მიშელ უელბეკი - ლანსაროტე

ლანსაროტე ის კუნძულია, სადაც არასდროს წვიმს                    
ჩემთვის ვიფიქრე, რომ საუკუნეთა მონაცვლეობაში დიდი ხეირი ნამდვილად არ ეყარა. ახალი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა გარდასულს.

აი, რა დაგვრჩება 21 საუკუნისაგან: წარმატებები ტექნიკასა და მეცნიერებაში. „ტოიოტას“ მარკის მიკროავტობუსი ცოტათი მაინც განსხვავდება დილიჟანსისგან. ხომ ასეა?

ადამიანმა არც არაფერზე უნდა თქვას და არც არაფრისგან შეიკავოს თავი, ხომ მართალია?

სისულელემ, თუ ასაკი ხელს გიწყობს, შეიძლება ერთგვარად გაგართოს. მაგრამ ასაკოვანს - ნურას უკაცრავად: გადაგღლის.

მასმედიის საშუალებებმა მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია. მის მსახურთა მიერ შეკოწიწებულ მსოფლიო სურათს თუ დავუჯერებთ, შეუძლებელია არ გავოცდეთ კაცობრიობის ბედ-იღბლით ცხოვრებისა და ერთი საერთო კალენდარისადმი დაქვემდებარების უნარით.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ჩვენ თავბრუდამხვევი სიჩქარით მივიწევთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მართული მსოფლიო ფედერაციისკენ, სადაც სახელმწიფო ენად ინგლისურია გამოცხადებული. ცხადია, იმის გაფიქრება, რომ მომავალში ცხოვრება შესაძლოა იდიოტებით დაკომპლექტებული მთავრობის ხუშტურებზე მოგვიწიოს, ჩემთვის ცოტა არ იყოს, უხერხულია, რომ არაფერი ვთქვათ უსიამოვნოზე. თუმცა, ბარემ ვაღიაროთ ისიც, რომ მსგავს გარემოებებს უკვე შეჩვეულები ვართ. ყველა იმ წყაროდან, ძველმა რომაელებმა საკუთარ თავზე რომ დაგვიტოვეს, აშკარად ცხადი ხდება, რომ  ეს ერი კი არა, არც მეტი არც ნაკლები სულელების ხროვა იყო. თუმცა ამ გარემოებას მათთვის იუდეისა და საბერძნეთის დაპყრობაში სულაც არ შეუშლია ხელი. მერე გამოჩდნენ ბარბაროსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც შენი უსასრულო განმეორებადობა! 

როგორც კი გადამთიელის წყალობით მშობლიური ბუნების სილამაზისა და უნიკალურობის შესახებ შეიტყობს, აბორიგენში მისი აღქმის უნარიც იღვიძებს. მას ამ მშვენიერებაზე ნელ-ნელა ეხილება თვალი და მის შენარჩუნებას კომერციული საქმიანობით (ექსკურსიები!) მოიაზრებს.

ძლიერი ძალაა სექსი და საერთოდ, სექსუალურობას მოკლებული ნებისმიერი ურთიერთობა ადამიანებს შორის არასრულყოფილად და დაკნინებულად მესახება.

დეპრესიის მთელი საშინელება ისაა, რომ ის საგრძნობლად ამუხრუჭებს ადამიანის სექსუალური აქტისკენ სწრაფვას, თუმცა ვაღიარებ, რომ მას მხოლოდ ერთადერთს ძალუძს, დააცხროს შიშისა და ურწმუნოების დამთრგუნველი განცდა, რომლისგანაც მსგავს მდგომარეობაში მყოფი იტანჯება. 

რას უნდა მოველოდეთ ცხოვრებისგან? აი, კითხვა, რომელსაც ამა თუ იმ მომენტში ნებისმიერი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს. ყველა რელიგია - თითოეული თავისებურად, რა თქმა უნდა - ცდილობს მასზე პასუხის გაცემას. აქვე შევნიშნავ, რომ არამორწმუნეებსაც აწუხებთ ეს კითხვა და მისი ფორმულირებისას იდენტურ ტერმინებს მიმართავენ. 

ადამიანთა სათვისტომოებს ყოველთვის უჭირდათ გაერთიანება და საერთო ენის გამონახვა. ამის მისაღწევად ისინი თავიანთ იმედებს უზენაეს პრინციპზე ამყარებდნენ. 

თავში სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი და ძალიანაც კარგი.

ადამიანს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს ისე, რომ ცხოვრებისგან არაფერს ელოდოს. ხშირ შემთხვევაში ასეც იქცევიან. სხედან ადამიანები თავიანთ სახლებში და უხარიათ, მათი ტელეფონი რომ არასდროს რეკავს და თუ რაღაცა ეშმაკის მანქანით მაინც აწკარუნდა, ყურმილს არ იღებენ, ავტომოპასუხეს რთავენ. თუ ახალი ამბავი არ არის, ეს მათთვის უკვე კარგი ამბავია. ასე განსჯის მოსახლეობის უმრავლესობა. 

მაშინაც კი, როცა ცხოვრებისგან არაფერს მოელი, ის მაინც შიშს გისახავს, რაღაც საფრთხეს გიმზადებს. 


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში