ხულიო კორტასარი - მიტაცებული სახლი

სახლი ჩვენ მოგვწონდა.იგი ფართოც იყო და ძველიც(რასაც იშვიათად შეხვდებით ახლა,როცა ძველ სახლებს გამორჩენის თვალით უყურებენ).მაგრამ მთავარი მაინც ის იყო ,რომ იგი ინახავდა ჩვენი წინაპრების ხსოვნას,პაპაჩემისას -მამის მხრიდან,დედაჩემის,მამაჩემის და ბავშვების ხსოვნას.

მე და ირენე მარტო ყოფნას მივეჩვიეთ.თუმცა,რასაკვირველია ,ეს სისულელე იყო,-ჩვენს სახლში ბარე რვა კაცი დაეტეოდა.შვიდ საათზე ვდგებოდით,იქაურობას ვალაგებდით,დაახლოებით თერთმეტ სააათზე მე ქურასთან ვიწყებდი ტრიალს,დარჩენილ ორ-სამ ოთახს კი მისალაგებლად დას ვუტოვებდი.ზუსტად შუადღისას ვსაუზმობდით,ამის მერე ჭურჭლის დარეცხვის გარდა საქმე აღარაფერი გვქონდა.მაგიდასთან შემომსხდრებს გვიყვარდა ჩვენს დიდსა და მყუდრო სახლზე ფიქრი,ფიქრი იმაზე,სხვის დაუხმარებლად როგორ მშვენივრად ვუძღვებოდით აქაურობას .ხანდახან გვეგონა,რომ სწორედ ამ სახლის გადამკიდენი დავრჩით მარტონი.

ირენემ სრულიად უმიზეზოდ უთხრა უარი ორ საქმროს,ჩემი მარია ესთერი კი დაწინდვამდე გარდაიცვალა.ორივენი ორმოცს ვიყავით მიტანებულნი და თითოეულს ჩვენდათავად გვჯეროდა, და-ძმის უშფოთველი და გულითადი ურთიერთობით დავასრულებდით ამ სახლის ყოფილ ბინადართა საგვარეულოს:ვფიქრობდით,ოდესმე აქ დავიხოცებით,სახლს კი ჩვენი უცხვირპირო შთამომავლობა დაეპატრონებოდა და ქვითა და მიწით სარგებლობის გულისათვის ნანგრევებად აქცევდა მას; ან სანამ გვიან არ იყო,იქნებ ჩვენ თვითონ დაგვენგრია?

ირენეს თავის დღეში არავისთვის უწყენინებია,დილით მორჩებოდა თუ არა სახლის დალაგებას ,თავის საძინებელ ოთახში ტახტზე მოკალათდებოდა და დაღამებამდე ქსოვდა. არ ვიცი ამდენს რას ქსოვდა. ვფიქრობ, ქალები ქსოვას იმიტომ ისაბაბებენ, რომ სხვა აღარაფერი აკეთონ, თუმცა,ირენეზე ამას ვერ იტყოდი ;
ის მუდამ საჭირო რამეებს ქსოვდა საზამთროდ,ჩემთვის წინდებს,თავისთვის კი კოფთებს.თუ არ მოეწონებოდა,არც დაფიქრდებოდა,ისე დააარღვევდა ახლადმოქსოვილ სვიტერს,ჰოდა მეც მიყვარდა საათობით მეცქირა,როგორ იდო შეუცვლელად კალათში გორგალი.

შაბათობით ძაფის საყიდლად ცენტრში დავდიოდი;ჩემი და მენდობოდა.ფერებს მშვენივრად ვარჩევდი და ერთი გორგალის გამოცვლაც არ დაგვჭირვებია.შინიდან გასული შემთხვევით ვსარგებლობდი,შევივლიდი ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი-თუმცა ყოველთვის უშედეგოდ-საფრანგეთიდან ახალი ხომ არაფერი მოსულა -მეთქი.

1939 წლიდან მოკიდებული, ჩვენთან ,არგენტინაში საყურადღებო აღარაფერი შემოდიოდა.
თუმცა მე ხომ სახლზე ვაპირებდი ამბის მოყოლას,სახლსა და ჩემს დაზე ,რადგან თვითონ მე არაფრით ვარ საინტერესო.რა ეშველებოდა ნეტა ირენეს ,ქსოვა რომ არ გამოეგონებინათ?! ხელმეორედ წიგნის გადაკითხვა შეიძლება ,მაგრამ პულოვერის ხელახლა მოქსოვა-მეტისმეტია.

ერთხელ კომოდის უჯრაში,სადაც ზამთრის ტანსაცმელს ვინახავდით,წყობად დალაგებულ,ნაფტალინწაყრილ უთვალავ თეთრ ,მწვანე და იასამნისფერ თავსაფრებს წავაწყდი.ვერ გავბედე მეკითხა,ამდენი თავსაფარი რად გვინდა-მეთქი.ფული არ გვჭირდებოდა,სოფლიდან ყოველთვიურად ვღებულობდით და ჩვენი ქონებაც დღითი-დღე იზრდებოდა.ეტყობა,ჩემს დას გუნებით უყვარდა ქსოვა და განსაცვიფრებლადაც ქსოვდა.შემეძლო საათობით მედევნებინა თვალი მისი ხელებისათვის,ვერცხლისფერი ჩხირების სწრაფი ელვარებისა და იატაკზე
მდგარ კალათში გორგლების მოძრაობისთვის - ლამაზი სანახავი იყო.

არასოდეს დამავიწყდება ოთახების განლაგება.სასადილო ,გობელენებიანი დარბაზი,ბიბლიოთეკა და სამი საძინებელი ოთახი, სახლის მეორე მხარეს იყო. მათი ფანჯრები როდრიგეს პენიას ქუჩაზე გადიოდა. იქით გამავალი დერეფნისაგან მუხის კარი გვყოფდა. ჩვენს მხარეს -სამზარეულო,სააბაზანო,ჩვენი ოთახები და სასტუმრო იყო, იქიდან ჩვენთან შემოსვლაც შეიძლებოდა.დერეფანში გასვლაც და პატარა ტამბურს თუ გაივლიდით - მაიოლიკით მოპირკეთებულ წინკარშიც.

შეხვიდოდით ამ წინკარში ,გააღებდით კარს და ჰოლში აღმოჩნდებოდით,იქიდან კი ჩვენს ოთახში გახვიდოდით,დერეფნის იქით ცოტას კიდევ თუ გაუყვებოდით, სახლის შორეულ კუთხეში გახვიდოდით,რომლისგანაც მეორე მუხის კარი გვყოფდა. ამ კარის წინ მდგარი, მარცხნივ რომ შეტრიალებულიყავით,ვიწრო გასასვლელით სამზარეულოსა და სააბაზანოში მოხვდებოდით.

როცა მუხის კარი ღია იყო ,სახლი ნამდვილად ვეებერთელა ჩანდა,როცა ვხურავდით,თავი თანამედროვე ვიწრო ბინაში გვეგონა. მე და ირენე კარს აქეთ ვცხოვრობდით, კარს იქით მარტო დასალაგებლად გავდიოდით. საოცარია პირდაპირ როგორ იდებს მტვერს ეს ავეჯი!

ბუენოს -აირესი სუფთა ქალაქია, მაგრამ ამას ქალაქელებს უმადლოდნენ.ჰაერში მუდამ მტვრის კორიანტელი დგას -დედამიწა გამომშრალია და საკმარისია ქარმა დაუბეროს, რომ მტვრით დაიფაროს მარმარილოს კონსოლი და ჭრელი სუფრები. მაგასთან, სულ ერთია, ვერაფერს გააწყობ, სადაც არა მგონია, იქ დაგვხდება, შენ ცოცხით ფერთხავ,ის კი ისევ და ისევ ედება სავარძლებს.

ეს ამბავი სიცოცხლეშივე მემახსოვრება,რადგან ყველაფერი ძალზე უბრალოდ მოხდა. ირენე თავის ოთახში ქსოვდა, საათმა რვა დარეკა, მე მატეს დალევა მომინდა. დერეფანი გავიარე, გამოღებულ კარამდე მივედი და სამზარეულოსკენ რომ შევტრიალდი,ბიბლიოთეკიდან თუ სასადილოდან ხმაური მომესმა,ყრუ გაურკვეველი ხმაური,თითქოს ვიღაცეები საუბრობდნენ, თუ სავარძელი ეცემოდა ხალიჩაზე. იმავე წამს, ან შეიძლება ცოტა მოგვიანებით, ხმაური დერეფნის მეორე მხრიდან გავიგონე.მაშინვე კარს ვეცი და დავკეტე.კიდევ კარგი ,გასაღები ჩვენკენ იყო ,გულის დასააარხეინებლად ურდულიც გავუყარე.

მერე სამზარეულოში შევედი,მატე მოვადუღე ,ირენეს მივუტანე და ვეუბნები:
- კარი დავკეტე,მეტი გზა არ იყო ,იქითა ოთახები დაუკავებიათ.
ირენემ საქსოვი კალთაზე დაუშვა და სერიოზული ,დაღლილი მზერა მომაპყრო
-დარწმუნებული ხარ?
მე თავი დავუქნიე.
-რას იზამ, აქეთ ვიცხოვროთ, -თქვა და ქსოვა განაგრძნო.

მე ფრთხილად გავუწოდე მატე, სანამ ქსოვას მოუბრუნდებოდა,ირენე ცოტა ხანს შეყოვნდა. მახსოვს ნაცრისფერ ჟილეტს მოქსოვდა; ძალზე მომწონდა ის ჯილეტი.

პირველ დღეებში გაგვიჭირდა-კარს იქით ბევრი საყვარელი ნივთი დაგვრჩა.ჩემი ფრანგული წიგნები ბიბლიოთეკაში ელაგა ,ირენე ხელსახოცებსა თბილ ბაჩუჩებს მოისაკლისებდა.მე ჩემი ღვიის ჩიბუხი მენატრებოდა, ვინ იცის, ჩემ დასაც როგორ უნდოდა ერთი ბოთლი ღვინის გამოტანა,ზოგჯერ რომელიმე უჯრას გამოვწევდით და ჩემთვის საჭირო ნივთს ვერ ვიპოვიდით,ნაღვლიანად გადავხედავდით ერთმანეთს და ვიტყოდით:
-არა,აქ არ არის .

თუმცა ამ ამბით რაღაცით მაინც ვისარგებლეთ. სახლის მოვლა გაგვიიოლდა;ახლა უფრო გვიან ვდგებოდით და თერთმეტი სააათისთვის ვასწრებდით დალაგებას. სამზარეულოში ირენეც მუდამ ჩემთან იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ,სანამ მე სადილს გავაკეთებდი,ის ვახშმის თადარიგს შესდგომოდა,რაიმე ცივი კერძი მოემზადებინა,ქურასთან ტრიალი საღამოობით გვეზარებოდა მაინც და ახლა პირდაპირ ირენეს მაგიდაზე ვშლიდით ხოლმე ცივ საუზმეულს.

ჩემ დას, მისდა სასიხარულოდ, საქსოვად გაცილებით მეტი დრო დარჩა, მე კი, ჩემი წიგნების დამკარგავს, სასიხარულო ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ ირენესათვის გუნება რომ არ გამეფუჭებინა, მამისეულ მარკების კოლექციის წესრიგში მოყვანა დავიწყე და ასე თუ ისე, დროს მაინც ვკლავდი.

ვცხოვრობდით ჩვენთვის, მოწყენილობა არ გვემჩნეოდა. ერთთავად ჩემი დის ოთახში ვისხედით, იქ უფრო სიმყუდროვე იყო,ხანდახან ჩემი და მეტყოდა ხოლმე:
-ნახე,რა ღილკილო გამომივიდა!ნამდვილ სამყურას ჰგავს.

მე, სამაგიეროდ, ოთხკუთხა ქაღალდებს ვუჩვენებდი,ისიც ტკბებოდა უცხოური მარკების ქცევით. თავს მშვენივრად ვგრძნობდით. ფიქრს გადავეჩვიეთ. ცხოვრება თურმე უიმისოდაც შეიძლება, ყოველივე ეს რომ არ დასრულებულიყო, დასაწერიც აღარაფერი დამრჩებოდა.

ერთ საღამოს, დაძინების წინ მომწყურდა, ვთქვი სამზარეულოში გავალ, წყალს დავლევ მეთქი. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა ,ხმაური შემომესმა. ვერ ვიტყვი, სამზარეულოდან თუ სააბაზანოდან(დერეფანი გვერდზე გადიოდა და გარჩევა ჭირდა).

ჩემი და ქსოვდა, მაგრამ იგრძნო, რომ შევყოვნდი და უმალ ჩემთან გაჩნდა. ორივემ ერთად მივაყურადეთ, ხმაური კარს იქიდან კი არა ,ნამდვილად აქვე - დერეფნიდან, სამზარეულოდან თუ სააბაზანოდან ისმოდა.
ერთიმეორეს თვალს ვარიდებდით. მერე ჩემს დას ხელი ჩავავლე და უკანმოუხედავად წინაკარში გამოვიყვანე, ყრუ ხმაური თანდათანობით მატულობდა. კარი მივიხურე. წინკარში სიწყნარე იდგა.
-ეს მხარეც მიისაკუთრეს, - თქვა ჩემმა დამ.

ძაფი ძირს ეთრეოდა, გორგალი კარს იქით დარჩენილიყო, ამის დანახვაზე ირენემ საქსოვი გულგრილად დაააგდო იატაკზე.
-თან არაფერი წამოგიღია? -ვკითხე სულელურად.
-არაფერი.

წამოვედით ასე ცარიელ-ტარიელნი. გამახსენდა კარადაში თხუთმეტი ათასი პესო დამრჩა,მაგრამ გვიანღა იყო.
საათი ხელზე მეკიდა. ვხედავ, უკვე თერთმეტია. დას ხელი მოვხვიე (ის მგონი ტიროდა) და სახლიდან გამოვედით.

გულზე ნაღველი შემომაწვა. კარი მაგრად დავკეტე, გასაღები კი წყალსადინარში მოვისროლე. არა მგონია, ამ დროს ვინმემ ქურდობა განიზრახოს, გავივლე გუნებაში; თანაც სახლი ხომ დაკავებულია!

მასალის მოწოდებისათვის მადლობა - კარცერ ლუქსს(ელენე მდინარაძეს)

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში