უილიამ შექსპირი - ჰამლეტი


ჰ ო რ ა ც ი ო

იქნება სადმე მიწას გქონდეს ჩაფლული განძი,
მოგროებული ძალადობით, რომლისთვის აჩრდილთ,
ამბობენ, ღამე სიარული სასჯელად გმართებთ.

მ ა რ ც ე ლ უ ს

როგორც ჰაერსა, ისე მაგას ვერას დავაკლებთ
და ხმლის შეხებით დავამტკიცებთ ჩვენს უღონობას.

ჰ ო რ ა ც ი ო

რა რომ მოესმა იმისი ხმა, ააკანკალა,
ვით განკითხულსა დამნაშავეს. გამიგონია,
რომ როდესაც კი განთიადზედ მამალი ჰყივის
და მაღალის ხმით გვატყობინებს გათენებასა,
იღვიძებს მაშინ ღმერთი დღისა, – მამლის ყივილზედ
სულნი მყის მათის სამყოფისკენ ეშურებიან.

ხ ე ლ მ წ ი ფ ე

ხელნი პირისთვის არ არიან ისე ერთგულნი
და გულს გონება ისე ახლოს არ ეთვისრება,
ვით ჩვენი ტახტი ერთგულია მამიშენისთვის.

სიკერპით გლოვა ხანგრძლივი კი ღვთის გმობა არის,
როდი შეჰფერის ეგე ვაჟკაცს; ვინც მაგას სჩადის,
ის მხოლოდ ზეცას გაარისხებს და თან ამტკიცებს
თვის გულრბილობას,უმეცრებას,მოუთმენლობას;
რადგან ცხადია, რაც კი ჰხდება ყოველ დღე და ჟამ,
უთქმელად უნდა ავიტანოთ, არ ვიუცხოვოთ.

ჰ ა მ ლ ე ტ

ან შემოქმედი თავის მოკვლას ნეტა რად გვიშლის?
ოჰ, ღმერთო, ღმერთო! ყველა საქმე ამ წუთის სოფლის
როგორ ფუჭია, უნაყოფო, დაობებული.

არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!

ლ ა ე რ ტ

ჰამლეტისა აბა რა გითხრა.
მისი გიჟმაჟი არშიყობა ესე მიიღე,
ვით სხვების ბაძი, ვით ჭაბუკის სისხლის სიცელქე,
ვით გაზაფხულზედ ნაადრევად გაშლილი ია,
რომელიც გვატკბობს მხოლოდ ერთ წუთს სუნით დაფერით.

დიდი ბუნება მარტო ტანით არ არის დიდი,
მაღალ ტაძარში მაღალია სულის კვეთებაც.

მაშ თუ კვლავ კიდევ
სიტყვა გაგიბა სიყვარულზედ, იმდენად ენდე,
რამდენად ძალულს მან ეს სიტყვა საქმედ აქციოს.

მარტო მთვარეს რომ გადუშალოს ქალმა გულმკერდი,
უბიწოებას თვისას იგი მითაც შებღალავს. _

გაზაფხულისა ყვავილთ მატლი ხშირად მაშინ ღრღნის,
როდესაც ნორჩნი კოკორნი ჯერ არ გაფურჩქვნიათ

ო ფ ე ლ ი ა

მაგრამ, ძმაო,მეც ამასა გთხოვ,
რომ არ მიჰბაძო ფარისეველ სულიერ მამებს,
რომელნიც ჩვენ კი გვაყენებენ ეკლიან გზაზედ
და ჯილდოდ ზეცას გვიპირდებიან, მაგრამ თითონვე,
მზგავსად თავგასულ გარყვნილების, ბეჯითად სტკეპნენ
გულმავიწყობით ყვავილოვანს ცოდვის ბილიკსა.

პ ო ლ ო ნ ი უ ს ი

ენით ნუ იტყვი, რასაც აზრობ; ნურც შეასრულებ
შეუფერებელს აზრსა რასმე. იყავ ყოველთვის
თავაზიანი, თავს კი ნურვის ნუ გაუყადრებ;
ვინც კი მეგობრად მიგაჩნია, გამოგიცდია,
ფოლადის ჯაჭვით მიიჭედე;

ისე მოიქეც, რომ შენ სხვანი გერიდებოდნენ;
ბევრი ისმინე, მაგრამ ცოტა ილაპარაკე,
ყური მიაპყარ სხვების აზრსა, შენი დაჰფარე;

ფულს ნურც სხვისაგან ისესხებ და ნურც შენ ასესხებ,
რადგან სესხებით ფულსაც ჰკარგავ და მეგობარსაც,
და თუ ისესხებ, შენს საქმეებს აურდაურევ.

თავისუფლება კაცს მეტი აქვს ვიდრემდე ქალსა.

ჰ ა მ ლ ე ტ

დიაღ,წესი ეგეთი არის,
მაგრამ მგონია, თუმც შეზრდილი ვარ მე მაგ წესთან
მის მტკიცედ დაცვას მივიწყება ემჯობინება.

ხშირად მოხდება ცხოვრებაში, რომ რამე ნაკლი,
თუნდ იყოს იგი დაბადებით თანდაყოლილი
და მისი ბრალი ეკუთვნოდეს მხოლოდ ჩვენ სხეულს;
თუნდ ჭკვისშემრყევი სისხლის ღელვა მიზეზად ჰქონდეს,
ან ჩვეულება ზრდილობისა უარმყოფელი, _
რომ იგი ნაკლი ბუნებისა, თუ ჩვენის ბედის
აღგვბეჭდავს ხოლმე სხვათა თვალში თავისის ბეჭდით
და შეუპოვრად ჩვენს სულის განძს უბრალოდ ბღალავს,
თუნდ იგი განძი იყოს წმიდა, მიუწდომელი.

ა ჩ რ დ ი ლ ი

მე მჯერა შენგან, ამ ამბავს რომ შენ არ აღენთე,
მაშინ იმ უმზგავს ბალახად არ ეღირებოდი,
რაც ქვესკნელს ლეთის ნაპირებზედ სიმსუქნით ლპება.

მე მიღალატა, მე, რომელსაც სიკვდილის დღემდე
ისე მიყვარდა, ვით შევფიცე ქორწილის ჟამსა.

ეხლა კი წავალ;
ციცინათელას მკრთალსა ნათელს ძალა აკლდება,
ეტყობა, დილა მოახლოვდა.

ჰ ა მ ლ ე ტ
კარგი იქნება, აქ ჩავწერო სახსოვარ წიგნში,
რომ ბოროტ კაცსა ღიმილი არ გაუჭირდება.

პ ო ლ ო ნ ი უ ს ი
ვისაც გონება გვიჭრის, ყველა ასე ვიქცევით;
მიხვევ-მოხვევით, გამრუდებულ, ოღროჩოღრო გზით
სწორს და პირდაპირს კვალს მივაგნებთ.

დაფარვას მეტი
ვნება მოჰყვება, ვიდრე წყენა გამხილებასა.

მოკლე სიტყვა სულია ჭკვისა,
გრძელი სიტყვა კი მხოლოდ მისი სამოსელია.

ის გიჟი არის, თქმა არ უნდა, ეს მართალია
და მართალია, რომ ეს მეტად სამწუხაროა
და სამწუხარო არის ისიც, რომ მართალია.

ჰ ა მ ლ ე ტ

მე რომ ამ ქვეყნის ტრიალსა ვხედავ, პატიოსანი კაცი მხოლოდ ერთს ათი ათასში გამორჩეულსა ჰქვიან.

არა თუ? თვითონ მზეც კი ძაღლის მძოვრში მატლს აჩენს და , ღვთაებრ ბრწყინვალე, აყროლებულს ლეშს არ ერიდება.

პ ო ლ ო ნ ი უ ს

რასა კითხულობთ, ხელმწიფისშვილო?

ჰ ა მ ლ ე ტ

სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს.

პ ო ლ ო ნ ი უ ს

ზოგჯერ სიგიჟეში კაცი იმისთანა რამეს იტყვის, რასაც სიჭკვიანეში ვერც კი მოიფიქრებდა.

რ ო ზ ე ნ კ რ ა ნ ც

გახლავართ ისე, როგორც შეეფერება დედამიწის უმნიშვნელო შვილებს.

გ ი ლ დ ე ნ ს ტ ე რ ნ

ბედნიერი ვართ იმითი, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზედ არ ვაზივართ.

ჰ ა მ ლ ე ტ

თქვენივე სახე ამხელს თქვენს საიდუმლოს და გულში იმდენი ეშმაკობა არა გაქვთ, რომ ეგ სახე გადაისხვაფეროთ.

ხომ მშვენიერი ხელოვნებაა ადამიანი: ჭკუით დიდებული, სრული ნიჭიერებით, აგებულებით, ახოვანი, მიხვრა-მოხვრით საოცარი, საქმით სწორი ანგელოზისა, გონიერებით ღვთისა, _ და ესთვალი ქვეყანისა, ესცხოველთა მეფე ჩემთვის მხოლოდ მიწა და მტვერია.

რ ო ზ ე ნ კ რ ა ნ ც

ამბობენ, ბერიკაცს ბავშვობა ორჯერა აქვს გამოვლილიო.

ჰ ა მ ლ ე ტ

ხალხს არ მოსწონდა. იგი ხიზილალა იყო გემოვნების უქონელთათვის,

.....

პ ო ლ ო ნ ი უ ს

ბატონო, ეს აქტორები კარგად დააბინავებინო, და უბრძანო კარგადაც დაუხვდენ, თორემ ხომ იცი: ეგენი ამ დროს შემოკლებულნი მატიანენი არიან და სიკვდილის შემდეგ საფლავის ქვაზედ ცუდი წარწერა უნდა გერჩიოს, სიცოცხლის დროს მაგათთან ცუდი ხმების დაყრასა.

ჰ ა მ ლ ე ტ

უცნაურს ამბობ; ბევრად უკეთესად უნდა მიიღო. ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ აცდება გამათრახება. შენის სახელისა და ღირსების კვალობაზედ უნდა დაუხვდე მაგათ. რაც უფრო ნაკლების ღირსნი არიან, შენი სიკეთე მით უდიდესი გამოჩნდება, წაიყვანე.

ჰ ა მ ლ ე ტ

რა არის ჩემთვის
შეურაცხყოფა? მე ხომ მტრედის გულ-ღვიძლი მიძევს
და არც ნაღველა გამაჩნია, რომ ვიგრძნო რამე.
ძვირფასი მამა მომიკლეს მე და იმის შვილსა
შურისძიებად მიმიწვევენ ზეცაც, ქვესკნელიც,
მე კი უბრალო ლაპარაკით გულისჯავრს ვიკლავ
და ვიწყევლები, ვიგინები როსკიპ ქალივით.

ჰ ა მ ლ ე ტ

ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის.
სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა,
თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას
და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?.. მოსპოს სიცოცხლე...
ბოლო მოუღოს.. მიიძინოს.. სხვა არაფერი...

ო ფ ე ლ ი ა

მდიდარს საჩუქარს სურგრძელისა მიმღებისათვის
ფასი აღარ აქვს, თუ გამცემი გაგულცივდება.

ო ფ ე ლ ი ა

სილამაზე პატიოსნებაზედ უკეთესს ამხანაგს როგორ იშო-
ვის?

ჰ ა მ ლ ე ტ

მართალს ამბობ: სილამაზეს უფრო ადვილად შეუძლიან პა-
ტიოსნება გაიმაჭანკლოს, ვიდრე პატიოსნებამ სილამაზე თავის
მზგავსად გარდაქმნას. უწინ ეს დასაჯერებელი არ იყო, მაგრამ
ეხლა კი დრომ მოიტანა.

ჰ ა მ ლ ე ტ

არ უნდა დაგაჯერებინა; სათნოება ისე ვერ შეეთვისება
ჩვენს დაბერებულს ბუნებას, რომ ამ სიბერის ნიშანი მაინც
არა დაგვრჩეს-რა.

ჰ ა მ ლ ე ტ

თუ მაინცა და მაინც ქმარს შეირთავ, სულელი შეირ-
თე, თორემ ჭკვიანებს კარგად ესმით, რა საშინელებსაც იმათ
უმზადებთ.

ხ ე ლ მ წ ი ფ ე

მაგას რაღაცა სევდის თესლი გულს ჩაბნევია
და სახიფათო უნდა იყოს, ვგონებ, იმ თესლის
აღორძინება.

ხ ე ლ მ წ ი ფ ე

დიდკაცთ სიგიჟეს ეჭირვება მუნდამ სიფრთხილე.

ჰ ა მ ლ ე ტ

რაც უნდა ვნება ზღვასავით გულში გიღელავდეს, ქარიშხალსავით მრისხანებდეს და მორევსავით გიტრიალებდეს, მაინც საამო ზომიერება იქონიე. სულს მიწუხებს სწორედ, როდესაც რომელიმე ახმახი და პარიკდახურული მოთამაშე თავის ღრიალით თავისსვე ვნებათღელვას ნაკუწ-ნაკუწად აქცევს, როდესაც იგი ყურებს უჭედავს მდაბალ მაყურებლებს, რომელთაც მოსწონთ მხოლოდ ან გაუგებარი უსიტყვო თამაშობა, ან მაღალი ხმაურობა.

ჰ ა მ ლ ე ტ

მოქმედება სიტყვას შეუფარე და სიტყვა მოქმედებას.
თეატრის აზრი უწინაც ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოების მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმზგავსობა, დროებასა და ხალხს მათი ვითარება და ნაკვალევი.
ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისა.

ჰ ა მ ლ ე ტ

შენი სიმდიდრე არის შენივ გონიერება
და მხოლოდ იგი გაცმევს, გხურავს და გასაზრდოებს.
ან ერთი მითხარ, მიფერება ღარიბს რად უნდა?
დაშაქრულ ენამ დეე ლოკოს ფუჭი სიმდიდრე,
მუხლის თავები ხშირის მოყრით შემოიცვითოს
იქ, სადაც ლაქუცს სასყიდელი მოელის რამე,

ჰ ა მ ლ ე ტ

უნდა სასტიკი ვიყო, მაგრამ არ კი უწყალო,
ენით მივმართო იარაღსა და არა ხელით,
დავაფარვინო გრძნობა ჩემი მედგარსა სიტყვებს
და თუმც მუქარა, საყვედური ვასმინო ბევრი,

მაგრამ მუქარა იგი საქმით კი არ შესრულდეს.

...

ხ ე ლ მ წ ი ფ ე

მაშ რა ძალა აქვს ლოცვას, თუკი ორსავ ვერ შესძლებს:
არ შეგვაფერხებს იგი, ვიდრე შევცოდებთ რასმე
და ვერ მოითხოვს მოტევებას შეცოდებისთვის!
ვინც სტკბება ცოდვით, მიტევებას ვით ეღირსება?

ხ ე ლ მ წ ი ფ ე

უფიქროდ სიტყვა ვერ მისწვდება ცას ვერაოდეს.

ჰ ა მ ლ ე ტ

ბუნების სჯულის შეცვლა ძალუძს ჩვეულებასა
ან თვის ნებაზე მოსდრეკს, ანუ სრულად განდევნის.

ჰ ა მ ლ ე ტ

მოსწრებული სიტყვა რეგვნის ყურს ვერ გამოაღვიძებს.


ხ ე ლ მ წ ი ფ ე

სად არის, ჰამლეტ, პოლონიუს?

ჰ ა მ ლ ე ტ

ვახშმად არის.

ხ ე ლ მ წ ი ფ ე

ვახშმად?

ჰ ამ ლ ე ტ

მაგრამ ის კი არა სჭამს, იმასა სჭამენ; პოლიტიკოსი
მატლები შეკრებილან და ახლო მისხდომიან. თუ ჭა-
მაზე მივარდება საქმე, თქვენი ერთადერთი პატრონი და
მბრძანებელი მატლია. ჩვენ სხვა ცხოველებს იმისთვის
ვასუქებთ, რომ ჩვენ დაგვასუქონ და ჩვენ თვითონ კი
მატლებისათვის ვსუქდებით. მსუქანი ხელმწიფე და
მჭლე გლახაკი ორივ მათი საჭმელია, ეს მხოლოდ ორი
თავია ერთსა და იმავე სუფრაზე მისატანი, ყველას ბო-
ლო ეს არის.

დ ე დ ო ფ ა ლ ი

ეს ყოფილა ცოდვის ბუნება:
შემთხვევა მცირე, უმნიშვნელო, ჩემს დატანჯულ სულს
ჰგონია დიდის ხიფათისა წინა-მორბედი,
და დანაშაულს ეს სასჯელი ჰქონია ჭირად,
რომ არ-გამხელის მორიდება თვითვე ამხილებს.

ხ ე ლ მ წ ი ფ ე

ვერას ვუწოდებთ გამუდმებით თანაბრად კარგსა,
რადგან სიკეთეს მოსპობს ხშირად მისივ ჭარბობა.
რაკი საქმესა რომელსამე გულს განვიზრახავთ,
მაშინვე უნდა შევასრულოთ; თორემ განზრახვა
ანუ უქმდება, ან იმდენგზის სახესა ცვლილობს,
რამდენს ენასაც, ხელს, შემთხვევას იგი შეხვდება.

პ ი რ ვ ე ლ ი მ ე ს ა ფ ლ ა ვ ე

ყოველ მოქმედებაში სამი ნაწილია: ესე იგი, მოქმედება, საქმობა
და შესრულება,

პ ი რ ვ ე ლ ი მ ე ს ა ფ ვ ლ ა ვ ე

მაწუხებს, რომ დიდ-კაცებს სააქაოში
თავის დაღრჩობასა და ჩამოღრჩობაშიც კი მეტი უფლება
ჰქონიათ, სანამ ჩვენისთანა საწყალ ხალხსა.

პ ი რ ვ ე ლ ი მ ე ს ა ფ ვ ლ ა ვ ე

ვინ აშინებს კალატოზზედაც, მენავეზედაც და დურგალზე-
დაც უფრო მაგარ შენობას?

მ ე ო რ ე მ ე ს ა ფ ვ ლ ა ვ ე

საღრჩობელას დამდგმელი. ეს შენობა ათასს თავის
მდგმურს ამოიჭამს.

ჰ ო რ ა ც ი ო

ჩვეულება კაცს გულცივობასაც ადვილად შეუთვისებს.

ჰ ა მ ლ ე ტ

ეგ მართალია. ვინც კი ხელებს ნაკლებად ამუშავებს, მას
გრძნობა უფრო მღვიძარე აქვს.

ჰ ა მ ლ ე ტ

ეტრატს, მგონი, ცხვრის კანისას აკეთებენ? არა?

ჰ ო რ ა ც ი ო

დიაღ, ბატონო, ცხვრის კანისასაც აკეთებენ და ხბოს კანისასაც.

ჰ ა მ ლ ე ტ

ვინც კი მაგ ეტრატის საბუთებს ერწმუნება, ისიც ცხვარი და ხბო უნდა იყოს.
ჰამლეტ
ეგ ბავშვობისას რძესაც ვერ მოსწოვდა ისე, რომ ძუძუსთვისაც კი ქება- დიდება არ ეთქვა. ეგ და მრავალნი მაგის მზგავსნი, რომელთაც ეს წამხდარი საუკუნე სწყალობს, აჰყვნენ დროების ჰანგს, შეითვისეს მხოლოდ მისი გარეგანი სახე და მზგავსად შუშხუნა სასმელისა, პატივცემულნი არიან საუკეთესო საზოგადოებაში, მაგრამ აბა გამოსაცდელად შეუბერეთ და ნახავთ, რომ ეს გარეგანი ბრწყინვალება საპნის ბუშტივით საჩქაროდ გაჰქრება.

ჰ ა მ ლ ე ტ

არამც და არამც არ წახვიდე. მე წინადგრძნობებისა არ მეშინიან. ხომ იცი, ჩიტიც კი უგანგებოდ არ მოკვდება. თუ ეხლა მოხდება, მერე ხომ აღარა იქნება-რა; თუ მერე არ იქნება, ხომ ეხლა უნდა მოხდეს; და თუ ეხლა არ იქნება, მერე ხომ მაინც არ აგვცდება. საქმე ეს არის, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და რაკი კაცმა არ იცის, თუ სიცოცხლესთან ერთად რასა ჰკარგავს, _ რა მოხდება, რომ ეს უცნაური საქონელი პატარა ადრე დაჰკარგოს!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში