ნიკო ლორთქიფანიძე - ამაყი


I

- დედილო!

- ა, შვილო?

- არ ღირს, დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..

- რათა, შვილო, რა მოგივიდა?

- მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას!

- რატომ, შვილო? როგორც სხვა ცხოვრობს, ისე ჩვენც ვაჯახირებთ წუთისოფელს!..

- სხვა, სხვა! სხვა რა ჩემი მაგალითია! კაცს მზესავით უნდა გიყურებდეს ყველა: ხან სასურველი უნდა იყო, - აი, იქნებ გამათბოსო; ხან კი საწყევარი, - ვაი, როდის გადავრჩები ამ კაცსო! - თვარა ძლოკვივით დასრიალობ შენთვის. თუ ვინმე ფეხს წაგკრავს, თვარა ისე, შორს მყოფს არც კი შემოგხედავს.

- მერე რა გინდა?

- ციხეს ავიღებ!..

- გადირიე?

- გადვირიე კი არა, - ავიღებ!..

- მოგკლავენ, შვილო! შენს ელიზბარს ვისღა უტოვებ...

- ჯანი გავარდეს მასაც და მეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

- რაღა ამ ციხეს ჩააჟინდი?

- მაგან გამოგვწოვა სისხლი. რაც მაგ წუწკები აქ ჩამოეთესლენ და ციხის კარები თავისთვის მიიხურეს, ტკბილი აღარ ყოფილა არც ძილი და არც მუშაობა!

- ასე ვიყავით მუდამ...

- რას ამბობ, დედილო? ჩვენი ბატონი მკაცრი იყო. რომ მოგვშივდებოდა, ერთ კოდს პურს მაინც ვისესხებდით. კათალიკოზი რომ მოვიდოდა, ეკლესიაში ყველა გავიგონებდით ტკბილ სიტყვას... ეჰ, მისი სიტყვები ახლაც გულს ჩამრჩენია; ბატონის მომღერლების ხმა რა სევდით ჩამგუგუნებდა გულში! ლექსები განა მეც არ მესმოდა? ხატავდნენ ბატონის დარბაზს, განა მეც არ ვხედავდი და თვალი არ ძღებოდა? ეჰ, რა ჩამოვთვალო! ახლა კი ბურდღულებენ რაღაც გაუგებარს... იქნებ კარგიცაა - ღმერთმა იცის! რაც სახიერო იყო, სადღაც წაიღეს - ელიზბარს რაღაი ვაჩვენო!..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- ეჰ, მივდივარ, დედილო. მარტო არ მინდოდა წასვლა - არავინ წამყვა, ამ ჩემს ბოღმას მაინც ამოვიღებ გულიდან! მერე რაც იქნება, იქნება...

* * *
ციხის კარს ვიღაცამ ძალუმად დააკაკუნა.

- ვინ ხარ?

- გააღე!

- ხვალ მოდი!

- ახლა გააღე!

- ვისთან გაქვს საქმე?

- შენთან!

- ვერ გიცნობ!

- გაუღე! ერთია, რას გვიზამს?! - მოისმა მეორე დარაჯის ხმა.

კარის გაღებაზე ახლად შემოსულმა ხმალი შეაბრიალა. ერთი დარაჯთაგანი წაიქცა.

- ეს ერთი! - წაილაპარაკა შემოსულმა.

- ესეც მეორე! - დააყოლა შემოსულმა.

ციხეში ჩოჩქოლი შეიქნა.

- ვიღაც გახელებულა!

- შეკარით!

- ეს მესამე!

- ეს მეოთხე!

- მოკალით! უსათუოდ ბნედანაცემია!

- გახელებულა!

- ეს მეხუთე!

- ერთად მივარდით ოთხივ მხრით და ასწიეთ შუბებზე.

- ესეც მეექვსე... ვაი, მომკლეს!.. ჯანი გამვარდნია. არაფერი წამიგია. მტვრად, არარაობად ვითვლებოდი ქვეყნის თვალში... არაფერი, მტვერი ვიქნები მიწაში. ანაბრე ჩემს საქმეს!..

- ვინაა? - კითხულობდნენ მეციხოვნენი.

- აქაური სოფლელია!

- გადაირია, თუ რა დაემართა?!

- გახელდა - ეტყობა!..

- არც გახელებულა და არც გადარეულა, ჩვენგან განთავისუფლება უნდოდა.

- მერე, ერთი შეგვებრძოლა?..

- კარგია! ხვალ ჩახვალ სოფელში. ას ლიტრა ოქროს მოსთხოვ მამასახლისს: დახოცილთა ჭირისუფალთ უნდა დაურიგოთ. თუ საღამომდე არ მოგცეს, თვით არ შეკრიბოს, შეესიეთ სოფელს. როგორც გსურთ, ისე მოიქეცით! - უფროსს გაეღიმა.

ციხეში ბრძოლა არ გათავებულიყო. სოფელი კი შეიკრიბა. ტოკავდა. სწუხდა.

- საწყალს მოკლავენ!..

- ბედნიერია, გულს მაინც იჯერებს...

- ვაი ჩვენი ბრალი... ჩვენზე იყრიან ჯავრს?!

- მეტიჩარა იყო - და ის არის!

- ვითომ და ასე, - სხვამ კი არ იცის, რომ მონობას თავისუფლება სჯობია!

- წავიდეთ, მივეხმაროთ! - დაიძახა ერთმა ჯმუხმა, მუდამ გაჩუმებულმა ბიჭმა.

- წავიდეთ!

- კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო... გაჩუმდით, ფეხი არ დასძრათ!

- რაღა ეს გვეჭირვებოდა, მაინც დალესილი იყვნენ. ახლა ხომ მიზეზი იშოვეს.

- ჩვენ რა შუაში ვართ?

- რა შუაში ვართ, არ ვიცი, შუაში კი გამოგვჭყლეტენ კოზაკივით, ეს ვიცი.

- ცუდ დღეში ჩავარდით; თავის მოვლა უნდა საქმეს.

- მართალი ხარ, ბერო, შენ გამოცდილი ხარ, გვირჩიე.

II

ოცი წელიწადი გავიდა.

- მამა რომ მოგიკლეს, ხომ იცი?

- ვიცი.

- მისი სახელი რომ უკვდავია, ხომ იცი?

- ვიცი! ვერაფერი გააწყო განსვენებულმა, ტყუილა წააგო თავი.

- სცდები!.. მისი მაგალითია, რომ ახლა ჩვენში ცხოვრობს. იგი გვასულდგმულებს. სურათი ლანდია კაცის, ადამიანს კი გაგონებს.

- მერე რა? სულ მოგონება, მოგონება!

- ჩვენც უნდა მოვიგონოთ.

- ვინ გვყავს დამხმარე?

- ჩვენი ორი სოფლის ახალგაზრდობა. თითო-ოროლა ყოველ კუთხიდან.

- ცოტაა! გაგვწყვეტენ...

- გაგვწყვეტენ - ანდერძად იქნება; ქვეყანას არ დაავიწყდება სიძულვილი. აღარავის ახსოვს მამა-პაპათა გასრესა, დედათა გაუპატიურება, სიმდიდრის წაგლეჯა; ვაჟკაცობა დაიჯარგა. სულით მონანი შევიქენით. აღარავინ ამჩნევს, რომ ციხიდან გამოვიდნენ და ამ სოფლიდან ნელ-ნელა გვასახლებენ ებრაელებივით. სად? ვინ იცის!

- მე არ მჭირდება ბევრი მტკიცება; მაგრამ ყველა შენის აზრით მიდის? იცის, რომ გამარჯვებას ვერ იხილავს, მხოლოდ აზრის მსხვერპლად თავს სწირავს?

- უმრავლესობა კი; ზოგიერთი, - წამხედურობით.

- მოვდივარ.

- ამაში დარწმუნებული ვიყავი... მაგრამ შენს სახლს ცეცხლი უნდა წაუკიდო...

- რისთვის?

- შენი სახლი უფრო ახლოა ციხეზე, ვიდრე სხვისი. ჯარი აქაურობას მოატანს, ვითომ ცეცხლის საქრობად; ნამდვილად კი დასარბევად. მერე იტყვიან, ქვეყანას უბედურებაში ვეწეოდით, დიდი ამაგი მიგვიძღვის მათ წინაშეო. ამიტომ მოვლენ. ნახევარი ყმაწვილკაცობა აქ დაეცემა ჯარს, ნახევარი იქ ციხეში შევარდება, როცა კარს გააღებენ გამოსასვლელად.

- კარგი! მაშ როდის?

- ზეგ.

- მესმის.

- გამარჯობა!

- გაგვიმარჯოს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სახლი იწვის. ირგვლივ ხალხი ხელჩართული იბრძვის. ერთმანეთს ცეცხლისაკენ ერეკებიან. ხეებიდან ქალები მტერს ადუღებულ წყალს თავს ასხამენ. ჯოჯოხეთის სურათია. უხმო ბრძოლაა კბილის ღრჭენით, თვალებგადმოვარდნილი. უმრავლესობას ეტყობა სიკვდილი შეუღლებია... და ბევრი სურს თან წაიყვანოს მაყრად. ციხის დაკეტა მოასწრეს. ირგვლივ შემოერტყა სოფლელთა ჯარი. გარედან სოფლელები ესვრიან თოფს, ტამბაჩას. ციხიდან გუგუნით მოდის ყუმბარების ხმა. წყდება სოფლელობა, მაგრამ უკან არ იხევს. სიკვდილის ცელი მარდად მუშაობს; სიცოცხლის ფრთებს არავინ ეტანება.

ცეცხლთან გაიმარჯვა ციხის ჯარმა. ისინი მოეხმარნენ ალყაშემორტყმულთ. მტერთა შუა მოემწყვდენ თავისუფლების მაძიებელნი. გაწყდენ სრულიად.

III

გავიდა წელიწადები.

- გვეყო ამდენი მსხვერპლი!..

- მკვდარ სიცოცხეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია!

- რათა ვართ მკვდარი? როგორც სხვები ცხოვრობენ, ისე ჩვენც ვცხოვრობთ.

- რა ცხოვრებაა, როცა ნიჭი სარბიელს ვერ პოულობს, ხელოვნება არ ვითარდება, მეცნიერება არ ჩნდება, ენა იკარგება და ხასიათი ჩვენი ქუცმაცდება. ერის თავისუფლება მშობელია ყოველივე განვითარების, კეთილდღეობის. გალიაში არცერთი ცხოველი არ ცხოვრობს ჩვეულებრივს ხანს, რაც უნდა აჭამო, და ჩვენ კი ნებივრობაზე ვერაფერს ვიტყვით, მგონია.

- კარგი, მაგრამ ვისი იმედი გაქვს?

- მთელი ხალხის...

- გიმტყუნებენ...

- არა! ნამეტანი საგრძნობელი ძარღვები შეუხუთეს ხალხს; ახლა ყველა მიხვდა, ყველა წინ იწევს...

- გაგებული მაქვს.

- მზადება არ შეწყვეტილა უკანასკნელი შეთქმულების დღიდან. პირიქით, იმ დღიდან უფრო მოედო ქვეყანას აზრი განთავისუფლებისა, უფრო გავრცელდა მუშაობა...

- ღმერთმა ქნას, მე კი...

- შენისთანებიც არიან, მაგრამ ცოტანი... შენ არ იქნები ღირსი მომავალი ბედნიერებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გათავდა ომი. დაღალული, დაქანცული, დაჭრილი, გავერანებული ქვეყნის ჭირისუფალნი მაინც მხიარულნი არიან. ცრემლების და ოფლის ქვეშ ბედის მადლიერი, ჯანსაღი, მომღიმარი სახეები მოჩანს. თავისუფლების ცოცხალ ფერს დაუფარავს დანაკლისის ფერმკრთალი ბუნება.

- ძმებო, ნუ დაივიწყებთ, ვინც პირველმა ვერ მოითმინა და მარტოდ შეებრძოლა მტერს!

- განუსვენოს უფალმა! - გრიალებს ხალხი.

ჯურღმულში, სადაც ხიშტებით დაფლეთილი ცხედარი ოდესღაც უპატიურად ჩააგდეს, ისმის:

- განისვენებს სული ჩემი ნეტართა შორის წალკოტსა ყვავილოვანსა!

წინათ ამოწყვეტილსა და გადამწვარ ორ სოფელს შორის აღმართულია ამაყი ქანდაკება, ნიშანი ერის ძლიერებისა და მტერთაგან განთავისუფლებისა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში