ნიკო ლორთქიფანიძე - და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში


...იმ ცივ, დაწყევლილ, ნისლიან-ბურუსიან ქვეყანაში დავკარგე სიყმაწვილე, იმედი, სულის სიმშვიდე, თვალების ელვარება, აღტაცება, სიყვარული და სიძულვილი. ლანდივით დავდიოდი მიდამოთა შორის, სადაც ერთხელ ყოველი ბალახი ჩემთვის ამოდიოდა და ყოველი კუკური ნეტარებით მათრობდა.

ხეებს ფოთლები უკვე თხუთმეტჯერ გამოეცვალა და ჩემი სურათი სრულიად დავიწყებოდა. წინათ, მათ ჩრდილში რომ შევაფარებდი თავს, ფოთლები საიდუმლოებას მზის სხივებისას ჩამფუჩუნებდა და ჩიტები გულის ნადებს მიჭიკჭიკებდენ. ახლა კი ვეღარ გავიგე მათი საუბარი. შრიალი ღრიალად მეჩვენებოდა და სტვენა ბულბულის - მამლის ყივილად. ერთი მე ვიყავ ყველასათვის უცხო, უსარგებლო. ქრისტე, მართლაც, ჯვარცმული იყო ჩემს გულში.

-----

აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.

1910 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში