.
- ცივი იყო.
- შენ რა იცი, კაცო, რო ცივი იყო?
- ნათქომია.
- რაო?
- ცივი ქვა იყოო.
- იქნება თბილი იყო.
- ცივი იყო.
- რა იცი?
- გაცივებულა ის კაცი და მომკვდარა.
- აბა, რაღა ცივ ქვაზე დგებოდა.
- ვისი რა საქმეა, იმ კაცს უნდოდა და შედგა.
- ჰოდა, დაუჭერია კიდეც.
- იმას არ უნანია. სიკვდილის წინ ჩაუტირებიათ დედაკაცებს: - შე უბედურო, აბა რაღა ცივ ქვაზე სდგებოდიო.
- მინდოდა და შევდექიო.
- ხო შედგა. ჩამოსულიყო მერე.
- არ უნდოდა ჩამოსვლა და არ ჩამოვიდა...
- არ მინდა და არ ჩამოვალ.
- ჩამოდი და რა დაგიშავდება, ბერო, დედამტერთასა.
ეხვეწებოდნენ დედაკაცები. ჯავრისაგან დათვრა ჯღუნაი, ნაბადში გაეხვა და მიიძინა.
- დაუკარითო, - ბრძანება გასცა ბერმა. გალაღდა მუსიკა, გაშალა ხელები და იცეკვა მარტოკამ.
ძილში დოლ-გარმონის ხმა ჩაესმა ჯღუნას, ნაბდიანად წამოხტა და მოცეკვავე ბერი რომ დაინახა, გახარებული შევარდა წრეში.
- ჯღუნაი ვარო! - დაიძახა ხელებგაშლილმა.
ბერს არ უთქვია ბერი ვარო.
- ვინ უკრავს! - დაიძახა და დააბაკუნა ფეხი.

შეშინდნენ მუსიკოსები, გააჩერეს დოლ-გარმონი. საცეკვაო წრეში გახევებული დარჩა ჯღუნაი. ცალი ფეხი ჰაერში ჰქონდა აწეული. ისე იდგა, შემოდგომის პირზე ჭაობში შეცივებული ყანჩა რომ დგას ხოლმე ცალ ფეხზე.
ჯღუნაის ცოდვით გარმონმა ერთი ისეთი დაიწკმუტუნა, პატარა ლეკვმა რო იცის, როცა პატრონი ყურებს დააჭრის. დაიწკმუტუნა და ბერის შიშით გაჩუმდა უცებ. ფრთამოტეხილ წეროსავით ჩამოუვარდა ჯღუნას გაშლილი მკლავები, ფეხი წამოსწია და საცეკვაო წრიდან გავიდა.

***

კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯღუნამ გულიდან გადაიგდო მხიარულობა, აიკვეთა ბერთან ცეკვა.
ბერიც შეწუხდა და ხალხიც. კინო ამოიტანეს ერთხელ სოფელში და არავინ მისულა საყურებლად.

- რა გვეკინოვება, ჯღუნაი აღარ ცეკვავსო.
- სახელი მაინც დავარქვათ ჩვენ მოგონილ თამაშობასაო, - სთხოვა ბერმა.
- ჯღუნური-ო.
- ბერული-ო.
ვერა და ვერ შეთანხმდნენ, - თავმჯდომარეს ვკითხოთო და წავიდნენ კოლმეურნეობის კანტორაში.
- გამარჯვებათო.
- რაოო? - ჰკითხეს.
- თამაშობა ვიცით
სახე გაუფითრდა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს და აკანკალებული ხმით შეეხვეწა:
- ოღონდ ეხლა ნუ იცეკვებთ და ერთ კვირას არ გამუშავებთ, ოღონდაც ეხლა ნუ მომჭრით თავს, რაიონის ხალხია ჩამოსული და რას იტყვიან, გიჟების კოლექტივში მოვხვდითო.
- არა, თამაშობა კი არ გვინდა.
- მა რა.
- შენ რას იტყვი, ბერული დავარქვათ თუ ჯღუნური.
- გამაგებინეთ, კაცო, რას ლაპარაკობთ.
- თამაშობას ბერული დავარქვათ თუ ჯღუნური.
- აა, - გულზე მოეშვა თავმჯდომარეს, მაგრამ ჯღუნაი და ბერი აღარ მიდიოდნენ პასუხის მოლოდინში. თავმჯდომარემ ვერც ერთს გაუტეხა ხათრი და ვერც მეორეს. ხელებში ჩარგო თავი.
- რაიონის ხალხსა ვკითხოთ, - შედგა „ცივ ქვაზე“ ბერი.
- ნუ, თქვენი ჭირიმე, ნუ დამღუპავთ.
- ფეხშიშველი ჩოხელი ცივ ქვაზე შედგაო.
- ჩამოდი, ბერო, შენი ჭირიმე.
- არა, უნდა ვკითხო.
- ნუ მამთხრი და გამაცივებ, ბერო, შენი ჭირიმე.
- ცივ ქვაზე მე ვდგავარ, შენ რა გაგაცივებს.
- მე მამხვდება, მენა!
- არა, მაინც უნდა ვკითხო, გინდა შენთან ერთად ბუღალტრებიც გაცივდნენ.
ბერმა იფიქრა: თუ დავიყოლიებ, ეხლა დავიყოლიებ ჯღუნასაო და:
- მაშინ ვითამაშებთო, - ფეხი ასწია, მაგრამ მაშინვე მიხვდა, ჯღუნაი არც აქ აპირებდა აყოლას და - რაიონის ხალხსა ვკითხოთო, - ისევ ცივ ქვაზე შედგა.
ის იყო ჯღუნაიც უნდა შეხვეწნოდა ბერს, რომ ვიღაცამ კარი შემოაღო და თავმჯდომარეს უთხრა, წავიდნენ სტუმრებიო.
ჩამოვიდა „ქვიდან“ ბერი და წამოვიდნენ, გაცივებული დატოვეს თავმჯდომარე.
- მიდიხართ? - იკითხა თავაუღებლად.
- წავალთ და „ასკოფეინს“ გამოგიგზავნით, - დააიმედა ბერმა.
ცხენებზე ისხდნენ და ისე მიდიოდნენ. როგორღაც სადავეები ისე ეჭირათ, ერთმანეთს არ უყურებდნენ და თითქოს არც ის უნდოდათ, რომ მათ ცხენებს შეეხედათ ერთურთისათვის.
ბერს ჭრელი მათრახი ეჭირა ხელში, ჯღუნას ტალახიანი წკეპლა. ეტყობოდა, მოსწონდა ჯღუნას თავისი მოკომურის მათრახი, მალულად გააპარებდა ხოლმე თვალს. ადგა და აჩუქა ბერმა.
- ბერული დავარქვათო, - გაილაღა ჯღუნამ.
- არა, ჯღუნურიო, - ცივ ქვაზე შედგა ბერი.
სახლამდე ისე მივიდნენ, ვერ მორიგდნენ.

***

მეზობლის წლისთავზე ქეიფობდნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ. დღემდე ვერ იქნა და ვერ დასწერა ბერმა ჯღუნას საცეკვაო ჯვარი. როგორღაც ცეკვის ხასიათზე იყო და ეს წადილი რომ გაენელებინა, ხევისბერისათვის მორთმეული ბეჭი ჩუმად აიღო ჯღუნამ და დაიწყეს შიგ მკითხაობა.
გახედა ბერმა.
გახედა ჯღუნამაც.

- ორსულად არავინ არის ჩვენ მოკომურობაში, კაცოო! - თავი გააძეძა ჯღუნამ.
- რა იცი, რო არავინ არი.
- არა ჩანს ბეჭში.
- ბეჭში რას უყურებ, სოფელში ჩაიხედე.
- თუ ვინმე არი, აქ დაჩნდებოდა!
- არის.
- არ არის.
- დავნაძლევდეთ.
- რაზე?
- წავიდეთ და თუ ჩვენ მოკომურობაში ორსული ვინმე ვნახოთ, ჩემთან უნდა იცეკვო. - მოუჭრა ბოლოს ბერმა.
წავიდნენ და ჩამოიარეს კარდაკარ.
იქვე ახლოს ნახეს:
მაგათი რძალი იყო, ბიძაშვილის ცოლი.
- რა თავი გვაძებნინე, ქალო, სადა ხარ აქამდე? - ჩაიბუზღუნა ჯღუნამ.
- რა ხანია გეძებთ, - კვერი დაუკრა ბერმა.
გააშლევინეს ორსულ ქალს სუფრა, გადმოიყვანეს კოფიას ქალბალღი და გასწივეს იმათაც დოლ-გარმონი.
- ბერი ვარო! - დაიძახა ბერმა.
- ჯღუნაი ვარო!

გაშალეს ხელები და ფეხაწეულები გავიდ-გამოვიდნენ. გალაღდა მუსიკა, გაიხარა ჭერმა, მთელი სოფელი მოაწყდა უცებ. მგონი, ამ ქვეყნისაკენ მომავალი ჩვილიც კი, ჯღუნასავით და ბერსავით ცეკვავდა სიხარულისაგან.
გაღმა სოფლებშიც გაეგოთ ეს ამბავი და ვინ ფეხით გამორბოდა, ვინ - ცხენით.

- ჯღუნაი ვარო!
- ბერი ვარო!
- ხო ვართ ბერო?
- მაშა კაცო...
არიან და, რა ქნან.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში