კნუტ ჰამსუნი - შიმშილი

იმ გალეულ, თითქოს მომღიმარ ასოებსაც ვარჩევდი, რომ იუწყებოდნენ - ”სუდარები მადამ ანდერსონთან, მთავარი შესასვლელიდან, მარჯვნივ”.

ღამღამობით წინდებით ვიძინებდი, რომ დილამდე ოდნავ მაინც გამომშრალიყვნენ.

გულში ნალოლიავებმა და შემდეგ გაცრუებულმა იმედმა, ახალ-ახალმა მცდელობამ, ყოველ ჯერზე რომ უშედეგოდ მთავრდებოდა, გაბედულება დამაკარგვინა.

ტანსაცმელი იმდენად გამიცვდა, რომ დამქირავებლებს ჩემს წესიერებაში უკვე ეჭვიც კი ეპარებოდათ.
ბოლოს აღარაფერი აღარ შემრჩა, სავარცხელიც კი; ან თუნდაც რამე წიგნი, რომლის კითხვითაც განსაკუთრებით სევდიან წუთებში ვინუგეშებდი თავს.

რა საუცხოო დღეა, ცოტაოდენი რომ მეჭამა კიდეც!

თანდათან დავწყნარდი და ისეთი ნუგეში ვიგრძენი, თითქოს უკანასკნელ ცრემლამდე მეტიროს.

როდესაც მუშაობის დაწყება დავაპირე, აღმოჩნდა, რომ ფანქარი აღარ მქონდა - იმ მევახშესთან დამრჩა, ის ხომ ჟილეტის ჯიბეში მედო.

სამნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება არ შეიქმნა მხოლოდ იმის გამო, რომ ჯიბეში ათერეიანი ფანქარი არ მქონდა!

კაბის ღილებიც კი შეშინებული თვალებივით მიყურებდნენ.

როგორი უდარდელი და ხალისიანი ჩანდა ეს ხალხი! ცხოვრების გზაზე ისე თავისუფლად მისრიალებდნენ, როგორც საცეკვაო მოედანზე.

მე კი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ეს-ესაა ცხოვრება დავიწყე, მათ შორის დავბორიალობდი და უკვე დავიწყებული მქონდა, რა არის ბედნიერება!

უმნიშვნელო წვრილმანები ჩემს შინაგან სამყაროში იჭრებოდნენ და ძალების ტყუილუბრალოდ დახარჯვას მაიძულებდნენ.

შემოქმედის ასეთი თვითნებობის საპასუხოდ, რომელიც სხვათა ცოდვების გამოსყიდვას მე მაიძულებდა, მთელი რიგი ურყევი არგუმენტი მქონდა.

თუკი ის მცდის და დაბრკოლებებს იმისთვის მახვედრებს, რომ მიმიახლოვოს და ჩემი სული განწმინდოს, თამამად შემიძლია დავარწმუნო, რომ ის ცოტათი ცდება.

თვალები ზეცას მივაპყარი და აღშფოთებისგან ლამის ტირილამდე მისულმა, სულის მოსაოხებლად ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ვუთხარი მას.

შემოდგომაა, წარმავალობის უდიდესი მეჯლისი.

აზრები ისე სწრაფად და ისეთი სიუხვით მატყდებიან, რომ გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, უამრავი რამის ჩაწერას ვერ ვასწრებ.

ფურცლების დასტას ხელით ვწონი და დაახლოებით ხუთ კრონად ვაფასებ.

მალე ვიგრძენი, რომ ქუთუთოები მეხურებოდა. და მეც მათ ამის ნება დავრთე...

ცული, რომელიც პირდაპირ ჩემსკენაა მომართული, ნერვებს ცივად მიკაფავს.

ჩემ საბანს დრო და დრო ხელით ვეფერებოდი და ნელ-ნელა იმ აზრს ვეგუებოდი, რომ ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მომიწევდა.

ბედის გზა ხშირად უცნაურია და შეუცნობელი.

ახლა უკვე ისეთი მშიერი ვიყავი, რომ ნაწლავები მუცელში გველებივით დადიოდნენ.

დროთა განმავლობაში, სულიერად და ხორციელად, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ღირსეულად ვიქცეოდი.

მსუბუქმა ბინდმა ჩემს მზერას მთელი სამყარო დაუმალა და სიმშვიდეში ჩამძირა.

ესეთს რა უნდა მოჰკითხო!.. ეს გამართლება საკმარისად მომეჩვენა; ჩემთვის ვიმეორებდი, რომ ესეთს კაცი ვერაფერს მოჰკითხავდა და კიდევ ერთხელ გამოვბრუნდი.

მე უკვე შიმშილის სიგიჟეში შევაბიჯე. ცარიელი და ტკივილისაგან თავისუფალი ვიყავი და ფიქრები საკუთარ ნებაზე მივუშვი.

-ჩემო ძვირფასო ღმერთო, ერთ რამეს გეტყვი - შენ ასეთი და ასეთი ხარ! - შემდეგ კბილი კბილს მივაჭირე და ღრუბლებს გაშმაგებით მუშტი მოვუღერე, - წყეულიმც ვიყო, მაგრამ შენ ასეთი და ასეთი ხარ!

იმისთვის რომ საკადრისად დავსჯილიყავი, ავდექი და თავი ვაიძულე ფეხზე ვმდგარიყავი. საკუთარ თავს დავცინოდი და ჩემი უძლურება მახარებდა.

ღმერთო, რა ტკბილი ყოფილა დასვენება! შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და სუფთა ჰაერს ყლუპ-ყლუპად ვსვამდი.

სინდისიო, ამბობ? სისულელეა, შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო.

იმისთვის რომ მოწყალებისა გჯეროდეს, გულზე ხელები უნდა დაიწყო და სატანაზე ეშმაკი გახდე.
ბოლოს და ბოლოს, წმინდანი ხომ არ ვიყავი, რომ იდიოტივით ზნეობას გადავყოლილიყავი, ჯერ კიდევ საღი გონება მქონდა...

ეს უკვე მეტისმეტი იყო. რამდენი წელია მედგრად ვიდექი, მძიმე წუთებში ღირსება არ დამიკარგავს და ახლა უცებ ასეთ მათხოვრობამდე დავეცი.

ბოლო კრიზისს ჩემთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. თმისცვენა დამეწყო, თავისტკივილები მტანჯავდა და ნერვებიც მღალატობდა. დღის განმავლობაში ხელებზე ნაჭრებ შემოხვეული ვწერდი, რადგან მათზე საკუთარი ნასუნთქი მაღიზიანებდა.

ამ წუთას ქუჩაში მოსწავლე გოგონას დანაზოგი, ანდა საწყალი ქვრივის უკანასკნელი გროში რომ მეპოვა, ავიღებდი, ჯიბეში ჩავიდებდი, მოვიპარავდი და მთელი ღამე მშვიდად, ტკბილად დამეძინებოდა.

საკუთარი თავის სანუგეშოდ და გულის მოსაფხანად, ჩემს ირგვლივ მოსიარულე ბედნიერი ადამიანების ნაკლოვანებების გამოჩხრეკა დავიწყე.

ქალებს თითქმის კაცებად აღვიქვამდი, სიდუხჭირემ ერთიანად გამომაშრო.

ხელები ოდნავ მაინც რომ გამეთბო, თითები თმაში შევიცურე და მონაცვლეობით წინ და უკან და გვერდიდან გვერდზე ვისვამდი.

პირველი პატარა და უდიდესი დაცემა...

სრულიად არ ვიყავი ვალდებული სხვებზე პატიოსნად მეცხოვრა, ასეთი შეთანხმება არ ყოფილა...

მხეცები, მხოლოდ თავიანთი ველური თვითმყოფადობით, გაავებულები და გამძვინვარებულები შეიძლება რომ საინტერესონი იყვნენ.

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ბედნიერებისგან ვკვდებოდი.

მშვენიერია, უბრალოდ ცოცხლად ყოფნაც კი!

მთელი ჩემი საცოდავი ყოფა ყელში ამომივიდა, ისე დავიღალე, რომ მის შესანარჩუნებლად ბრძოლაც კი აღარ მსურდა.

ყოვლისშემძლეო ღმერთო, წამიერი ბედნიერებისათვის მზად ვარ სიცოცხლე შევწირო.

”შენ გეუბნები, თუ მართლა არსებობ, სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ ჩემი უკანასკნელი სიტყვაა - მშვიდობით. ახლა კი მე დავდუმდები, ზურგს შეგაქცევ და ჩემს გზაზე წავალ.”

ღარიბი გონიერი ადამიანი მდიდარ გონიერ ადამიანზე გაცილებით უფრო დაკვირვებულია.

შუა საუკუნეებში სინდისზე საუბარი არ შეიძლებოდა. სინდისი პირველად შექსპირმა, ცეკვების ძველმა ოსტატმა გამოიგონა.

დაცემა არ მსურდა, მინდოდა სიკვდილს ფეხზე მდგომი შევგებებოდი.

მე ყოველთვის მზად ვიყავი თავი ამაყად დამეჭირა, ყოველგვარ დახმარებაზე ქედმაღლურად თავი გამექნია და მეთქვა, ”არა, გმადლობთ”. და აი, ამან სად მომიყვანა: ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი.

კინაღამ ბოლო ნამცხვარიც შემომეჭამა, რომელიც თავიდანვე გადავწყვიტე იმ ბიჭუნასთვის შემომენახა, ვოგნმანის ქუჩაზე ჟღალწვერიანმა თავზე რომ დააფურთხა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში