დანიელ პენაკი - რომანივით საკითხავი

კითხვა ვერ ჰგუობს ბრძანებით კილოს. ამით ის ”სიყვარულსა” და ”ოცნებას” ჰგავს.

წიგნი წმინდაა.

ჩვენ აუდიო-ვიზუალურ ხანაში ვცხოვრობთ. XIX საუკუნის მწერალს კი, გინდა-არგინდა ყველაფერი უნდა აღეწერა.

უწიგნურობა, ალბათ, ასეთი სადარდებელი არ იქნებოდა, ჩვენ რომ ისეთ თაობას, ეპოქას, ან წრეს ვეკუთვნოდეთ, სადაც კითხვას უშლიან.

ორმაგად აკრძალული ხილი ორმაგად გემრიელია! ო, რა დაუვიწყარი იყო გადასაფარებლის ქვეშ ფარნის შუქზე კითხვაში გატარებული საათები! როგორ მიიჩქაროდა ანა კარენინა თავისი ვრონსკისკენ შუაღამისას! მათ უყვარდათ ერთმანეთი და ეს უკვე მშვენიერი იყო, მაგრამ კითხვის აკრძალვამ მათი სიყვარული სასწაულად აქცია. მათ უყვარდათ ერთმანეთი დედ-მამის აკრძალვის მიუხედავად, შუა გზაში გაწყვეტილი მათემატიკის დავალების მიუხედავად, დასამთავრებელი ფრანგულის სავარჯიშოს მიუხედავად, დასალაგებელი ოთახის მიუხედავად, სადილის და დესერტის მიუხედავად. მათ ერთმანეთი აირჩიეს ფეხბურთის მატჩისა და სოკოების შეგროვების ნაცვლად და სხვა ყველაფერს ამჯობინეს. ღმერთო მაღალო, ეს ხომ ნამდვილი სიყვარულია! აფსუს, რა მალე დამთავრდა ეს რომანი.

იმწამს ის მარტოსულია, მისთვის ყველა წიგნი უბრალოდ წიგნია და მეტი არაფერი. და ყველა წიგნი ისეთივე მძიმეა, როგორც ენციკლოპედიის სქელყდიანი ტომები, ბავშვობაში სკამზე რომ უწყობდნენ, რათა მაგიდას მისწვდომოდა.

დამძიმებული ქუთუთოები კაპიტულაციას მოასწავებს.

ჩვენდა უნებურად, აღმოვაჩინეთ ზღაპრების და, ზოგადად, ხელოვნების მთავარი დანიშნულება: სული მოითქვა ცხოვრებასთან გამართულ ორთაბრძოლაში.

აქ ყველაფერი უსასყიდლოდ ხდებოდა. უსასყიდლოდ, რამეთუ ეს არის ხელოვნების ერთადერთი საზღაური.
გეგონება, ადამიანსა და წიგნს შორის დაშორებას აუცილებლად საუკუნეები სჭირდებოდეს. რამდენიმე წელიც საკმარისია. რამდენიმე კვირა. პატარა უთანხმოება.

ტელევიზორის ყურება ჯილდოს რანგში ავიყვანეთ, წიგნის კითხვას კი ხარკის გადახდის მნიშვნელობა მივანიჭეთ. ეს სხვათა შორის ჩვენ მოვიფიქრეთ, სხვამ კი არა...

თავიდან წაკითხვა გამეორებას კი არ ნიშნავს... ეს უსასრულო სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურებაა.

როგორც კი დროის მოგებაზე ფიქრს შევეშვით, დრომ ჩვენს სასარგებლოდ დაიწყო მუშაობა.

”ვერასდროს აუხსნით ბიჭუნას, რატომ უნდა შეწყვიტოს კითხვა ყველაზე საინტერესო ადგილას და დაიძინოს!” - ეს კაფკამ თქვა, პატარა ფრანცმა, რომლის მამასაც ნამდვილად ერჩივნა, რომ მის შვილს ღამეები კითხვის ნაცვლად ანგარიშში გაეტარებინა.

წიგნს გაუმარჯოს! წიგნს!

ზოგჯერ კითხვა დაუმორჩილებლობის აქტია. რის მიმართ? ყოველგვარი პირობითობის მიმართ.

სწორად წარმართული კითხვა ყველაფრისაგან დაგვიცავს, საკუთარი თავისგანაც კი.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი რამე ემატება: ჩვენ იმიტომ ვკითხულობთ, რომ სიკვდილს გავუწიოთ წინააღმდეგობა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში კი წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია, რომელსაც მასწავლებელი უჩუმრად კითხულობს, სანამ მოსწავლეები საპასუხოდ ემზადებიან, კლასის ბოლო მერხზე მჯდომი მოსწავლის სტრიქონებს გაყოლილი თვალებია, სანამ მასწავლებელი ჩამოივლის და მის სუფთა ფურცელს ჩაიბარებს.

რასაც ვკითხულობთ, იმაზე არ ვლაპარაკობთ. წაკითხული წიგნით მიღებულ სიამოვნებას, როგორც წესი, საიდუმლოდ ვინახავთ, არავის ვუზიარებთ.

დაუჯერებელია, რომ წიგნებმა, რომლებმაც სულით ხორცამდე შეგვძრა, დანარჩენი მსოფლიო ბოროტებისგან ვერ დაიცვა. აი, რამ დაგვამუნჯა! ამიტომაც ვართ დადუმებულნი... რა თქმა უნდა, ყბედი კულტურული ელიტის გარდა.

ჯერ წაკითხული გვერდების რაოდენობით ვტკბებით, მერე კი დგება წამი, როცა ის გვაშინებს, რომ წასაკითხი ცოტა გვრჩება.

კითხვის დრო მოპარული დროა (სხვათა შორის, ისევე, როგორც წერისა და სიყვარულის დრო).

კითხვა, ისევე, როგორც სიყვარული, დროის შეგრძნებას აკარგვინებს ადამიანს.

არაფერი ისე არ აღვიძებს ადამიანში მესაკუთრეს, როგორც წიგნი. როცა წიგნი ხელში გვივარდება, იგი ჩვენი მონა ხდება, მონა, რადგან ის ცოცხალი არსებაა, თუმცა ამ მონის გათავისუფლება არავის მოუვა თავში აზრად, რადგან ის ქაღალდისაა. ამიტომაც ვექცევით მას მონურად, რაც ერთდროულად დიდი სიყვარულისა და დიდი სიშმაგისგანაა გამოწვეული.

კარგი ღვინისაგან განსხვავებით, კარგი წიგნი არ ძველდება.

ადამიანი სახლს იმიტომ აშენებს, რომ ცოცხალია, წიგნს კი იმიტომ წერს, რომ მოკვდავია. ის ცხოვრობს კოლექტივში, რადგან საზოგადოებრივი ცხოველია, მაგრამ კითხულობს იმიტომ, რომ მარტოსულია. წიგნი მის ცხოვრებაში ისეთ ადგილს იკავებს, რომელსაც სხვა ვერავინ და ვერაფერი დაიკავებს, თუმცა ამ სხვასაც ვერასდროს შეცვლის წიგნი. კითხვა არასდროს იძლევა ცხოვრების მზა რეცეპტს, თუმცა ურღვევ ბადეს აბამს ადამიანსა და ცხოვრებას შორის. ეს თხელი, იდუმალი ძაფებია, რომლებიც ცხოვრების ბედნიერებისა და მისი აბსურდულობის ურთიერთგამომრიცხავ ამბებზე ეგება. ამიტომ ჩვენთვის კითხვის საფუძველი ისევე უცნაურია, როგორც არსებობის.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში