ფრანც კაფკა - სოფლის ექიმი


არნახულ გასაჭირში ვიყავი ჩავარდნილი: უმალვე უნდა გავმგზავრებულიყავი; რამდენიმე ათეული მილით დაშორებულ სოფელში მძიმე ავადმყოფი მელოდა;

ავადმყოფსა და ჩემ ადგილსამყოფელს შორის, მთელ მანძილზე ძლიერი ქარბუქი მძვინვარებდა;

მე ოთხთვალა მყავდა, მსუბუქი, დიდ თვლებზე შემდგარი ოთხთვალა, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენი სოფლის გზებს სჭირდება.

ქურქში გახვეული, ხელსაწყოებით სავსე ჩანთით ხელში, გასამგზავრებლად უკვე ეზოში ვიდექი, მაგრამ ცხენი გვაკლდა, ცხენი არ გვყავდა. ჩემ საკუთარ ცხენს, ასეთ ცივ ზამთარში, ზედმეტი დაძაბვისგან, სწორედ წინა ღამით გასძვრა სული.

ჩემმა მოსამსახურე გოგომ ახლაღა მიაშურა სოფელს, იქნებ ცხენი ვინმემ მათხოვოსო; ვიცოდი ეს უაზრობა იყო, გაუთავებლად მათოვდა და მათოვდა, თანდათან ვკარგავდი მოძრაობის უნარს და მაინც უმიზნოდ ვიდექი ადგილზე.
ჭიშკართან მოსამსახურე გოგო გამოჩნდა, მარტო იყო, ფარანი დამიქნია; რასაკვირველია, ახლა ვინ გაიმეტებდა ცხენს და ისიც ასეთი მგზავრობისათვის? მე ერთხელ კიდევ გავიარ-გამოვიარე ეზოში; გამოსავალი ვერაფერი ვიპოვე; დაბრუნებულმა და გაწამებულმა წლობით მიტოვებული საღორის მორყეულ კარს ფეხი ვკარი. ანჯამებზე დაკიდებული კარი გაიღო და ჯახუნით აქეთ-იქით მიეხეთქა. ისეთი სითბო და სუნი მეცა, თითქოს სადმე ახლოს ცხენი ყოფილიყოს. შიგნით, თოკზე ჩამოკიდებული ბოსლის მკრთალი ფარანი ქანაობდა.

დაბალჭერიან გომურში წელში მოხრილმა კაცმა ცისფერი თვალები შემომანატა. “ცხენები შევაბა?” – მკითხა ოთხზე დამდგარმა. არ ვიცოდი რა მეთქვა და მხოლოდ იმიტომ დავიხარე, რათა დამენახა, გომურში კიდევ იყო რაიმე თუ არა. მოსამსახურე გოგო ჩემ გვერდით იდგა. “არც იციან საკუთარ სახლში რა საქონელი ჰყავთ მარაგად”, თქვა მანდ და ორივემ გავიცინეთ.

“ეჰეი ძმაო, ეჰეი დაო!”- იყვირა მეჯინიბემ და ორი ზორბა, ძლიერგავიანი ცხოველი, რომლებსაც ფეხები ისე მოეხარათ მუცელს ეხებოდნენ და ლამაზად თლილ თავებს აქლემებივით დაბლა ხრიდნენ, ტანის ძლიერი რხევით, ერთმანეთის მიყოლებით ძლივს გაეტივნენ კარში. იმწუთასვე მუხლებში გაიმართნენ, მაღალ ფეხებზე გასწორდნენ, ტანზე სქელი ოხშივარი ასდიოდათ. “მიეხმარე”, მივმართე მე და მორჩილი გოგო გაეშურა, მეჯინიბეს ოთხთვალის მოკაზმულობას მივაწვდიო. გოგო კარგად არც კი იყო მიახლოებული, მეჯინიბემ რომ ხელი ჩაავლო დას ახე ახლოს მიუტანა. გოგომ შეკივლა და ჩემკენ გამოიქცა. გოგოს ლოყაზე ორ რიგად წითლად ემჩნეოდა კბილების ანაბეჭდი. “ხვადაგო”, ვყვირი გაცოფებული, “მათრახი ხომ არ მოგინდა?”, მაგრამ ამავე წუთს მახსენდება, რომ კაცი ჩემთვის უცხოა. რომ არც კი ვიცი, საიდან მოვიდა, და რომ იგი თავისი ნებით მეხმარება, მაშინ როცა სხვებმა უარი მითხრეს.

ისე, თითქოს ნაფიქრს მიხვდაო, მეჯინიბე ჩემს მუქარაზე ყურსაც არ აპარტყუნებს, მხოლოდ ერთხელ შემობრუნდება ჩემკენ, თან ცხენებს ოთხთვალაში აბამს. “ჩაბრძანდით”, მეუბნება იგი შემდეგ, და მართლაც : ყველაფერი მზადაა. ასე მშვენივრად აკაზმული ოთხთვალათი, ვგონებ, არასოდეს მიმგზავრია, და სიხარულით ვჯდები შიგ. “ცხენებს მე თვითონ გავრეკავ, შენ გზა არ იცი”, - ვუთხარი მე. “ცხადია”, - მიპასუხა მან, - “შენთან წამოსვლას არც ვაპირებ, მე როზასთან დავრჩები”. – “არა”, ყვირის როზა და, თავისი ბედის გარდუვალობის წინათგრძნობით შეძრწუნებული, სახლში შერბის.

მესმის კარის ჯაჭვის წკრიალი, რომლითაც როცა კარს კეტავს, მესმის გასაღების ჩხაკუნი, თანაც ვხედავ, როზამ თავს რომ უშველოს, ტალავერში და ოთახებში ყველგან სინათლეს აქრობს, რათა ვერავინ ვერ მიაგნოს.
“შენ ჩემთან წამოხვალ” – მივმართE მეჯინიბეს, - ან, არადა აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი, როგორადაც გადაუდებელი არაა ჩემი წასვლა. ეგღა მაკლია, გამგზავრებაში დახმარების ფასად გოგონა მოგცე”. – “გასწით, გაკურცხლეთ!” შესძახებს მეჯინიბე: ტაშს შემოკრავს; ოთხთვალა ადგილიდან ისე მოწყდება, თითქოს მძლავრმა მდინარემ ნაფოტი გაიტაცაო; ჯერ კიდევ მესმის მეჯინიბის მიწოლისაგან როგორ სკდება და ნაფოტებად იქცევა ჩემი სახლის კარი. შემდეგ თვალები, ყურები და საერთოდ სხეულის ყველა ორგანო თანაბარზომიერი გამკივანი სტვენით ივსება, მაგრამ ესეც წამიერია, რადგან, როცა თვალს ვახელ, ჩემი ეზოს ჭიშკრიდან პირდაპირ ავადმყოფის ეზოში ვარ;

ცხენები წყნარად დგანან; თოვას გადაუღია; ირგვლივ მთვარე ანათებს; ავადმყოფის მშობლები სახლიდან აჩქარებული გამოდიან, მათ უკან ავადმყოფის და მოდის; ოთხთვალიდან ლამის ხელში ატაცებული ჩამომიყვანეს; მათი აბდაუბდა ლაპარაკიდან ვერაფერს ვიგებ; ავადმყოფის ოთხაში სუნთქვა ჭირს, ჰაერი თითქმის არ არის; გავერანებული ღუმელი ბოლავს; ფანჯრის გაღება მინდა, მაგრამ თავდაპირველად ავადმყოფი უნდა გავსინჯო. გამხდარია, სიცხე არა აქვს, არც ცივია და არც ცხელია, თვალებში სიცარიელე ჩადგომია, უპერანგო ყმაწვილი ბუმბულის ქვეშაგებიდან წამოიწია, კისერზე ჩამომეკიდა და ყურში წამჩურჩულა: “ექიმო, ნება მომეცით მოვკვდე”. ირგვლივ მივიხედ – მოვიხედე, ყმაწვილის ნათქვამი არავის გაუგონია; წინ წამოხრილი მშობლები ჩუმად დგანან და ჩემს განაჩენს ელოდებიან; დმ ჩემი ხელჩანთისათვის სკამი მოიტანა. ხელჩანთა გავხსენი და ხელსაწყოებს დავუწყე ძებნა; ყმაწვილი ლოგინიდან ისევ და ისევ ჩემკენ იწევს, რათა თავისი თხოვნა მომაგონოს; პინცეტს ხელი წავავლე, სანთლის შუქზე გავსინჯე და ისევ უკან ჩავდე.

ჰო, ვფიქრობ მე ღვთის საგმობ სიტყვებს, ასეთ შემთხვევაში გეხმარებიან ღმერთები, გიგზავნიან საჭირო ცხენს, სიჩქარეში მეორესაც უმატებენ, ხოლო ზედმეტი მოწყალების გაღებისას მეჯინიბესაც შემოგწირავენ მსხვერპლად... მხოლოდ ახლაღა გამახსენდა როზა; რა ვიღონო, როგორ ვიხსნა იგი, როგორ გამოვათრიო მეჯინიბეს ქვეშ მოქცეული გოგო. ათი მილით ვარ მისგან დაშორებული, ოთხთვალაში კი დაუმორჩილებელი ცხენებია შებმული! ცხენები, რომლებმაც ღვედები აიშვეს; ფანჯრები, არ ვიცი კი როგორ, გარედან გააღეს; ორივეს ოთახში თავები შემოუყვიათ და ოჯახის წევრების ყვირილის მიუხედავად, ავადმყოფს ათვალიერებენ. ამწუთსავე უკან გავბრუნდები, ვფიქრობ მე, თითქოს ცხენებიც გამგზავრებას მთხოვენ, მაგრამ დას ნებას ვაძლევ, რომელსაც ჰგონია სიცხისაგან დაყრუებული ვარ, ქურქი გამხადოს. ერთი ჭიქა რომი გამიმზადეს, მოხუცი მხარზე ხელს მიტყაპუნებს, მისი უბოდიშო საქციელი ძვირფასი განძის დაკარგვითაა გამოწვეული. თავს ვაქანებ; მოხუცის შეზღუდული აზრები ვიცი გულს ამირევს; ამიტომ უარს ვამბობ დალევაზე.

დედა ლოგინთან დგას და თავისთან მიხმობს; ვმორჩილდები და ყმაწვილის მკერდზე თავს ვდებ, ამ დროს კი ერთი ცხენი, ოთახის ჭერისკენ თავაწეული, ხმამაღლა ჭიხვინებს, ყმაწვილს ჩემი სველი წვერი აფრთხობს. მტკიცდება ის, რაც მე ვიცი; ყმაწვილი ჯანმრთელია, ოდნავს სისხლნაკლულია, მზრუნველი დედა ყავით მომეტებულად ჭყიპავს, მაგრამ ჯანმრთელია, უკეთესი კი იქნება, საწოლიდან პანღურის ცემით წამოაგდო.

მე ქვეყანას ვერ გამოვასწორებ, რაში მედარდება, იწვეს. მე აქ ოლქის ხელისუფლების მიერ ვარ დანიშნული და ჩემს მოვალეობას, რაც ძალა შემწევს, ვასრულებ, ის კი არადა, სადღაც მეტისმეტიც მომდის. გასამრჯელო ცუდია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელგაშლილი ვარ და ღარიბებს მუდამ დახმარების ხელს ვუწვდი. როზასთვისაც უნდა ვიზრუნო, კაცმა რომ თქვას, ყმაწვილი მართალია, უკეთესია მეც მოვკდე. რას ვაკეთებ აქ, ამ გაუთავებელ ზამთარში. ჩემს ცხენს სული გასძვრა და სოფელში ისეთი არავინაა, რომელიც თავისას მათხოვებს. საღორიდან ცხენის აკაზმულობა უნდა გამოვიტანო; ეს ცხენები შემთხვევით რომ არ გაჩენილიყვნენ, ღორებით მომიწევდა მგზავრობა.

მე ოჯახს თავს ვუკრავ. მათ ამის შესახებ არაფერი იციან და რომც იცოდნენ, არ დაიჯერებენ... რეცეპტების გამოწერა ადვილია, მაგრამ ადამიანებს რომ გაუგო, ეს კი ძნელია. მაშ ასე, აქ შეიძლება დასრულდეს ჩემი სტუმრობა, ერთხელ კიდევ ამაოდ დავშვრი, ამას მიჩვეული ვარ, ჩემი მაშველი ღამის ზარით მთელმა ოლქმა ჯვარს მაცვა, მაგრამ ამჯერად რომ როზას დათმობა დამჭირდა, ამ მშვენიერი გოგონასი, რომელიც წლების მანძილზე ჩემს სახლში ცხოვრობდა და ყურადღებას თითქმის არ ვაქცევდი, ეს მსხვერპლი მეტისმეტად დიდია, და მე, დროებით რომ დავწყნარდე, რაღაც ეშმაკობებს ვიგონებ, ვინძლო ოჯახს რამე ფათერაკი არ შევამთხვიო, მიუხედავად მათი საუკეთესო სურვილებისა, როზას უკან დაბრუნება არ შეუძლიათ.

როცა ხელჩანთა დავკეტე და ვანიშნე ქურქი მომეცით-მეთქი, ოჯახის წევრები ერთად იდგნენ. მამას ხელში რომიანი ჭიქა უჭირავს და ყნოსავს, დედა, როგორც ჩანს, ჩემით განცვიფრებულია, - კი მაგრამ, რას ელოდება ეს ხალხი? – თვალები ცრემლებით აქვთ სავსე, ტუჩებს იკვნეტენ, ხოლო და სისხლით გაჟღენთილ პირსახოცს აფრიალებს, მე მზად ვარ დავიჯერო, რომ ყმაწვილი ნამდვილად ავად არის. მე მასთან მივდივარ, ყმაწვილი ღიმილით მეგებება, თითქოს კარგი წვნიანი მიმქონდეს მისთვის, - ოჰ, ახლა ორივე ცხენი ჭიხვინებს; ადვილი მოსალოდნელია, ხმაური უზენაესმა ბრძანა, რათა ავადმყოფის გასინჯვა შემიმსუბუქონ, - და ამ დროს აღმოვაჩინე; ყმაწვილი მართლაც ავად არის, მარჯვენა მხარეს, თეძოს არეში ხელისგულისოდენა ღია ჭრილობა აქვს. ვარდისფერ ჭრილობას სხვადასხვა ფერი გადაჰკრავს, სიღრმეში შავია, კიდეებზე უფრო ნათელი, მარცვლებივით დაბუშტულა, ალაგ-ალაგ სისხლი უთანაბროდ შედედებულა, ღია მაღაროს მოგაგონებს გაგანია სიცხეში. ასე ჩანს შორიდან. ახლოს რომ დახედავთ, უფრო რთულადაა საქმე. ვის შეუძლია ეს დაინახოს, და წყნარად არ დაუსტვინოს? ჩემი ნეკის სისქე და სიგრძე, ვარდისფერი და ამასთან სისხლში ამოსვრილი მატლები ფუთფუთებენ, ჭრილობის სიღრმეში მკვიდრად მოუკალათებიათ და თეთრ თავებსა და მრავალრიცხვოვან პაწაწკინტელა ფეხებს სინათლისაკენ იშვერენ.

საცოდავო ყმაწვილო! შენ აღარაფერი არ გიშველის. მე აღმოვაჩინე შენს ტანზე დიდი ჭრილობა; ეს ყვავილი გამოგიყვანს შენ წირვას. ოჯახი ბედნიერია. ისინი ხედავენ, რომ მე ყოველ ღონეს ვხმარობ; და დედას ეუბნება, დედა მამას გადასცემს, მამა სტუმრებს, რომლებიც ფეხისწვერებზე შემდგარნი, ხელებგაშლილნი წონასწორობას იცავენ და
მთვარის შუქზე ღია კარებში შემოდიან.

“გადამარჩენ?” – სლუკუნით მეჩურჩულება ყმაწვილი, იგი შეძრწუნებულია, ჭრილობაში ცოცხალი არსებანი რომ დაბუდებულან. ასეთი ადამიანები არიან ჩემს მხარეში. ექიმისაგან ყოველთვის შეუძლებელს მოითხოვენ. ძველი რწმენა მათ დაკარგეს; მღვდელი სახლში ზის და ერთი მეორის მიყოლებით საეკლესიო სამოსელს ნაკუწებად ხევს; მაგრამ ექიმმა ქირურგის ნაზი ხელით ყველაფერი უნდა მოაგვაროს.

მაშ ასე, როგორც გენებოთ: მე არაფერი მითხოვია, წმინდა მიზნებისთვის გჭირდებათ ჩემი თავი, ნება მომიცია, რაც გსურდეთ ის მიყავით; უკეთესს რას გააკეთებს სოფლის მოხუცი ექიმი, რომელსაც მოსამსახურე გოგო მოსტაცეს! და ისინი მოდიან, ოჯახის წევრები, სოფლის თავკაცები და ტანსაცმელს მხდიან: მოსწავლეთა გუნდი მასწავლებლის მეთაურობით სახლის წინ დგას და სრულიად უბრალო მელოდიას მღერის:

“გახადეთ სამოსი და იგი განკურნავს,
და თუ არ განკურნავს, მაშინ კი მოკალით,
ის ხომ ექიმია . . . ექიმი მხოლოდ”.

შემდეგ მე ტანთ გამხადეს და წვერებში თითებგაყრილი, თავდახრილი ირგვლივ შემოჯარულ ადამიანებს შევყურებ. თავს ვიკავებ, რადგან ყველა მათგანზე მაღლა ვგრძნობ თავს და ასეთადვე ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერში არ მრგებს, რადგან ამ დროს ისინი თავში და ფეხებში ხელს მავლებენ და ლოგინისაკენ მიმაქანებენ. კედლისაკენ, ჭრილობის მხარეს მაწვენენ. შემდეგ ყველანი ოთახიდან გადიან; კარებს კეტავენ: სიმღერა წყდება, ღრუბლები მთვარეს გარს ებურვიან; თბილ ქვეშაგებელში ვწევარ; ფანჯრის ღიობში ჩრდილებივით ირხევიან ცხენების თავები.
“იცი”, - მესმის ყურში ყმაწვილის ხმა, - “ძალიან ცოტას გენდობი შენ. შენც ისეთივე უბედური ხარ, ფეხზე ძლივს დგახარ. იმის მაგივრად, რომ მიშველო, სასიკვდილო სარეცელზე მავიწროვებ. სიამოვნებით ამოგპოტნიდი მაგ თვალებს”.

-“მართალი ხარ,” – ვუთხარი მე, - “სამარცხვინოა. მერედა ექიმი ვარ. რა უნდა გავაკეთო? დამიჯერე, ეს ჩემთვისაც არაა ადვილი”. – “ამ ბოდიშებით გსურს დამაკმაყოფილო? ოჰ მე კარგად უნდა გავხდე, ყოველთვის კმაყოფილი უნდა ვიყო. ასეთი მშვენიერი ჭრილობით გავჩნდი ამქვეყნად; ეს იყო მთელი ჩემი აღჭურვილობა.” – “უმცროსო მეგობარო”, - მივმართე მე, - “შენი ნაკლი ისაა, რომ გონებრივი ჰორიზონტი არა გაქვს. მე, რომელიც ბევრი ავადმყოფის ოთახში, ყველგანა ვარ ნამყოფი, გეუბნები შენ: შენი ჭრილობა არც ისე საშიშია. საკმარისია მჭრელპირიანი ნაჯახის ორი დაკვრა. თქვენ ადგილას ბევრი სიამოვნებით მიუშვერდა თეძოს, მაგრამ ძლივს ესმით მათ ტყეში ნაჯახის ხმა, გალურსული არიან, იქნებ როგორმე მათამდისაც მიაღწიოს”. – “ეს ნამდვილად ასეა, თან წაიღე იმქვეყნად სოფლის ექიმის პატიოსანი სიტყვა”. და მან წაიღო თან და დაწყნარდა, მაგრამ ახლა უკვე დრო იყო თავის შველაზე მეფიქრა. ცხენები ჯერ კიდევ ერთგულად იდგნენ თავიანთ ადგილზე. ტანსაცმელი, ქურქი და ხელჩანთა სასწრაფოდ მოვკრიფე; ჩაცმისთვის არ მსურდა დრო დამეკარგა; თუ ცხენები ისევე იჩქარებდნენ, როგორც აქეთობისას, შეიძლება ითქვას, ამ ლოგინიდან ჩემს ლოგინში აღმოვჩნდებოდი.

ერთი ცხენი მორჩილად მოსცილდა ფანჯარას: ჩემი ფუთა ოთხთვალაში მოვისროლე; ქურქი გვერდზე გაფრიალდა, მხოლოდ რომელიღაცა კაუჭს სახელოთი გამოება. ესეც საკმარისია, მე ცხენს მოვახტი. მოსართავები აითრიეს, ცხენები ერთმანეთზე ძლივს არიან გადაბმული, ოთხთვალა აქეთ-იქით ქანავს, უკან ქურქი თოვლს ხვეტავს. “ცოცხლად!” შევძახე მე, მაგრამ ცოცხლად არ გამოდის; ძლივძლივობით, მოხუცი კაცებივით მივდივართ თოვლის უდაბნოში; დიდხანს ისმის ჩვენ უკან, ახალი, მაგრამ ბავშვების არეული სიმღერა:

“გაიხარენით პაციენტებო, რადგან ექიმი
თქვენთან ერთად წევს დღეს საერეცელში!”

ასე მე ვერასოდეს მივალ სახლში; დაიღუპა ჩემი ფრიად წარმატებული პრაქტიკა; ჩემი შემცვლელი გამქურდავს მე, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მას არ შეუძლია ჩემი შეცვლა; ჩემს სახლში საზიზღარი მეჯინიბე მძვინვარებს; როზა მისი მსხვერპლია; არ მსურს ამაზე ვიფიქრო. შიშველი, ამ უბედური საუკუნისაგან ყუნვაში გამოძევებული, მიწიერი ოთხთვალათი და არამიწიერი ცხენებით, მე მოხუცი კაცი დუნიაზე დავეხეტები. ქურქი ოთხთვალაზე არის ჩამოპორწიალებული , მაგრამ მე არ შემიძლია მივწვდე მას, და არც ერთი, პაციენტების ბრბოდან ფეხზე მდგომი, თითსაც არ ანძრევს.

მოტყუებული, მოტყუებული! თან მომდევდა ღამის ზარების მაცდური ხმა – ამას ვეღარასოდეს ვერ გამოვასწორებ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში