ეჟენ დელაკრუა 1798-1863 - ჩანაწერები და ნახატები

”როცა შინ მარტო ვარ და ვმუშაობ, სულ ვშიშობ, ვინმემ მყუდროება არ დამირღვიოს. ჩემი საქმეა მხოლოდ ხატვა, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა”.

ჩანაწერი ჩრდილოეთ აფრიკაში მოგზაურობის შესახებ - ”იმ წუთებში მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც სძინავს და სიზმრად ხედავს ისეთ საოცრებას, რაც ვერ დაუჯერებია და ეშინია არ გაქრეს”.

”ჩემზე უფრო გულიანი ადამიანი არ მეგულება. ყველას მეგობრად მივიჩნევ. ვისურვებდი, ასეთივე კეთილგანწყობით მხვდებოდნენ ისინიც. ეს არის ჩემი ხასიათის ერთადერთი ნაკლი”.

დელაკრუა წერს ჟორჟ სანდის - ” თავისუფლება, სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად, სამართლიანიც უნდა იყოს, რასაც ეს პირუტყვები ვერ მიმხვდარან. ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება ჭეშმარიტი თავისუფლება არ არის.”

1857 წელს, საცხოვრებლად გადადის ფიურსტენბერგის ქუჩაზე - ”ეს სახლი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი, როცა დილით მზესთან ერთად ვიღვიძებ და ფანჯრიდან ვხედავ განათებულ სახლსა და ჩემს პატარა ბაღს”.

”ზღვა, ეს ისეთი სანახაობაა, რაც არასოდეს მოგწყინდება”.

”დავიწყე უფრო მომგებიანი სურათების ხატვა და იმ დეტალების აღდგენა, რაც მივიწყებული მქონდა. მხოლოდ ასე მივაღწევ პოეტური სახის გონებისმიერ აღქმასა და წარმოსახვის სიცხადეს.” ”სურათი მნახველმა უნდა აღიქვას, როგორც ზეიმი, ეს არის მისი უპირველესი ღირსება და არა აქვს მნიშვნელობა, თუ გონებას არაფერს დაუტოვებს განსასჯელად”.

”თუ რომანტიზმი პირადი შთაბეჭდილებების თავისუფალ გამოხატვას გულისხმობს, მე ახლა კი არ გავმხდარვარ რომანტიკოსი, მაშინაც ვყოფილვარ, როცა თხუთმეტი წლის ვიყავი”. ”როდესაც ტონები ნამდვილია, ხაზები თავისთავად იხატება”.

”ეს ჟიური ბრიყვებისაგან შედგება. ბოლოს და ბოლოს დამარწმუნებენ, რომ მართლაც ფიასკო განვიცადე... ზოგი ამბობს, ეს ნამდვილი დამარცხებააო, ”სარდანაპალის სიკვდილი” რომანტიზმის სიკვდილს ნიშნავსო.”

”თავისუფლება  - ხალხის წინამძღოლი”
დელაკრუას წერს ძმას - ” მე ავირჩიე თანამედროვე სიუჟეტი, სცენა ბარიკადებზე (თავისუფლება - ხალხის წინამძღოლი) ... თუ სამშობლოს თავისუფლებისათვის არ მიბრძოლია, უნდა განვადიდო მაინც იგი.”

”ინერცია, გაუნათლებლობა, მდგომარეობა, სადაც ყველაფერს ბედისწერა განაგებს, ადამიანს ვითარების პასიურ იარაღად გადააქცევს, თუმცა, ავადმყოფობა, სიკვდილი, სიღარიბე, სულიერი ტანჯვა მარადიულია და ტანჯავს კაცობრიობას ყოველი რეჟიმის პირობებში, იქნება ეს დემოკრატიული თუ მონქარქისტული”.

”სუბიექტი თუ ობიექტი უწინარეს ყოვლისა არის სული, რომელიც უნდა აღიქვა და აღიარო”. ”ემოციის გამოხატვა მხატვრობის უპირატესობაა, უფრო სწორად პეოზიასა და მუსიკასთან შედარებით თვალისთვის უფრო ადვილად დასანახი და აღსაქმელია”.

”როგორც ვხატავ, ისე ვერ გადმოვცემ ნააზრევს - რა სისულელეა, თუ სურათში არ წარმოაჩენ იმას, რაც მთავარია”.

”ფერწერა ბადებს სავსებით განსაკუთრებულ ემოციას, რომელსაც ხელოვნების ვერც ერთი დარგი ვერ გამოიწვევს. შთაბეჭდილება იქმნება ფიქრის განსაზღვრული განლაგებით, შუქისა და ჩრდილების თამაშით - იმით, რასაც შეიძლება სურათის მუსიკა უწოდო. სურათი თვალისთვის დღესასწაული უნდა იყოს - ეს არის მისი მთავარი ღირსება.”

”გული გამალებით მიცემს, როცა ვრჩები უზარმაზარი კედლის პირისპირ, რომელიც ჩემი ფუნჯის შეხებას ელის”.

”იაკობის ბრძოლა ანგელოზთან”

”ამ სურათმა (იაკობის ბრძოლა ანგელოზთან) ისე დამტანჯა, როგორც ახირებულმა საყვარელმა იცის ხოლმე... ის, რაც შორიდან ადვილი მეჩვნებოდა, ახლოს საშინელი და უსაზღვროდ ძნელი აღმოჩნდა. როგორ ავხსნა, რომ ეს მარადიული ბრძოლა სასწორაკვეთილებაში მაგდებს და სულიერ წონასწორობას მაკარგვინებს. სულ ის მიტრიალებს თავში, როდის დამთავრდება”.

”ვმუშაობ ადამიანის ბუნებრივი არსის, მისი ხასიათისა და ემოციების ამოხსნაზე, რაც შეეხება მატერიას, ამ სულისა და ხელის საქმეს, ოთხასი წელი დასჭირდება”.

1823 წელს, დელაკრუა დღიურში წერს - ” ძალიან მინდა დავიწყო ცხენების ხატვა. სიამოვნებით გავატარებდი მთელ დღეს საჯინიბოში”.

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში