რიუნოსკე აკუტაგავა - ცხოვრება იდიოტისა

ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს…

ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთსო?

წიგნის მაღაზიის ვიტრინაში ვან-გოგის სურათების თვალიერებისას იგი უცებ მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მხატვრობა. რა თქმა უნდა, ეს რეპროდუქციები იყო, მაგრამ რეპროდუქციებშივ იგრძნობოდა ბუნების სიცინცხალე.

- ბოლო ხანს გვამები აღარა გვყოფნის, - თქვა მეგობარმა.
ამის პასუხად მან უნებლიეთ გაიფიქრა: “გვამები რომ შემოკლებოდა, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე ჩავიდენდი მკვლელობას”...

მან სულ ერთი წამით განიცადა პეპლის ფრთების შეხება გამომშრალ ტუჩებზე, მაგრამ შემორჩენილი ნაზი მტვერი ფრთებისა, მრავალი წლის შემდეგაც განუზომელ სიხარულს ანიჭებდა.

მოულოდნელად შეეჩეხა სასტუროს კიბეზე ქალს, დღისითაც კი, სახე მთვარით განათებულს უგავდა.

მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი,მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა.

მან თავის თავშიც აღმოაჩინა სული, რომლის არსებობა მანამდე არ იცოდა.

სახე ახლაც კი, დღისითაც, მთვარით განათებულს უგავდა.

იგი იყნოსავდა ჩვილის სუნს, თაგვისას რომ ჰგავდა და უნებლიეთ მწარე ფიქრები ეძალებოდა:
“რისთვის დაიბადა ამ ტანჯვა-ურვით სავსე ქვეყანაზე? ბედმა რად არგუნა მამად ჩემისთანა კაცი?”. ეს იყო პირველი ბიჭი, მისმა ცოლმა რომ შვა.

ქალის სახე კვლავინდებურად მთვარით განათებულს ჰგავდა. თუმც, მასთან ლაპარაკი ოდნავ მოსაწყენი ეჩვენებოდა. პირქვე მწოლიარემ აუჩქარებლად გააბოლა და მოაგონდა, რომ მეშვიდე წელი იყო, რაც ამ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა.

ვერან ალაგას, ხავსში, აგურისა და კრამიტის ნამტვრევები ეყარა. და მის თვალში ეს უშნო კუთხე არაფრით განირჩეოდა სეზანის პეიზაჟისაგან.

მას უნდოდა ისე დაძაბულად ეცხოვრა, რომ შესძლებოდა ყოველ წამს სინანულის გარეშე მომკვდარყო.

შეუმჩნევლად დაკარგოდა ცხოვრების ხალისი. - შემოქმედების წყურვილი იგივე ცხოვრების წყურვილია.

თვითონ ყველაზე უკეთ იცოდა ავადობის მიზეზი. ეს იყო სირცხვილი საკუთარი თავისა და შიში საძულველი საზოგადოების წინაშე!

ერთხელ მოქუფრულ, ნაღვლიან დღეს კაფეში იჯდა, სიგარას ეწეოდა და უსმენდა მუსიკას, რომელიც გრამოფონიდან ისმოდა. მუსიკა საშინლად უფორიაქებდა სულს. დაელოდა მუსიკის დამთავრებას, მერე მივიდა გრამოფონთან და ფირფიტის ეტიკეტს დახედა.
მოცარტი - “ჯადოსნური ფლეიტა”.
იგი მაშინვე მიხვდა, რომ მოცარტიც წმინდა მცნებათა დამრღვევი იყო და იტანჯებოდა. თუმც, ალბათ მასავით არა...

“ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი”.

მან დაინახა კეთილისა და ბოროტის მიღმა მშვიდად მდგარი გოეთე და იგრძნო შური, სასოწარკვეთილებასთან მომიჯნავე. პოეტი გოეთე მის თვალში ქრისტეზე მაღლა იდგა. ამ პოეტის სულში არა მარტო აკროპოლი და გოლგოთა თავსდებოდა, არამედ იქვე ხარობდა ვარდებიც არაბეთისა...

- ოცნებობთ სიკვდილზე?
- დიახ... არა, სივდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი.

“თუ ადამიანებს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება”.

“ღვთის ჯარისკაცები მომეახლნენ წასაყვანად”

უნებლიე შური იგრძნო შუა საუკუნეთა ადამიანების მიმართ, რომლებიც ღვთის იმედით სულდგმულობდნენ.

1927 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში