გურამ რჩეულიშვილი - ლამაზია გურჯის ქალი



წვიმა ისევ მოდიოდა. 


უფრო ჩამობნელდა. 

ნელა დაიძრნენ ლეკები.


გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა.

აღა ბიი იყო მათი მეთაური.

ტყის პირას სახლი იდგა.

გამზა აივანზე აძვრა.

ოსმანიც, აღა ბიიც.

ალის ცხენები ეჭირა.

დილით უკვე კავკასიონს გადაცდნენ.

- ჩადორზე გადავიარეთ, - თქვა აღა ბიიმ და ხელები ალაჰისაკენ აღაპყრო. სხვებმა სახეები აწიეს:

- დიდ არს ალაჰი.

ხელები დაკავებული ჰქონდათ: ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და, გამზას თითონ თინათინ.

მთელი ღამე აწვალეს ტყვეებმა. მაინც დაიმორჩილეს. შეკრულებს თითებიდან სისხლი სდიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან. თინათინ ინძრეოდა კიდევ. გამზას მაგრად ეჭირა.

- ოი, ალაჰ! - უცებ ამოხდა გამზას და ვენიდან გადმოჩქეფილ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაპურჭყა. გამზამ ხანჯალი გაიძრო; თინათინმა ნაბდიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა.

- რაღას უცდი, - თქვა აღა ბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს.

გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო.

- რაღას უცდი, - გაიმეორა აღა ბიიმ.

- ლამაზია გურჯის ქალი! - თქვა გამზამ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში