ვახუშტი კოტეტიშვილი - სონეტები


მხატვრობის სონეტი

მე ბავშვობიდან დღევანდლამდე ვარ მოხიბლული
გოგენ – ვან-გოგით, რენუარით, მანე – მონეთი,
მათი ყოველი მონასმია ჩემთვის ხილული
და ახლაც მზად ვარ, ყოველ ნახატს ვუძღვნა სონეტი

პარიზის ქუჩებს უტრიალებს მუდამ უტრილო,
ვით ვარიეტიეს კვამლში ქალებს – ტულუზ-ლოტრეკი.

მსურს, მათ ტილოებს სიყვარულით რომ მოვუჩრდილო
და ვცე პატივი სათანადო ქედის მოდრეკით.

რა პალიტრა აქვთ, რარიგ ფერთა ფართო სამყარო?!
ვეღარ მოწყდები, თუკი ერთხელ ახლო მიუხველ,
უმზერ და გინდა შენი ხილვა სხვებსაც ახარო
და აგრძნობინო ფუნჯთა ჯადოს ლაღი სიუხვე.

ფერადოვნების ზეიმია ყველა მათგანი –
მაგრამ . . . ნიკალას თუნდაც ერთი თეთრი ბატკანი?! . . .

კანტის სონეტი

ჩემი ქალაქი, კენისბერგი, საფლავი კანტი . . .
გამცნობთ: - სახელი – ემანულ და გვარი – კანტი:
მე არასოდეს არ ვყოფილვარ ფრანტი თუ დენდი,
და გარს არასდროს მომვლებია ლივრეის კანტი. .

არა მყოლია ოჯახობა, ცოლი თუ შვილი,
არ მდომებია, რომ ცხოვრება რამედ მექცია.
თუ რომელიმე სტუდენტს აკლდა ქურთუკზე ღილი,
ვღელდებოდი და მეშლებოდა ლამის ლექცია.

ამქყვეყნად ორი საოცრებით ვიყავი სავსე
და მათ განსჯაში არ შემცვლია ალღო თუ გეში:
ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა ჩემს თავზე
და უმტკიცესი ზნეობრივი კანონი ჩემში.

ეს შენც თუ იგრძენ და გზა-კვალი არ აგერია,
იცოდე: ქვეყნად დანარჩენი – არაფერია!

ტროას სონეტი

ვიხსენებ მითებს, იწყებოდა ახალი ერა
კაცობრიობის და ამ სურათს ვერაფრით წაშლი.
სამი ქალღმერთი: აფროდიტე, ათინა, ჰერა –
ეს სამი ევა და მათ შორის სადავო ვაშლი . . .

პირისპირ მდგარი დაბნეული ნორჩი პარისი . . .
ტროა, ქცეული სამუდამო ლაქად თუ დაღად.
აწ რომელი დგას ნეტავ რიგში: რომი, პარიზი,
ფილადელფია თუ მოსკოვი, ვენა თუ პრაღა?

ვის ელის ახლა ისტორიის მსახვრალი ტორი,
ვინ განიცადოს, აწ რომელმან წალკოტმან შლილმან? . .
იქნება, ეს დღე, ავბედითი, არც არის შორი.
თქვენი გუმანი რას გკარნახობთ, ბატონო შლიმან?

დღეს მითიურზე ბევრად უფრო საშიში დროა,
ნუთუ არაფერს გვეუბნება ეს სიტყვა: ტროა?!

მოცარტის სონეტი

ვინ იყო იგი, მე არ ვიცი, კაცი თუ ღმერთი,
ბრძენი თუ ბავშვი?! ვით მივუდგე, რომელი მხრიდან?!
როგორ იტევდა ოკეანეს ეს ვიწრო მკერდი,
რომელიც ასეთ აუმღვრეველ ნიაღვრებს ღვრიდა!

მოცარტის ტაქტის გარეშე ხომ თითქოს დროც არ დის,
ყოველი სივრცე დახშული და ცარიელია;
და როცა ცაში აჟღერდება ჰანგი მოცარტის,
ღვთის გულისათვის, ჩუ! – რაღა დროს სალიერია!

ჰანგების ჩქერი, ხან კამკამით, ხან აზვირთებით . . .
ვეღარ იგუებ, მდუმარების ობი რომ გეკრას . . .
მისი თითები, ვით სამოთხის ცელქი ჩიტები,
კლავიშებს უცებ აკენკავენ ისე, ვით კენკრას.
იცოდე, როცა გადასცდები სამყაროს არეს,
ეს ჰანგი გელის შენ ჰაერის იქითა მხარეს.

წყარო - ლიტერატურა (ცხელი შოკოლადი)

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში