ედუარდ მანე 1832-1883 - ჩანაწერები და ნახატები

”იგი ტრადიციასაც აუმხედრდა და ბუნებასაც. ამავე დროს ერთსაც იყენებდა და მეორესაც, რათა ისე ეხატა, როგორც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ. ამ დროს არც თავისი შესაძლებლობების საზღვრებზე ფიქრბოდა და არც თავისი მოქმედებების მიზეზებზე. ხატავდა ლაღად, რაც დაუდევრობად შეიძლებოდა მიეჩნია ვინმეს. მის ქმნილებებში დენის ხასიათი გავროშის ხასიათს ერწყმოდა” - ლიონელო ვენტური.

”ის მაკიაჟითაა, მაგრამ როგორი გენიოსი იმალება ამის უკან” - მანე შარლ ბოდლერზე.

”მხატვარმა უნდა იგრძნოს თანამედროვეობის პოეტური და ისტორიული საზრისი, უნდა დაინახოს მარადიული წარმავალში” - შარლ ბოდლერი.

”ეს კაცი (ედუარდ მანე) გახდება მხატვარი, ის ჭეშმარიტი მხატვარი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ცხოვრების ეპიკური მხარის აღქმა. ის გვაიძულებს დავინახოთ და გავიგოთ, რა დიდებულები და პოეტურები ვართ ჩვენს ჰალსტუხებსა და ლაქის ფეხსაცმელებში”- შარლ ბოდლერი.

”არაფერი ისე არ მავსებდა ენერგიით, როგორც ჩვენი (ბატინიოლის ჯგუფი) კამათი, რომელშიც სხვადასხვა თვალსაზრისი ებრძოდა ერთმანეთს. კამათი წვრთნიდა ჩვენს გონებას და გვმუხტავდა ენერგიით, რომელიც მთელი კვირა საკმარისი იყო მუშაობისათვის” - ედუარდ მანე.

”მანეს გამოფენილი სურათები შედარებით კეთილგონივრულია, სკანდალს არ გამოიწვევს” - თეოფილ გოტიე.

”გიტარერო” - 1860
”გიტარერო - ასეთს ვერ ნახავთ კომიკურ ოპერაში. ასეთი სურათით ვერ გააფორმებ რომანსების კრებულს, სამაგიეროდ, ველასკესი მეგობრულად ჩაუკრავდა თვალს, გოია კი მოსთხოვდა ცეცხლს, რომ სიგარეტისათვის მოეკიდებინა. როგორ აჟღარუნებს გიტარას, როგორ მღერის! გვეჩვენება, რომ მართლა გვესმის ეს ყველაფერი!... ამ ნატურალური სიდიდის, თავისუფალი მონასმებით შესრულებულ, ცოცხალი ფაქტურისა და უსასრულოდ მართალი კოლორიტით გადმოცემულ ფიგურაში ნიჭის უსასრულობა იგრძნობა” - თეოფილ გოტიე.

”ვალენსიელი ლოლა” - 1862
”ყველა მშვენიერს შორის, ყველგან რომ ხედავს თვალი, გული ყოყმანებს, ვის გამოარჩევს, მაგრამ ლოლა დე ვალენსი - ალმასივით მოელვარე - ვარდისფერი და შავი, მაგიური სხივის საუნჯეს აჩენს” - შარლ ბოდლერი ”ვალენსიელ ლოლაზე”


”კიდევ ერთხელ მინდა თქვენზე გელაპარაკოთ, უნდა იცოდეთ, თქვენი თავის ფასი! რასაც თქვენ ითხოვთ, სულელური აკვიატებაა! მერე რა, რომ დაგცინიან, გაღიზიანებენ, უსამართლოდ გექცევიან. გგონიათ, თქვენ პირველი ხართ, ამ დღეში რომ აღმოჩნდით? თვენ შატობრიანსა და ვაგნერზე ნიჭიერი ხომ არა ხართ? მათაც დასცინოდნენ, მაგრამ ამით არ დახოცილან! ძალიან რომ არ გაამაყდეთ, გეტყვით, ორივე მისაბაძი იყო. და იმ ეპოქაში, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი იყო ხელოვნება... მაშინ როცა თქვენ ჩვენი დროის დაცემულ ხელოვნებაში პირველი ხართ!” - წერს ბოდლერი მანეს.

”საუზმე ბალახზე” - 1863

”ოლიმპია” - 1863
”ერთხელ ედუარდ მანეს ქუჩის ბიჭები შემოერტყნენ გარს. არ ვიცი, კარგია თუ არა, მაგრამ საკუთარი ცხოვრების ბრალდების ოქმს მოვაწერე ხელი, როცა ბიჭებს მანე ხელიდან გამოვგლიჯე და უსაფრთხო ადგილას გადავიყვანე, იქ, სადაც პოლიცია იდგა. ამ ამბავში დამნაშავეები არიან კრიტიკოსები, რომლებიც ხალხს უყიჟინებდნენ: ეს კაცი უნდა ჩაქოლოთ, მან სილამაზის ტაძარი შეურაცხყოო. მე ბიჭებს ვუპასუხე, რომ ”ოლიმპიასა” და ”საუზმე ბალახზე” ბედი უკვე უმზადებდა ადგილს ლუვრში. არ დამიჯერეს. იძულებული გავხდი, გავცლოდი, რადგან მუქარით დამიწყეს ყურება” - ემილ ზოლას ჩანაწერებიდან.

”ბერტა მორიზო იების კონით” - 1872
”ეს ქალიშვილი ჯერ კიდევ ელოდებოდა თავის ბედს, ის ფერწერას ჯერ კიდევ არ შთაუნთქამს სრულად. გამხდარი გოგონა, რომელიც ირგვლივ მყოფებში თავშეკავებულ მოწონებას აღძრავს, ვულკანის ლავის სიძლიერის შეშლილ ცეცხლს ატარებს, ეს შინაგანი ცეცხლი ანთია მის გამოხედვაშიც” - ანრი პერიუშო (ბერტა მორიზოზე) - ”ედუარდ მანე”.

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში