როდესაც საუბარია ამერიკულ პოეზიაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი თვითმყოფადი განვითარება იწყება XX საუკუნიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის თავისებურებანი, რომლითაც გამოირჩევიან ახალი ამერიკელი პოეტები, უკვე საცნაურნი არიან XIX საუკუნის ამერიკულ პოეზიაში. ინგლისური პოეზიის მდიდარი ტრადიციები თავისებურად აღორძინდნენ ამ ახალ მიწაზე. მაშინ, როდესაც ევროპა დეკადანსის მწუხრით იბურებოდა, ამერიკაში აღმოცენდა ახალი, უიტმენისებური ტიპი პოეტისა, ცხოვრებასთან წილნაყარი, მიწიერი განცდებით დატვირთული. მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სიმბოლიზმი ამერიკიდან მოეფინა ევროპის კონტინენტს. ედგარ პოს უშუალო გავლენას განიცდიდნენ ფრანგი და საერთოდ, ევროპელი დეკადენტები (უნდა აღინიშნოს, რომ ედგარ პოს თავისი ქვეყნის ლიტერატურაზე არ მოუხდენია ისეთი დიდი ზეგავლენა, როგორც ევროპის ლიტერატურაზე). რაც შეეხება უიტმენის ტრადიციებს, მისი ზეგავლენა უფრო საგრძნობია დღევანდელ ამერიკულ პოეზიაში. მისი ჟურნალიზმი, მისი ჯანსაღი, დემოკრატიულ კონცეფციებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობა, მისი თავისუფალი ლექსი მრავალი სა...