თომას მანი - სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არის!

სენსაციური ჯილდო, რომელსაც შვედეთის აკადემია გასცემს ხოლმე, ჩვიდმეტი წლის შემდეგ, კვლავ გერმანიას ხვდა წილად. ვიცოდი, რომ იგი არაერთხელ დამტრიალებდა თავს და ამ ამბავს მოუმზადებელი არ შევხვედრივარ. იგი ჩემს გზაზე იდო. 

ამას ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე ვამბობ და თან მშვიდად, თუმცა არცთუ ინტერესის გარეშე ვაკვირდები ჩემი ბედის თავისებურებასა და დედამიწაზე ჩემთვის განკუთვნილ ”როლს” , რასაც წარმატების ორაზროვანი ბრწყინვალება ახლავს თან.

აქედან გამომდინარე, ჯილდოს უაღრესად ადამიანურად ვაფასებ და არც განსაკუთრებულ აღმაფრენას განვიცდი. ერთი სიტყვით, ამ ხმაურიან მოვლენას გააზრებულად, დინჯად მოვეკიდე და ცხოვრებისეულ ფაქტად მივიჩნიე ის, რასაც დიდი ზარ-ზეიმი და სითბო ახლდა თან, ყველაფერი შეძლებისდაგვარად მშვიდად გადავიტანე და წარმატებას შინაგანადაც იოლად შევეგუე, რაც, სხვათა შორის, უფრო ძნელია ხოლმე.

მეორე მხრივ, თუ ცოტაოდენ ფანტაზიას მოიშველიებდი და თავს არ შეიკავებდი, ამ ამბისგან არაერთი სასიამოვნო და მღელვარე წუთი შეიძლება გრგებოდა წილად, შეგეძლო ქვეყნიერების წინაშე თავი უკვდავთა წრეში ჩაწერილად წარმოგეჩინა და მომზენი, ფრანსი, ჰამსუნი, ჰაუპტმანი შენს თანამოძმე პირებად გეგულებინა, მაგრამ მეოცნებე ეგზალტაციის გასანელებლად ურიგო არ იქნებოდა ისინიც გაგხსენებოდა, ვისაც პრემია არ მიუღია.

რაც შემეხება მე, სავსებით ნათელია და ეს აზრი იმ ლამაზად გაფორმებული სიგელიდანაც გამოსჭვივის, რომ ასეთ პატივს უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდობაში დაწერილი საოჯახო რომანის მიმართ გაჩენილ ჩრდილოურ სიმპათიებს უნდა ვუმადლოდე.

მე კი მეღიმება, როცა მაგონდება, რომანზე მუშაობისას როგორ ვცდილობდი შეგნებულად შემექმნა სკანდინავიისა და ჩემი მშობლიური სამყაროს ატმოსფერული ნათესაობის შთაბეჭდილება, რათა ჩემს მაშინდელ ლიტერატურულ იდეალებს მივახლოებოდი, მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნობელის პრემიების კომიტეტი ჯილდოს იმის გაუთვალისწინებლად ვერ მომანიჭებდა, რაც მას შემდეგ შემითხზავს.

თუკი პრემიით მხოლოდ ”ბუდენბროკებისათვის” მაჯილდოვებდნენ, მაშინ რატომ 25 წლის წინ არ მივიღე იგი? პირველმა სიმპტომებმა, რომ ჩრდილოეთში უკვე დაწყებული იყო ამ ინსტიტუციასთან კავშირში ჩემი მოხსენიება, ჩემს ყურამდე 1913 წელს, ანუ მას შემდეგ მოაღწია, როცა ”სიკვდილი ვენეციაში” გამოქვეყნდა.

ეჭვი არ მეპარება, რომ კომიტეტი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, ოღონდ ეტყობა, საკუთარ ჭკუა - გონებას მთლიანად მაინც არ ეყრდნობა ხოლმე. ეს იგრძნობა მსოფლიო თანხმობის არსებობაში და ამიტომ მჯერა, რომ ”ბუდენბროკების” შემდეგ კიდევ ბევრი რამ უნდა შემექმნა, რომ საყოველთაო თანხმობას სათანადო ხარისხი შეეძინა და საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო.

სტოკჰოლმურმა გადაწყვეტილებამ განსაკუთრებით საზეიმო აქცენტი შესძინა რაინის მხარეში ჩემს კარგახნით ადრე დაგეგმილ მოგზაურობას. ბონის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართული ზეიმი, რომლის ფილოსოფიის ფაკულტეტმა ომის შემდგომ საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭა, ჩემთვის დაუვიწყარია ახალგაზრდობის მოზღვავების გამო, რასაც შეშფოთებული პროფესორების თქმით, შეიძლებოდა ძველი დარბაზის იატაკი მძიმე გამოცდის წინაშე დაეყენებინა.

მიუხედავად ამისა, ხსენებულ მოგზაურობას ხელსაყრელს მაინც ვერ დავარქმევდი, რადგან იგი უშუალოდ უსწრებდა წინ ჩრდილოეთში გამგზავრებას, რაც დიდ აქტიურობას მოითხოვდა ჩემგან. ხსენებულ მოგზაურობას ჩემი ცხოვრების ყველაზე უფრო გულთბილი და ამაღელვებელი მოვლენა შემიძლია დავარქვა და აქ მხოლოდ პრემიის გადმოცემისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის დიდებულებასა და ბრწყინვალებას როდი ვგულისხმობ, როცა მოწმე გავხდი საგანგებო ჟესტისა - მეფე და სამეფო კარი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ყველაზე ბოლოს შემოსულ პრემიის მფლობელს პატივისცემის ნიშნად ფეხზე რომ წამოუდგნენ.

ამიერიდან, ვინც რაიმე მიზნით გერმანიის სახელით შვედეთში ჩავა, იქ კარგად იგრძნობს თავს. იგი აღმოჩნდება ჩვენი სამშობლოსადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყანაში, რაშიც საზეიმო ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მხოლოდ გულისაჩუყებით შემიძლია გავიხსენო ის დიდი სიმპათია, რითაც დამსწრენი ეხმაურებოდნენ ყოველ ნათქვამ სიტყვას, რაც კი ჩმი მრავლის მომსწრე ქვეყანასა და ხალხს მივუძღვენი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში