ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 16/10/1917

ძვირფასო ფელიჩე, გუშინწინ წერილი მივიღე. როგორ, უკვე წერილი? - ვეკითხებოდი ჩემ თავს და კარგა ხანს ვერც ვკითხულობდი.

ეს მხოლოდ ის წერილი აღმოჩნდა, შენს ჩამოსვლას რომ მატყობინებდა. იმიტომ დაუგვიანია, რომ საფოსტო მისამართი ეწერა შეცდომით.

ამით ისიც გაირკვა, თუ რატომ არ მოდიოდა აქამდე საპასუხო წერილები, მაგრამ დღეს, კვირას ორი წერილი მივიღე, ოცდაოთხი და ოცდაექვსი სექტემბრის.

იმავე დღეს დედაჩემიც ჩამოვიდა ( მომიყვა, რომ შენთან საუბრისას ჩემზე უკითხავს, უკეთეს ხასიათზე ხომ არააო, და შენ გიპასუხია, მსგავსი არაფერი შემინიშნავსო).

საღამოსაც არ მინდოდა წერილების გახსნა. უფრო სწორად მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით ჯერ შენთვის მომეწერა, სრულიად დამოუკიდებლად იმისაგან, რასაც შენ მწერდი.

ბოლოს როგორც იქნა, გავხსენი წერილები. სწორედ ის ეწერა, რასაც ველოდი. მრცხვენია. თუმცა მეც ვერ გამიგია როგორ ხდება: არ გინდა ასე მოიქცე, მაგრამ სხვაგვარად ვერ ახერხებ; მინდა როგორმე აგიხსნა: ჩემში ხომ ორი მე იბრძვის. შენც იცი, რომ ჩემი უკეთესი მეორე ნაწილი შენ გეკუთვნის, ამაში, ამ უკანასკნელ დღეებში, ეჭვი არ მეპარება.

მთელი ამ ხუთი წლის მანძილზე, სიტყვითა თუ დუმილით, თუ ორივეთი ერთად, და განსაკუთრებით კი შენი ტანჯვით, ბევრ რამეს მივხვდი. შენ ყოველთვის მეკითხები, მართალი ვარ თუ არა. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ჩემი შეგნებული ტყუილებისაგან არცერთ ადამიანთან ურთიერთობაში არ ვყოფილვარ ასეთი თავშეკავებული, შეიძლება ითქვას, მკაცრად თავშეკავებულიც კი, როგორც შენთან.

შეიძლება ზოგჯერ მომიტყუებია რაღაც, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე საერთოდ ”ძალიან ცოტა” ტყუილის თქმა შემიძლია.

არადა მე ხომ ერთი მატყუარა ადამიანი ვარ, სხვაგვარად წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ. ჩემი ნავსაყუდელი ძალიან სუსტია. ეტყობა მე საერთოდ არ ვცდილობ გავხდე კარგი ადამიანი.

თუ გადავხედავთ კაცობრიობას, ცხოველთა სამყაროს, შევიცნობთ მათ საძირკველში ჩადებულ სიყვარულს, მიზანსწრაფვასა თუ მორალურ იდეებს, ერთ უბრალო, მარტივ აზრამდე მივალთ: თუ მეც ამ გზით ვივლი, ალბათ, შევძლებ ყველასათვის სასიამოვნო ადამიანად ვიქცე.

ისევ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას დავუბრუნდეთ. შენ ჩემი ადამიანობის საზომი ხარ.

იმ ორიდან, ჩემში რომ იბრძვიან, რომელთა ბრძოლიდანაც ყოველთვის განადგურებული გამოვდივარ, ერთი კეთილია და მეორე ბოროტი. დროდადრო ეს ნიღბები ერთმანეთს ენაცვლებიან, რაც კიდევ უფრო აბურდულს ხდის, ამ ისედაც აბურდულ ბრძოლას.

ახლა კიდევ ეს სისხლის ამოხეთქვა, სისხლის, რომელიც კეთილს რწყავს ( მინდა მას კეთილი დავარქვა) და ბოროტს კი იმისათვის იყენებს, რომ შენ მოგიპოვოს.

რაღათქმაუნდა ამ დაავადებას არ მივიჩნევ ტუბერკულოზად, ან ვთვლი, რომ ჯერ არაა ტუბერკულოზი, ეს ჩემი სრული გაბანკროტებაა.

სისხლი ფილტვებში კი არა, იმ ბრძოლების შედეგად დასნეულდა, ზემოთ რომ გითხარი. დიახ, ამ კაცს, შეეძლო ადამიანთა სიყვარული, მაგრამ მათგან ხელნაკრავია, ყოველშემთხვევაში, ასეთად გრძნობს თავს და საშინელ სულმდაბლობაში ეფლობა.

ნუ მკითხავ, რატომ ვიქმნი ბარიერს? ნუ დამამცირებ ასე. კიდევ ერთი სიტყვა და მე კვლავ შენს ფერხთით აღმოვჩნდები.

რა ვქნა, თვალებში მხოლოდ რეალობა მესობა, უფრო სწორად, ეს ე.წ. ტუბერკულოზი და იძულებული ვარ დავნებდე.

ბოლოს მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო, რომლისაც თავადვე ერთი წამითაც კი არ მჯერა, თუმცა მაინც სიმართლე უნდა იყოს : მე ვეღარასოდეს ვიქნები ჯანმრთელი. თუმცა, ეს ის ტუბერკულოზი არაა, ლოგინად რომ ჩაგაგდებს და სხვისი, ვინმე ჯანმრთელის მოსავლელს გაგხდის, არამედ ეს სწორედ ის იარაღია, რომლის აუცილებლობა, ვიდრე ვარსებობ, ყოველთვის იქნება ჩემში.

ფრანცი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში