ორი სახლი ძველ უბანში | ბერიასა და ჯავახიშვილის ამბავი

„იმ დროს ბერია ჩვენი სახლის პირდაპირ, ყორღანოვის (ახლანდელი ქიაჩელის) ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი აივანი ჩვენსას გადმოჰყურებდა. ხშირად აივანზე მდგომი მამა ბერიას რომ დაინახავდა, სწრაფად ოთახში შემობრუნდებოდა. მისი დანახვაც კი არ სიამოვნებდა“, - ქეთევან ჯავახიშვილი, მოგონებების წიგნი.


ბედის ირონიით, სახლიდან, სადაც 1913-1937 წლებში მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა, მოჩანდა ერთი შენობის აივანი, რომელზეც ხშირად გამოდიოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი ლავრენტი ბერია.


მიხეილ ჯავახიშვილი ბერიას შინსახკომელებმა 1937 წლის 14 აგვისტოს ქვიშხეთში დააპატიმრეს, ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ბინა კი 13 აგვისტოს გაჩხრიკეს და დალუქეს.


დახვრეტილი მწერლის ოჯახს ოთხი ოთახიდან მხოლოდ ერთი დაუტოვეს. დაიკარგა მწერლის პირადი ნივთების დიდი ნაწილი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა თავად მწერლის ნეშტი.

დათო ქარდავა - გენერალ ყორღანოვის მზარეულისა და დიდი მწერლის სახლი („მტაცებლები ურბანულ გარემოში")

***

ლავრენტი ბერია. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. პარტია და მწერლობა ისედაც ერთად უნდა იდგეს და ერთადაცაა შეკრული მტკიცედ და დაურღვევლად, მაგრამ თქვენ რაღაც განზე დგახართ, არ მონაწილეობთ ჩვენს დიად აღმშენებლობით პროცესებსა და გარდაქმნებში... რაც იყო, იყო, ახლა კი ენერგიულად უნდა ჩაებათ (ხმას ოდნავ დაუწევს, მეტი მნიშვნელობა რომ მიანიჭოს ნათქვამს) საგანგებო დავალებაა, სა-გან-გე-ბო (და შთამაგონებელი პაუზა მეტი დამაჯერებლობისათვის)... 1905 წლის რევოლუციაზე რომ შექმნათ თქვენი შესაფერისი მხატვრული ტილო, და იმ დიდ, გრანდიოზულ ამბებში, მეფის იმპერია მძლავრად რომ შეაზანზარა, გამოკვეთოთ ამხანაგ სტალინის ორგანიზატორული, გადამწტყვეტი როლი!..

მიხეილ ჯავახიშვილი. ის ამბები კარგად მახსოვს, ძალიან კარგად, მისი უშუალო მონაწილეც ვიყავი და მთელი ის მღელვარე პროცესი, კინოკადრივით, თვალწინ ჩამიქროლებს ხოლმე.

ლავრენტი ბერია. (გადაბადრული) მაგას ვამბობ სწორედ, არ შევმცდარვარ, თქვენზე რომ შევაჩერე არჩევანი!..

მიხეილ ჯავახიშვილი. კარგად რომ მახსოვს, იქ ამხანაგი სტალინი საერთოდ არ მაგონდება.

ლავრენტი ბერია. (გაოგნებული) რას ამბობთ?!

მიხეილ ჯავახიშვილი. არ მაგონდება და რა ვქნა...

ლავრენტი ბერია. ოოო, ასე არაფერი გამოვა, ამხანაგო მიხეილ... ა-რა-ფე-რი გა-მო-ვა... აბა კარგად გაიხსენეთ მაშინდელი დრო, ის დიდი, გრანდიოზული მოვლენები და მის შუაგულში მდგარი ამხანაგი სტალინი. მისი ორგანიზატორული, მამოძრავებელი როლი!..

მიხეილ ჯავახიშვილი. კარგად დავფიქრდი, აჰა, კიდევ უფრო ღრმად და ღრმად ვფიქრობ და...

ლავრენტი ბერია. (თითქოს შვებით ამოისუნთქაო) ეგრე რა, ამხანაგო მიხეილ, ეგრე რა!..

მიხეილ ჯავახიშვილი. ვინც მაგონდებიან ორგანიზატორებში, იმათ ამხანაგი სტალინი საერთოდ არ გაკერებია.

ლავრენტი ბერია. დღეს რაღაც გადაღლილი მეჩვენებით და სჯობს ეს საუბარი გადავდოთ, სახლში რომ წახვალთ... დიახ, დიახ, შინ რომ წახვალთ, კიდევ იფიქრეთ, კარგად იფიქრეთ... მოგაგონდებათ, უეჭველი მოგაგონდებათ.

როსტომ ჩხეიძე - „ბედი-მდევარი“

***

არჩილ ქიქოძე - ხიდებიანი სახლი („სამხრეთული სპილო“)

ხიდებიანი სახლი მუდამ მაღელვებდა, იმიტომ, რომ შიგ, მთლად ჩემს მეზობლად, ლავრენტი ბერია ცხოვრობდა. უბრალოდ, ვიცი, რომ რომელიღაცა ბინა ეკავა და არასოდეს მიკითხავს, რომელი.

ამიერ-კავკასიის კომსაბჭოს შენობა, ტფილისი, ყორღანოვის ქ. აშენება დაიწყო 1930 წელს
მე მინახავს ამ სახლიდან გამოსული გოგო-ბიჭები, ქალები და კაცები, მოხუცები, ზოგს, აი, ვესალმები კიდეც და რადგან ესე, შორიდან, სიმპათიურ ხალხად მეჩვენება, არც ერთი არ მემეტება ცეკას პირველი მდივნის ნაბინავარში საცხოვრებლად. არადა, ვიღაც ცხოვრობს, მრავლდება, რაღაცა უხარია, რაღაცა სწყინს, ბერდება, კვდება. 

ამ სახლის აივნები დაბლა, ელბაქიძის დაღმართზე გადის. ახლახან დაღმართის თითქმის მთელი მარჯვენა მხარე მოანგრიეს და მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის სახლს ვერ ახლეს ხელი. ამ ორსართულიან კოხტა სახლთან გაჩერდა ავარიული ნგრევა. სახლზე გამოკიდებულმა პატარა მემორიალურმა დაფამ შეაჩერა.


დაფაზე წერია, რომ ამ სახლში ცხოვრობდა დიდი მწერალი. უფრო სწორად კი, „გამოჩენილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი“. 

დღეს ხიდებიანი სახლის უკან ხეებია გაზრდილი და ჯავახიშვილის სახლს ბურავს, მაშინ კი პირდაპირი ხედვა იყო და ბერიაც ხედავდა პატარა სახლს და მის ბინადარს, უცქერდა, აკვირდებოდა...

საფლავი არც მწერლისაა ცნობილი და არც მისი ჯალათის. ორი სახლი კი ისევ ერთმანეთის პირისპირ დგას, ოღონდ ბერიას სახლზე მემორიალური დაფა არ არის. დედაჩემმა მითხრა ჯერ კიდევ ბავშვს, აქ ბერია ცხოვრობდაო, და იმდაგვარად მითხრა, რომ დამამახსოვრდა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ვისზე მეუბნებოდა. ნახევრად ჩურჩულით ნათქვამი ნახევრად სიმართლეების დრო იყო და ამ ნახევრისთვისაც მადლობელი ვარ, რადგან ბევრს მაგ ნახევარის მთქმელიც არ ჰყავდა.

ბერია აივნიდან ხედავდა ელბაქიძეზე ავლილ-ჩავლილ, მხრებში მოხრილ ხელჯოხიან მწერალს და მისი იერი მოსვნებას უკარგავდა, აღიზიანებდა, აინტერესებდა. ცეკას პირველი მდივანი მწერალს მეზობლად ეპატიჟებოდა სახლში - სადილად, სალაპარაკოდ. ერთხელ შეუთვალა, ორჯერ, სამჯერ... მწერალი მიპატიჟებას უყრუებდა... არ ვიცი, მართალია თუ არა დაპატიჟების ამბავი, მაგრამ ეგრე მომიყვა დედაჩემი უკვე წამოზრდილს, ისევ ნახევრად ჩურჩულით და უკვე მერე, როცა ჩურჩული სავალდებულო აღარ იყო, დაახლოებით იგივე წავიკითხე რომელიღაც გაზეთში. არა აქვს მნიშვნელობა, სიმართლეა თუ არა, რადგან ჩემთვის უკვე სიმართლე გახდა და მე მომწონს მწერალი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში კაცის მიპატიჟებაზე უარს ამბობს.

არადა, ბერიას ცოლზე ამბობენ, გადასარევი დიასახლისი იყოო, იმდენად კარგი, რომ ცოლ-ქმარმა კალმახით მოწამლა მათთან სახლში სტუმრად მისული აფხაზი ნესტორ ლაკობა. თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობს... ხიდებიანი სახლის მკვიდრებს ახსოვთ ბერიას ცოლი. უფრო სწორად, მის შესახებ მშობლების და ბებია-ბაბუების ჩურჩულით ნაამბობი ახსოვთ და ამბობენ, რომ ნინა გეგეჭკორი კეთილი და სათნო ქალი ყოფილა, ბევრის ქომაგი, გადამრჩენელიც და ის მოწამლული კალმახი მისი კი არა, ლავრენტის დედის მომზადებულ-შეკმაზული იყოო. მიდი და გაიგე! არც არის ჩემთვის საინტერესო.

იმ სიმართლეში კი, მე რომ მომწონს, მწერალი ბერიასთან არ მიდის, დაპატიჟებაზე უარსაც ვერ ეუბნება, მაგრამ არც მისვლა ძალუძს და ამიტომაც მიყვარს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ არ მიდის და, ალბათ, მშვენივრად იცის, რომ ამით საკუთარ განაჩენს აწერს ხელს. უბრალოდ, ვერ მიდის, საკუთარ თავს ძალას ვერ ატანს, რომ გადალახოს ეს უკანასკნელი მიჯნა, რომლის მერეც სიცოცხლის გაგრძელება გაუჭირდება. პური გატეხოს კაცთან, რომელსაც მისი სტუმრობა საკუთარი განუსაზღვრელი ძალის კიდევ ერთ დასტურად სჭირდება, რომელსაც სიტყვას ვერ შეუბრუნებს და კიდეც რომ შეუბრუნოს, მისი სისასტიკის მართებულობაში ეჭვის შეტანა ხმამაღლა რომ შეძლოს, მასპინძელი მაინც მოუგებს სტუმარს, კამათშიც დაჩაგრავს, რადგან ბოროტებას არ აქვს ლოგიკა, აქვს არგუმენტები, სუსტი ტანის სათვალიან მწერალს კი არაფერი აბადია საკუთარი და სხვათა წიგნების გარდა, ეს წიგნებია მისი სიცოცხლის გამართლება და იქნებ გადარჩენაც? რკინის ლოგიკა რომ ჰქონდეს, კითხვებზე პასუხები  რომ იცოდეს, მიმწოლი და თანმიმდევრული რომ იყოს, იქნებ სხვა ხელობისთვის მოეკიდა ხელი და გამოსვლოდა კიდეც, მერე აღარც იერით იქნებოდა გამორჩეული ადამიანებს შორის, აღარც აივანზე გამოსულ ლავრენტი ბერიას მოხვდებოდა თვალში და მიპატიჟებასაც ასცდებოდა...

მაგრამ ვერ ასცდა...

მას კი - აივანზე მზეს მიფიცხებულ ხორციელ ბოროტებას - ჰაერივით სჭირდება ვიღაც, ვისაც კატათაგვობანას ეთამაშება, აცოცხლებს ან დაღუპავს, ვინც ძრწოლით ეწვევა სტუმრად, მის ჩახლართულ და დაუნდობელ ლოგიკას მოისმენს და დაეთანხმება... ესეც არ არის გამოსავალი, შეიძლება მაინც დახვრიტოს, მაგრამ ახალ ძალიან უნდა ამ კაცის სტუმრობა ოჯახურ მყუდრო სუფრაზე, სადაც ისეთ ხვანჭკარას დაალევინებს, როგორიც დისტროფიული აღნაგობის მწერალს არც კი დასიზმრებია, ნინას გაკეთებულ სადილებს ხომ მთლად არაფერი სჯობს, ის კი არ მოდის... და ლავრენტი ბერიას სწყინს, რადგან ისიც ადამიანია, თანაც ქართველი, კავკასიელი და სწყინს, რომ სუფრაზე წიხლი უკრეს...

[...]

ბერიამაც პირდაპირ გააკეთა, შეუსრულა, როგორც ახლა იტყვიან, ბევრი ფიქრის და ჭოჭმანის გარეშე. დედაჩემი მიამბობდა და მაგის დასტურიც სადღაც ამოვიკითხე, რომ თითქოს საკუთარი ხელით აწამა, თითქოს ჩექმით გაუსრისა თავი მწერალს, რომელმაც უბრალოდ თავს ძალა ვერ დაატანა, რომ ელბაქიძის დაღმართი აღმა აევლო, მერე ქიაჩელზე შემოეხვია და ხიდებიან სახლს მოსდგომოდა. ვინ იცის, ხალხის, გამვლელ-გამოვლელისაც ერიდებოდა, ცოლ-შვილის, ან სულაც ის აშინებდა ყველაზე მეტად, პირსისხლიან მანიაკს არ ეთქვა, ჩემი საყვარელი მწერალი ხარო.

ელბაქიძიდან არ წაუყვანიათ. ქვიშხეთში, აგარაკზე მიადგნენ დილაადრიანად და ლოგინიდან წამოაგდეს. თეთრი კოსტიუმი ჩაუცვამს და ისე გაჰყოლია. შვილები იგონებდნენ, რომ ეზოდან კარგა ხანს ხედავდნენ ჩეკისტებს შორის თეთრი კოსტიუმით მიმავალ მამას...

შავ-ნაცრისფერებში მიმავალი თეთრი ლაქა...

რად უნდოდა წამების გზაზე შემდგარ კაცს თეთრი კოსტიუმი? შეიძლება, ამდენი ლოდინისგან ქანცგაწყვეტილმა ჩეკისტების გამოჩენაზე შვებაც კი იგრძნო. იქნებ თვით ამ გზაზე შედგომა იყო შვება? წინ ტკივილი, შეურაცხყოფა და სიკვდილი ელოდა.

საწამებლად და მოსაკლავად მიჰყავდათ მათ, ვისთვისაც მისი წიგნები და სხვათა წიგნები საერთოდ არაფერს ნიშნავდა და სანამ ატკენდნენ, ამოთხვრიდნენ და, ვინ იცის, გატეხდნენ კიდეც, ერთადერთი, რის დაპირისპირებაც მათთვის შეეძლო, თითქოს საგანგებოდ მათთვის თვალში სათხრელად გახამებული ქათქათა თეთრი კოსტიუმი იყო.

***

წყარო: 
დათო ქარდავა - „მტაცებლები ურბანულ გარემოში“, გამომცემლობა „ინტელექტი“
არჩილ ქიქოძე - „სამხრეთული სპილო“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში