ჰერმან ჰესე - ნარცისი და გოლდმუნდი

შემოქმედის ნაცვლად მოაზროვნე თუ გამოხვიდოდი, მაშინ უბედურება მოხდებოდა. კერძოდ, მისტიკოსი შეიქნებოდი.

მისტიკოსები, მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, ის მოაზროვნენი არიან, რომლებმაც წარმოსახვებს თავი ვერ დააღწიეს, ანუ, საერთოდ, მოაზროვნეებად ვერ ივარგეს. ისინი ფარული ხელოვანნი არიან: პოეტები ულექსოდ, მხატვრები უფუნჯოდ, მუსიკოსები უმელოდიოდ.

მათ შორის შეხვდები მეტად ნიჭიერსა და კეთილშობილ სულებს, მაგრამ ყველა ისინი გამონაკლისის გარეშე უბედურნი არიან. ერთი მათგანი შენც იქნებოდი. ამის ნაცვლად, მადლობა ღმერთს, ხელოვანი გამოხვედი და სურათების სამყარო დაიმორჩილე, სადაც ძალგიდს შემოქმედი და მბრძანებელი იყო, ნაცვლად მოაზროვნისა, სულ რომ უკმარობის გრძნობა გექნებოდა”. (ნარცისი)

“ჩვენი აზროვნება მუდმივი აბსტრაქციების, გრძნობათა უარყოფის და წმინდა სულიერი სამყაროს აშენების მცდელობაა. შენ კი სწორედ ყველაზე უფრო არამუდმივი, ყველაზე უფრო მოკვდავი მიგაქვს გულთან ახლოს და სამყაროს აზრს წარმავალ ცხოვრებაში აცხადებ. შენ წარმავლობას გვერდს არ უვლი, შენ მას ბოლომდე გრძნობ, წარმავალი ცხოვრების გრძნობას ზენარ გრძნობად აქცევ და მარადიულს ამსგავსებ. ჩვენ, მოაზროვნენი, უფალთან მიახლოებას ვცდილობთ, მაშინ როცა შენ მისი შემოქმედება გიყვარს და ხელახლა ჰბადებ. ეს ორივე ადამიანის მიერ ქმნილა, ორივე უკმარია, მაგრამ ხელოვნება უფრო უბიწოა”. (ნარცისი)


”შენ ჩემი არ უნდა გშურდეს, გოლდმუნდ. ისეთი სიმშვიდე არ არსებობს, როგორსაც შენ გულისხმობ. სიმშვიდე, ცხადია არის, მაგრამ არა ისეთი, ჩვენში ხანგრძლივად რომ იმკვიდროს და აღარ დაგვტოვოს, ერთი სიმშვიდე არსებობს მხოლოდ, უწყვეტი ბრძოლით მოპოვებული და დღითი დღე ახლიდან დასაძლევი. შენ მასთან ჭიდილში ვერ მხედავ, შენ არც ჩემი წინააღმდეგობანი იცი მეცადინეობისას და არც ჩემი ბრძოლები სამლოცველოში. კარგია, რომ არ იცი. შენ მარტო იმას ხედავ, რომ შენზე ნაკლებად ვარ გუნებაწამხდარი, რასაც შენ სიმშვიდეს ეძახი. ეს კი ბრძოლაა, ეს სამსხვერპლო შერკინებაა, როგორც ყოველი მართალი ცხოვრება, შენიც მათ შორის”. (ნარცისი)

”ჩვენგან არც ერთს არ ძალუძს მეორე კაცს ბოლომდე ჩაწვდეს, კეთილი ნების ადამიანებისათვის საერთო კი იცი რა არის : ის, რომ ჩვენი ნაწარმოებები ბოლოს ჩვენ აღგვემატებიან და მსხვერპლი კვლავ თავიდანაა შესაწირი”. (ნარცისი)

“დილამდე ვეღარ გავაღწევ. მინდოდა დედაზე მომეთხრო შენთვის, მისი თითები გულზე მაქვს შმოჭდობილი. რამდენიმე წლის წინ ჩემს უსაყვარლეს და უსაიდუმლოეს ოცნებას დედის ფიგურის შექმნა წარმოადგენდა, ჩემთვის სურათთა შორის ყველაზე უწმინდესი ის იყო, გულში მუდამ სიყვარულითა და იდუმალებით ვატარებდი. ცოტა ხნის წინ მეტისმეტად აუტანელი იყო იმაზე ფიქრი, რომ უნდა მოვმკვდარიყავი ამ ფიგურის შეუქმნელად; ჩემი ცხოვრება ფუჭი მეჩვენებოდა. და აბა, ნახე, რა საოცრად მოვიდა ის ჩემთან: ნაცვლად იმისა, ჩემს ხელებს მიეცა მისთვის ფორმა და გამოეძერწა, თავად მაძლევს ფორმას და თვად მძერწავს. ჩემს გულს ხელები შემოახვია, რათა იგი გამოაცალკევოს და დამაცარიელოს. მან სასიკვდილოდ მაცდუნა, ჩემთან ერთად ჩემი ოცნებაც, დიდი ევა დედის ლამაზი ფიგურაც კვდება. მას კვლავაც ვხედავ, ხელებში ძალა რომ მქონდეს, გამოსახვას შევძლებდი, მაგრამ მას არ სურს თავისი საიდუმლოს ხილულქმნა. ჩემი სიკვდილი უფრო სიამოვნებას ჰგვრის. მეც სიამოვნებით ვკვდები, ის მიმსუბუქებს სიკვდილთან შეხვედრას”. (გოლდმუნდი)

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში