ლორდი კინროსი - ათათურქი

როცა ერთმა მეგობარმა უსაყვედურა, ცდილობ, ხალხს თავი მოაწონოო, დამცინავად მიუგო - ამას ვინმეს დასანახად კი არა, ჩემი და ჩემი ხალხის დასაკმაყოფილებლად ვაკეთებო.

ათათურქის გარდაცვალების შემდეგ მის თაყვანისმცემელ ერთ ქალბატონს უთქვამს - თურქეთმა საყვარელი დაკარგა, ახლა ქმართან ერთად მორჩილად ცხოვრება მოუწევსო.

„იმ დილით, როცა სკოლაში პირველად უნდა წავსულიყავი, დედამ თეთრ ტანსაცმელში გამომაწყო და თავზე სირმით გაწყობილი ჩალმა გამიკეთა. ხელში მოვარაყებული ტოტი დამაჭერინა. ამასობაში ჩვენს სახლს ჰოჯა და დანარჩენი მოსწავლეები მოადგნენ. ლოცვის შემდეგ დედას, მამასა და ჰოჯას ხელზე ვემთხვიე და ყველამ ერთად გავწიეთ სკოლისკენ, რომელიც მეჩეთის გვერდით მდებარეობდა. იქ კიდევ ერთხელ წავიკითხეთ ლოცვა. ჰოჯამ ცარიელ, თაღებიან ოთახში შემიყვანა და ყურანის წმინდა სიტყვების ახსნას მოჰყვა“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ფუად, პოეზიისა და მხატვრობისთვის იმდენივე დრო რომ დამეთმო, რამდენიც მათემატიკისათვის, სამხედრო აკადემიაში ოთხ კედელშ შუა არ ვიქნებოდი გამომწყვდეული, მთვარიან ღამეებში გამოვიპარებოდი ხოლმე, აქ მოვიდოდი და ლექსებს დავწერდი. გამთენიისას კი ხატვას შევუდგებოდი“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია თქვას, თურქი ვარო!“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

მშობლიური ქალაქის მტრის ხელში გადასვლამ მუსტაფა ქემალზე ძალიან იმოქმედა. როცა სტამბოლის ერთ-ერთ კაზინოში რამდენიმე კოლეგა დაინახა, მათ ჯერ უხმოდ მიუახლოვდა, მერე კი ვერარ მოითმინა და იფეთქა - „ეს როგორ ჩადინეთ? ჩემი ლამაზი სალონიკი მტერს როგორ დაუთმეთ? ასე იაფად როგორ გაყიდეთ?“

„სანამ გლეხი ქვეყნის ბატონ-პატრონი არ გახდება, თურქეთში რეალური პროგრესი წარმოუდგენელია, გლეხი ქვეყნის ბატონია“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„მე რომ მტრის ადგილას ვიყო, რამდენი მავთულხლართიც არ უნდა გააბათ, მათ ადვილად გავარღვევ და ხმელეთზე გადმოვალ. იქ თუ მოწინააღმდეგის ძალები არ დამხვდა, ნახევარკუნძულს უცებ დავიკავებ“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„მე არ გიბრძანებთ შეტევას, მე გიბრძანებთ სიკვდილს... ამასობაში კი ჩვენს ადგილს სხვა ძალები და მეთაურები დაიკავებენ...“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მტერი ზღვაში უნდა გავაბრუნოთ. მათთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ფსიქოლოგიურად სრულიად დათრგუნულები არიან. თავშესაფრის უზრუნვესაყოფად გამუდმებით სანგრებს თხრიან. სანგრის შორიახლოს ერთი ყუმბარაც თუ ჩამოვარდა, როგორ გარბიან, თქვენი თვალით ნახეთ... სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის არ არსებობს ისეთი ჯარისკაცი, რომელსაც ბალკანებზე განცდილი უბედურების განმეორებას სიკვდილი არ ურჩევნია. ხოლო თუ მიგაჩნიათ, რომ ასეთები მაინც არსებობენ, ისინი ჩვენივე ხელით დავხოცოთ“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

ჯარისკაცებმა მეორე დღისთვის შემდეგი ბრძანება მიიღეს - „ჩემ გვერდით მებრძოლმა ყველა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს: ღირსების საქმეა, ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხიოს უკან. ყველას მინდა შეგახსენოთ, თუ თქვენ ახლა მოწინააღმდეგის იერიშს ვერ მოიგერიებთ, ჩვენს სამშობლოში ვერასდროს დაისადგურებს სიმშვიდე. მჯერა, რომ ყველა ჩემი თანამებრძოლი ასევე ფიქრობს და სანამ მტერს ზღვისკენ არ უკუვაქცევთ, დაღლილობის ნიშანწყალსაც კი არავინ შეიმჩნევს“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ისტორია არაჩვეულებრივი სარკეა! ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც უზნეო წინაპრები ჰყავთ, წმინდა ბრძოლაშიც კი უარყოფით გრძნობებს ავლენენ. დიდი ისტორიული მოვნელების მონაწილეთა საქციელი და ქმედებები მათ ჭეშმარიტ ზნეობას ააშკარავებს“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ასეთი პასუხისმგებლობის აღება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ რადგან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ერთ დღესაც არ ვიცოცხლებდი, თუ ჩემი სამშობლო განსაცდელში ჩავარდებოდა, ძალიან ვამაყობდი იმით, რომ ეს პასუხისმგებლობა დამეკისრა“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ეს ჩვენი მეთაურები რა მხდალები არიან ! რუსებს ვხოცავდი და ვიყავი ჩემთვის, რა დროს უკან დახევა იყო?“ - მოესმა მუსტაფა ქემალს ერთ-ერთი ჯარისკაცის შეძახილი უკან დახევისას; „კი ბატონო, მაგრამ ომის მოსაგებად მარტო ის არ კმარა, შენ რომ რუსებს ხოცავდი!“ - უპასუხა ქემალმა, „უზარმაზარია ეს ჯარი და უკან დახევასაც ეგებ ის მიზეზი აქვს, შენ რომ ვერ ხვდები“. „შენ ვინღა ხარ?“, „შენი მეთაური“.

„თავიდან თვალები დახუჭული ჰქონდა, თითქოს ღრმა ფიქრებში ჩაფულიყო. მერე თვალები გაახილა და, სასიამოვნოა, რომ გაგიცანითო, მითხრა. თვალები ისევ დახუჭა. ის-ის იყო მისი ამ თავაზიანი სიტყვების საპასუხოდ მოვემზადე, რომ შევნიშნე, ისევ სიზმარში თუ ოცნებებში ჩაიძირა. ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. ბოლოს ვიფიქრე, დაველოდები, სანამ თვითონ დამელაპარაკება - მეთქი. მართლაც, ცოტა ხანში თვალები ისევ გაახილა და მკითხა: სამოგზაუროდ ერთად მივდივართ, არა? მეც დავუდასტურე“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი აღწერს ფადიშაჰის ძმასთან, ტახტის მემკვიდრე პრინც - ვაჰდეთინთან შეხვედრას.

„გამჭოლი მზერა ჰქონდა და სიჩუმის ფასი იცოდა“, ასე დაახასიათა ფონ ჰინდენბურგმა მუსტაფა.

„მე სამხედრო ვარ და სიცოცხლის ბოლომდე სამშობლოს სიყვარული და ერთგულება მევალება“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

გერმანელ და თურქ ოფიცერთა გამოსამშვიდობებელი საღამო მუსტაფამ შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „შესაძლოა, ჩვენი მოკავშირეებისთვის ომი დასრულდა, მაგრამ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის მხოლოდ ახლა იწყება“.

ათათურქი ილდიზის სასახლეში ვაჰდეთინთან აუდიენციაზე მივიდა. „ფაშა“, - მიმართა მას ფადიშაჰმა, - „ქვეყნისთვის დიდი სამსახური გაქვთ გაწეული, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. აწი კიდევ უფრო დიდი სამსახური გევალებათ. ქვეყანა უნდა გადაარჩინოთ“.

„წინ გავწიოთ ამხანაგებო! ჩვენი ხმა მიწამ, ცამ და წყალმა ისმინოს, ჩვენმა მტკიცე ნაბიჯებმა ყოველი კუთხე კუნჭული ააკვნესოს!“ - ეს სიმღერა მთელს ანატოლიაში გაჩენილი „ამხანაგების“ ჯგუფებისთვის რევოლუციურ სიმღერად იქცა.

„მტრის მიზანი ჩვენი დახოცვა არ არის. მათ ჩვენი ცოცხლად დამარხვა უნდათ. უფსკრულის პირას ვდგავართ. მაგრამ თუ გავერთიანდებით და უკანასკნელ მცდელობას მივმართავთ, შეიძლება გადავრჩეთ“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ამასიელებო, რაღას ველოდებით? თუ მტერი სამსუნში შემოვა, მთებში უნდა გავიჭრათ და მშობლიური მიწა-წყალი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცვათ. და თუ ღმერთის განგებით დავმარცხდებით, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მიწინააღმდეგეს ნაცარტუტად ქცეული ქვეყანა ჩავაბაროთ და სადმე უდაბნოში გადავიხვეწოთ. ფიცი დავდოთ, ამასიელებო“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

სამხედრო სამინისტროსა და ფადიშაჰისთვის დეპეშების დაგზავნის შემდეგ, რომლებშიც მუსტაფა თანამდებობიდან გათავისუფლებასა და თადარიგში გადასვლას ითხოვდა, არზრუმელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა - „დღეიდან მეც ჩვენი წმინდა ეროვნული მოძრაობის რიგითი ჯარისკაცი ვარ“.

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ოფიცრებს მისი უჩვეულო ჩაცმულობით გამოწვეული
დაბნეულობა რომ შენიშნა, გაეცინა : „აქამდე ბრძანებებს ეპოლეტები და ვარსკვლავებიანი უნიფორმა გაძლევდათ, თუ მუსტაფა ქემალი? მაშ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეუდგეთ ბრძანებების შესრულებას“.

უინსტონ ჩერჩილი მუსტაფა ქემალზე წერდა: „სისულელით დათრგუნულ, დანაშულით დარცხვენილ, ომში დამარცხებულ, გაუთავებელი უბედურებით ძალაგამოცლილ თურქებს იმპერია თვალსა და ხელს შუა დაენგრათ. მაგრამ ისინი ამაყად იდგნენ ფეხზე. მკერდში იმ რასის წარმომადგენლების გული უძგერდათ, რომელიც მსოფლიოსაც კი არ შეეპუა და საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ისინი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას ფლობდნენ და სათავეში ისეთი სარდალი ედგათ, რომლის თვისებები ოთხ-ხუთ განსაკუთრებულ ადამიანს ეყოფოდა სხვებისგან გამოსარჩევად“.

„მართალი ბრძანდებით, ბატონო გენერალო, ამ ვითარებაში ჩვენი მიზნების განხორციელება როგორც სამხედრო, ასევე სხვა კუთხიდანაც ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, რათა ჩვენი სამშბოლო გადავარჩინოთ, თავისუფალი და ცივილიზებული თურქული სახელმწიფო ავაშენოთ და ადამიანურად ვიცხოვროთ, ხოლო თუ არაფერი გამოგვივა, ჩიტებივით მტრის ხელში წამებით სამარცხვინო სიკვდილს ჩვენი სახელოვანი წინაპრების მსგავსად ბრძოლის ველზე დაღუპვა გვირჩვნია“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ჩვენს დროში ყველაფერი კანონს უნდა ექვემდებარებოდეს. ყოველგვარი ქმედება ხალხის გადაწყვეტილებას უნდა ეფუძნებოდეს და ხალხის სურვილს გამოხატავდეს“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ჩვენში კომუნისტური იდეოლოგიის დანერგვა გამორიცხულია. თურქი ერი ყოველთვის საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგული დარჩება... საბჭოეთი დაგვეხმარება, რადგან ისინი ჩვენი მტრების მტრები არიან... ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქეთი თავის მიზნებზე უარს იტყვის და საბჭოეთის სატელიტად გადაიქცევა“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„ამბობენ, სასმელი ადამიანის სასინჯი ქვააო. მე კი ვფიქრობ, რომ სასინჯი ქვა ბრძოლის ველია. ახლა თვალდახუჭულს შემიძლია გითხრათ, იქ ვინ რას აკეთებს“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„თუ თქვენ განათლებისთვის ბრძოლას მოიგებთ, ქვეყანას ჩვენზე დიდ სამსახურს დაუწევთ, ყველა თქვენგანს მოვუწოდებ, ამ ბრძოლაში ჩაერთოს. ჩვენი ქვეყანა ქალების მონაწილეობის გარეშე ვერასდროს განვითარდება“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„რევოლუციონერების უდიდესი და ყველაზე გაიძვერა მტერი ძირმომპალი კანონები და მათი ჩამორჩენილი დამცველები არიან... ჩვენი მიზანია სრულიად ახალი კანონმდებლობის შექმნა და ძველი სამართლებრივი სისტემის ძირფესვიანად აღმოფხვრა“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

„მე ეგვიპტელი ფარაონების მსგავსად პირამიდები არ ამიშენებია, ხალხი იძულებით არ მიმუშავებია, ჩემი აზრის მისაღებად მათ მათრახებით არ დავმუქრებივარ. ჯერ კონგრესს ვიწვევდი და ჩემს გეგმებს ხალხს ვაცნობდი. განხორციელებას მხოლოდ ხალხის თანხმობის შემდეგ ვიწყებდი. არზრუმისა და სივასის კონგრესები და დიდი ეროვნული კრება ამის საუკეთესო მაგალითებია“ - მუსტაფა ქემალ ათათურქი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში