ამადეო მოდილიანი 1884 - 1920 ჩანაწერები და ნახატები

„მოდილიანის წილად ხვდა ფუფუნება ღატაკად დარჩენისა“ - ჟან კოკტო

„გოგენის შემდეგ, მან უეჭველად ყველაზე უკეთ შეძლო გამოეხატა თავის შემოქმედებაში გრძნობა ტრაგიკულისა, მაგრამ მასთან ეს გრძნობა ბევრად უფრო ინტიმურია და გამორიცხავს ყოველგვარ მანკიერებას. მოდილიანი, შეიძლება ითქვას, ყველაზე თანამედროვეა ჩვენს თანამედროვე მხატვართა შორის. იყო თანამედროვე მხატვარი, ნიშნავს იმას, რომ შემოქმედებითად გადმოსცე შენი ეპოქის თრთოლა, მაჯისცემა, ღრმა ფსიქოლოგია. ამისათვის არ კმარა საგანთა მხოლოდ გარეგნული გამოსახვა, უნდა შეგწევდეს უნარიც მათი სულის გახსნისა. სწორედ ეს დიდებულად შეძლო მოდილიანიმ, მონპარნასელმა მხატვარმა, რომელიც ამიერიდან მსოფლიოს კუთვნილებაა“  - პოლ იუსონი, ჟურნალ „მონპარნასის“ რედაქტორი

„მუშაობა რომ შევძლო, მე ცოცხალი არსება მჭირდება, მე უნდა ვხედავდე მას ჩემ წინაშე“ - ამადეო მოდილიანი

„მოდილიანი მუდამ მომხიბლავი იყო. მის მიმზიდველ გარეგნობაში იყო რაღაც ექსცენტრიკული, იმაში კი, ხელს როგორ გართმევდა, საოცარი ერთგულება იგრძნობოდა. თავისი ხელოვნებით ცხოვრება უნდოდა მაშინ, როცა მისი ნამუშევრები არავის აინტერესებდა. ხელგაშლილობისა და იმის გამო, რომ ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ სურდა, სიღატაკისთვის იყო განწირული“ - პოლ ალექსანდერი

„ცოტა განებივრებულია და ცოტა ჯიუტი, მაგრამ ანგელოზივით საყვარელია“ – 2 წლის ამადეოს პირველი დახასიათება დედის დღიურში

„მასწავლებელი ძალიან ემადლიერება. ამბობს, დედო მოსწავლისთვის შეუფერებლად კარგად ხატავსო, არადა, სულ სამი თვეა, რაც ფერწერას სწავლობს“ - ევგენია გარსენის დღიური (ამადეოს დედა)

„ჩემი აზრით, ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სამყაროზე უკეთესიც“ - ამადეო მოდილიანი

„ადამიანი - აი, რა მაინტერესებს! ადამიანის სახე ბუნების უმაღლესი ქმნილებაა. ჩემთვის ის ამოუწურავი წყაროა“ - ამადეო მოდილიანი

„ჩვენი მოდილიანი, მოდი, როგორც ეძახიან ხოლმე, იყო ტიპური და ამასთან, ძალიან ნიჭიერი წარმომადგენელი მონმარტრის ბოჰემური სამყაროდან... უფრო სწორად, ის იყო უკანასკნელი ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბოჰემისა!“ - ლუდვიგ მეიდნერი

„ეტყობა ფერწერა ჩემს სურვილებზე ძლიერია. ის მოითხოვს, რომ პარიზში ვცხოვრობდე. პარიზმის ატმოსფერო შთამაგონებს. აქ უბედური ვარ, მაგრამ მუშაობა მხოლოდ ამ ქალაქში შემიძლია“ - ამადეო მოდილიანი

„უნდა ქმნიდე როგორც ღმერთი, ფლობდე, როგორც მეფე და მუშაობდე როგორც ტყვე“ - ამადეო მოდილიანი

„მოდილიანის ნახატები სინატიფის განსახიერებაა. ის ჩვენი არისტოკრატი იყო. მისი ხაზები, ხშირად ისე მკრთალი, რომ მოჩვენება გგონია, ლაქად არასდროს იქცევა. ამას სიამის კატის სისხარტით გაურბის. მოდილიანი განგებ არ აგრძელებს სახეებს, არ ავლენს მათ ასიმეტრიას, არ თხრის ცალ თვალს, არ უგრძელებს კისრებს. ეს თავისთავად ხდება მის წარმოსახვაში. ასე გვხატავდა ჩვენ კაფე „როტონდაში“ მაგიდას მიმჯდარი, ასეთებს განგვსჯიდა, ასეთებს შეგვიგრძნობდა, ვუყვარდით ან გვეკამათებოდა. მისი ნახატი უსიტყვო ლაპარაკია“ - ჟან კოკტო


„მას შეეძლო ისე შეესრულებინა პორტრეტები, რომ შემკვეთებსაც მოსწონებოდათ და კრიტიკოსებსაც, მაგრამ მას არც მოტყუება შეეძლო, არც თავის მოჩვენება... შექმნა სურათები, რომლებზეც აღბეჭდა ხალხი თავისი დარდით, სინაზითა და განწირულობით. მისი ტილოები შემთხვევითი ხედვა არ არის, სამყაროა, რომელიც შეიცნო მხატვარმა - ერთდროულად ბავშვური ბუნების მქონემ და ბრძენმა, უშუალომ და სუფთამ“ - ილია ერენბურგი

„ბევრს მუშაობდა. ასეთი მემკვიდრეობა, შედევრების ასეთი პანთეონი რომ შეექმნა, საჭირო იყო მრავალი საათის გატარება მოლბერტთან, მუხლჩაუხრელი შრომა, ფხიზელი თავი და მშვიდი სული. მოდელებს თითქოს რენტგენის სხივებში ატარებდა, მათზე ყველაფერს გვიამბობდა. ეს არა მარტო ეჭვქვეშ აყენებს ლეგენდას მის ლოთობასა და მაწანწალობაზე, არამედ უარყოფს კიდეც მას. მოდილიანი მხოლოდ შესანიშნავი პორტრეტისტი კი არა, გენიალური ფსიქოლოგი და ანალიტიკოსიც იყო, ნათელმხილველიც - მის ბევრ პორტრეტში პირდაპირ ნაწინასწარმეტყველებია მათი ბედი, ვისაც ხატავდა“ - პაბლო პიკასო

„ის, რასაც პარიზში მოდას ეძახდნენ და ბრწყინვალე ეპითეტებით ამკობდნენ, მოდილიანისათვის სრულიად შეუმჩნეველი იყო“ - ანა ახმატოვა

“როგორც ახლა ვხვდები, მოდილიანი ყველაზე მეტად მონუსხა ფიქრების გამოცნობისა და სხვისი სიზმრების ნახვის ჩემმა უნარმა, და კიდევ სხვა წვრილმანებმაც, რომლებსაც ჩემი ახლობლები კარგა ხნის წინ მიეჩვივნენ. „ეს ფიქრების გადაცემაა“, ამბობდა ის (მოდილიანი) . მეტყოდა ხოლმე, ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათო. მოდიალიანი არავის არ ჰგავდა. მისი ხმა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. უპოვარი იყო, ვერ გამეგო, რით არსებობდა. როგორც მხატვარს, მას აღიარების ჩრდილშიც კი არავინ აყენებდა“ - ანა ახმატოვა

„მეჩვენებოდა, რომ მარტოობის მყარი გარსით იყო შემოსაზღვრული. არ მახსოვს, ლუქსემბურგის ბაღში ან ლათინურ კვარტალში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა მეტად თუ ნაკლებად, ვინმესთან ესაუბრა. არ გამიგია მისგან არც ერთი ნაცნობის, მეგობრისა თუ მხატვრის სახელი. არ მომისმენია მისგან არც ერთი ხუმრობა. არასდროს მინახავს მთვრალი, არც ღვინის სუნი ასდიოდა ხოლმე. ალბათ, სმა მოგვიანებით დაიწყო, ჰაშიში კი უკვე ფიგურირებდა მის მონათხრობში. იმხანად ცხოვრების თანამგზავრი, მეგობარი ქალი არ ჰყავდა. არასოდეს მიამბობდა ნოველებს წარსულ სიყვარულზე (რასაც საუბედუროდ სხვები აკეთებენ ხოლმე), ჩემთან არაფერ მიწიერზე არ ლაპარაკობდა. თავაზიანი იყო, მაგრამ არა ოჯახიდან მიღებული აღზრდის, არამედ საკუთარი სულიერი სიმაღლის გამო“ - ანა ახმატოვა

„ლეგენდა მხატვარ-შფოთისთავზე მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდაა. არსებითად, ეს მხატვრისა და ადამიანის კარიკატურაა, რომელიც არ ასახავს სიმართლეს და რომლის შემდეგაც მხოლოდ ეს ლეგენდარული შლეიფი რჩება... ამადეო მოდილიანის კი დარჩა შემოქმედება, რომელიც მთელ სიცოცხლეს უტოლდება“ - ჟაკობ ეპშტაინი

„რომელიღაც ამერიკულ მონოგრაფიაში წავიკითხე, რომ მოდილიანიზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ბეატრის ჰ-მა, სწორედ მან, რომელიც მოდილიანის „მარგალიტსა“ და „გოჭს“ ეძახდა. შემიძლია და თავს ვალდებულად ვთვლი, დაგიმოწმოთ, რომ მოდილიანი მის გაცნობამდე ძალიან ადრეც, 10-იან წლებში, განათლებული იყო და ქალი, რომელიც დიდ მხატვარს „გოჭს“ ეძახდა, ვერავის გაანათლებდა...“ - ანა ახმატოვა

„ზბოროვსკი მისი მფარველი ანგელოზი გახდა. ზბო იყო ყველაზე გამორჩეული და უჩვეულო პარიზელ გალერისტთა შორის... მან პირველმა იგრძნო მოდილიანის ტალანტი და უჩვეულო მოთმინება გამოიჩინა“ - მოსკოვის ებრაული თემის ცენტრის სურათების გალერეის დირექტორი, იულია კოროლკოვა

„მოდილიანის შემოქმედება ბეატრის ჰასტინგსთან ურთიერთობის პერიოდში ძალზე ინტენსიურია, ნამუშევრები - ნათელი და სრულყოფილი. საკმარისია გავიხსენოთ ბეატრისის ორი შესანიშნავი პორტრეტი ბეწვის ქუდსა და კუბოკრულ კაბაში. მათში კუბიზმის გამოძახილი იგრძნობა... მკვეთრად გამოხატული სახე, საინტერესო კომპოზიცია, როგორც მეორეხარისხოვანი მუსიკალური თემა, ემორჩილება მთრთოლავ, ცვალებად ფერს და ქმნის ზუსტად მოხატული ცხვირის, პირისა და ქუთუთოების პლასტიკას“ - ჟანა მოდილიანი, მხატვრის ქალიშვილი

„ადამიანი არის სამყარო, რომელიც ზოგჯერ ნებისმიერ სამყაროზე მეტი ღირს“ - ამადეო მოდილიანი

„შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა. ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“ - ამადეო მოდილიანი ჟანა ებიუტერნზე

„მოდილიანის ძალიან კარგად ვიცნობდი. მინახავს მშიერი, მთვრალი, ის-ის იყო, რომ რამდენიმე ფრანკი ეშოვა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს სულის სიმდიდრე და დიდებულება. სრულიად თავისუფალი იყო მდბალი ზრახვებისგან... ხშირად პირქუში და სიტყვაძუნწიც იყო, რადგან მისთვის საძულველი ფული მის ნებასვე ეწინააღმდეგებოდა და სიამაყეს ულახავდა“ - მორის დე ვლამინკი

„ბედნიერება მკაცრსახიანი უმშვენიერესი ანგელოზია“ - ამადეო მოდილიანი

„სიცოცხლის ბოლო თვე ცოლ-შვილთან ერთად იტალიაში წასვლაზე ოცნებაში გაატარა. მხოლოდ იმას ელოდა, რომ მეუღლეს მეორე ბავშვი გაეჩინა. ჩემი თხოვნა, რომელიმე სანატორიუმში გამგზავრებულიყო სასწრაფოდ, უშედეგო გამოდგა. როცა ვეუბნებოდი, წადი, იმკურნალე-მეთქი, როგორც მტერს, ისე მიყურებდა და მპასუხობდა, ნოტაციებს ნუ მიკითხავო! ის ხომ ვარსკვლავების შვილი იყო, რეალური ცხოვრება მისთვის არც არსებობდა“ - ლეოპოლდ ზბოროვსკი

„სტილი გაცილებით მედია, ვიდრე სათუთი ნაფიქრალი. სტილი საშუალებაა გამოკვეთო იდეა, გამოყო ინდივიდუუმისგან, რომელმაც ის თავდაპირველად გამოთქვა, და დაუტოვო გზა იმას, რისი გამოხატვაც შეუძლებელია“ – 16 წლის ამადეო მოდილიანი წერს ოსკარ გილიას

„იტალიაში მივდივარ, ჩემთვის მზე არის საჭირ, აქ კი ყველაფერი მოღუშულია“ - ამადეო მოდილიანი

„დედომ მიატოვა ლიცეუმი და აღარაფერს აკეთებს ხატვის გარდა. სამაგიეროდ, ხატავს ყოველდღე შეუნელებელი გატაცებით, რაც კიდეც მაოცებს და კიდეც მახარებს“ - ევგენია გარსენის დღიური (ამადეოს დედა)

„რაც შეეხება რეკლამას, რა თქმა უნდა, თქვენზე ვარ მონდობილი... და თუ გულში მაინცდამაინც არ მომეწონა ეს რეკლამა, პირველ ყოვლისა, ეს პრინციპის საქმეა, მეორე ის, რომ თავი საკმაოდ მომწიფებულად მიმაჩნია, თუმც ეს სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ უარვყოფ „საზიზღარ ფულს...“  - ამადეო მოდილიანი წერს ლეოპოლტ ზბოროვსკის.

„ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ ჩვენს ტვინზე, მაგრამ მაინც სწორედ ტვინი ხელმძღვანელობს და გვაკონტროლებს, ყველაფერს მისი შუამავლობით ვაკეთებთ“ - ამადეო მოდილიანი

„მოდილიანის ბოჰემური ცხოვრების შესახებ ლეგენდა მისი სიკვდილის შემდეგ ისევე შეიქმნა, როგორც ვან გოგის გარდაცვალების მერე შექმნეს ლეგენდები... ის კუბისტების თანამედროვე იყო, მაგრამ სტილისტურად სრულიად განსხვავებული. არასოდეს გამხდარა მათი მოძრაობის წევრი. ის ხიდივით იყო ტულუზ-ლოტრეკის თაობიდან 1920 წლის მხატვრებამდე“ - ედვარდ ლუის სმიტი

„მე ძველებურად ზანგივით ვმუშაობ“ - ამადეო მოდილიანი წერს ლეოპოლდ ზბოროვსკის

„მე არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, მაგრამ მაინც არა ვარ თავისუფალი. ჩემი ოცნებაა, ვიცხოვრო იტალიაში, ამ ხელოვნებით გაჟღენთილ ქვეყანაში, ვიცხოვრო ფლორენციაში ან ლივორნოში - ჩემს მშობლიურ ქალაქში, მაგრამ ეტყობა, მხატვრობა ჩემს სურვილებზე ძლიერია. იგი მოითხოვს, ვიცხოვრო პარიზში, მხოლოდ პარიზის ატმოსფერო ბადებს ჩემში შთაგონებას, პარიზში მე უბედური ვარ, მაგრამ, რაც მართალია, მართალია, მუშაობა მხოლოდ აქ შემიძლია“ - ამადეო მოდილიანი

„გარემოებამ, უფრო სწორად გარემოების შეცვლამ, ამინდის ცვლილებამ, ყოველივე ამან, ვშიშობ არ გამოიწვიოს ჩემი რიტმისა და განწყობის შეცვლა. ვნახოთ, დროთ განმავლობაში კიდევ შეიძლება აღმოცენდეს ჩემში რაღაც და აყვავდეს“ - ამადეო მოდილიანი

„მოდილიანის ნამუშევრებში ერთმანეთს ერწყმის სტილის სისუფთავე და დახვეწილობა, სიმბოლიზმი და ჰუმანიზმი, სისავსის შეგრძნება და შეუკავებელი სიცოცხლის სიხარული, ტანჯვის პათეტიკური გადატანა მუდამ მშფოთვარე სინდისის გამო“ - ხელოვნების თეორიტიკოსი გასტონ დილი

მხატვარმა ლეოპოლდ სიურვაჟმა საყვედურნარევად ჰკითხა:
- პორტრეტზე მხოლოდ ცალი თვალი რატომ მაქვს?
- იმიტომ, რომ ცალი თვალით უყურებ ქვეყანას, მეორით კი საკუთარ თავში იხედები. გაყიდე, სხვას დაგიხატავ, უფრო უკეთესს, უპასუხა ამადეომ.

„მშვენიერი აგებულების ქალები, რომელთა გამოძერწვა ან დახატვა ღირს, კაბებში უგერგილოდ ჩანან“ - ამადეო მოდილიანი

„ერთხელ, ზამთრის დილას, მოდილიანი დიდ მანევრებზე გამოსული გენერალივით იდგა ქუჩაში ბულვარ რასპაისა და მონპარნასის გასაყარზე, ვავენის გზაჯვარედინზე, და ზიზღით ადევნებდა თვალს მის წინ ჩავლილ ტაქსებს. გამყინავი ქარი ძვალსა და რბილში ატანდა. მე რომ შემნიშნა, მომიახლოვდა და ძალიან უბრალოდ მითხრა, თითქოს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის: მოგყიდი ჩემმს პალტოს, მე დიდი მაქვს, შენ კი ზუსტად მოგერგება“ - მორის დე ვლამინკი

“თუ შეიძლება, ჩაიწერეთ, რომ წინააღმდეგ ყოველგვარი იმისა, რასაც მასზე ჰყვებიან, მოდის ჩვენთან ყოველთვის ძალზე თავაზიანად ეჭირა თავი...“ - ანა ზბოროვსკა

„აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთ დამაარსებელ ბრანკუზისთან (ბრინკუში) მეგობრობას მოდილიანი არ გაურთია ფორმალური ექსპერიმენტებით. კუბიზმის ჰეგემონიის ეპოქაში მოდილიანის არ ეშინოდა ტრადიციონალიზმის მიმდევრად ჩაეთვალათ, ის ადამიანის სახიერების ერთგული დარჩა და შექმნა ცნობილ თანამედროვეთა პორტრეტული გალერეა. თავისი შემოქმედებითი გზის მანძილზე მას არ დაუკარგავს კავშირი იტალიურ რენესანსთან. ამის შესახებ მისი მეგობრების მოგონებებშიც წაიკითხავთ და მისი მკვლევარების შრომებშიც“ - ნიკოლაი ხარჯიევი, მწერალი, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიკოსი

„ხაზები ჯადოსნური ჯოხია, მისი გამოყენება რომ შეძლო, გენიოსობაა საჭირო“ - ამადეო მოდილიანი

„ერთხელ, საღამოს, მომარტრზე სუზანა ვალადონის სანახავად მივიდა, რომელიც დედასავით უყვარდა. მისვლისთანავე, როგორც დამსწრენი გვიყვებიან, ღვინო მოითხოვა. მერე რაღაც გრძელი ებრაული სიმღერა წამოიწყო და ატირდა. ეტყობა, ეს იყო „კადიში“ - მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი ლოცვა, რომელიც ყველამ იცოდა მოდილიანის ურწმუნო ოჯახში“.

„მორიელის ზოდიაქოში დავიბადე, თვითონვე ვანგრევ ჩემს თავს და ეს აზრი მანგრევს, როცა მთვრალი ვარ“ - ამადეო მოდილიანი


ჟან ებიუტერნი


„ამადეო მოდილიანი. მხატვარი. დაიბადა 1884 წლის 12 ივლისს, ლივორნოში. გარდაიცვალა 1920 წლის 24 იანვარს, პარიზში. სიკვდილმა დიდების ზღურბლზე მიუსწრო“. 

„ჟანა ებიუტერნი. დაიბადა 1898 წლის აპრილში, პარიზში. გარდაიცვალა 1920 წლის 25 იანვარს. ამადეო მოდილიანის ერთგული თანამგზავრი, რომელმაც არ ისურვა მასთან განშორება“

ალჟირელი ქალი ალმაისა, 1917
ახალგაზრდა მუშა, 1918-1919
ახალგაზრდა შავგვრემანი ქალის პორტრეტი, 1918
მწოლიარე შიშველი ქალი, 1917
პოლ გიომის პორტრეტი, 1916
მჯდომარე შიშველი ქალი, 1917
გოგონა ცისფერ კაბაში, 1918
ქალი თეთრი საყელოთი, 1917
ჟანა ებიუტერნი, 1919
„როცა შევიცნობ თქვენს სულს, მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს“ - ამადეო მოდილიანი

„იგი ჰგავდა ჩიტს, რომლის შეშინება ძალიან იოლია. ამასთან, მეტისმეტად ქალური იყო, მორცხვი, ლაპარაკობდა ხმადაბლა, ღვინოს არ ეკარებოდა. თითქოს გაოცებული შეჰყურებდა ყველას. ეტყობოდა, რომ თავისი სახლის შემდეგ, „როტონდაში“ ყველაფერი ეუცხოვებოდა“ - პოეტი მარკ ტალოვი ჟანა ებიუტერნზე

ქალი შავი ჰალსტუხით, 1917
შარლ გერენი, ნოემბერი 11, 1919
ჟან-ბატისტ ალექსანდრის პორტრეტი ჯვარცმის ფონზე, 1909
ხუან გრისი, 1915
მწოლიარე შიშველი ქალი , 1917
დედის პორტრეტი, ოდეტ ჰაიდენი, 1918
ანა ზბოროვსკა, 1917

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში