ჰენრი დევიდ თორო - უოლდენი

ადამიანებს შრომაში ზომიერების დაცვა უჭირთ. კაცი თავის საუკეთესო ნაწილს მიწაში ფლავს და ნიადაგს მით აპოხიერებს.

თავისუფალ ქვეყანაშიც კი, ადამიანთა უმეტესობა, სიბრიყვისა თუ უვიცობის გამოისობით თითიდან გამოწოვილ საზრუნავს ისეა მიჯაჭვული, რომ ასაღები მოსავლის საუკეთესო ნაწილს წყალს ატანს.

სახვალიო სენისათვის დანაზოგის გროვებაში თავს ისნეულებთ, იმ დანაზოგს მერე დაობებულ სკივრში გადაინახავთ, წინდაში ჩაჩურთავთ, ან აგურით ნაშენებ ბანკებში შეინახავთ.

საზოგადო აზრი მხოლოდ სუსტი, უღონო ტირანია იმასთან შედარებით, რასაც კაცი თავის თავზე და
საქმეებზე ფიქრობს, და მის სვე - ბედსაც წარმოდგენები ძერწავს.

ადამიანთა უმეტესობა მშვიდი სასოწარკვეთით ცხოვრობს. რასაც ბედის მორჩილებას უწოდებენ, სინამდვილეში ჩვევად ქცეული უსასოობაა.

ფხიზელი და საღი ბუნების ადამიანებს ახსოვთ, რომ მზე ყოველდღე ახლიდან იშვება, უმწიკვლო, შეუბღალავი. მიკერძოებული შეხედულებების შეცვლა, რაც უნდა ძველი იყოს ისინი, გვიან არასდროს არ არის.

დე ძველი საქმეები ძველებმა აკეთონ, ახალი საკეთებელი - ახალმა ადამიანებმა ითავონ.

სიცოცხლე მე მომეცა და საკუთარი ცდითა და სინჯვით უნდა განვლო.

ადამიანის შესაძლებლობები ჯერ არავის გაუზომავს, წინამორბედთა საქმეებით კი ამათზე ვერ იმსჯელებ, რადგან ძველებს მცდელობებიც ძალზე მწირი ჰქონდათ.

დღეს ფილოსოფიის პროფესორები გვყავს, ფილოსოფოსები კი - არა.

დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ თუ ქვეყანაში ცივილიზაციის უტყუარი ნიშნები შეინიშნება, იქ ველურის მდგომარეობასთან მიახლოებული ღატაკების ფენა ვერ იარსებებს.

ნუთუ ყოველთვის იმაზე ვიფიქრებთ, როგორ მოვახერხოთ მეტის და მეტის მოხვეჭა? ნაკლებით დაკმაყოფილებას როდის ვისწავლით?

უეჭველია, რომ ჩემ მაგივრად ფიქრი სხვასაც შეეძლება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემ ნაცვლად აზროვნების უფლება ვინმეს დავუთმო და თან ეს სასურველ მოვლენადაც მივიჩნიო.

თუ ვისურვებდი პატარა ბიჭს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე რამე სცოდნოდა, ნაჩვევი გზით კი არ წავიყვანდი, ანუ რომელიმე პროფესორს კი არ გადავკიდებდი, რომელიც ამქვეყნად ყველაფერს ასწავლის, ცხოვრების ხელოვნების გარდა, სამყაროს ტელესკოპში ან მიკროსკოპში დაანახებს, ოღონდ არა საკუთარი თვალით; ქიმიას შეასწავლის, იმას კი, როგორ ცხვება პური - არა, მექანიკის კანონებს დააზეპირებინებს, მოძრაობის ძირს და არსს კი ვერა, ნეპტუნის ახალ სატელიტებს აღმოაჩენინებს, საკუთარ თვალში კი ვერც დირეს დანახვას ასწავლის და ვერც იმ მოხეტიალე სულის ძიებას, რომლის თანამგზავრიც იგი შეიძლება იყოს; ასეთი კაცი ძმრის წვეთში მოცურავე ურჩხულებს აკვირდება, ცხოვრებაში კი თავს ნამდვილ ურჩხულებს შეაჭმევინებს, გარშემო რომ მრავლად ჰყავს.

ყველაზე სწრაფად ის მოგზაურობს, ვინც ფეხით დადის.

ხშირად მიფიქრია, რომ ადამიანები კი არ მწყემსავენ საქონელს, საქონელი ატარებს მათ თავის ჭკუაზე, რადგან კაცზე მეტი თავისუფლება აქვთ.

დააკვირდით, რა ცოტაა ჩვენში თავისუფლად ლოცვისა და თავისუფალი სიტყვისათვის აშენებული ნაგებობები.
ადამიანი იქამდე მივიდა, რომ ხშირად შიმშილს აუცილებლის უქონლობით კი არ გრძნობს, არამედ ზედმეტის ნაკლებობის გამო.

ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელიც ყველანაირ ჰავას, ყოველგვარ გარემოებას სხვა ცოცხალ არსებებზე უკეთ ეგუება.

ბოროტებას სჯობს მაგრად მანამდე დაუდგე, სანამ მისი შედეგი იბარტყებს.

დე ყმაწვილებმა აშენონ, თესონ, ზღვები გადასერონ, ოღონდ ჩემი კი არა, თავიანთი საკეთებელი აკეთონ.
ჩემს თანამოქალაქეებს, ქალიან-კაციანად, მოყვასის სიკეთეზე ზრუნვის ათასგვარი ხერხი აქვთ მოგონილი, დარწმუნებული ვარ, სხვა, ნაკლებ ჰუმანური საზრუნავის უფლება ერთ კაცს მაინც უნდა მიეცეს.

არაფერი ყარს ისე, როგორც ძირმომპალი სიკეთე.

ადამიანის სიმდიდრე იმ ქონებით განისაზღვრება, რომელზეც დაუნანებლად უარის თქმა არ უჭირს.

დედამიწის ფუსფუსს თუ დაშორდები, ოლიმპოს მერე ყველგან იპოვი.

რა შეიძლება კაცმა იფიქროს იმ მწყემსზე, რომელსაც ფარა უფრო მაღლა გაურბის, ვიდრე ოცნება?
ზნეობრივი სრულყოფა ისაა, რაც ცხოვრებიდან ძილს განდევნის.

გაღვიძება და ფხიზლობა გვაქვს სასწავლი, ოღონდ არა ხელოვნური დახმარების მეშვეობით, არამედ განთიადის
უსასრულო მოლოდინით, რომელიც ყველაზე ღრმა ძილშიც არ უნდა გვტოვებდეს.

მხოლოდ ადამიანის ის უდავო ნიჭი მისახავს იმედს, რომ შეგნებული ქმედების ძალით შეუძლია საკუთარ თავზე ამაღლდეს.



ჩემი გონება ჩემი ხელებიცაა და ფეხებიც.

საქმიანობას უფრო გააზრებულად რომ ირჩევდნენ, ადამიანების უმეტესობა ალბათ მოსწავლე და დამკვირვებელი იქნებოდა, რადგან საკუთარი ბუნება და დანიშნულება ყველას ერთნაირად აინტერესებს.

მწერალი კაცობრიობის გულს და გონებას ესაუბრება, ნებისმიერი საუკუნის ადამიანს, ვისაც მისი გაგების უნარი შესწევს.

კაცი ცოცხალი თუა, სულ იმის საფრთხე ექნება, რომ ერთხელაც შეიძლება მოკვდეს, მთავარი ისაა, ამ საფრთელს სიკვდილ - სიცოცხლეზე მეტი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ.

ვამჯობინე, შეშლილივით თავად საზოგადოება მებრძოდეს. სასოწარკვეთა მისი ხვედრია.

ხალხის ზნეკეთილობა ბალახსა ჰგავს - ქარი როცა ქრის, ბალახიც მაშინ იდრიკება.

ნამდივლი ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ადამიანს თავისუფლება ებოძა.

ზოგ ქვეყანაში მონადირე მღვდელი საკმაოდ ხშირი სანახავია.

განვითარების მონადირულ საფეხურს ადამიანი ყველაზე ცივილიზებულ საზოგადოებებშიც გადის.

ჯენტლმენები და ქალბატონები კი გვქვია, მაგრამ ნამდვილ კაცებად და ქალებად არ ვვარგივართ, ანუ ნამდვილ ადამიანობამდე ბევრი გვიკლია.

ამ სამყაროში ყველაზე დიდი მიღწევები და ღირებულებები რჩება დაუფასებელი, ჩვენ კი ლამისაა მათ არსებობაში ეჭვი შეგვეპაროს. არადა, სწორედ ამათგან შედგება ნამდვილი რეალობა.

მთელ ჩვენ სიცოცხლეს მორალური ძალა ასულდგმულებს. სიქველესა და მანკიერებას შორის სულ პატარა, მცირეხნიანი ზავიც კი შეუძლებელია.

ცხოველი, რომელსაც საკუთარ არსებაში კარგად ვგრძნობთ, მით უფრო იშვიათად იღვიძებს, რაც უფრო ძლიერია ჩვენი სულიერი ბუნება.

კაცთა მოდგმის უმეტესი ნაწილისთვის გონიერება ისევე უცხოა, როგორც დენთი ინდიელთათვის.

გუშინ შენს მეზობელს და მოყვასს იქნებ ქურდადაც იცნობდი, ანდა ლოთად, გარყვნილ ადამიანად; იქნებ ასეთ სამყაროში სასოც წარგეკვეთა, მაგრამ ახლა მზე ისე ანთია, გაზაფხულის ამ პირველ დღეს ისე ათბობს, რომ სამყარო თვალსა და ხელს შუა ახლიდან იქმნება.

ადამიანებს გამოსაცოცხლებლად ველური ბუნების სიახლოვე გვჭირდება.

თავს ცოცხლად ვგრძნობთ, როცა ვხედავთ, როგორ აცხრება სვავი ლეშს, რომელსაც ჩვენ საძაგელ და შესაზიზღ სანახაობად ვრაცხთ, ის კი ღონეს და ძალას მისით იკრებს.

თანაგრძნობა ძალზე არამყარი დასაყრდენია. თანაგრძნობა ფეხსწრაფი და ქმედითი გრძნობა უნდა იყოს. სტერეოტიპებს მისი ბუნება ვერ იგუებს.

ჩვენი ხომალდის გემბანიდან უფრო ხშირად უნდა გადავიხედოთ, ისე როგორც ცნობისმოყვარე მგზავრს შეშვენის; ბაგირის მქაჩველი ბრიყვი მეზღვაურივით მოგზაურობა არ შეიძლება.

საკუთარ თავში ახალი კონტინენტებისა და სამყაროების აღმომჩენი კოლუმბები გახდით, ახალ-ახალი არხები ჭერით, ვაჭრობის კი არა, აზროვნების გასაჩარხად.

ისეთი ხალხიც ხომ აცხადებს თავს პატრიოტებად, საკუთარი თავის პატივისცემა რომ არა აქვთ და მცირედისთვისაც დიადს სწირავენ. ის მიწა, უფრო - ნიადაგი უყვართ, რომელიც ოდესმე საფლავებად ექცევათ, სული, სულისკვეთება კი, რომელიც მათ თიხისგან ნაძერწ გვამებს უნდა ასულდგმულებდეს, ეუცხოებათ.

როგორი გათელილია და დამტვერილი კაცთა მოდგმის სავალი გზები - რა ღრმა კვალი აქვს გაჭრილი ტრადიციასა და შემგუებლობას!

ინგლისში ახლა კარტოფილის ლპობის წამალს ეძებენ, მაგრა ნეტავ უფრო გავრცელებული და სახიფათო - გონების ხრწნის საწინააღმდეგო ხერხის ცოდნა არავის უნდა?

რატომ ვართ მუდამ წარმატების დევნაში, და მით უფრო, წარმატებას სულ უხეირო საქმეებში რატომ ვეძებთ?

თუ კაცი თანამოძმეს ნაბიჯს ვერ უწყობს, ესე იგი სულ სხვა დაფდაფების ცემა ჩაესმის. დე იმ მუსიკით აბიჯებდეს, როემლიც ესმის, გინდ ზომიერი იყოს მისი რიტმი და გინდ მუსიკა შორიდან მოესმოდეს.
მუდამ ის ილაპარაკეთ, რაც სათქმელი გაქვთ და არა ის, რასაც სხვები მოელიან.

რაგინდ უფერული იყოს შენი ცხოვრება, თვალი გაუსწორე და მით იცხოვრე; ნუ გაუუცხოვდები და ნუ მოიძულებ. შენი ცხოვრება შენზე უარესი მაინც ვერ იქნება.

რაც სულისთვისაა აუცილებელი, იმის შეძენას ფული არ ჭირდება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში