რიუნოსკე აკუტაგავა - კაიო იამაგუჩი

ხმა. იცოდე, მკითხველები სამუდამოდ შეგაქცევენ ზურგს.

მე. სამაგიეროდ, მომავალში დამაფასებენ.

I

ხმა. თითქოს მშვენიერებაც გიყვარდა. თუ მომაჩვენე, რომ გიყვარდა?

მე. დიახ. მე მიყვარს მშვენიერება.

ხმა. რაო? მშვენიერებაო? თუ ქალი?

მე. ერთიც და მეორეც.

ხმა. (ცივი ირონიით). განა ეს ურთიერთსაწინააღმდეგოდ არ მიგაჩნია?

მე. ნეტა თუ ვინმეს მიაჩნია?! ქალის მოთაყვანეს იქნებ სულაც არ მოსწონდეს ძველებური
ფაიფური, მაგრამ ეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერა გრძნობს მთელ ხიბლს ძველებური ფაიფურისას.

ხმა. ესთეტმა ამ ორში ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.

მე. სამწუხაროდ მე ნდომასაყოლილი კაცი უფრო ვარ ბუნებით, ვიდრე ესთეტი. თუმცა, მომავალში, ვინ იცის, შეიძლება ძველებური ფაიფური ვამჯობინო ქალს.

ხმა. თანმიმდევრულობა გკლებია.

მე. შეიძლება, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ინფლუენციით ავადმყოფი, ცივი ტილოებით რომ სისტემატურად იზელს ტანს, ყველაზე თანმიმდევრული კაცი ყოფილა.

ხმა. მაშ, საკუთარი თავი ძალ-ღონით სავსე კაცად მიგაჩნია?

მე. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე ძლიერი მაინც არა ვარ. ყველაზე ძლიერი რომ ვყოფილიყავ, ალბათ მთლად გავკერპდებოდი იმ კაცის მსგავსად, სახელად გოეთე რომ ერქვა.

ხმა. შენი ნათქვამი თავდაცვისათვის გამიხმულსა ჰგავს. თავდაცვაზე იოლი კი არაფერია.

ხმა. შენ იდეები არ გაგაჩნია. და თუ ზოგჯერ მაინც გაგიჩნდება, ისიც ურთიერთსაწინააღმდეგო იქნება.

მე. ეგ მხოლოდ ჩემს წინსვლაზე მეტყველებს. იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, რომ მზე კასრზე მცირეა ზომით.

მე. ზოგჯერ ასე ვფიქრობ: იქნებ არა ვარ იმათთაგანი, ვისაც საკუთარ საწოლი უწერია სიკვდილი?

ხმა. ეტყობა არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?

მე. მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი. და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.

მე. არ არსებობს ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი.

ხმა. მაგრამ დღევანდელი ადამიანი ვერ შეედრება გარდასული დროისას.

მე. ოდესღაც გარდასული ხანის ადამიანებიც თანამედროვენი იყვნენ.

ხმა. არ გეცოდება საკუთარი ცოლ-შვილი?

მე. განა ვინმე მოიძებნება, ვისაც ცოლ-შვილი არ ეცოდება? წაიკითხე გოგენის წერილები.

ხმა. ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ?

მე. ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – შემთხვევითობამ, ცემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება.

ხმა. (ერთ ხანს ჩუმადაა.) აშკარაა, რომ იტანჯები. ამაში მაინც გამოტყდი.

მე. ნუ აჭარბებ! ვინ იცის, იქნებ მეამაყებოდეს კიდეც ჩემი ტანჯვა. ეგეც არ იყოს, ძლიერებს არ ეშინიათ, რომ დაკარგავენ იმას, რაც მიიღეს.

ხმა. შენ ყოველთვის გწამდა, რომ რეალისტი ხარ.

მე. ჰოი, იმდენად იდეალისტი ვიყავი, რომ მწამდა.

II

ხმა. შენ ვაჟკაცი ხარ გასაოცარი.

მე. არა, მე არ გამაჩნია ვაჟკაცობა. გულადი რომ ვიყავი, ჩემივე ნებით კი არ ჩავუვარდებოდი ლომს ხახაში, მოვუცდიდი, როდის გადამსანსლავდა თვითონ.

ხმა. მაგრამ შენს საქციელში რაღაც ადამიანური მაინც არის.

მე. რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა.

ხმა. შენს ტრაგედიაში ცივმა გონებამ იმაზე მეტი წილი დაიდო, ვიდრე ამას სხვათა ცხოვრებაში ვხედავთ.

მე. ტყუი. ჩემს თავზე დატრიალებულ კომედიაში ცხოვრების ცოდნა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ადამიანებს ახასიათებთ.

მე. ერთხელ ასე ვთქვი: “ძვირფასი ნივთი იოლად იმსხვრევა, კრამიტი კი არა”. შექსპირი, გოეთე, ტიკამაცუ მონძაემონი ოდესმე დავიწყებას მიეცემიან, მაგრამ მათი წარმომშობი წიაღი – ხალხი – უკვდავია. ყოველგვარი ხელოვნება, როგორც უნდა შეიცვალოს მისი ფორმა, ხალხის საშოში ისახება.

ხმა. ნუ შეეჭვდები, რომ ზეკაცი ხარ.

მე. არა, მე არა ვარ ზეკაცი. და არც ვინმეა ზეკაცად დაგულვებელი. ზეკაცი მხოლოდ ზარატუსტრა იყო, მაგრამ როგორი სიკვდილი ეწია ზარატუსტრას, ეგ თვით ნიცშემაც არ იცის.

ხმა. შენც კი გეშინია საზოგადოებისა.

მე. ნეტა თუ ვინმეს არ ეშინია?

ხმა. გაიხსენე უაილდი. სამი წელი რომ გაატარა ციხეში. იგი ამბობდა: “თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს”.

მე. უაილდმა არაერთხელ განიზრახა ტავის მოკვლა ციხეში და თუ არ მოიკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხა.

ხმა. ცხოვრება არც ისე შავბნელია, როგორც შენ სახავ.

მე. ცნობილია, რომ ცხოვრება ყველასათვის შევბნელია, მხოლოდ “რჩეული უმცირესობაა” გამონაკლისი. “რჩეულ უმცირესობას” კი, სხვაგვარად, იდიოტებს და არამზადებს უწოდებენ.

III

ხმა. რატომ წერ?

მე. მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ ვწერო.

მე. ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.

ხმა. და შენ ახალ ადამიანად გარდაიქმნები, სრულიად სხვა ადამიანად, ვიდრე იყავი.

მე. მე იგივე დავრჩები მარად. მხოლოდ პერანგს კი გამოვიცვლით ვითარცა გველი…

ხმა. შენ ყველაფერი იცი.

მე. არა, ყველაფერი როდი ვიცი, ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ
ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვდიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი.

ხმა. (განმარტოებით) აკუტაგავა რიუნოსკე! აკუტაგავა რიუნოსკე! უფრო ღრმად ჩაეზარდე მიწას ფესვებით. შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე განიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უნდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები.

დეკემბერი, 1926წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში